2010 წლის 1-ელ სექტემბრამდე 4-წლიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების შედეგად გაცემული დიპლომი შესაძლოა, მაგისტრის ხარისხთან გათანაბრდეს. ცვლილებები დაგეგმილია „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში, რომლის ავტორიც განათლების სამინისტროა.
დღეს მოქმედი კანონით, 2010 წლის სექტემბრამდე 4-წლიანი პროგრამების დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი ბაკალავრის ხარისხს, ხოლო 5-წლიანი (ე.წ. დაუსწრებელი) ერთსაფეხურიანი პროგრამების დასრულების შედეგად გაცემული დიპლომები მაგისტრის ხარისხს უთანაბრდება. კანონპროექტის ავტორების შეფასებით, ეს ქმნის უთანასწორო მდგომარეობას, რაც ცვლილებების მიღების შემთხვევაში გამოსწორდება.
„აღნიშნული ცვლილების განხორციელების გარეშე, პირები, რომლებმაც დაასრულეს ოთხ წლიანი, ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა, ვერ შეძლებენ მოახდინონ საკუთარი უფლებების რეალიზაცია სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე. აღნიშნული კანონის მიღების გარეშე შენარჩუნდება არასამართლიანი და უთანასწორო მიდგომა, რამდენადაც 4-წლიანი (ე.წ დასწრებული) ერთსაფეხურიანი პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული დიპლომი გაუთანაბრდება ბაკალავრის ხარისხს, ხოლო 5-წლიანი (ე.წ დაუსწრებელი) პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული დიპლომი გაუთანაბრდება მაგისტრის ხარისხის“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
ასევე, 2010 წლის სექტემბრამდე აკრედიტაციის გარეშე გაცემული დიპლომების აღიარება მარტივდება.
კანონპროექტი ასევე ეხება იმ პირებს, რომლებმაც 2010 წლის სექტემბრამდე სწავლა დაასრულეს ისეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებმაც დაკარგეს ან ვერ გაიარეს აკრედიტაცია. ცვლილებების მიხედვით, მათი განათლების აღიარება შესაძლებელი გახდება სასამართლოს ჩარევის გარეშე.
„კანონის მიღება აუცილებელია, რათა იმ პირებმა, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხულნი იყვნენ 2010 წლის 1-ელ სექტემბრამდე და რომლებმაც სწავლა დაასრულეს არააკრედიტებულ რეჟიმში საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ინსტიტუციური აკრედიტაციის დაკარგვის/გაუვლელობის გამო, შეძლონ მათ მიერ მიღებული განათლების აღიარება.
გასათვალისწინებელია, რომ ამ კანონის მიღების გარეშე პირები, რომლებმაც განათლება ნაწილობრივ მიიღეს არალიცენზირებულ დაწესებულებაში (ისეთი შემთხვევები, როცა დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიის მოპოვება განხორციელდა პირის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემდეგ (კვირის, თვის ან წლის განმავლობაში)), ვერ შეძლებენ მათ მიერ მიღებული განათლების ნამდვილობის დადასტურებას სასამართლოსადმი მიმართვის გარეშე.
იმ პირობებში, როდესაც მსგავს შემთხვევებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უკვე დადგენილია პრაქტიკა და პირებს, სასამართლოსთვის მიმართვის გზით, უღიარდებათ მათ მიერ მიღებული განათლება, მიზანშეწონილია, განხორციელდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რათა ასეთ პირებს საკუთარი უფლებების რეალიზაციისათვის არ დასჭირდეთ სასამართლოსთვის მიმართვა“, - აღნიშნულია კანონპროექტში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო ცნობარი გამოაქვეყნა, რომელიც სხვა დეტალებთან ერთად, უნივერსიტეტების და პროგრამების მიხედვით სწავლის საფასურის შესახებაც მოიცავს ინფორმაციას.
დოკუმენტის მიხედვით, კერძო უნივერსიტეტების ნაწილში რიგ მიმართულებებზე სწავლის საფასური გაზრდილია. მაგალითისთვის, "შავი ზღვის უნივერსიტეტში" ამერიკისმცოდნეობის წლიური საფასური გასულ წელთან შედარებით 600 ლარით გაიზარდა და 2590 ლარის ნაცვლად 3190 ლარი გახდა. "ალტე" უნივერსიტეტში მედიცინის სწავლის ღირებულება 3500 ლარიდან 3950 ლარამდეა გაზრდილი. "საქართველოს უნივერსიტეტში" არქიტექტურის სწავლის წლიური საფასური 800 ლარით გაიზარდა და 4200 ლარის ნაცვლად 5000 ლარი იქნება, სამართალმცოდნეობის ახალი საფასური ასევე 5000 ლარია და 1500 ლარით არის გაძვირებული წინა წელთან შედარებით. "კავკასიის უნივერსიტეტში" რიგ მიმართულებებზე 400-1000 ლარიანი მატებაა - სამართლის მიმართულებაზე წლიური საფასური 7590 ლარიდან 7990 ლარამდე გაიზარდა, ევროპისმცოდნეობის, სოციოლოგიის, ტურიზმის და ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებაზე საფასური 4590 ლარის ნაცვლად 4990 ლარი გახდა, 1000 ლარით, 4990-დან 5990 ლარამდე გაიზარდა ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლის საფასური. "სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში" საჯარო მმართველობაზე სწავლის ღირებულება 2500 ლარიდან 2750 ლარამდე არის გაზრდილი.
