იუნესკო-ს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს – ხორბალი და პურის გატეხვის ტრადიცია არის მშვიდობისა და სოციალური ერთიანობის სიმბოლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ქართული ხორბლის კულტურის შეტანასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქართული სუფრა და პური სწორედ სტუმართმოყვარეობისა და ადამიანთა დაახლოების იდეას ემსახურება.
„დღეს, როდესაც მსოფლიოს ასე სჭირდება თანხმობა, ქართული სუფრა და პური სწორედ სტუმართმოყვარეობისა და ადამიანთა დაახლოების იდეას ემსახურება.
ეს აღიარება არის გზავნილი მომავლისთვისაც. ენდემური ჯიშების დაცვა და განვითარება ჩვენი აგრარული სექტორის, აგროტურიზმისა და მწვანე ეკონომიკის უდიდესი პოტენციალია. ჩვენი მიზანია, ეს ტრადიცია იყოს ცოცხალი, განვითარებადი პროცესი, რომელიც დოვლათს მოუტანს ჩვენს ფერმერებს და ქვეყანას.
განსაკუთრებულ მადლობას გიხდით მეცნიერებს, მკვლევრებს, საქართველოს საპატრიარქოს, ყველას, ვინც წლების განმავლობაში შრომობდით ამ ნომინაციის მოსამზადებლად. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მინისტრებს, სამი სამინისტროს ხელმძღვანელებს, წარმომადგენლებს, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს ამ შედეგის მიღწევაში. ეს აღიარება უპირველესად არის ამ ადამიანების, თითოეული თქვენგანის ძალისხმევის შედეგი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველო, თავისი უნიკალური კულტურით, მსოფლიო ცივილიზაციის გამორჩეული ნაწილია,“- განაცხადა პრემიერმა.
იუნესკო-ს მთავრობათაშორისმა კომიტეტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა, ეს არის მსოფლიო დონის აღიარება იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ქართული ხორბლის კულტურის შეტანასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ხორბალი არის ქართული იდენტობის, სულიერებისა და ყოფის განუყოფელი ნაწილი ათასწლეულების განმავლობაში.
„დღეს საქართველოსთვის გამორჩეული და საამაყო დღეა. ინდოეთში, ქალაქ ნიუ-დელიში, იუნესკოს მთავრობათაშორისმა კომიტეტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება – „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. ეს არის მსოფლიო დონის აღიარება იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც ჩვენს გენეტიკაშია კოდირებული – საქართველოში ხორბალი არასდროს ყოფილა მხოლოდ საკვები. ეს არის ჩვენი იდენტობის, ჩვენი სულიერებისა და ყოფის განუყოფელი ნაწილი ათასწლეულების განმავლობაში.
საქართველო ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. მსოფლიოში ცნობილი ხორბლის 20 სახეობიდან 15 სწორედ ჩვენს მიწაზე ხარობს, ხოლო 5 მათგანი ენდემურია და მხოლოდ ქართულ მიწაზე მოდის. ეს ბიომრავალფეროვნება ცოცხალი საგანძურია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს.
საუკუნეთა განმავლობაში ქართველი ხალხი დაუღალავად შრომობდა, აცხობდა პურს და მისდევდა იმ ტრადიციებს, რომლებიც ოჯახების სიმტკიცეს იცავდა. სწორედ ამ შრომის შედეგია ის უნიკალური მრავალფეროვნება, რომელიც ჩვენს კუთხეებს ამშვენებს და რაც, საბოლოოდ, ჩვენი ერთიანი, მდიდარი ეროვნული კულტურის საფუძველს ქმნის“, – განაცხადა პრემიერმა.
საფრანგეთი საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული გახდა. ქვეყანას კონკურსზე ლუ დელუზი წარმოადგენდა.
საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 96 ქულა.
საქართველო კონკურსზე „რანინას“ გამარჯვებულმა ანიტა აბგარიანმა წარადგინა. საქართველო მესამე ადგილზე გავიდა. ანიტა აბგარიანმა ჟიურისგან 121 ქულა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 55.
საბავშვო „ევროვიზიას“ საქართველომ მეორედ უმასპინძლა. კონკურსში 18 ქვეყანა მონაწილეობდა.
საბავშვო ევროვიზიაზე ხმის მიცემა დაიწყო. საქართველოს წარმომადგენლისთვის, ანიტა აბგარიანისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია საქართველოდან და მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.
გადადით ბმულზე - https://vote.junioreurovision.tv .
ამისთვის საჭიროა, უყუროთ მოკლე ვიდეოკოლაჟს, აირჩიოთ საქართველო და კიდევ ორი ნებისმიერი ქვეყანა, და დააჭიროთ ხმის მიცემის ღილაკს.
ამის შემდეგ მარტივ მათემატიკურ მოქმედებას შეასრულებთ (მაგ. 1+2; 4-3) და დააჭერთ დადასტურების ღილაკს.
ხმის მიცემა დროებით შეწყდება 20:00 საათზე, როდესაც კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია დაიწყება.
თვრამეტივე მონაწილის გამოსვლის შემდეგ ხმის მიცემა 15 წუთით ისევ განახლდება, რა დროსაც თქვენ ისევ შეძლებთ მეორედ ხმის მიცემას.
ხმის მიცემა შესაძლებელია 1 ტელეფონიდან და 1 კომპიუტერიდან მხოლოდ ერთხელ.
გამარჯვებული მაყურებლისა და ჟიურის დაჯამებული ქულების რაოდენობით გამოვლინდება.
დღეს ფინალური შოუს პირდაპირ ტრანსლაციას მაყურებელს ღონისძიების მასპინძელი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შესთავაზებს.
საქართველო 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს მასპინძლობს – ფინალური შოუ დღეს, 20:00 საათზე გაიმართება.
იუნესკო-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გადაწყვეტილება ნიუ დელიში გამართულ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის იუნესკო-ს მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე იქნა მიღებული.
„იუნესკო-ს გადაწყვეტილება ხორბალთან დაკავშირებული ტრადიციებისა და რიტუალების აღიარების შესახებ არის ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი შრომის, ცოდნისა და პრაქტიკის საერთაშორისო დონეზე დაფასება; ქართული ენდემური სახეობების მნიშვნელობის ხაზგასმა; სულიერი და მატერიალური კულტურის ურთიერთკავშირის გაძლიერება და მომავალი თაობების წინაშე ვალდებულების აღება, რომ ამ „არამატერიალური კულტურული ელემენტის“ სიცოცხლისუნარიანობა დაცული და განვითარებული იქნება“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ – საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 მარტის №98 დადგენილებით განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.
კულტურის სამინისტროს ცნობით, საქართველოს მიერ იუნესკო-ს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის წარმომადგენლობით ნუსხაში 2024 წლის 28 მარტს წარდგენილმა ნომინაციამ განხილვის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა.