დღეისათვის საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ გვაქვს რეგიონში ნამდვილად სამაგალითო საბანკო სექტორი, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბანკირის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში არის ჯანსაღი მაკროეკონომიკური გარემო, რაც სწორი ეკონომიკური, ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკის შედეგია.
„პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ პროფესიული დღე. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ასევე ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს. როგორც მოგეხსენებათ, სწორედ ილია ჭავჭავაძე გახლდათ დიმიტრი ყიფიანთან ერთად პირველი ქართული ბანკის შექმნის ინიციატორი და გარდა ამისა, ის ხელმძღვანელობდა ათწლეულების განმავლობაში პირველ ქართულ ბანკს. მას ძალიან კარგად ესმოდა საბანკო სექტორის როლი ქვეყნის განვითარების პროცესში, დიდი ძალისხმევა დაუთმო ამ საერთო ეროვნულ საქმეს და ბუნებრივია, აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ ილია ჭავჭავაძის სახელს დაუკავშირდა ბანკირის დღის დაფუძნებაც.
თითქმის საუკუნე-ნახევარი გავიდა საქართველოში პირველი ბანკის დაფუძნებიდან. დღეისათვის საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ გვაქვს რეგიონში ნამდვილად სამაგალითო საბანკო სექტორი, რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ.
ჩვენ გვაქვს სწორი ეკონომიკური, ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკა და ამ ყველაფრის შედეგად, გვაქვს ჯანსაღი მაკროეკონომიკური გარემო ჩვენს ქვეყანაში; ბოლო 4 წლის განმავლობაში მივაღწიეთ ძალიან მაღალ ეკონომიკურ ზრდას, ევროპაში ვართ პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. გასული 3 წლის განმავლობაში საშუალო ზრდამ შეადგინა 9.7% და წელსაც გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში, საბანკო სექტორს და ეროვნული ბანკის საქმიანობას განსაკუთრებული როლი ენიჭება. ასევე უზრუნველყოფილია ქვეყანაში ფასების სტაბილურობა, ლარის კურსის სტაბილურობა, დაბალია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ჩვენ გვაზარდეთსაერთაშორისო რეზერვების მოცულობა, ამისთვისაც, რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკს განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის.
იყო საკმაოდ რთული ვითარება, გასული წლების განმავლობაში, რაც განპირობებული იყო ჯერ პანდემიით, შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებით. იყო გლობალური ინფლაციური შოკები და უკვე 19 თვეა, ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვახერხებთ ინფლაციის მიზნობრივზედაბალ დონეზე შენარჩუნებას. აქაც, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკის როლი არის მნიშვნელოვანი და საქართველოს მთავრობის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ასევე, ცალკე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ეროვნული ბანკი და მთლიანად საფინანსო სისტემა სათანადოდ იცავენ იმ სასანქციო რეჟიმს, რომელიც არის დადგენილი და ამასთან დაკავშირებით განხორციელდა არაერთი ვიზიტი, შედგა მონიტორინგი, რამაც დაადასტურა ის, რომ ჩვენ ყველა თვალსაზრისით გვაქვს სათანადო დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, ამისთვისაც მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ეროვნული ბანკის რეგულაციები და საზედამხედველო ჩარჩო სრულ თანხვედრაშია მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკასთან.
საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც უკვე შეიტანა განაცხადი SEPA-ში(ერთიანი ევრო გადახდების სივრცეში) გაწევრიანების თაობაზე. რა თქმა უნდა, ყველა ამ წარმატებაში თითოეული თქვენგანის როლი არის განსაკუთრებული. განსაკუთრებულია საქართველოს ეროვნული ბანკის როლი, კომერციული ბანკების, თითოეული თქვენგანის როლი და კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი პროფესიონალიზმისთვის და ყველა იმ საქმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ. კიდევ ერთხელ მინდა, მოგილოცოთ ბანკირის დღე, პროფესიული დღე და გისურვოთ წარმატებები მომავალ საქმიანობაში,“- განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თელავის სპორტის სასახლე დაათვალიერა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იყო გარკვეული სამართლებრივი პრობლემები, რომელიც სრულად არის მოგვარებული და სპორტული კომპლექსი უახლოეს მომავალში გაიხსნება.
