საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ აშშ-ის განათლების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ნიკოლას კენტთან შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.
მინისტრმა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ამ პროცესში აშშ-ის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.
გივი მიქანაძემ მადლობა გადაუხადა ნიკოლას კენტს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის, ასევე განათლებისა და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობისთვის, რაც საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მინისტრმა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებაში ნიკოლას კენტის ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მხარეებმა „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოს“ პროექტზე ისაუბრეს, როგორც აშშ-ისა და საქართველოს წარმატებული თანამშრომლობის ნათელ მაგალითზე. ამასთან, განიხილეს აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებული გაცვლითი პროგრამები, მათ შორის, Fulbright-ის პროგრამა.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
ვაშინგტონში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში თამარ ტალიაშვილი.
ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველად, 2026 წლიდან მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს უფლება აქვთ, ნაცვლად ერთი საგნის გამოცდისა, ერთდროულად დარეგისტრირდნენ და ჩააბარონ არაუმეტეს სამი საგნის გამოცდა და აგრეთვე, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდები. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
გადაწყვეტილება მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის სისტემურ გაძლიერებას ემსახურება. შედეგად, საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება უზრუნველყოფს სწავლების სტანდარტების ამაღლებას და ქმნის სამართლიან და ხარისხზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს.
მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, 20 აპრილის 10:00 საათიდან 6 მაისის 18:00 საათამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge შეუძლიათ.
კანდიდატებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ვერ აირჩევენ იმ საგნებს, რომელთა ტესტური დავალების/დავალებების შინაარსი იდენტურია (მათ შორის, თუ საგნის ტესტური დავალება/დავალებები ნათარგმნია უცხოურ ენაზე).
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდს:
https://www.naec.ge/#/ge/post/3547