საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით ჩვენი შეთავაზება კვლავაც რჩება ძალაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საჯარო დისკუსიას სთავაზობს ადამიანების ნებისმიერ ჯგუფს, პირველ რიგში კი გულწრფელ ადამიანებს, რომელთაც აქვთ პროტესტის განცდა.
„ჩვენი შეთავაზება კვლავაც რჩება ძალაში. ჩვენ ვთავაზობთ ადამიანების ნებისმიერ ჯგუფს, რომელთაც აქვთ პროტესტის განცდა. მათ შორის, ჩვენ არაგულწრფელ ადამიანებსაც დავთანხმდით ამ დისკუსიაზე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, რჩება ეს შეთავაზება ძალაში გულწრფელი ადამიანებისთვის, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეთ გულწრფელი პროტესტი ჩვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში ვიმსჯელოთ ამ ადამიანებთან. კიდევ ერთხელ, ნებისმიერი სივრცე, მთავარია, რომ ეს დისკუსია იძლეოდეს განზოგადებისა და სიმართლის დადგენის საშუალებას“, - განაცხადა პრემიერმა.
საჯარო დისკუსია მთლიანად დაამსხვრევდა იმ სიცრუეს, რაზეც დგას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დრეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საჯარო დისკუსიის შემდეგ მთლიანად გამოეცლებოდა მათ პროპაგანდას საფუძველი, შესაბამისად, ეს არის მათი უარის მიზეზი.
„გახსოვთ, რომ ასეთივე შეთავაზება გავუკეთეთ ჩვენ ამ ადამიანებს „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით, მაშინაც შევთავაზეთ ნებისმიერ ჯგუფს, მათ შორის ახალგაზრდებს, პოლიტიკოსებსა და ნებისმიერ სხვას, მოსულიყვნენ ჩვენთან და გაემართათ საჯარო დისკუსია, თუმცა მაშინაც ამ შეთავაზებაზე მივიღეთ უარი. აქაც გამომდინარე იქიდან, რომ ზუსტად იციან, სად არის სიმართლე, კიდევ ერთხელ ითქვა, მათი მხრიდან უარი. ეს მეტყველებს ყველაფერზე. ამ საჯარო დისკუსიის შემდეგ მთლიანად გამოეცლებოდა მათ პროპაგანდას საფუძველი, შესაბამისად, ეს არის მათი უარის მიზეზი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პაპუნა ჯანელიძემ და თინა ხიდაშელმა დებატებზე თანხმობა განაცხადეს იმ გათვლით, რომ ეს ფორმატი არ შედგებოდა, ყველა მათ შემოთავაზებას დავთანხმდით, დავთანხმდით ფორმატს ორი ორზე, დავთანხმდით ასევე დისკუსიას საზოგადოებრივი მაუწყებლის სივრცეში, მაგრამ როცა არაფერი დარჩათ, მაშინაც თქვეს უარი, რაც ნიშნავს იმას, რომ წინასწარ ჰქონდათ განზრახული არმოსვლა ამ საჯარო დისკუსიაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
პრემიერის თქმით, ეს საჯარო დისკუსია მთლიანად ამსხვრევდა იმ სიცრუეს, რაზეც დგას რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდა.
„დღეს დაგეგმილი იყო დებატები, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. საჯარო დისკუსია, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ჩვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, როგორც პაპუნა ჯანელიძემ, ასევე თინა ხიდაშელმა უარი თქვეს საჯარო დისკუსიაში მონაწილეობაზე. ეს ორი ადამიანი გახლავთ საშუალო არითმეტიკული ნაციონალი, შესაბამისად, მათთან ჩვენი დისკუსია საზოგადოებას მისცემდა განზოგადების საშუალებას და სიმართლის დადგენის შესაძლებლობას.