„ეს კომპლექსი აშენდა, თუმცა იყო გარკვეული სამართლებრივი პრობლემები. დღეს უკვე ეს პრობლემები სრულად არის მოგვარებული და უახლოეს მომავალში ეს კომპლექსი გაიხსნება და იქნება ხელმისაწვდომი თელაველებისთვის. ვიდრე საბოლოოდ გაიხსნება ეს კომპლექსი, გარკვეული სამუშაოები ჩატარდება, თუმცა, ამას დიდი დრო არ დასჭირდება. ჩვენი სურვილია, რომ კიდევ უფრო მეტად გავაფართოოთ თელავში სპორტული ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თელავს სჭირდება საცურაო აუზი და ამაზე ზრუნვა უკვე დაწყებულია.
„დღეს ვთხოვე კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს, რომ უკვე მოამზადოს ეს საკითხი. თელავს ასევე სჭირდება მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურა. ამაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ თელაველები უახლოეს მომავალში ასეთი ინფრასტრუქტურით იყვნენ უზრუნველყოფილები. რაც შეეხება არსებულ დარბაზს, ეს სპორტული ცენტრი უახლოეს მომავალში გაიხსნება“, - განაცხადა პრემიერმა.
მულტიფუნქციური სპორტის სასახლის პროექტისთვის 22 მილიონ ლარამდე გამოიყო. სამუშაოები კანადურმა კომპანია „ბეჰლენმა“ შეასრულა. კომპლექსი მოიცავს დიდ და პატარა დარბაზს, რომლებიც 2000 მაყურებელზეა გათვლილი, გასახდელებს, ადმინისტრაციულ სივრცეებს. კომპლექსი ამ ეტაპზე შპს „სპორტმშენსერვისის“ დაქვემდებარებაშია.
კომპლექსი აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. სპორტის სასახლეში შესაძლებელია სპორტის სხვადასხვა სახეობაში, მათ შორის კალათბურთში, ფუტსალში, ფრენბურთში, ხელბურთში, კარატეში, ძიუდოში, ჭიდაობასა და ტანვარჯიშში საერთაშორისო ტურნირების, ევროპისა და მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატების გამართვა.
26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ეს ოთხი პარტია „ნაციონალურ მოძრაობად“ გაფორმდა - 26 ოქტომბრის შემდეგ, „ნაცები“ არიან ყველა! როცა ურთიერთობა „ნაცებთან“ გაქვს, ჩვენი დამოკიდებულებაც შესაბამისი იქნება, - ეს განცხადება ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
პაპუაშვილის თქმით, აღნიშნულმა პარტიებმა “უცხოეთიდან კარნახით“ შეიმუშავეს ტაქტიკა და იმ მიზნით, რომ ბარიერი ყველას გადაელახა და “ქართული ოცნებისთვის“ ზიანი მიეყენებინათ, ერთმანეთზე ხელოვნურად ანაწილებდნენ ხმებს.
“უცხოეთიდან კარნახით შეიმუშავეს ტაქტიკა, რომ რაც შეიძლება ბევრ პარტიას გადაელახა ბარიერი, ამის პროპორციულად “ქართულ ოცნებას“ ზიანი მიყენებოდა და უმრავლესობა არ ჰქონოდა.
ამ ტაქტიკაში ისინი ერთად იყვნენ, ერთმანეთზე ხელოვნურად ანაწილებდნენ ხმებს, რათა 5%-იანი ბარიერი ყველას გადაელახა - ხმას საკუთარ თავს აკლებდნენ, სხვას უმატებდნენ, რათა ასე გაებევრებიათ და გაეზავებინათ არჩევანი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ბუდაპეშტში ვიზიტი იყო ძალიან პროდუქტიული, გვქონდა მნიშვნელოვანი საუბრები შესაბამის ლიდერებთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს ფორმატი ამისათვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ყვარელში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მას ჰქონდა შეხვედრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე, არაწევრი, მაგრამ კანდიდატი ქვეყნების ლიდერებთან.
