პროტესტისა და აქციების მეტი რა გვინახავს, მაგრამ ის, რაც ბოლო დღეებში ხდება, მრავალჭირნახული ერისთვისაც კი უცნაურია ანუ ქუჩაში ხალხი, უმეტესად, ახალგაზრდიბა ვინმეს მოწოდებით კი არა, საკუთარი სურვილით და ინიციატივით გამოვიდა. მეტიც, თითქმის კვირაა, აქციები იმართება, მაგრამ იმართება ისე, რომ იგივე რუსთაველზე, არც ტრუბუნა დგას, არც სიტყვით გამომსვლელები არიან და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, აჯანყებული ახალგაზრდები ოპოზიციას საშუალებას არ აძლევენ, რომ თავკაცის მანტია მოირგოს. ეს კარგია თუ ცუდი, სხვა საუბრის თემაა. ამჯერად, „ვერსია“ პროტესტის ანატომიას გთავაზობთ, იმ პროტესტისას, რომელსაც სოციალურ ქსელში, ზოგი „ფოიერვერკების რევოლუციას“ უწოდებს. ისე, ესეც „ნოუ ჰაუა“ - ახალგაზრდები სპეცრაზმელების მისამართით ფოიერვერკებს უშვებენ.
და მაინც, რატომ გამოვიდა უამრავი ახალგაზრდა ქუჩაში - მართლაც, წაკითხულისა და მოსმენის გააზრების პრობლემაა, თუ, როგორც იტყვიან, ძაღლის თავი სხვაგან არის დამარხული?!
მოდით, მივყვეთ მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიას:
28 ნოემბერს, საღამოს, პრემიერი ირაკლი კობახიძე საგანგებო ბრიფინგს მართავს და განცხადებას აკეთებს, რომლის თანახმადაც, ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებს წყვეტს:
„დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე, დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე, უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. 2028 წლის ბოლო არის ის დრო, როცა საქართველო იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს, ევროკავშირში გასაწევრიანებლად...
საქართველო არის ევროპული ქვეყანა, რომლისთვისაც ორგანული და ძვირფასია ტრადიციული ევროპული ღირებულებები. როგორც უძველესი ქრისტიანული ქვეყანა, საქართველო ყოველთვის იყურებოდა ევროპისკენ, როგორც ქრისტიანობის დაცვის მთავარი ბასტიონისკენ. ჩვენ ვართ ილია ჭავჭავაძისა და ვაჟა-ფშაველას ქვეყანა, რომლებმაც ევროპული ღირებულებები ქართული სამოქალაქო აზროვნების ლაიტმოტივად აქციეს.
ჩვენი პასუხისმგებლობაა საქართველოს ისტორიისა და ჩვენი დიდი წინაპრების წინაშე, საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად ვაქციოთ. შესაბამისად, ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანაა, საქართველო 2030 წელს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რისთვისაც ძალისხმევას არ დავიშურებთ.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, თავისი შინაარსით, ორმხრივია და მხოლოდ ორმხრივი შეიძლება იყოს. ჩვენ ვართ ამაყი და თავმოყვარე ერი დიდი ისტორიით. შესაბამისად, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ევროკავშირში ინტეგრაცია განვიხილოთ, როგორც მოწყალება, რომელიც ევროკავშირმა ჩვენთვის უნდა გაიღოს. მეტიც, მიგვაჩნია, რომ საქართველოს, თავისი მდიდარი კულტურითა და პოტენციალით, ზუსტად ისევე შეუძლია გაამდიდროს ევროკავშირი, როგორც ევროკავშირს შეუძლია, გაამდიდროს საქართველო.
ამ ფონზე, ქართველი ხალხისთვის კატეგორიულად მიუღებელია, ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების ნაწილის მცდელობა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ცალმხრივ მოვლენად წარმოაჩინონ. კიდევ უფრო მიუღებელია შეურაცხყოფების მთელი კასკადი, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში, ამ ადამიანებისგან ვისმენთ.
ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა ევროპარლამენტი აქციეს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის შიშველ იარაღად, რაც ევროკავშირის უდიდესი სირცხვილია. ევროპარლამენტმა გასული სამი წლის მანძილზე მიიღო სიცრუითა და შეურაცხყოფით სავსე 5 რეზოლუცია, რომლებიც არათუ ქართულმა საზოგადოებამ, ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომაც კი არ გაიზიარეს.
სრულიად საქართველო იყო საპარლამენტო არჩევნებში ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების ნაწილის ჩარევის მომსწრე, რაც დემოკრატიული საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა. დღეს კი იგივე ადამიანები ლეგიტიმურ არჩევნებს თავს ესხმიან. მეტიც, ისინი ზუსტად ისეთივე შემართებით ესხმიან თავს ეუთო/ოდირის არჩევნების შემფასებელ მისიას, რომელმაც არჩევნები კონკურენტულად შეაფასა, როგორც ამას საქართველოში რადიკალური ოპოზიციის ლიდერები აკეთებენ.
ასევე, ვხედავთ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები გამოყოფილ გრანტებსა და სესხებს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის იყენებენ. ყველას გვახსოვს, როგორ გეგმავდნენ 2021 წლის არჩევნებამდე ორიოდე კვირით ადრე, საქართველოსთვის 75 მილიონი ევროს მოცულობის სესხის გაუქმებას, რათა ამით არჩევნებზე არალეგიტიმური გავლენა მოეხდინათ. მსგავსი ნაბიჯი გადაიდგა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც, თუმცა ამან ქართველი ხალხის არჩევანზე ვერავითარი გავლენა ვერ იქონია. ფულის შანტაჟისთვის გამოყენებაც არის შეურაცხმყოფელი პრაქტიკა, რომელიც თავმოყვარე ქართველი ხალხისთვის არასოდეს გახდება მისაღები.
ყველას გვახსოვს ისიც, თუ როგორ იქნა გამოყენებული კანდიდატის სტატუსის საკითხი საქართველოს დასაშანტაჟებლად, ქვეყანაში არეულობის შემოსატანად და საზოგადოების გასახლეჩად. უკრაინაში ომის დაწყების ფონზე, იმ დროს, როდესაც საქართველოს ყველაზე მეტად ესაჭიროებოდა სიმშვიდე, ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების ნაწილმა კანდიდატის სტატუსის თემა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობისთვის გამოიყენა. აღნიშნულ რევოლუციის მცდელობაში ღიად იყვნენ ჩართული ორგანიზაციები, რომლებიც ევროკავშირიდან იღებენ დაფინანსებას. თითქმის ორი წლის განმავლობაში, კანდიდატის სტატუსის თემა გამოიყენებოდა საქართველოში რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის გაღვივების მთავარ ინსტრუმენტად, რაც საქართველოს მიმართ არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე კიდევ ერთხელ მეტყველებს.
ახლა კი ვხედავთ, რომ ამ ადამიანებმა კანდიდატის სტატუსი მოლაპარაკებების გახსნით ჩაანაცვლეს. მოლაპარაკებების გახსნა დღეს ზუსტად ისევე გამოიყენება ჩვენი ქვეყნის დაშანტაჟებისა და საზოგადოების გახლეჩის ინსტრუმენტად, როგორც მანამდე კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა. ესეც არის სრულიად ხელოვნური მოვლენა, მით უმეტეს, რომ მოლაპარაკებების გახსნის თარიღზე გაწევრიანების თარიღი საერთოდ არ არის დამოკიდებული.
