საქართველოს სახელმწიფომ წააგო სასამართლო დავა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის სკოლა-პანსიონის ყოფილი მოსწავლეების წინააღმდეგ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ ყოფილ აღსაზრდელებს 30 ათასი ლარი უნდა გადაუხადოს.
გადაწყვეტილება, სასამართლომ, ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) სარჩელის საფუძველზე მიიღო.
PHR-ის სარჩელი გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილებას დაეყრდნო. ამ გადაწყვეტილებაში ეწერა, რომ სკოლა პანსიონში არსებული პრაქტიკა, რიგ შემთხვევებში, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას უთანაბრდებოდა.
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ინფორმაციით, კომიტეტი კვლავ უკმაყოფილოა არსებული მდგომარეობით და ამ საქმესთან დაკავშირებით მონიტორინგს აგრძელებს.
ახალად გამოქვეყნებულ ანგარიშში, კომიტეტი უთითებს, რომ:
სახელმწიფომ ხელახლა უნდა გადააფასოს ნინოწმინდის პანსიონში დარჩენილი ბავშვების მდგომარეობა;
ასევე, კომიტეტი აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში არსებითი პროგრესი არ დაფიქსირებულა და ჯერ არცერთი პირია ოფიციალურად ბრალდებული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემული.
კომიტეტი განსაკუთრებით შეშფოთებულია გარემოებით, რომ ყველა ბავშვმა, რომელიც კვლავ პანსიონში იმყოფება, თავდაპირველად თანხმობა განაცხადა რეპარაციის მოთხოვნაზე, რამდენიმე დღეში კი ერთდროულად გააუქმა ეს თანხმობა.
კომიტეტის განცხადებით, ეს შეიძლება მიუთითებდეს არასათანადო ზეწოლაზე ან შურისძიების საფრთხეზე.
ნინოწმინდის სკოლა პანსიონი 2012 წელს დაარსდა. დაწესებულება ფუნქციონირებს სამხრეთ საქართველოში, ქალაქ ნინოწმინდაში, როგორც მზრუნველობა მოკლებული ბავშვების საცხოვრებელი და აღზრდის ცენტრი. ბავშვთა სახლს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მართავს. სხვადასხვა პერიოდში ამ სკოლა პანსიონში ასზე მეტი ბავშვი ცხოვრობდა. პანსიონი ნაწილობრივ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. საჯარო წყაროებში დაცული ინფორმაციის თანახმად, 2012–2021 წლებში სახელმწიფომ მას დაახლოებით 9.8 მილიონი ლარი გამოუყო.
2021 წელს სკოლა პანსიონში ბავშვებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ასევე, ცნობილი გახდა, რომ პანსიონში არ უშვებდნენ საქართველოს სახალხო დამცველს, რათა მონიტორინგი ეწარმოებინა. მომხდარს დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვა. სკანდალის შემდეგ ბევრი ბავშვი პანსიონიდან გაიყვანეს – ზოგი მინდობით აღზრდაში, ზოგი სხვა საოჯახო ტიპის სახლში. დაწესებულებაში დარჩენილი ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.
სასამართლო დავა
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თბილისის საქალაქო სასამართლოში სკოლა პანსიონის 11 ყოფილი აღსაზრდელის უფლებას იცავდა. ორგანიზაციამ სასამართლოს ერთი წლის წინ მიმართა – მალევე, როგორც კი გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილება გამოქვეყნდა.
როგორც ორგანიზაცია წერს გავრცელებულ განცხადებაში, ამ ერთი წლის განმავლობაში, გადაწყვეტილების დროულად მიღების მოთხოვნით, PHR-მა ოთხჯერ მიმართა სასამართლოს.
PHR თითო აღსაზრდელზე კომპენსაციად 100 ათას ლარს მოითხოვდა.
“მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან ვერანაირი თანხა ვერ იქნება ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის ექვივალენტური. თუმცა, კომპენსაცია უნდა იყოს ღირსეული და შეესაბამებოდეს კონკრეტულ გარემოებებს, მათ შორის ყოფილი აღსაზრდელების ასაკს, მათ განსაკუთრებულ მოწყვლადობას, ძალადობის ფორმებსა და ხანგრძლივობას“,- ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, კომპენსაციის ოდენობის ნაწილში, ორგანიზაციამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
“განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას, რომ ბავშვები იმყოფებოდნენ სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ, რაც სახელმწიფოს მხრიდან დაცვისა და მხარდაჭერის მომეტებულ ვალდებულებას წარმოშობდა“,- აცხადებს PHR-ი.
დაკისრებული თანხის ოდენობა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტრომაც.
„ძალადობა, იზოლაცია, არასათანადო ზრუნვა“ – რა წერია გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის ანგარიშში
ნინოწმინდის სკოლა-პანსიონზე საჩივარი გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტში 2021 წლის 5 მაისს შევიდა. მასში საუბარი იყო ბავშვების მიმართ შესაძლო ძალადობაზე, არასათანადო მოპყრობასა და ინსტიტუციურ იზოლაციაზე.
საქმე 57 ბავშვს ეხებოდა, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ნინოწმინდის პანსიონში.
გადაწყვეტილება სამი წლის შემდეგ, 2024 წლის 24 მაისს გამოქვეყნდა. გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა დაადგინა, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ბავშვების ეფექტიანი დაცვა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან.
დოკუმენტი აღწერს სერიოზულ პრობლემებს ნინოწმინდის პანსიონში, მათ შორის ძალადობის, იზოლაციისა და არასათანადო ზრუნვის შემთხვევებს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ სკოლა პანსიონში ბავშვები სისტემატურად ხდებოდნენ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლები. ჩამოთვლილია კონკრეტული შემთხვევები:
ბავშვებს სჯიდნენ: იძულებით მუხლებზე დგომით, საკვების გარეშე დატოვებით, ოთახში ჩაკეტვით, სხვა ბავშვების წინაშე დამცირებით;
ზოგჯერ უფროს ბავშვებს აიძულებდნენ სხვა ბავშვების ცემას;
ერთ ბავშვს დანიშნული ჰქონდა ფსიქოტროპული მედიკამენტები, რის შედეგად მუდმივად ეძინა;
ბავშვებს არ ჰქონდათ პირადი სივრცე;
ისინი იზოლირებული იყვნენ დანარჩენი საზოგადოებისგან. მათ არ შეეძლოთ პანსიონის დატოვება;
ჰქონდათ არასაკმარისი კვება;
არ იყო დაცული ჰიგიენური ნორმები;
განათლების მიღების პროცესში არსებობდა სერიოზული პრობლემები.
ამ ფონზე, პანსიონი ჩაკეტილი იყო მონიტორინგის ორგანოებისთვის. მაგალითად, რამდენჯერმე იქ არ შეუშვეს ომბუდსმენი.
საქართველოს ხელისუფლება კი ამტკიცებდა, რომ პანსიონში მონიტორინგი ხორციელდებოდა, ძალადობის ფაქტებს იძიებდნენ, ბავშვების ნაწილი ალტერნატიულ ზრუნვაში იყო, ზოგი ოჯახებთან ბრუნდებოდა და ის ვინც პანსიონში რჩებოდა, ამას საკუთარი სურვილით აკეთებდა.
რა ხდება დღეს
ნინოწმინდის სკოლა პანსიონი ისევ ფუნქციონირებს. 2021 წლის ხმაურიანი სკანდალების შემდეგ, სასწავლებელში ზედამხედველი სასულიერო პირი შეიცვალა – ეპისკოპოსი სპირიდონი (სპირიდონ აბულაძე) ბოდბელმა ეპისკოპოსი იაკობმა შეცვალა..
