ჩვენს სამართალდამცავ უწყებებზე დგას სახელმწიფოს სიძლიერე და შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა როგორც შესაბამისი რესურსების გაძლიერებას, ასევე ჩვენს ჯარისკაცებსა და პოლიციელებზე ზრუნვას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს იქნება მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.
„ქართული ჯარი, ქართული პოლიცია - ჩვენს სამართალდამცავ უწყებებზე დგას სახელმწიფოს სიძლიერე და შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა როგორც შესაბამისი რესურსების გაძლიერებას, ასევე ჩვენს ჯარისკაცებსა და პოლიციელებზე ზრუნვას, მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ეს იქნება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ჩვენ ვართ ღირსეული ქვეყანა.
„იყო კოორდინირებული და წინასწარ გაწერილი გეგმა, უცხოური დაფინანსება იყო ჩართული ამ გეგმის რეალიზებაში. სწორედ ამიტომ არ უნდოდათ ვიღაც-ვიღაცებს გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რომ ბუნდოვანი ფორმით ყოფილიყო დაფინანსებული რევოლუციური პროცესები საქართველოში. ჩვენ ამ ოთხი წლის განმავლობაში სამი რევოლუციური პროცესი ვიხილეთ და ეს ყველაფერი ხდებოდა სამწუხაროდ უცხოური დაფინანსებით. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ. ჩვენ ვართ ღირსეული ქვეყანა, ვამაყობთ საკუთარი დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით და რა თქმა უნდა, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას ბოლომდე გავუფრთხილდებით. არავის მივცემთ უცხოური ჩარევით ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შერყევის შესაძლებლობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ისინი სწირავენ ადამიანებს, მათ შორის, ახალგაზრდებს, ძალიან მძიმე სასჯელისთვის.
„რაც ყველაზე სამწუხაროა, ისინი სწირავენ ადამიანებს, მათ შორის, ახალგაზრდებს, ძალიან მძიმე სასჯელისთვის. თქვენ წაიკითხავდით დილით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა კაცი არის დაკავებული ძალიან მძიმე სავარაუდო დანაშაულისთვის და მას ემუქრება 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა იმის გამო, რომ მძიმედ დააზიანა ერთ-ერთი პოლიციელის ჯანმრთელობა. ეს არის ამ ავანტიურისტების პასუხისმგებლობა. არის ოთხი პარტია - სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები, მათ გუშინ, პრაქტიკულად ღიად განაცხადეს, რომ ისინი დგანან ამ კოორდინირებული ძალადობის უკან, რა თქმა უნდა, ისინი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ამისთვის, შესაბამისად ყველამ უნდა გაითვალისწინოს ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა თქმა უნდა, ისინი ვერ გასცდებიან პატრონის დავალებას, თუმცა მაინც კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, თუ რა პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს დაკავშირებული იმ მცდელობასთან, რასაც ჰქვია კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობა,“ - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, აშშ-ს და ევროკავშირს ეყოლება ახალი ლიდერი და ამ ლიდერობის პირობებში ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელია.
„რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქ მოგეხსენებათ, რომ გვაქვს ამბიციური გეგმები და სერიოზული ამოცანები. ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის რა თქმა უნდა, ევროკავშირში ინტეგრაცია. ჩვენი საარჩევნო პროგრამის თანახმად, 2028 წლისთვის უნდა გვქონდეს შესრულებული ასოცირების დღის წესრიგით და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი და ეს დაპირება პირნათლად შესრულდება.
ასევე ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ თვისებრივად გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც აშშ-სთან, ასევე ევროკავშირთან. 20 იანვარს შედგება დონალდ ტრამპის ინაუგურაცია, შესაბამისად, აშშ-ს, ევროკავშირს ეყოლება ახალი ლიდერი და ამ ლიდერობის პირობებში ვფიქრობთ, რომ ურთიერთობების გადატვირთვა შესაძლებელია და ვფიქრობთ, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ურთიერთობები გაჯანსაღდეს. გასული ოთხი წლის განმავლობაში ამ ურთიერთობებს შეექმნა სერიოზული პრობლემა, რაც მოგეხსენებათ, არ ყოფილა ჩვენი ბრალი. ხელოვნური დაბრკოლებები იქმნებოდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. იყო სერიოზული, უხეში შანტაჟი. საქმე შანტაჟის ნაცვლად - ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და ამ დამოკიდებულებით აუცილებლად უნდა განვაგრძოთ გზა იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროკავშირში“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა პროცესების სწორად მართვაში სამართალდამცავი უწყებების განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება და შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და თითოეულ პოლიციელს მადლობა გადაუხადა.