განათლების პოლიტიკის მკვლევრის, ვანო გომურაშვილის შეფასებით, ეს დოკუმენტი ნათლად აჩვენებს, რა მიმართულებით იცვლება უმაღლესი განათლების პოლიტიკა საქართველოში. როგორც ის საკითხის შეფასებისას სოციალურ ქსელში წერს, ერთი შეხედვით, ხელისუფლების გზავნილი იყო, რომ სწავლა უფასო ხდება, თუმცა ცნობარში ასახული რეალობა სხვა სურათს გვაძლევს.
"ფაქტობრივად იზრდება სწავლის საფასური კერძო უნივერსიტეტებში და მცირდება სტუდენტის ფინანსური ხელმისაწვდომობა.
აქამდე მოქმედი მოდელი სტუდენტს აძლევდა შესაძლებლობას, სახელმწიფო გრანტი თან წაეღო კერძო უნივერსიტეტშიც, რაც ქმნიდა კონკურენტულ და შედარებით სამართლიან გარემოს. ახლა კი მივდივართ მოდელზე, სადაც: „უფასო სწავლა“ ძირითადად კონცენტრირდება სახელმწიფო უნივერსიტეტებში. შედეგად კი, კერძო უნივერსიტეტები კარგავენ იმ სტუდენტებს, რომლებიც გრანტზე იყვნენ დამოკიდებული, სწავლის საფასური იზრდება, რადგან მოთხოვნა მცირდება ან ფინანსური წნეხი გადადის სტუდენტზე.
რას ნიშნავს ეს აბიტურიენტებისთვის - პირველი, აბიტურიენტი ვეღარ ირჩევს უნივერსიტეტს მხოლოდ აკადემიური ინტერესით, ფინანსური ფაქტორი ხდება გადამწყვეტი, რადგან გრანტის პრინციპი უქმდება. მეორე, სოციალური უთანასწორობის გაღრმავება, მაღალი ხარისხის პროგრამებზე წვდომა რთულდება იმ სტუდენტებისთვის, ვისაც ფინანსური რესურსი არ აქვს. მესამე, კერძო სექტორის დასუსტება, კერძო უნივერსიტეტები, რომლებიც ხშირად უფრო მოქნილი და ინოვაციურები არიან, აღმოჩნდებიან ფინანსურ წნეხში. „უფასო განათლება” ოცნების რეჟიმისგან ისეთივე არარეალური დაპირებაა, როგორც უფასო ფული. რეალურად სისტემა არ ხდება უფასო, უბრალოდ ფინანსური ტვირთი იცვლის მიმართულებას და ნაწილობრივ გადადის სტუდენტზე ან ზღუდავს მის არჩევანს. ცნობარი გვაჩვენებს არა მხოლოდ ფასების ზრდას, არამედ პოლიტიკურ არჩევანს განათლების სფეროში - ცენტრალიზაციისკენ და არა მრავალფეროვნებისკენ. ამ მიდგომით მივიღებთ სისტემას, სადაც: ნაკლები კონკურენცია იქნება, ხარისხი დაიკლებს და ყველაზე მნიშვნელოვანი - სტუდენტის თავისუფალი არჩევანი შეიზღუდება",- აღნიშნავს ის.
წყარო: BM.ge
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება, ვინაიდან მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები სკოლებში სწავლას ერთდროულად დაასრულებენ. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
ცვლილება ასევე შეეხება მაგისტრატურის საფეხურს – რადგან საბაკალავრო პროგრამების უმეტესობა 3-წლიანი სწავლების მოდელზე გადავიდა, 2027-2028 სასწავლო წელს საბაკალავრო პროგრამებს დაასრულებს, როგორც 2024, ისე 2025 წელს ჩარიცხული სტუდენტების უდიდესი ნაწილი. შესაბამისად, 2028-2029 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები სტუდენტების ოდენობაც გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ რეფორმის ფარგლებში იცვლება ზოგადი განათლების საფეხურის ხანგრძლივობა. სკოლის საშუალო საფეხურის ხანგრძლივობა განისაზღვრება X-XI კლასებით. მე-12 კლასი იქნება არჩევითი და მსურველებს, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე, შესაძლებლობა ექნებათ სწავლა გააგრძელონ მე-12 კლასში.
მე-11 კლასელებისთვის სკოლებში უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზებული რეპეტიტორიუმი, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, სრულფასოვნად მოემზადონ ეროვნული გამოცდებისთვის. აღნიშნული სიახლე შეეხება მოსწავლეებს, რომლებიც ახლა მეცხრე კლასში სწავლობენ.