მთავარია არა ის, თუ როდის გავხსნით მოლაპარაკებებს, არამედ ის, თუ როდის დავხურავთ მას. როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ უკრაინასა და მოლდოვაზე გვიან დაიწო მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმების ხელმოწერასთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებასთან და უვიზო რეჟიმის მიღებასთან დაკავშირებით, თუმცა სამივე შემთხვევაში, წარმატებას ამ ქვეყნებზე ადრე, ან ამ ქვეყნების თანადროულად მიაღწია. იმასაც შეგახსენებთ, რომ მონტენეგრომ და სერბეთმა, შესაბამისად, 2012 და 2014 წელს გახსნეს მოლაპარაკებები ევროკავშირთან, თუმცა ამას მათი ევროინტეგრაცია ოდნავადაც არ დაუჩქარებია. თურქეთს კი ევროკავშირმა, 2005 წელს გახსნილი მოლაპარაკებები, 2016 წელს, საერთოდაც შეუწყვიტა.
ტექნიკური თვალსაზრისით, მოლაპარაკებების გახსნიდან ევროკავშირში გაწევრიანებამდე, მხოლოდ წელიწად-ნახევარი-ორი წელიწადი არის საჭირო, 2030 წლამდე კი ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოება არავის აქვს დაგეგმილი. აქედან ჩანს, თუ რამდენად ხელოვნური და, შესაბამისად, უკიდურესად შეურაცხმყოფელია ის შანტაჟი, რომელსაც ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების ნაწილი მოლაპარაკებების გახსნის თემით, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ აწარმოებს.
ამასთან, ამ ფონზე, საქართველოს სთხოვენ არა რეფორმებს, არამედ, მხოლოდ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ღირსებაზე უარის თქმას ნიშნავს. ეს არის „ენჯეოების“ გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაუქმება, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის გაუქმება, სანქციების დაწესება და საქართველოს ეკონომიკის ჩვენივე ხელით ჩამოშლა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და სხვ.
ჩვენ მხოლოდ ღირსებით ვივლით წინ, ევროკავშირისკენ. ეს არის ქართული საზოგადოების, იმ 1 120 000 ამომრჩევლის დაკვეთა, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ და „ქართული ოცნების“ კურსს მყარი ნდობა გამოუცხადა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე, დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე, უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. 2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო, ეკონომიკური თვალსაზრისით, სათანადოდ იქნება მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს, ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ასოცირების დღის წესრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და როგორც დღეს დამტკიცებულ სამთავრობო პროგრამაშია აღნიშნული, 2028 წლისთვის, ამ ვალდებულებების 90%-ზე მეტი გვექნება შესრულებული. ამასთან, ყველა ამ ვალდებულებას შევასრულებთ საკუთარი დაფინანსებით, ევროკავშირის ყოველგვარი ფინანსური დახმარების გარეშე. ჩვენ ვაპირებთ არა მათხოვრობით და ცალ ფეხზე დგომით ევროკავშირში შესვლას, არამედ, ევროკავშირში ღირსეულად გაწევრიანებას, გამართული დემოკრატიული სისტემითა და ძლიერი ეკონომიკით.
ჩვენ განვაგრძობთ სვლას ევროკავშირისკენ, თუმცა არავის მივცემთ საშუალებას, დაგვტოვონ მუდმივი შანტაჟისა და მანიპულაციის რეჟიმში, რაც ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის სრულიად შეურაცხმყოფელია. მიგვაჩნია, რომ ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ურთიერთობების გაჯანსაღებაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის. შესაბამის ევროპელ პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს, რომლებიც სრულად არიან დაცლილნი ევროპული ღირებულებებისგან, ჩვენ მკაფიოდ უნდა დავანახოთ, რომ ისინი საქართველოს არა შანტაჟითა და შეურაცხყოფით, არამედ, ღირსეულად უნდა ელაპარაკონ. მოლაპარაკებების გახსნის საკითხის გამოყენება საზოგადოების გახლეჩისა და მანიპულაციის ინსტრუმენტად ევროკავშირს საქართველოში სერიოზულ რეპუტაციულ ზიანს აყენებს. ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება ევროკავშირს ამ რეპუტაციულ ზიანს სამომავლოდ აარიდებს თავიდან.
