მარნეულში, სავარაუდოდ, 13 წლის ბავშვმა იმშობიარა, რის შემდეგაც პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
ინფორმაცია, რომ 13 წლის ბავშვმა ტყუპი ბავშვები გააჩინა, პირველ ოქტომბერს გაავრცელა მარნეულელმა აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ.
„წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი ახალშობილი გარდაიცვალა გუშინ გვიან ღამით, მეორის მდგომარეობა კი მძიმეა“, - წერს ბაირამოვა დაუსახელებელ წყაროზე დაყრდნობით.
„მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“.
ეს მუხლი ეხება „სრულწლოვნის მიერ სექსუალური ხასიათის შეღწევას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში“.
დანაშაული ისჯება 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
ჯერ უცნობია, ვინ არის სავარაუდო დამნაშავე.