„რაც შეეხება შეხვედრებს, გვქონდა ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის ლიდერთან, რობერტ ფიცოსთან ძალიან კარგი, მეგობრული შეხვედრა. ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. რობერტ ფიცომ მიმიწვია სლოვაკეთში და მას კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო. შეხვედრა მქონდა ასევე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან, ასევე ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა მასთან. შეხვედრა მქონდა სერბეთის პრემიერ-მინისტრთან, ასევე მქონდა საშუალება, შესვენებების დროს გავსაუბრებოდი ათზე მეტ ლიდერს. აქ იყვნენ როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, ასევე, არაწევრი, მაგრამ კანდიდატი ქვეყნების ლიდერები. ეს არის ის, რაც მოხდა ბუდაპეშტში. მთლიანობაში იყო ძალიან პროდუქტიული ეს ვიზიტი. გვქონდა მნიშვნელოვანი საუბრები შესაბამის ლიდერებთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს ფორმატი ამისათვის“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არჩევნების გამოძიებასთან დაკავშირებით გათვალისწინებული იქნა ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მოწოდება.
„ყველაფერთან დაკავშირებით მქონდა საუბარი შარლ მიშელთან, მათ შორის განვუმარტე მას, რომ მთელი რიგი სუბიექტები ითხოვდნენ გამოძიებას, ბორელის განცხადება შევახსენე მას, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება და ისინი საუბრობდნენ სწორედ ეროვნულ გამოძიებაზე, ქართული, კონსტიტუციური ორგანოების მიერ ჩასატარებელ გამოძიებაზე. მე მას განვუმარტე, რომ ცესკო-მ მიმართა პროკურატურას, მეორე დღესვე პროკურატურამ დაიწყო გამოძიება არჩევნების თემასთან დაკავშირებით. შემდეგ პროკურატურაში დაიბარეს გამოკითხვაზე სალომე ზურაბიშვილი, შემდეგ იყო სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომ მას ეთანამშრომლა პროკურატურასთან, თუმცა, ამაზე უარი თქვა სალომე ზურაბიშვილმა. ჩვენ გავყევით იმ მოწოდებას, რომელიც მოვისმინეთ როგორც აშშ-დან, ასევე ევროკავშირიდან. პროკურატურამ დაიწყო რეალურად გამოძიება, შემდეგ სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, თუმცა ის ამბობს ამაზე უარს. ჩვენ რეალურად გავითვალისწინეთ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მოწოდება, თუმცა სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არის ოპოზიციის ერთ-ერთი ფიგურა, საერთოდ არ ითვალისწინებს ამ მოწოდებას. ყველამ თავის დასკვნები უნდა გამოიტანოს, მე ამასთან დაკავშირებით განმარტებები გავუკეთე შარლ მიშელს, მან მოისმინა და ალბათ გამოიტანს დასკვნას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიცია ცდილობს, შექმნას პარალელური დღის წესრიგი, თუმცა ამას ვერ მოახერხებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, არჩევნები დამთავრებულია, ჩვეულებრივად გაგრძელდება პროცესები, შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, ნდობა გამოუცხადდება მთავრობას.
„არჩევნები არის დამთავრებული. უახლოეს მომავალში შეჯამდება არჩევნების შედეგები ცესკოს მიერ, ამის შემდეგ, ძალიან მალე, თვის ბოლოსთვის გაიმართება პარლამენტის პირველი შეკრება, შემდეგ, რამდენიმე დღეში, ჩამოყალიბდება მთავრობის შემადგენლობა. ეს არის ის დღის წესრიგი, რომლითაც, ბუნებრივია, იცხოვრებს ჩვენი ქვეყანა. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ცდილობენ, შექმნან პარალელური დღის წესრიგი, თუმცა ამას ვერ მოახერხებენ. 4 წლის წინ მათ ჰქონდათ ერთგვარი წარმატებული მცდელობა, რომ სხვა დღის წესრიგში გადაეყვანათ ჩვენი ქვეყნის განვითარება და შესაბამისი პროცესები, მაშინ გახსოვთ, კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ქვეყნის გასვლა, პარლამენტის საბოტაჟი, ცნობილი 19 აპრილის შეთანხმება, ამის არავითარი რესურსი დღეს აღარ არსებობს. ჩვეულებრივად გაგრძელდება პროცესები, შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, ნდობა გამოუცხადდება მთავრობას. ეს არის ის დღის წესრიგი, რომლითაც განვითარდება პროცესები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ოპოზიცია უმტკიცებდა საკუთარ მხარდამჭერებს, რომ ისინი იგებდნენ არჩევნებს და დღეს უწევთ თავის მართლება, საუბარი არარსებულ გაყალბებაზე არის თავის მართლების ერთგვარი ფორმა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან შედარებით მმართველმა პარტიამ აიღო 890 000-ით მეტი ხმა და ასეთ დროს გაყალბებაზე საუბარი ღიმილისმომგვრელია.