წყარო: JamNews
ფსიქოლოგი გიორგი ჩოგოვაძე სოციალურ ქსელში მშობლებს ბავშვთან ურთიერთობისა და ავტორიტეტის შენარჩუნების შესახებ რეკომენდაციებს უზიარებს. სპეციალისტი 12 ძირითად წესს ასახელებს, რომლებიც, მისი თქმით, დაეხმარება მშობლებს აღზრდის პროცესში მკაფიო საზღვრების დაწესებასა და ბავშვის ემოციური განვითარების სწორად წარმართვაში. ჩოგოვაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბავშვმა მშობელი „თავის ჭკუაზე არ უნდა ატრიალოს“, ხოლო თანმიმდევრული წესები, მშვიდი კომუნიკაცია და ოჯახის წევრების ერთიანი პოზიცია აღზრდის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
12 ოქროს წესი მშობლის ავტორიტეტისთვის:
იყავით თანმიმდევრული: თუ ერთხელ თქვით არა, თქვენი გადაწყვეტილება არ შეცვალოთ, რადგან ბავშვმა იტირა ან ინერვიულა, თორემ მანიპულაციის ამ ხერხს სულ მიმართავს
დააწესეთ მკაფიო საზღვრები: ბავშვმა ზუსტად უნდა იცოდეს, რა არის დაშვებული— კატეგორიულად აკრძალული ან ბუნდოვანი წესები იწვევს ქაოსს.
შეინარჩუნეთ სიმშვიდე: ყვირილი სისუსტის ნიშანია. როცა მშვიდად, მაგრამ მტკიცე ტონით საუბრობთ, თქვენი ავტორიტეტი უფრო დამაჯერებელია.
ნუ შეხვალთ ვაჭრობაში: მშობელი არ უნდა ვედრებოდეს ბავშვს დავალების შესრულებას.
გამოიყენეთ „არჩევანის ილუზია“: მიეცით ბავშვს უფლება აირჩიოს ორ თქვენთვის მისაღებ ვარიანტს შორის ერთერთი (მაგ: „ჯერ ჰიგიენას მიხედავ თუ ჯერ სათამაშოებს აალაგებ?“).
იყავით ერთიანი ფრონტი: დედა და მამა (ან ოჯახის სხვა წევრები) ერთსა და იმავეს უნდა ითხოვდნენ. თუ ერთი კრძალავს და მეორე უშვებს, ბავშვი სწავლობს მათ „დაპირისპირებას“ თავის სასარგებლოდ.
ასწავლეთ მოთმინება: ბავშვმა უნდა ისწავლოს, რომ მისი სურვილები მყისიერად არ სრულდება. ლოდინის უნარი ემოციური ინტელექტის საფუძველია.
ნუ იქნებით „მომსახურე პერსონალი“: ბავშვს უნდა ჰქონდეს თავისი ასაკის შესაბამისი მოვალეობები სახლში. ეს მას პასუხისმგებლობას აჩვევს.
აღიარეთ მისი ემოციები, მაგრამ არა ქცევა: შეგიძლიათ თქვათ: „მესმის, რომ ბრაზობ, მაგრამ ხელის კვრა დაუშვებელია“. ემოცია ლეგიტიმურია, აგრესიული ქმედება — არა.
იყავით ლიდერი და არა „უბრალოდ მეგობარი“: მეგობრები ბავშვს გარეთაც ეყოლება, მშობელი კი ერთია. მას სჭირდება გზამკვლევი, რომელიც საჭირო დროს სიმკაცრეს გამოიჩენს.
შეასრულეთ დაპირება (როგორც კარგი, ისე ცუდი): თუ დაპირდით, რომ წესის დარღვევისთვის ტელეფონს ჩამოართმევთ, აუცილებლად გააკეთეთ ეს. სიტყვას ფასი უნდა ჰქონდეს.
გამოყავით დრო ხარისხიანი ურთიერთობისთვის: როცა ბავშვი გრძნობს სიყვარულს და ყურადღებას, მას ნაკლები მოთხოვნილება აქვს „დესტრუქციული“ მეთოდებით მიიქციოს თქვენი ყურადღება.