დასასრულ, კიდევ ერთხელ, თამამად გვინდა, განვაცხადოთ, რომ 2030 წლისთვის, საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. საქართველო მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ეს არის ჩვენი დაპირება ქართველი ხალხის მიმართ, რომელსაც აუცილებლად შევასრულებთ“.
სანამ ოპოზიცია გონს მოვა, Facebook-ჯგუფ „დაიტოვეში“ ჩნდება პოსტები, რომლითაც მოქალაქეები ერთმანეთს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებენ. პარალელურად, ფედერალისტების ლიდერი გიგა ბოკერია „პოსტავს“, რომ „ლაივი“, რომელიც იმ საღამოს უნდა ჰქონოდა, გადადებულია და მომხრეებს ურჩევს, 20:00 საათზე, პარლამენტთან მივიდნენ.
მოკლედ, მოქალაქეები ორთაჭალაში, „ქართული ოცნების“ ოფისთან იწყებენ შეკრებას. პარალელურად, იმავე ადგილზე ძალოვანების მობილიზება იწყება. არცთუ დიდ დროში, ქუჩაში უკვე ათასობით ადამიანია გასული და ევროკავშირთან მოლაპარაკების ოთხი წლით დაპაუზებას აპროტესტებს. ორთაჭალიდან მომიტინგეები პარლამენტისკენ იწყებენ მსვლელობას, სადაც ასევე, უამრავი ხალხია შეკრებილი.
აქცია მშვიდობიანია - მოქალაქეებს, უბრალოდ, ტრანსფარანტები უჭირავთ, რომლითაც ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს გზა ევროპისკენაა.
ყველაფერი თითქოს კარგადაა, მაგრამ შუაღამისას, ძალოვანი უწყებები, რომლებიც აქციის დაწყების წუთიდანვე საკანონმდებლო ორგანოსთან იყვნენ მობილიზებულნი, მომიტინგეების გაფრთხილებას იწყებენ, რასაც წყლის ჭავლის გამოყენება მოჰყვა.
ამის მიუხედავად, ხალხი ქუჩაში მეორე დღესაც გამოვიდა, თანაც უფრო ბევრი და... თითქმის ერთი კვირაა, სახელმწიფოს წარმომადგენლები და გაბრაზებული მოქალაქეები ერთმანეთს „აბა, დამაცადეს“ ეთამაშებიან - წყლის ჭავლით შლიან, ხალხი მაინც გამოდის ქუჩაში, თან უფრო ბევრი, ვიდრე დაშლამდე იყო...
ამასობაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ავრცელებენ განცხადებას, რომ ევროკავშირი მათი მთავარი არჩევანია და ამ მოტივით, არაერთი ელჩი თანამდებობას ტოვებს.
საპროტესტი განცხადებებს მხოლოდ საგარეოს კი არა, არამედ, სხვა საჯარო უწყებების წარმომადგენლებიც ავრცელებენ.
იფიცებიან უმაღლესი სასწავლებლები, სკოლების უფროსკლასელები...
ერთი სიტყვით, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, რასაც ეროვნული ვალუტის მყისიერი გაუფასურებაც ემატება და, როგორც ეკონომიკის მცოდნენი ამბობენ, თუ რამე არ შეიცვალა, ქართულ ეკონომიკას სერიოზული პრობლემა შეექმნება, თან ისეთი სერიოზული, რომ თავს მხოლოდ ოპოზიციონერი ამომრჩევლები კი არა, არამედ, ხელისუფლების მხარდამჭერებიც ძალიან ცუდად იგრძნობენ.