„თქვენ იცით, რომ მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან ჩვენი სხვაობა არის 890 000-ზე მეტი ხმა. ასეთ დროს გაყალბებაზე საუბარი უბრალოდ ღიმილისმომგვრელია. თავიდან დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ 300 000 ხმა გაყალბდა, საერთოდ ჰაერიდან, უსაფუძვლოდ. შემდეგ ჩამოვიდნენ 200 000-ზე როცა ნახეს, რომ ჭარბი რიცხვებით საუბრობდნენ და მერე როცა შეხედეს, რომ 335 000 ხმაც გვყოფნიდა იმისათვის, რომ არ ჩამოვცილებოდით ოპოზიციას, დაიწყეს საუბარი 400 000 ხმაზე. ყველა ეს ციფრი არის ერთნაირი სიყალბე, სინამდვილეში საქართველოში ჩატარდა უმაღლესი ხარისხის არჩევნები. აიღეთ მოლდოვის არჩევნები, ამერიკის არჩევნები, ხარისხობრივად ქართული არჩევნები ბევრად აღემატებოდა არჩევნებს როგორც ერთ, ასევე მეორე ქვეყანაში. ჩვენ 2012 წლიდან დავამკვიდრეთ ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრაქტიკა და ეს არის ის პრაქტიკა, რომელსაც განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, როდესაც მოდიოდა მოთხოვნა, რომელსაც ხელისუფლება არ ითვალისწინებდა, რადგან იცავდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, მეორე დღეს ქუჩაში გამოჰყავდათ ოპოზიცია, რაც ნათლად მიუთითებს პირდაპირ კომუნიკაციაზე. „მუდმივად ასე ხდებოდა, როცა ომის თემებს ეხებოდა საუბრები, როცა სანქციების დაწესებას, ან თვითმფრინავებით მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას, სულ ასე იყო, მოდიოდა რაღაც მოთხოვნა, არ ვაკეთებდით, რადგან ვიცავდით საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, მეორე დღეს კი ქუჩაში გამოჰყავდათ ოპოზიცია და ქუჩაში ითხოვდნენ იმავეს. აქ ჩანს, რომ არის პირდაპირი კომუნიკაცია. არავითარი დამოუკიდებლობა ამ პოლიტიკურ პარტიებს, ე.წ. ოპოზიციას საქართველოში არ აქვს, უბრალოდ ისინი არიან უცხოური აგენტები, რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს, ხაზარაძის სიტყვებით რომ ვისაუბროთ,“- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ რაიმე სარგებელი მოუტანონ საპარლამენტო ცხოვრებას.
„მე მგონია, რომ ისინი შევლენ პარლამენტში. არც მათ შესვლას და არც მათ არშესვლას არავითარი ფასი არ აქვს. თქვენ იცით, რომ მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ რაიმე სარგებელი მოუტანონ საპარლამენტო ცხოვრებას და თავიდან ბოლომდე დესტრუქციული იქნება მათი საქმიანობა. არც მათ შესვლას და არც მათ არ შესვლას არავითარი ფასი არ აქვს. თუ არ შევიდოდნენ, იქნებოდა მეტი სიმშვიდე ქვეყანაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა სიმშვიდეს ასეც და ისეც დავიცავთ. მოკლედ, მათი გადასაწყვეტია, უნდათ შემოვიდნენ, უნდათ ნუ შემოვლენ“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ISFED-ს თავიდან ბოლომდე აქვს პოლიტიკური დღის წესრიგი, ისინი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დანამატი.