უმაღლესი განათლების რეფორმა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გამართული დებატების დასრულების შემდეგ.
მთავრობის მეთაურმა დებატების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და უმაღლესი განათლების რეფორმაზე ისაუბრა.
“დებატები მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, იმისათვის, რომ საზოგადოებამ მიიღოს ობიექტური ინფორმაცია. ჩვენთან ეს კულტურა, სამწუხაროდ, გაქრა. ამას სჭირდება დამკვიდრება. ხშირად ვისმენთ ხოლმე მონოლოგის რეჟიმში, ხან ერთი მხარე საუბრობს, ხან მეორე და საზოგადოებას ურთულდება ასეთ პირობებში თავისი დასკვნის გამოტანა. ჭეშმარიტება იბადება დისკუსიაში და როდესაც საზოგადოებას შეუძლია თვალყური ადევნოს დისკუსიას მხარეებს შორის. ვფიქრობ, დღეს საზოგადოებამ მიიღო ბევრად მეტი ინფორმაცია, ვიდრე მონოლოგის რეჟიმში სხვადასხვა მხრიდან იღებდა მთელი ამ დროის განმავლობაში. დღეს გამოიკვეთა, სად არის არგუმენტები და სად საერთოდ არ არის არგუმენტები. არაერთხელ ვთხოვე ოპონენტებს, ესაუბრათ არგუმენტებით და რეალურად, ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ იყო ერთმანეთისგან დასკვნისა და არგუმენტის გარჩევა. არ შეიძლება პირდაპირ თქვა დასკვნა, თუ არ გაქვს არგუმენტები. ჩვენ ვცდილობდით და ვსაუბრობდით არგუმენტებით და საზოგადოება თავის დასკვნებს გამოიტანს ამ ყველაფერთან დაკავშირებით.
რაც შეეხება უმაღლესი განათლების რეფორმას, ეს არის უბრალოდ სასიცოცხლოდ აუცილებელი ჩვენი ქვეყნისთვის. ერთი რამეა, რაზეც ყველა ჯერდებოდა მთელი ამ დროის განმავლობაში, რომ საქართველოში ახალგაზრდა ქართველი სტუდენტი ვერ იღებს იმ ხარისხის განათლებას, რასაც მიიღებდა, მაგალითად დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში. ეს ხომ რადიკალურად ცვლილებას საჭიროებს, არსებით ცვლილებას. ამაზე თუ ვთანხმდებით და ჩვენ თუ გეუბნებით ჩვენს გზას, მაშინ ან ალტერნატიული გზა უნდა წარმოგვიდგინონ, ან უნდა გაყვნენ იმ გზას, რომელიც ჩვენი მხრიდან არის შეთავაზებული. რადგან ვერ ვისმენთ ალტერნატიულ არგუმენტებს, ლოგიკურია, რომ მივყვებით იმ გზას, რომელიც არის ჩვენს კონცეფციაში ასახული.
მართლა დავდევდით არგუმენტებს, ოღონდ მოგვესმინა რაიმე არგუმენტი კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. მართალია, ლოკალური იყო ეს თემები, მაგრამ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით მოვისმინეთ არგუმენტები და მაშინვე დავპირდით ჩვენს ოპონენტებს, დისკუსიის მონაწილეებს, რომ მზად ვიყავით, თითოეულთან დაკავშირებით დამატებით მიგვეღო ინფორმაცია და გაგვეთვალისწინებინა საჭიროების შემთხვევაში. სრული ღიაობაა ჩვენი მხრიდან, რომ განვაგრძოთ დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით. სამწუხარო რეალობა იყო ის, რომ ჩვენ წარვადგინეთ კონცეფციის პროექტი, რომელიც ჯერ კონცეფციაც არ იყო, ყველას შევთავაზეთ საკუთარი მოსაზრებების წარდგენა. ამის ნაცვლად, დაიწყო პოლიტიკური კამპანია ამ კონცეფციის წინააღმდეგ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე. თუ იქნება ჯანსაღი დისკუსია, მზად ვართ, ღია ვართ აბსოლუტურად ყველასთან მსჯელობისთვის. ეს არის ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება.
