თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება, გაერთიანებული უმაღლესი სასწავლებლების სახელწოდებად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დარჩება.
ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე იქნა მიღებული.
„უმაღლესი განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყება ეფუძნება სიღრმისეულ ანალიზს, საერთაშორისო პრაქტიკას და ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ინტერესებს. ბოლო პერიოდში განხორციელდა სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების, კვლევითი მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზი. ამ პროცესისა და რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ. ეს იქნება საწინდარი, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდება რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს საერთაშორისო რეიტინგები“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
როგორც გივი მიქანაძემ განაცხადა, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო „საბჭო“ და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც რეორგანიზაციის პროცესის წარმართვას უზრუნველყოფენ.
მინისტრის თქმით, უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, დამატებით შეიქმნება წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობა და ამ თანამდებობაზე კონკურსის წესით შერჩეული პირები უზრუნველყოფენ სასწავლო და კვლევითი საქმიანობის სტრატეგიულ ხელმძღვანელობას, ხარისხის ზრდასა და ახალგაზრდა აკადემიური პერსონალის განვითარებას.
უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა 4 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ინფორმაციით, ტესტირება წაკითხულის გააზრების, ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობის კომპონენტებს მოიცავს და ელექტრონული ფორმატით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გაიმართება.
„გამოცდის მიზანია იმ სტუდენტების აკადემიური მზაობის შეფასება, რომლებმაც უცხოეთში არანაკლებ ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლეს და საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელება სურთ.
გამოცდა მნიშვნელოვანი მექანიზმია ობიექტური და სტანდარტიზებული შეფასებისთვის, რაც კანდიდატების საგანმანათლებლო პროცესში თანაბარ ჩართულობას და მაღალი აკადემიური სტანდარტების დაცვას უზრუნველყოფს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის გამოცდას 2019 წლიდან, წელიწადში რამდენჯერმე ატარებს.
საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ობიექტური და გამჭვირვალე ტესტირების სისტემა ხელს უწყობს, როგორც სტუდენტების პროფესიულ განვითარებას, ისე ქვეყნის განათლების სისტემის გაძლიერებას.
აპლიკანტები ტესტირების გასავლელად უნდა გამოცხადდნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ქ. თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9).
რეგისტრაცია 13:00 საათზე, გამოცდა კი 14:00 საათზე დაიწყება.
გამოცდაზე დაგვიანების შემთხვევაში გამოსაცდელი ტესტირებაზე აღარ დაიშვება. გამოცდის მონაწილემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, აპლიკანტებს, ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში შესაბამისი ინსტრუმენტებით (კალამი, ფურცლები დ სხვა..) უზრუნველყოფს.
ტესტირება ტარდება ელექტრონული ფორმატით. ავტორიზაციის გავლის შემდეგ, ეკრანზე გამოჩნდება 3 ნაწილისაგან შემდგარი საგამოცდო ტესტი:
წაკითხულის გააზრება;
ლოგიკური მსჯელობა;
რაოდენობრივი მსჯელობა.
თითოეულ ნაწილში გაერთიანებულია 15 არჩევითპასუხებიანი ტესტური დავალება. შესაბამისად, ტესტი სრულად შედგება 45 არჩევითპასუხებიანი ტესტური დავალებისგან. თითოეულ დავალებას აქვს 5 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთი არის სწორი. თითოეულ ტესტურ დავალებაზე გაცემული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი – 0 ქულით.
გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას. ტესტირების ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი. ბოლო, 45-ე დავალებაზე პასუხის მონიშვნის, ან მონიშვნის გარეშე ღილაკზე „შემდეგი“ დაჭერის შემთხვევაში, ეკრანზე გამოჩნდება შეტყობინება ტესტის დასრულების შესახებ. შეტყობინებაში აღნიშნულია, რამდენ დავალებაზეა გაცემული პასუხი დავალებების საერთო რაოდენობიდან. ღილაკზე „დაასრულეთ“ დაჭერის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ინფორმაცია ტესტის დასრულების შესახებ.
გამოსაცდელს შესაძლებლობა აქვს, გამოცდის პროცედურის შესახებ დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, საპრეტენზიო განაცხადით მიმართოს ცენტრს გამოცდის დღეს 20:00 საათამდე.