„მთლიანად ოპოზიცია ხავსს ეჭიდება, მათ შორის ISFED. ვეღარ მოახერხეს მათ ე.წ. პივიტის გაყალბება, რადგან წინა არჩევნებზე ეს ტყვია უკვე გაისროლეს, ახლა ცდილობენ, რომ განსხვავებული რაღაც ინსტრუმენტებით სცადონ ჩრდილის მიყენება ამ არჩევნებისთვის და ამიტომ არ აქვეყნებენ ახალ, გაუყალბებელ პივიტის. ყველაფრიდან ჩანს, რომ ასეთ ორგანიზაციებს თავიდან ბოლომდე აქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი, ისინი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ უბრალოდ დანამატი და შესაბამისად, ამ მიზნებით მოქმედებენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ოთხივე პარტია არის ერთი და იგივე, მათ უნდოდათ მეტი მანდატი და ეს უზრუნველყვეს იმით, რომ გახარიას პარტიას ხელოვნურად გადაალახინეს ბარიერი.
„მტკიცებით ვერაფერს დავამტკიცებ, მაგრამ საკმაოდ უცნაური ინფორმაცია მოდიოდა, მათ შორის, ერთ-ერთი ინფორმაცია რაც მოვიდა, „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბებში, ასე ხდება ხოლმე ზოგადად, საათობრივად ხდება ხოლმე აქტიური მხარდამჭერების მობილიზება. და ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, სამი საათის მერე ჰყავდათ მობილიზებული პარტია „ნაცმოძრაობაში“ ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი და სამი საათის მერე მისულ ამომრჩეველს ისინი მოუწოდებდნენ, რომ ხმა მიეცათ გახარიას პარტიისთვის. რეალურად ხდებოდა ის, რომ „ნაცმოძრაობის“ პარტიის ლიდერები ზრუნავდნენ არა საკუთარ პარტიულ ხმებზე, არამედ, ზრუნავდნენ გარკვეული დავალებების შესრულებაზე. როცა დაინახეს დავალების მიმცემებმა, რომ გახარია ვერ ლახავდა ბარიერს, მას ჰქონდა 5%-ზე ნაკლები, წავიდა დავალება, რომ „ნაცმოძრაობის“ პოტენციურ ამომრჩეველს ხმა უნდა მიეცა არა პარტია „ „ნაცმოძრაობისთვის“, არამედ, გახარიას პარტიისთვის. ამის გამო „ნაცმოძრაობა“ დარჩა 10%-ზე და საბოლოო ჯამში, გახარიამ მოახერხა ბარიერის გადალახვა. აქედან კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ეს ოთხივე პარტია არის ერთი და იგივე. არავითარი სხვაობა მათ შორის არ არის, ყველა არის ერთი პოლიტიკური პარტია, შესაბამისად, მათ უნდოდათ მეტი მანდატი და ეს უზრუნველყვეს იმით, რომ გახარიას პარტიას გადაალახინეს ხელოვნურად ბარიერი“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ბოლომდე დაანგრიეს „ედისონ რისერჩის“ რეპუტაცია.
„საქართველოში გააყალბებინეს ეგზიტპოლის და კვლევის შედეგები, ამერიკაში გააყალბებინეს ეგზიტპოლის და კვლევის შედეგები, ფაქტია, რომ ეს ორგანიზაცია გამოიყენება კონკრეტული ძალების მხრიდან პოლიტიკური მიზნებისათვის და, რა თქმა უნდა, არავითარი ფასი არ აქვს ასეთი კომპანიების მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს, რაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა იმით, რომ ამერიკაშიც გაყალბდა მათი მხრიდან ეგზიტპოლის და კვლევის შედეგები,“- განაცხადა პრემიერმა.
ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ იმ მემკვიდრეობას, რომელიც ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა, ჩვენი თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს გამსჭვალული იმ იდეალებით, რომლებსაც ის ემსახურებოდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყვარელში , „ილიაობა 2024“-თან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ილია ჭავჭავაძე მოღვაწეობდა სხვადასხვა სფეროში და ყველგან განსაკუთრებული კვალი დატოვა.
„ილია ჭავჭავაძე იყო სრულიად მრავალმხრივი ნიჭით, გასაოცრად მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი. ის მოღვაწეობდა სხვადასხვა სფეროში, ყველა სფეროში დატოვა განსაკუთრებული კვალი ჩვენს ქვეყანაზე და შეუძლებელია, რომ ასეთი ადამიანი არ იყოს საგანგებოდ მოვლენილი ღმერთისგან ჩვენი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 1987 წელს ილია ჭავჭავაძე იქნა წმინდანად შერაცხული და მას ეწოდა წმინდა ილია მართალი. ეს არის საუკეთესო შეფასება იმ მოღვაწეობისა, რომელიც ილია ჭავჭავაძემ განვლო საკუთარი ქვეყნისთვის, საკუთარი სამშობლოსთვის და საკუთარი სამშობლოს სარწმუნოებისთვის. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მაქსიმალურად იმ მემკვიდრეობას, რომელიც დაგვიტოვა ილია ჭავჭავაძემ. თითოეული ჩვენი ნაბიჯი უნდა იყოს გამსჭვალული იმ იდეალებით, რომლებსაც ემსახურებოდა ილია ჭავჭავაძე,“- განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ილია ჭავჭავაძე იყო უდიდესი ქართველი საზოგადო მოღვაწე, ის იყო პუბლიცისტი, მწერალი, პროზაიკოსი და პოეტი, ის იყო შერაცხული ერის მამად.
„განსაკუთრებულად მივესალმები ყვარლელ მოსწავლეებს, რომლებიც ესწრებიან დღევანდელ ღონისძიებას და რომელთათვისაც ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა უნდა იყოს შთაგონების მთავარი წყარო ცხოვრებაში. მიხარია, რომ ვარ თქვენთან ერთად, ვარ ყვარელში და აღვნიშნავ ილია ჭავჭავაძის, უდიდესი ქართველი საზოგადო მოღვაწის 187-ე დაბადების დღეს. ილია ჭავჭავაძე იყო უდიდესი ქართველი საზოგადო მოღვაწე, ის იყო პუბლიცისტი, მწერალი, პროზაიკოსი და პოეტიც, ის იყო შერაცხული ერის მამად. ეს უდიდესი სტატუსი დაიმსახურა იმ განსაკუთრებული მოღვაწეობის გამო, რომელიც გასდევდა მის ცხოვრებას.
ილია ჭავჭავაძე მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული თვითმყოფადობის დაცვას, ჩვენი ფასეულობების დაცვას, ეროვნული იდენტობის დაცვას. მან გენიალურად, სამ სიტყვაში გამოხატა ჩვენი ეროვნული იდენტობის, თვითმყოფადობის მთავარი საყრდენი, ეს არის მამული, ენა და სარწმუნოება. მთელი მისი შეგნებული ცხოვრება ეძღვნებოდა სწორედ ამ სამი საყრდენის, ჩვენი თვითმყოფადობის სამი მთავარი საყრდენის დაცვას. მისი მოღვაწეობა უნდა იყოს მაგალითი თითოეული ჩვენგანისთვის.
XIX საუკუნე იყო საკმაოდ რთული პერიოდი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, საქართველოს დაკარგული ჰქონდა დამოუკიდებლობა და მაშინ ქართველები განათლებას იღებდნენ რუსეთში და რუსეთიდან შემოჰქონდათ საქართველოში ევროპული კულტურა, შემოჰქონდათ სიახლეები. მაშინ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ითვისებდნენ ევროპულ ფასეულობებს, თუმცა ივიწყებდნენ ქართულს და უფრო მეტიც, როდესაც ისინი ბრუნდებოდნენ საქართველოში, მათ ეთაკილებოდათ ყველაფერი ქართული. ილია ჭავჭავაძე იყო ამის სრულიად საპირისპიროს გამოვლინება, ადამიანი, რომელიც ითვისებდა ყველაფერს საუკეთესოს ევროპული კულტურიდან და ასევე არ ივიწყებდა ქართულს, უფრო მეტიც ამ ევროპულ სიახლეებს ის უძღვნიდა სწორედ ქართულის გამდიდრებას. ეს არის მთავარი მაგალითი, რომელიც ჩვენ უნდა ავიღოთ ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობიდან. იმ ადამიანებმა, რომლებმაც დაივიწყეს ქართული, ვერაფერი შექმნეს ჩვენი ქვეყნისთვის, მათ ვერ დატოვეს ვერავითარი მემკვიდრეობა. ამისგან განსხვავებით, ილია ჭავჭავაძემ, თერგდალეულებმა და ერთობამ ამ ადამიანებისამ, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ილია ჭავჭავაძე, ჩვენ დაგვიტოვა უდიდესი მემკვიდრეობა, ეს მემკვიდრეობა არის ჩვენთვის ძალიან ძვირფასი და ძალიან აქტუალური დღევანდელ დღესაც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„2024 წლის 5-6 ნოემბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 62-ე რაუნდი, სადაც საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.
მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით.
მოლაპარაკების რაუნდში ასევე მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, ისევე, როგორც ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ აქცენტი გააკეთა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში დაბრუნების თემებზე, რაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებს წარმოადგენს“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
მათივე ცნობით, მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ მძიმე ვითარებაზე და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციულ ქმედებებზე.
„სამწუხაროა, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოლაპარაკების უმთავრესი საკითხის განხილვის დაწყებისთანავე, რომელიც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებას, ტრადიციულად დატოვეს მოლაპარაკებების მაგიდა“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე და მის მთავარ განსახილველ საკითხებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნება, რუსეთის ოკუპაციის შედეგად შექმნილი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები წარმოადგენს.
ჟენევის მოლაპარაკებების 62-ე რაუნდში მონაწილეებმა ჟენევის ფორმატის მინსკის ფორმატით ჩანაცვლება შემოგვთავაზეს, რაზეც წინააღმდეგ წავედით, – ამის შესახებ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის დელეგაციამ სხდომათა დარბაზი დემონსტრაციულად დატოვა, მაგრამ უკანონო დაკავებების და უკანონო ბორდერიზაციის საკითხების განხილვა მოესწრო.
„ჟენევის მოლაპარაკებების 62-ე რაუნდში მონაწილეობას იღებდა რუსეთის ფედერაცია და ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წარმომადგენლები. ჩვენ ვიყავით, როგორც ცენტრალური ხელისუფლება წარმოდგენილი, ასევე აფხაზეთის მთავრობა. როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის დელეგაციამ დატოვა დემონსტრაციულად სხდომათა დარბაზი, მაგრამ ჩვენ მოვასწარით ორი საკითხის განხილვა, ეს ეხებოდა უკანონო დაკავებებს, ასევე უკანონო ბორდერიზაციის საკითხს. შემოგვთავაზეს ჟენევის ფორმატის მინსკის ფორმატით ჩანაცვლება, რაზეც, რა თქმა უნდა, ჩვენ წინააღმდეგი წავედით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე, მოკავშირე ქვეყნებთან ერთად, ჩვენ მოგვიწევს დასხდომა და ვიმედოვნებ, რომ იმ ექვსპუნქტიანი შეთანხმების ყველა საკითხს გაეცემა სათანადო პასუხი, როგორსაც იმსახურებს საქართველოს მოსახლეობა და, რა თქმა უნდა, ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობა“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში მქონდა შეხვედრა ევროპელ ლიდერებთან, რამდენიმე პრემიერ-მინისტრთან, შარლ მიშელთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ფორმატებიც იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ გზავნილები მაქსიმალურად ყოფილიყო მიტანილი პარტნიორებთან.
„სამიტი საინტერესო იყო. მქონდა საშუალება, სიტყვით გამოვსულიყავი როგორც თემატურ შეხვედრაზე, სადაც საუბარი იყო ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე მქონდა სიტყვით გამოსვლის საშუალება დასკვნით პლენარულ სესიაზე, სადაც ვისაუბრე უშუალოდ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. ეს იყო მთავარი განსახილველი თემები. ასევე მქონდა საშუალება, შევხვედროდი ევროპელ ლიდერებს. მქონდა შეხვედრა რამდენიმე პრემიერ-მინისტრთან. შეხვედრა მქონდა შარლ მიშელთან, სადაც ვისაუბრეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების საკითხებზე. რა თქმა უნდა, ეს ფორმატებიც გამოვიყენეთ, რათა გზავნილები მაქსიმალურად მიგვეტანა ჩვენს პარტნიორებთან“, – განაცხადა პრემიერმა.