რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებული მედიკამენტი პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე 150 მოქალაქეს დაუფინანსდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, პროგრამა, ყოველ სამ თვეში ერთხელ, „აქტემრას“ მისაღებად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს, რომლის საშუალებით მოქალაქე აფთიაქში მედიკამენტს იღებს.
„რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების“ პროგრამის დაწყება საარჩევნო დაპირება იყო და დღეს ეს შესრულებული სიტყვაა. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის რიცხვები, არამედ თითოეული ადამიანია, ვისაც დახმარება სჭირდება. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი სრულად, 100%-ით უფინანსდებათ, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს – 80%-ით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მოქალაქე, საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად, შესაბამისი საბუთებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს მიმართავს.
„თბილისის მერიის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც განცხადებით მიმართვამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული. რევმატოიდული ართრიტი რთული დაავადებაა. ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა ახლავს თან. როდესაც ადამიანს ეძლევა საშუალება, მიიღოს თანამედროვე მკურნალობა, ეს მხოლოდ ჯანმრთელობა არ არის, ეს ცხოვრების დაბრუნებაა. ადამიანი ისევ ახერხებს მუშაობას, ოჯახზე ზრუნვას. ჩვენთვის სოციალური პროგრამები არ არის ფორმალური ვალდებულება. ეს არის პასუხისმგებლობა ადამიანების წინაშე, ზრუნვა მათ ღირსებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტის აღნიშნული პროგრამა 2025 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა.
საბურთალოს რაიონში, ოთარ ონიაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა ორივე მიმართულებით შეიზღუდება.
თბილისის მერიის ცნობით, შეზღუდვა 4 მაისის 10:00 საათიდან სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე იმოქმედებს. ინფრასტრუქტურულ პროექტს საბურთალოს რაიონის გამგეობა განახორციელებს.
ბუდაპეშტის ქუჩიდან ზურაბ ჟვანიას მოედანზე ავტომობილები გადაადგილებას გურამ ფანჯიკიძის ქუჩისა და პეკინის გამზირის გავლით შეძლებენ, ხოლო საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავი ავტომობილები ბუდაპეშტის ქუჩაზე მოხვედრას სიმონ კანდელაკის ქუჩის გამოყენებით მოახერხებენ.
ზურაბ ჟვანიას ქუჩიდან მირზა გელოვანის, ტაშკენტისა და ცხინვალის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება სიმონ კანდელაკისა ან ლვოვის ქუჩების გავლით.
სამგორის რაიონის გამგებლის კახა სამხარაძის ინიციატივით, კოლეჯ „სპექტრის“ წარმომადგენლებთან და რაიონის საჯარო სკოლების დირექტორებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება, პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და მოსწავლეთათვის პრაქტიკული უნარების მიღების ხელშეწყობა.
მხარეებმა ისაუბრეს კოლეჯსა და სკოლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე, ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებსა და იმ გზებზე, რომლებიც ახალგაზრდებს დაეხმარება სწორი პროფესიული არჩევნის გაკეთებაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროფესიული პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდას, თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებულ სწავლებას და სტუდენტების დასაქმების პერსპექტივებს.
შეხვედრა წარიმართა აქტიური დიალოგის ფორმატში, სადაც მონაწილეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და ინიციატივები. შედეგად, დაისახა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული ნაბიჯები, რაც ხელს შეუწყობს განათლების ხარისხის ამაღლებასა და ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას სამგორის რაიონში.
თბილისის მერია პირველი მაისიდან ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას იწყებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა.
მისი თქმით, უფასო სკრინინგი ჩაუტარდება დედაქალაქში რეგისტრირებულ 45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებს ან იმ მოქალაქეებს, რომლებმაც თამბაქოს მოხმარებას, ბოლო 15 წელია, თავი დაანებეს.
