საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს - ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე, რომელსაც მხოლოდ "ქართული ოცნების" დეპუტატები ესწრებოდნენ, აირჩიეს პაპუაშვილის სამი მოადგილეც: გიორგი ვოლსკი, თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი.
25 ნოემბერსვე უყარეს კენჭი მამუკა მდინარაძეს "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის პოსტზე.
მე-11 მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომაზე შეიკრიბა ამ პარლამენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებული კითხვის ნიშნების და ქუჩაში საპროტესტო აქციის ფონზე. ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 26 ოქტომბრის არჩევნებში ბარიერი გადალახეს, არჩევნებს გაყალბებულად, პარლამენტს კი არალეგიტიმურად მიიჩნევენ. საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი ამ პარლამენტის ლეგიტიმურობაზე სამსჯელოდ - სალომე ზურაბიშვილი ასაჩივრებს არჩევნებზე ორი კონსტიტუციური უფლების, ხმის ფარულობისა და არჩევნების საყოველთაობის დარღვევას. 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა 30-მა დეპუტატმაც.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მიხედვით, დეპუტატის მანდატი არ გადაეცემა იმ პოლიტიკოსს, რომლის არჩევის საკითხიც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.
25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტი საპროტესტო აქციის ფონზე შეიკრიბა. აქციის მონაწილეები ამ პარლამენტს არალეგიტიმურად და თვითგამოცხადებულად მიიჩნევენ.
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომლებიც არ მიიწვიეს. შეზღუდულია მედიის დაშვებაც.
მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს, რის შემდეგაც სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.
მანამდე კი პარლამენტმა დეპუტატთა ახალი შემადგენლობის უფლებამოსილება ცნო.
ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა უხუცესმა წევრმა ლადო კახაძემ გახსნა.
88 ხმით არცერთის წინააღმდეგ, მე-11 მოწვევის პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. უფლებამოსილების ცნობის შემდეგ პარლამენტის წევრებმა ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს.
უფლებამოსილების ცნობამდე, რეგლამენტის შესაბამისად, ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა პარლამენტს არჩევნების შედეგები გააცნო. ასევე, დროებით სამანდატო კომისიას პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისთვის საჭირო დოკუმენტაცია გადასცა. პროცედურის შესაბამისად, კომისიებმა აირჩიეს თავმჯდომარეები და მდივნები, ასევე დროებითმა სამანდატო კომისიებმა განიხილეს ცესკო-ს მიერ გადაცემული დოკუმენტაცია.
ცესკო-ს ოფიციალური შედეგების თანახმად, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში ხუთი პოლიტიკური სუბიექტი მოხვდა.
150-კაციან პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 89 მანდატი აქვს. დანარჩენი ადგილები „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“, „ძლიერ საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ შორის გადანაწილდა, თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებს.
ახალარჩეული მე-11 მოწვევის პარლამენტი დღეს პირველ სხდომას მართავს. სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე პარლამენტის უხუცესი წევრი ლადო კახაძე უძღვება.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის რატიფიცირებას მოაწერა ხელი. ხელშეკრულება რუსეთის სამართლებრივი აქტების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმება რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის სამხედრო-ტექნიკურ საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმისთვის სამხედრო პროდუქციის მიწოდების პროცედურასაც ადგენს.
კანონი სამხედრო თანამშრომლობის რატიფიცირების შესახებ რუსეთის ფედერალურმა საბჭომ 2024 წლის 19 ნოემბერს დაამტკიცა. ოკუპირებულ ცხინვალში შესაბამის დოკუმენტს ხელი 2023 წლის 23 აგვისტოს მოაწერეს ხელი.
დაგეგმილი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ვაფრთხილებთ, რომ არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც უწყება ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ავრცელებს.
შსს აცხადებს, რომ კანონით აკრძალულია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად დასჯად ქმედებას წარმოადგენს.
„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე, 24 ნოემბრიდან, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ იგეგმება რესპუბლიკის მოედანზე შეკრება და შემდგომ პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა. მედიისა და სოციალური ქსელების მეშვეობით, ოპოზიციური პარტიის ლიდერების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ შეკრების მიზანს წარმოადგენს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებისთვის ხელის შეშლა, რომელიც შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა მეთოდებით. დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შევახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობა დეტალურად განსაზღვრავს შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების სამართლებრივ ჩარჩოებსა და ფარგლებს, იმისათვის, რომ დაცული იყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოება და უზრუნველყოფილი იყოს სხვადასხვა ორგანიზაციების გამართული ფუნქციონირება. გარდა ამისა, კანონით პირდაპირ აკრძალულია სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის თანახმად დასჯად ქმედებას წარმოადგენს. ამ დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსი სასჯელის სახით ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, ხოლო თუ ქმედება ჯგუფურადაა ჩადენილი - ჯგუფის წევრების მიმართ თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით.
ამასთან, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2024 წლის 23 ოქტომბრის საქართველოს მთავრობის №361 დადგენილებით დადგინდა სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა, რომელთა შორის არის საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობები. შესაბამისად, დაგეგმილი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ვაფრთხილებთ, რომ არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.