შეხვედრები, იქნება ეს აკადემიურ სფეროსთან, რექტორებთან, უნივერსიტეტების ხელმძღვანელობასთან, ექსპერტებთან, ნებისმიერ ფორმატში ვართ მზად მსჯელობისთვის. მთავარია, რომ ეს მსჯელობა ეფუძნებოდეს არგუმენტებს”, - განაცხადა პრემიერმა.
2011 წელს მე იმის გამო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გავაკტირიკე, სამეცნიერო კუთხით, გამაგდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, მერე სამი უნივერსიტეტიდან მივიღე შეთავაზება, მაშინ თსუ-დან გაყავდათ აკადემიური პერსონალი, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი - დებატები” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თსუ-ს გამოშიგვნა მიზანმიმართულად კეთდებოდა, რადგან კერძო უნივერსიტეტებში, ან ილიას უნივერსიტეტში, ან სხვა პოლიტიკურად მისაღებ უნივერსიტეტებში გაეყვანათ აკადემიური პერსონალი, ეს იყო მაშინდელი მოცემულობა.
„დაფინანსება განათლების სისტემის 2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვიდოდით ხელისუფლებაში, ხომ ადარებთ თქვენს ხელისუფლებას, მაშინ მხარს უჭერდით თუს-ს გამოშიგვნას. თუ რაიმე დაუსაბუთებელი იყო, ეგ იყო თსუ-ს გამოშიგვნა, რაც მიზანმიმართულად კეთდებოდა იმ პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად ეს დაიწყო 2006 წლიდან. 2011 წელს, რა ხდებოდა მაშინ, როდესაც თქვენ ამას იწონებდით. 2011 წელს მე იმის გამო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები გავაკრიტიკე, სამეცნიერო კუთხით, გამაგდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. გამოშიგვნაში რას ვგულისხმობ, ამის მერე სამი უნივერსიტეტიდან მივიღე შეთავაზება, ერთი იყო საქართველოს უნივერსიტეტი ლექციების წასაკითხად, მეორე იყო კავკასიის უნივერსიტეტი და ორივეგან ვკითხულობდი ლექციებს. მესამე იყო ილიას უნივერსიტეტი, სადაც დეკანობაც შემომთავაზეს და რა ხდებოდა - თსუ-დან გაყავდათ აკადემიური პერსონალი იმისათვის, რომ მერე გაეწოვათ კერძო უნივერსიტეტებში ან ილიას უნივერსიტეტში ან სხვა პოლიტიკურად მისაღებ უნივერსიტეტებში, ეს იყო მაშინდელი მოცემულობა, მაშინ ასე უყურებდნენ კონკრეტულ უნივერსიტეტებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, განათლების დაფინანსება 2012 წელს 601 მილიონი იყო, დღეს დაფინანსება უშუალოდ განათლების სამინისტროს ქვეშ არის 2 მილიარდ 700 მილიონი.
„ამ დაფინანსებას თუ დავუმატებთ ინფრასტრუქტურის ბიუჯეტს, რომელიც არის გადანაწილებული რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში, არის 3 მილიარდ 300 მილიონი. 5,5-ჯერ მეტი. 2100 სკოლის რემონტს რამდენი წელი შეიძლება, დასჭირდეს? პრიორიტეტი რომ არის ეს ჩანს იქიდან, რომ 601 მილიონიდან 3 მილიარდ 300 მილიონამდე არ გაიზრდებოდა განათლების ბიუჯეტი, ეს არის ჩემი არგუმენტი. რამდენჯერმე რომ გაიზარდა მათ შორის რუსთაველის ფონდის ბიუჯეტი და მეცნიერების დაფინანსება, ეგ გეთქვათ ჯერ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში არის 64 უნივერსიტეტი, საქართველოში არის ნიდერლანდებზე, შვეიცარიაზე, ავსტრიაზე მეტი უნივერსიტეტი, მაგრამ ხარისხი როგორიც არის, ყველას ძალიან კარგად მოგეხსენებათ. შიდა კონკურენცია აქ არ არის არგუმენტი, რადგან შიდა კონკურენციას ყველა შემთხვევაში არ მოაქვს გარე კონკურენციაში უპირატესობა და ამას ვხედავთ. ეს მტკიცებულებებით დასტურდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართული დისკუსიისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთ-ერთ პრესტიჟულ, „თაიმსის“ საერთაშორისო რეიტინგში, საქართველოს არც ერთი უნივერსიტეტი არ ხვდება 1200 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის.