ახლა, შესაძლოა, ვინმემ თქვას, ქუჩაში გასული ახალგაზრდები უზრდელები არიან, უმცროს-უფროსობა არ იციან და აწყობილ ქვეყანას ღუპავენო. ამ აზრს არსებობის უფლება, ცხადია, აქვს, მაგრამ ქალბატონებო და ბატონებო, აბა, მხოლოდ ერთი წამით დაფიქრდით, უფრო სწორად, საკუთარ გულში ჩაიხედეთ და მხოლოდ საკუთარ თავთან გააკეთეთ „ქამინგ აუთი“ ანუ გამოუტყდით საკუთარ თავებს, რომ თქვენზე ძალიან ლაღები, თავისუფლები, განათლებულები არიან.
დიახ, ეს არის თაობა, რომელსაც თქვენი მოსკოვები, მავზოლეუმი და „რუსი ნატაშები“ სულ, მაპატიეთ და, ცალ ფეხზე ჰკიდია!
დიახ, ეს არის თაობა, რომელიც ხანშიშესულებივით არ ფიქრობს, ქალი იმიტომაა ქალი, ქმარს რომ თავი დაუხაროს და მისგან ცემა-ტყეპა აიტანოსო.
დიახ, ეს არის თაობა, რომელმაც იცის თავისუფლების ფასი და ისიც ზედმიწევნით კარგად იცის, რომ იგივე ოჯახში, ცოლსა და ქმარს ერთნაირი უფლებები აქვთ!
დიახ, ეს არის თაობა, რომელსაც „ნუ პაგადი“-ს ყურებას „ჰარი პოტერი“ ურჩევნია!
ჰოდა, ხანშიშესულო ქალბატონებო და ბატონებო, ამის გამო ამუნათებთ საკუთარ შვილებს?
თუ ასეა, მაშინ აფერუმ, თქვენს ასაკს...
ისე, დაკვირვებული ვარ, მათ უმეეტსობას, ვინც ამ ფერად და ლაღ გოგო-ბიჭებს წყევლის და იმასაც იწონებს, ძალოვანები კარგად ვერ სცემენ, ყველას თავები უნდა გაუტეხონო, იგივე სოცქსელში უამრავი ხატი უდევს და ყოველ მეორე სიტყვაში უფალს ახსენებს.
ჰო, თან ძალადობას ამართლებს, თან პირჯვარს იწერს.
ახლა, რა ჰქვია ამას, თუ არა ორპირობა და ფარისევლობა?
რაც შეეხება აქციაზე ცემას. იგივე სახელმწიფო უწყებები აღიარებენ, რომ ცალკეული გადაცდომები, შესაძლოა, იყო.
ზოგადად, მსგავსი საპოლიციო ღონისძიებების დროს, დაზღვეული არავინ არაფრისგანაა, მაგრამ ბოლო დღეების აქციების დაშლისას, ძალიან ბევრი ჟურნალისტი დაშავდა, არადა, მედია ომშიც კი ხელშეუხებელია.
სხვათა შორის, დაშლის დროს, მხოლოდ ე.წ. ოპოზიციური მედიის წარმომადგენლები არ დაშავებულან. ასე, მაგალითად, დაშავდნენ „საზმაუწყელბის“ წარმომადგენლები. ასევე, დაკავებულია „პირველი არხის“ ჟურნალისტი, ბექა ჩაგელიშვილი.
საერთოდ, არეულობის დროს, მხოლოდ ერთი მხარე არ ზარალდება. არის თუ არა ის არეულობა, რაც ახლა ქვეყანაში ხდება?
რა თქმა უნდა, არის, მაგრამ გასარკვევია, რა არის ამ არეულობის საბაბი ანუ რატომ გადაწყვიტა „ჰარი პოტერის“ თაობამ ქუჩაში გამოსვლა?
იქნებ, ამაზე დაფიქრდეთ, დედებო და მამებო და იქნებ, ისიც გაიაზროთ, რომ „ბაბაიაგას“ ზღაპრები თქვენ მოგწონდათ, თქვენს შვილებს კი სხვა ღირებულებები აქვთ!
ავტორი: ნინო დოლიძე