„თითოეული პოლიციელის როლი ამ პროცესების სწორად მართვაში იყო განსაკუთრებული და ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა თითოეულ პოლიციელს მოთმინებისთვის. ვიცით არაერთი ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რისი მოთმენა უწევდათ პოლიციელებს ამ დღეების განმავლობაში. ეს იყო უმძიმესი შეურაცყოფა, უმძიმესი ფიზიკური თავდასხმები პოლიციელებზე, თუმცა საბოლოო ჯამში შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროცესები მართა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით. თქვენ ნანახი გაქვთ მაგალითად ფრანგული კადრები, ჰოლანდიური, ამერიკული, გერმანული კადრები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ეპყრობიან დემონსტრანტებს იქაური პოლიციელები. როგორი უხეშია დაშლის ფორმები და ხშირად ეს დაშლა იღებს დარბევის სახეს. საქართველოსთვის 2012 წლის შემდეგ მიტინგის დარბევა არის აბსოლუტურად უცხო მოვლენა. ყოველ ჯერზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებს უმაღლესი სტანდარტით ვახტანგ გომელაურის მინისტრობის პირობებში. გვქონდა გარკვეული შუალედური პერიოდი, როდესაც ერთ-ერთი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც დღეს ოპოზიციის რიგებიდან ესვრის პიროტექნიკას პოლიციელებს, თავის დროზე თვალებს თხრიდა დემონსტრანტებს, როდესაც მას ერქვა შინაგან საქმეთა მინისტრი. ამას ის აკეთებდა თავის დროზე პატრონის დავალებით და დღეს უკვე პატრონის დავალებით ესვრის პოლიციელებს პიროტექნიკას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის შეფასებით, დღეს არის განსხვავებული ვითარება, რადგან შინაგან საქმეთა მინისტრი არის ვახტანგ გომელაური. მთავრობის მეთაურმა ასევე მადლობა გადაუხადა სხვა სამართალდამცავ უწყებებს, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.
„ამერიკულზე და ევროპულზე ბევრად უფრო მაღალი სტანდარტით რეაგირებდა პოლიცია ყველა იმ კანონდარღვევაზე, რომელიც ვიხილეთ გასული დღეების განმავლობაში. ასევე მადლობა სხვა სამართალდამცავ უწყებებს, განსაკუთრებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. მათი როლი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. იყო რისკები, მათ შორის ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის და მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამსახურებაა, რომ მაქსიმალურად ყველა რისკი თავიდან იქნა არიდებული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ვერ გააცნობიერეს ამ ადამიანებმა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს ვერავინ შეარყევს.
„ეს არის საწინააღმდეგო აზრის, პოლემიკის არდაშვება. უხეში აგრესია ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც განსხვავებულ აზრს გამოხატავს. ეს არის, მათ შორის, ტელევიზიებში შეჭრა. თქვენ გაიხსენეთ ალბათ მათი ხელწერა, როდესაც კეზერაშვილის ტელევიზიის ჟურნალისტები შეიჭრნენ საზოგადოებრივ მაუწყებელში. ეს მათი ხელწერაა, მათ გაიმეორეს მინი ფორმებში ის, რაც გააკეთეს, თავის დროზე, 7 ნოემბერს, როდესაც ძალის გამოყენებით შეიჭრნენ ტელეკომპანია „იმედში“. ზუსტად იმის მცირე ანალოგი იყო, მათ უბრალოდ აღარ აქვთ საშუალება, გააკეთონ იგივე, რაც გააკეთეს 7 ნოემბერს, მადლობა ღმერთს, ისინი ვერ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, რასაც ასე ცდილობდნენ ზოგიერთები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რასაც ისინი აკეთებენ ახლა, ამ ფორმით, მცირე ფორმით, ზუსტად იმავეს გააკეთებდნენ იმავე ფორმით, რა ფორმებსაც 2007 წლის 7 ნოემბერს იყენებდნენ. რა თქმა უნდა, მათ ამის საშუალებას არასდროს არავინ მისცემს. 4 წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა რევოლუციის მოწყობის სამი მცდელობა უცხოური დაფინანსებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არ არის სწორი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ. ვერ გააცნობიერეს ამ ადამიანებმა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს ვერავინ შეარყევს. საქართველო არის სახელმწიფო, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით, ძლიერი სამართალდამცავი სტრუქტურებით, შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა, ავანტიურისტებმა და რევანშისტებმა მოაწყონ რაიმე ტიპის რევოლუცია, არის იმთავითვე წარუმატებლობისთვის განწირული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არის თვითლიკვიდაციის რეჟიმში.