„რა ადასტურებს გარკვეული მათემატიკური სიზუსტით იმას, რომ ჩვენ გვაქვს მძიმე მდგომარეობა - ეს არის რეიტინგები. რომ ავიღოთ ერთ-ერთი პრესტიჟული საერთაშორისო „თაიმსის“ რეიტინგი, სადაც ჩვენი არც ერთი უნივერსიტეტი არ ხვდება 1200 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის. ყველა არის 1200-სს მიღმა. რომ ავიღოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთო შეფასება 100 ქულიდან არის 10,5-დან 25,1 ქულამდე. იგივეა ტექნიკური უნივერსიტეტის შემთხვევაში. საერთო შეფასება ილიაუნის შემთხვევაში არის 25,2-დან 30,6-მდე.
რაც შეეხება სწავლების კომპონენტს, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი სტუდენტებისთვის 100 ქულიდან 14 ქულა აქვს თსუ-ს და ეს არის ძალიან ტრაგიკული და კიდევ ერთხელ დავუბრუნდები ამას. 18,2 ქულა აქვს ილიას უნივერსიტეტს და ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს 28,4 სწავლების კომპონენტში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი სტუდენტებისთვის. 100 ქულიდან დაგვიწერეს 2 და 3 ქულა. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, რაც არის ბუნებრივია, ის, რაც უნდა შეიცვალოს. ასევე არის Center for World University Rankings-ი თსუ-ს 1 106-ე ადგილი უკავია უნივერსიტეტებს შორის, ილიას უნივერსიტეტს 1479-ე, აქ ტექნიკური და სხვა უნივერსიტეტების რეიტინგი წარმოდგენილი არ არის. ეს არის საერთო მდგომარეობა, რომელიც ჩვენს გვაქვს ჩამოყალიბებული. შიდა კონკურენცია არის. საქართველოში არის 64 უნივერსიტეტი. საქართველოში არის ნიდერლანდებზე მეტი უნივერსიტეტი, შვეიცარიაზე, ავსტრიაზე მეტი უნივერსიტეტი, მაგრამ ხარისხი როგორიც არის, ყველას ძალიან კარგად მოგეხსენებათ. შიდა კონკურენცია აქ არ არის არგუმენტი, რადგან შიდა კონკურენციას ყველა შემთხვევაში არ მოაქვს გარე კონკურენციაში უპირატესობა და ამას ვხედავთ. ეს მტკიცებულებებით დასტურდება.
ერთხელ ვთქვი და ძალიან წააგავს ეს მოცემულობა საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატს, სადაც არის სერიოზული კონკურენცია გუნდებს შორის, ხან ერთი იგებს, ხან მეორე, ხან მესამე, მაგრამ ვერც ერთი გუნდი ვერ იგებს თამაშებს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც კი. იგივე ეხება ევროპა ლიგას, კონფერენც ლიგას და ა.შ. დაახლოებით იგივე მდგომარეობა გვაქვს ჩვენ უნივერსიტეტების შემთხვევაშიც. თუ ვინმე ამბობს, რომ ეს არ უნდა შეიცვალოს, მე ამას ნამდვილად ვერ დავეთანხმები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.