მათი უარი საჯარო დისკუსიაზე ნიშნავს ერთადერთ რამეს - სიმართლე არის ჩვენს მხარეს და მათ ეშინიათ ნებისმიერი საჯარო დისკუსიის, სწორედ ამის გამო. რადიკალური ოპოზიცია მთლიანად, ზუსტად იცის, რომ რეალურად არაფერი აქვთ სათქმელი არაფერთან დაკავშირებით, მათ შორის არც ჩვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
თქვენ ხედავდით, რომ ამ ორ ადამიანზე იყო ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგი, თუმცა, მე მგონია, რომ ეს ბულინგიც იყო აშკარად დალაგებული. ისინიც, აშკარად თავს იკავებდნენ საჯარო დისკუსიისგან. მათ რეალურად დისკუსიაზე თანხმობა განაცხადეს იმ გათვლით, რომ ეს ფორმატი არ შედგებოდა. ჯერ უარი თქვეს ჩვენს მიერ შეთავაზებულ ფორმატზე, ჩვენ შევთავაზეთ 12 კაცამდე ფორმატში დისკუსიის გამართვა, შემდეგ მათ უარი თქვეს მთავრობის ადმინისტრაციაში მოსვლაზე, მუდმივად ეძებდნენ საბაბს იმისათვის, რომ არ მიეღოთ მონაწილეობა ამ დისკუსიაში. ბოლოს არაფერი დავუტოვეთ, ყველა მათ შემოთავაზებას დავთანხმდით, დავთანხმდით ფორმატს ორი ორზე, დავთანხმდით ასევე დისკუსიას საზოგადოებრივი მაუწყებლის სივრცეში, მაგრამ როცა არაფერი დარჩათ, მაშინაც თქვეს უარი, რაც ნიშნავს იმას, რომ წინასწარ ჰქონდათ განზრახული არმოსვლა ამ საჯარო დისკუსიაზე. ეს საჯარო დისკუსია მთლიანად ამსხვრევდა იმ სიცრუეს, რაზეც დგას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდა“, - განაცხადა პრემიერმა.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აპირებს, მიმართოს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. საიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სისტემური დანაშაულები და რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს.
საია ყოველდღიურად ეხმარება აქციებზე დაშავებულ ადამიანებს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ხელისუფლება საქართველოს ათასობით მოქალაქეს არბევს, დევნის და აპატიმრებს. არაერთი მტკიცებულებითა და მოწმის ჩვენებით დადასტურებულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული სპეციალური სადამსჯელო რაზმები მომიტინგეებს ალყაში აქცევენ და განურჩევლად ურტყამენ, მათ შორის - ქალებს, ბავშვებს, შშმ პირებს, მედიის წარმომადგენლებს.
დანაშაულის ფაქტები სახელმწიფოს მხრიდან გამოუძიებელი რჩება, სასამართლოები კი პირიქით, უკანონოდ დაკავებულ და ნაწამებ მომიტინგეებს სჯიან.
„საია შექმნის საკოორდინაციო ფორმატს, რომელში ჩართვის შესაძლებლობაც ყველა დაინტერესებულ პირს ექნება“, - განაცხადა საიას ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ.
ჰააგის სასამართლოს საქართველოსთან დაკავშირებით მანამდეც აქვს განხილული საქმეები, ფაქტები ომის დანაშაულებზე.
„ჰააგის სასამართლო საქმეებს იძიებს ინდივიდების წინააღმდეგ, უფრო ხელმძღვანელ პირებზე კონცენტრირდება. დაზარალებულისთვის კომპენსაცია არ არის გათვალისწინებული, მაგრამ ქართულ რეალობაში მათთვის ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, სამართალს მიაღწიონ, - ამბობს საიას იურისტი დავით ჯავახიშვილი, - ხალხს შეუძლია მოგვმართოს, ამ შემთხვევაში ანონიმურობაც გარანტირებულია“.
ექვსი ღამეა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ, აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო, რომლის თანახმადაც, 2028 წლის ბოლომდე საქართველოს ხელისუფლება აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს.
დღეს მიმდინარე აქციაზე უკვე გამოვლინდა აქციის რამდენიმე მოძალადე ჯგუფი, რომელიც კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ახორციელებს. აგრესიული მომიტინგეები პარლამენტის შენობის ეზოში, სადაც საპოლიციო ძალები იყვნენ განთავსებულები, ისვრიან ქვებს, ბლაგვს საგნებს, რკინის საგნებს და ცეცხლმოკიდებული ნივთებს, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, აღნიშნული ძალადობრივი და აგრესიული ქმედებების შედეგია, რომ სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს 143-მა თანამშრომელმა.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დღესაც მიმდინარეობს საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც ყველა შეკრების დროს, დღესაც საპოლიციო ძალები მობილიზებულები არიან შეკრების ადგილას და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. საზოგადოება დღეების განმავლობაში ადევნებს თვალს, აქციის წევრების ნაწილის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს.