„ჩვენ ვსაუბრობდით არჩევნების წინ პოლიტიკური პარტიების შესაძლო არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე, ამას ვუკავშირებდით ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას, თუმცა ისე მიჰყავთ პროცესები ამ ადამიანებს, რომ შეიძლება, საკონსტიტუციო უმრავლესობის გარეშეც მოხდეს ასეთი პროცესის ინიცირება. ისინი ღიად დაუპირისპირდნენ ამ დღეებში მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, რაც იძლევა პირდაპირ პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების საფუძველს. დანარჩენ დაველოდოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები, ყველაფერი არის ჩვენს ხელში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ადამიანები, რომლებსაც ეწოდებათ ხელოვანები, ისინი წინა პლანზე გამოიყვანეს ამ რევოლუციურ პროცესში, რაც სამწუხაროა.
„კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, როგორც ვითარდებოდა გარედან პროცესები, რაც დაკავშირებულია მიმდინარე მოვლენებთან. მინდა, შეგახსენოთ კანვასის ტრენინგები, მაშინ ვიღაც-ვიღაცები ირონიულად საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორც შეიძლება, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები იყვნენ ჩართული მაგალითად რევოლუციურ პროცესებში. ფაქტი არის სახეზე, არიან ადამიანები, რომლებსაც ეწოდებათ ხელოვანები, ისინი წინა პლანზე გამოიყვანეს ამ რევოლუციურ პროცესში, რაც სამწუხაროა. იყო ფრანკლინის კლუბი, სადაც ხდებოდა ახალგაზრდების ორგანიზება ძალადობრივი ქმედებებისთვის და შედეგიც არის სახეზე. ეს ყველაფერი ხდებოდა უცხოური დაფინანსებით და საბოლოო ჯამში, კიდევ ერთხელ შეგვიძლია, გავიხსენოთ ის, თუ როგორ უპირისპირდებოდნენ იგივე ადამიანები, იგივე ძალები უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის თაობაზე, რატომ? იმიტომ, რომ საქართველოში რევოლუცია უნდა მომხდარიყო გაუმჭვირვალედ. მინდა, ყველას კიდევ ერთხელ ვუთხრა, ვერც გამჭვირვალედ და ვერც გაუმჭვირვალედ საქართველოში ვერავითარი რევოლუცია ვერ მოხდება, საქართველო არის სახელმწიფო ძლიერი ინსტიტუტებით, ყველას უნდა შევახსენოთ ეს ყველაფერი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ტრამპის ადმინისტრაციასთან ჩვენ გვქონდა არაპირდაპირი კომუნიკაცია და ველოდებით პირდაპირ კომუნიკაციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია.
„ჩვენი მხრიდან იყო კომუნიკაცია, იყო არაპირდაპირი კომუნიკაცია და ველოდებით პირდაპირ კომუნიკაციას. ეს არის რაც შემიძლია, გითხრათ. უფრო მეტს ვერ გეტყვით ეს არის შიდა სამზარეულო, გვქონდა არაპირდაპირი კომუნიკაცია და ჩვენი სურვილია, შედგეს პირდაპირი კომუნიკაცია.
ჩვენთვის მთავარია ტრამპის ადმინისტრაცია, ეს არის მთავარი დანარჩენი ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი, როგორც იტყვის ტრამპი, იქნება ისე, მანამდე სხვა ვიღაც ამბობდა რაღაცას და იმას მიყვებოდა ჰელსინკის კომისია, რასაც იტყვის ტრამპი, იქნება ისე, ამიტომ ჩვენთვის მთავარია დონალდ ტრამპთან ურთიერთობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ძალიან საინტერესო დეტალია, რომ სამართალდამცველების მიერ დაკავებული არიან რუსეთის მოქალაქეები, ასევე იყო ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც უკანონოდ შეიჭრა პარლამენტის შენობაში, შესაძლოა, საქმე გვქონდეს უცხოელ ინსტრუქტორებთან, რომლებიც აორგანიზებენ ძალადობრივ დაჯგუფებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვისი კარნახით იყვნენ ჩამოსული, რა ინსტრუქციებს აძლევდნენ ისინი ძალადობრივ დაჯგუფებებს, ეს ყველაფერი გამოსაძიებელია.
„წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, ეს არის გამოძიების საქმე, მაგრამ ძალიან საინტერესო დეტალია ის, რომ არიან რუსეთის მოქალაქეები, იყო ერთგვარი დაჯგუფება და ამ დაჯგუფების წევრები დაკავებული არიან სამართალდამცველი უწყებების მხრიდან. ასევე იყო ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც უკანონოდ შეიჭრა პარლამენტის შენობაში, შესაძლოა, საქმე გვქონდეს უცხოელ ინსტრუქტორებთან, რომლებიც აორგანიზებენ ძალადობრივ დაჯგუფებებს, თუმცა მე წინ ვერ გავუსწრებ მოვლენებს, ეს არის გამოძიების საქმე. განსაკუთრებული ყურადღებით არის ეს საკითხი გამოსაძიებელი, რა უნდოდათ რუს მოძალადეებს ასეთ დაჯგუფებას საქართველოში, ვისი კარნახით იყვნენ ჩამოსული და რა ინსტრუქციებს აძლევდნენ ისინი ძალადობრივ დაჯგუფებებს, რა უნდოდა ბრიტანელ ინსტრუქტორს, რატომ შეიჭრა ის პარლამენტის შენობაში, ვისი დაკვეთით მოქმედებდა ეს ადამიანი, ეს ყველაფერი გამოსაძიებელია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მინდა შევახსენო ევროკავშირს ელჩს - დადეთ მაგიდაზე მოლაპარაკებების გახსნა და დღესვე მოვაწერ ხელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, სიცრუე ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა.
“სიცრუე ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, საქართველოს ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. პირველივე განცხადებაში და მთელი ამ დღეების განმავლობაში, ჩვენ ხაზგასმით ვაცხადებდით და ვაცხადებთ, რომ არათუ ევროინტეგრაციის პროცესს არ ვაჩერებთ, არამედ კიდევ უფრო ვააქტიურებთ ჩვენს ძალისხმევას 2030 წელს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების უზრუნველსაყოფად. ამ ფონზე, სამარცხვინო და შემაშფოთებელია, რომ რადიკალური ოპოზიციისა და მისი კუთვნილი ენჯეოების თუ მედიასაშუალებების მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიაში ევროკავშირის ელჩიც ჩაერთო. ბუნებრივია, ამგვარი მოვლენებიც სერიოზულად არყევს ქართული საზოგადოების ნდობას ევროპული ბიუროკრატიისადმი. მინდა შევახსენო ევროკავშირს ელჩს - დადეთ მაგიდაზე მოლაპარაკებების გახსნა და დღესვე მოვაწერ ხელს. საქმე შანტაჟის ნაცვლად, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება საკითხისადმი და ასეთივე ღირსეულ დამოკიდებულებას ველით ევროპული სტრუქტურებიდანაც, რაც ქართული საზოგადოების დაკვეთაა
შეგახსენებთ, რომ ამგვარი ფაქტები მძიმედ აზიანებს ქართული საზოგადოების ნდობას ევროპული ინსტიტუტებისადმი. 1949 წლიდან 2008 წლამდე ევროკავშირი სამართლიანობის ერთგვარი სიმბოლო იყო. დღეს კი, ცხადად ჩანს, რომ სიცრუე და უსამართლობა ევროპულ სტრუქტურებში ძალზე ღრმად არის გამჯდარი, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია.
სიცრუე და უსამართლობა გამოიხატება იმაშიც, რომ ეუთო/ოდირის დადებითი დასკვნის მიუხედავად, ევროპულ სტრუქტურებს ოფიციალურად კვლავაც არ უღიარებიათ არჩევნების შედეგები. მეტიც, ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილი ზუსტად ისეთივე შემართებით ესხმის თავს ეუთო/ოდირს, როგორც ამას რადიკალური ოპოზიცია აკეთებს. როდესაც ევროპელი პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკების ნაწილი ღიად აცხადებს, რომ მათთვის მხოლოდ ხელისუფლებაში კოლექტიური ნაცმოძრაობის დაბრუნების პირობებში აქვს საქართველოს ფასი, ეს ქართული საზოგადოებისთვის გაუგებარი და შეურაცხმყოფელია. მოძალადეებთან, მკვლელებთან, მწამებლებთან, ბიზნესის რეკეტიორებთან, ტელევიზიების მიმტაცებლებთან და ომის ინიციატორებთან ყოველგვარი ასოცირება ძირს უთხრის ქართველი საზოგადოების ნდობას ევროპული ბიუროკრატიისადმი, რაც ჩვენ უკიდურესად გვაშფოთებს“, - განაცხადა პრემიერმა.
გუშინ თანამდებობაზე დაინიშნა 12 მინისტრი, რითაც დასრულდა ახალი ხელისუფლების ფორმირება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 14 დეკემბერს გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, რის შემდეგაც ყველა კონსტიტუციური ორგანო ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების შესაბამისად იქნება დაკომპლექტებული.
„გაცნობებთ, რომ გუშინ თანამდებობაზე დაინიშნა 12 მინისტრი, რითაც დასრულდა ახალი ხელისუფლების ფორმირება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე. შეგახსენებთ იმასაც, რომ 14 დეკემბერს გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, რის შემდეგაც ყველა კონსტიტუციური ორგანო ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების შესაბამისად იქნება დაკომპლექტებული,“- განაცხადა პრემიერმა.