„ჩვენი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროექტების საშუალებით არაერთ ოჯახსა და ადამიანს დავეხმარეთ. თბილისის მერია ამჯერად ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას იწყებს. პროცედურა პირველი მაისიდან მოქალაქეებისთვის სრულიად უფასო იქნება და მას „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური დააფინანსებს. ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ დედაქალაქში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებლებს ან იმ მოქალაქეებს, რომლებმაც თამბაქოს მოხმარებას, ბოლო 15 წელია, თავი დაანებეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, სკრინინგის პროგრამის დეტალები, მათ შორის ასაკი, ონკოლოგიის, რადიოლოგიისა და პულმონოლოგიის დარგის წამყვან სპეციალისტებთან კონსულტაციებისა და მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად განისაზღვრა. ასევე, შეირჩა წამყვანი კლინიკები და საუკეთესო გამოცდილების მქონე სპეციალისტები.
„სკრინინგის ფარგლებში ჩატარდება დაბალდოზირებული კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევა, რომელსაც ორი რადიოლოგი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად წაიკითხავს. განსხვავებული შეფასების შემთხვევაში, მესამე რადიოლოგის ჩართვით, კონფერენცია გაიმართება. ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამაში ჩასართავად თბილისის მერიამ წამყვანი კლინიკები შეარჩია, რომლებიც საუკეთესო გამოცდილების მქონე სპეციალისტების და საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. ამ ეტაპზე პროგრამას თბილისის სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში მდებარე 16 სამედიცინო დაწესებულება მოემსახურება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ასევე განაცხადა, რომ ფილტვის კიბო, ონკოლოგიური პათოლოგიებით გამოწვეული ლეტალობის მხრივ, მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ხოლო სკრინინგი დაავადების განვითარების მაღალი რისკის მქონე პირებში ადრეულ გამოვლენას უწყობს ხელს და 70 პროცენტამდე ზრდის სიცოცხლის გახანგრძლივების მაჩვენებელს.
სამგორის რაიონის გამგეობა აქტიურად განაგრძობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას.
ამჟამად, მიხეილ გახოკიძის ქუჩის მიმდებარედ 3 400 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე მიმდინარეობს გზის მოწყობის სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში, გაფართოვდა გზის გამტარიანობა, 65 გრძივ მეტრზე მოეწყობა საყრდენი კედლები, დაიგება ორფენიანი ასფალტის საფარი, მოწესრიგდება ბორდიურები, მოეწყობა ავტოპარკი. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მოსახლეობის ყოველდღიური გადაადგილების პირობები. პროექტის საერთო ბიუჯეტი 450 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე მოადგილესთან, ზურაბ თამლიანთან და გამგეობის ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო.
ვარკეთილის მეურნეობაში, ახმეთ მელაშვილის ქუჩის მოწყობის სამუშაოები გრძელდება.
ამჯერად, ტროტუარების მოასფალტება მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია 3 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე ორფენიანი ასფალტის დაგება, ბორდიურის მოწყობა, წყალარინებისა და სადრენაჟე სისტემის მონტაჟი.
პროექტის საორიენტაციო ღირებულება 540 000 ლარს შეადგენს.
ორთაჭალაში, რუსთავი–თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
დაზიანება ე.წ. მოსაბრუნებელი ხიდიდან დიმიტრი გულიას ქუჩამდე არსებულ მონაკვეთში დაფიქსირდა, სადაც მდინარე მტკვრის ნაპირსამაგრი ჯებირი დაზიანდა. შედეგად, ბზარები გაჩნდა როგორც სავალ ნაწილზე, ისე ტროტუარზე.
ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილესთან ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა.
„აღნიშნულ მონაკვეთზე როგორც კი გზის ჩამოშლის საშიშროება გაჩნდა, ერთ სამოძრაო ზოლში მაშინვე შეიზღუდა ავტომობილების გადაადგილება. პირველ რიგში, მოეწყობა 40 მეტრამდე სიგრძის ხიმინჯოვანი კედელი, რის შემდეგაც ჩატარდება შესაბამისი სამუშაოები. შეივსება გზის აღნიშნული მონაკვეთი და მოძრაობა აღდგება. პროექტი ივლისის ბოლოს მთლიანად დასრულდება. შედეგად, გადაადგილება იქნება უსაფრთხო. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დროულად იმოქმედა და ყველაფერი გააკეთა პრევენციული ღონისძიებებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. სამუშაოების ჯამური ღირებულება 3.5 მილიონ ლარს შეადგენს.
ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და კრწანისის რაიონის გამგებელი ლაშა ცაგურია იმყოფებოდნენ.