საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს.
პრემიერის განმარტებით, მამუკა მდინარაძე კვლავაც შეითავსებს ვიცე-პრემიერის მოვალეობას.
ირაკლი კობახიძის თქმით, ამ დროის განმავლობაში გაწეული სამუშაო იძლევა შესაძლებლობას, სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი კოორდინაცია და მუშაობა მომავალში სახელმწიფო მინისტრის საგანგებო თანამდებობის გარეშე იქნას უზრუნველყოფილი.
„რამდენიმე თვის წინ მამუკა მდინარაძემ დაიკავა სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, სადაც მან უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის სისტემის ჩამოყალიბებაში. ამ დროის განმავლობაში გაწეული სამუშაო გვაძლევს შესაძლებლობას, სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი კოორდინაცია და მუშაობა მომავალში სახელმწიფო მინისტრის საგანგებო თანამდებობის გარეშე უზრუნველვყოთ“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სექტემბერში გაუქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო და მინისტრი კახაბერ გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას.
იმ პრინციპებს შორის, რომლებიც ჩინეთსა და საქართველოს აერთიანებს, მშვიდობასა და სტაბილურობას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ამ თვალსაზრისით, ჩინეთი წარმოადგენს სანიმუშო ქვეყანას, გლობალურ, მშვიდობიან ზესახელმწიფოს, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტაბილურობის განმტკიცების ერთგულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სწრაფად ცვალებად სამყაროში მშვიდობა და სტაბილურობა რჩება მნიშვნელოვან ფასეულობად.
„ბატონო ელჩო, საქართველოში თქვენი დიპლომატიური მისიის ვადის მიწურულს საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით გამოვხატავ გულწრფელ მადლიერებას თქვენი პროფესიონალიზმის, თავდადების, მეგობრობისა და ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცებისადმი თქვენი ურყევი ერთგულებისთვის.
თქვენ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსებიდან 99 წლისთავს აღნიშნავთ და დღევანდელი საღამო იძლევა შესაძლებლობას, აღვნიშნოთ თავდაცვის ძალების როლი და მნიშვნელობა ეროვნული სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში.
ამ სწრაფად ცვალებად სამყაროში მშვიდობა და სტაბილურობა რჩება ჩვენს საერთო ფასეულობად. პროფესიულ შეიარაღებულ ძალებს არსებითი წვლილი შეაქვს უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში, რაც ქვეყნებს აძლევს მდგრადი განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის საშუალებას. იმ პრინციპებს შორის, რომლებიც ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს, მშვიდობასა და სტაბილურობას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ამ თვალსაზრისით, ჩინეთი წარმოადგენს სანიმუშო ქვეყანას – გლობალურ, მშვიდობიან ზესახელმწიფოს, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტაბილურობის განმტკიცების ერთგულია. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩინეთის ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა პრემიერმა.
ჩვენმა საერთო მისწრაფებებმა მყარი საფუძველი შექმნა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ საქართველოსა და ჩინეთის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებებით.
„წელს კი ჩვენი ურთიერთობები ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ავიყვანეთ, რითაც პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების ახალი შესაძლებლობები შეიქმნა. ჩვენს ურთიერთობებში ახალი ეტაპი ეკონომიკურ თანამშრომლობაზეც აისახა. ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა სტაბილურად იზრდება. ჩინეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და ქართული ადგილობრივი ექსპორტისთვის მეორე უმნიშვნელოვანესი ბაზარია. უვიზო მიმოსვლამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას. ამ მზარდ ინტერესს ახლავს გააქტიურებული საჰაერო მიმოსვლა. დღეს სამი ჩინური ავიაკომპანია ასრულებს რეგულარულ რეისებს საქართველოს მიმართულებით, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ტურიზმის, ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებამ კიდევ უფრო გააძლიერა ურთიერთდაკავშირება, ქვეყნები ერთმანეთთან დააახლოვა და მგზავრობა უფრო ხელმისაწვდომი გახადა.
„ეს ხელშესახები შედეგები ცხადყოფს, რომ ჩვენს პარტნიორობას რეალური სარგებელი მოაქვს ორივე მხარისთვის. ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ იმას, რომ ჩინეთი საქართველოს მუდმივად თანასწორ და პატივსაცემ პარტნიორად განიხილავს. იმ დროს, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობები ხშირად ორმაგი სტანდარტებით ხასიათდება, ასეთი მიდგომა განსაკუთრებით დასაფასებელია. დიპლომატიის არსი ნდობის ჩამოყალიბება, დიალოგისთვის არხების გახსნა, საერთო ინტერესების პოვნა და ისეთი ხიდების მშენებლობაა, რომლებიც ჩვენს ხალხებს ერთმანეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს. ამ კონტექსტში მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ელჩ ჭოუ ციენს. თქვენმა პირადმა ძალისხმევამ და მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბოლო წლებში საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების არსებით გაღრმავებაში. გისურვებთ წარმატებას მომავალ საქმიანობაში და იმედი მაქვს, რომ საქართველო ყოველთვის დარჩება იმ ქვეყნად, რომელსაც სიყვარულით გაიხსენებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.