პოლიციის მხრიდან კეთდებოდა მუდმივი მოწოდება, აქციის მონაწილეების მიმართ, რომ საკუთარი პროტესტი მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ და არ გასცდენოდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს, თუმცა დღეს მიმდინარე აქციაზე უკვე გამოვლინდა აქციის რამდენიმე მოძალადე ჯგუფი, რომელიც კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ახორციელებს. პირდაპირი ეთერების საშუალებით უკვე ვიხილეთ, მოძალადე ჯგუფების აგრესიული ქმედებები, აქციის დაწყებისთანავე, რაც გამოიხატა პარლამენტის წინა მხარეს განთავსებული ჯებირების დაზიანებაში. აგრესიული მომიტინგეები პარლამენტის შენობის ეზოში, სადაც საპოლიციო ძალები იყვნენ განთავსებულები ისვრიან ქვებს, ბლაგვს საგნებს, რკინის საგნებს და ცეცხლმოკიდებული ნივთებს.
სწორედ აღნიშნული ძალადობრივი და აგრესიული ქმედებების შედეგია, რომ სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს 143-მა თანამშრომელმა“, – განაცხადა დარახველიძემ.
მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულია გამოძიება, სხვადასხვა საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიების ჩატარების შედეგად, ამ ეტაპზე სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად დაკავებულია ხუთი პირი:
„პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულები არიან:
1. 1972 წელს დაბადებული დ.ლ. ბრალდებულმა მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით, რის შედეგადაც დაზიანდა სამინისტროს ბალანსზე არსებული წყლის ჭავლის ავტომობილი.
2. დაკავებულია 1987 წელს დაბადებული თ.ზ., რომელმაც მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, სამართალდამცველების მისამართით ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი და დააზიანა სამინისტროს ბალანსზე რიცხული წყლის ჭავლის ავტომობილი.
3. სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულია 2003 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.მ., რომელმაც საკანონმდებლო ორგანოს შენობაში ისროლა ცეცხლმოკიდებული ნივთი, რის შედეგადაც პარლამენტის შენობის ერთ-ერთ ოთახში ხანძარი გაჩნდა.
4. დაკავებულია 2007 წელს დაბადებული მ.გ., რომელმაც 9 აპრილის ქუჩაზე, პიროტექნიკის სროლის შედეგად, სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს.
5. ასევე დაკავებულია წარსულში ქურდობისთვის, ქურდობის მცდელობისთვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1997 წელს დაბადებული ა.მ. ბრალდებულმა, რომელიც ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრია, მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, ცეცხლი წაუკიდა პარლამენტის შენობის ბოძზე დამონტაჟებულ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე რიცხულ ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ელექტრო სადენებს და კვების ბლოკს, რითაც დაზიანდა და მწყობრიდან გამოვიდა აღნიშნული მოწყობილობა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით გრძელდება და მიმდინარეობს ყველა შესაბამისი ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედება, ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელი პირების დადგენისა და დაკავების მიზნით“, – განაცხადა დარახველიძემ.
მისივე განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოახდენს მყისიერ და მკაცრ რეაგირებას დანაშაულის ჩამდენ პირთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მიმართ.
შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი.
„დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე წარედგინა 108 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები, რომელთაგან საქმისწარმოება დასრულდა 89 პირის მიმართ.
დასრულებული 89 საქმიდან: 43 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ჯარიმა; 41 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა, ისინი დროებითი მოთავსების სხვადასხვა იზოლატორში იხდიან აღნიშნულ პატიმრობას; 5 პირის მიმართ გამოყენებული იქნა შენიშვნა.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს და ორგანიზატორებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.