ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადები და საფასურები, მათ შორის ღვინისა და სპირტიანი სასმელების დეგუსტაციისა და შემოწმების ტარიფები ახლებურად განისაზღვრა.
მთავრობის დადგენილება უკავშირდება პარლამენტის მიერ „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც მევენახეობა-ღვინეობის სექტორში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე დაინერგა:
სავალდებულო დეგუსტაცია: როგორც საექსპორტოდ, ისე ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი ყველა კატეგორიის ღვინო დაექვემდებარება სავალდებულო ორგანოლეპტიკურ შემოწმებას. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ „ბუნებრივი ღვინის“ კატეგორია.
სერტიფიცირებული სასმელების ნიშანდება:სავალდებულო ხდება ალკოჰოლიანი სასმელების ნიშანდება, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დადგენილი წესით ღვინის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.
მცირე მარნების დეფინიცია: „მცირე ზომის მარნის“ წლიური წარმადობის მაქსიმალური ზღვარი 40 000 ლიტრიდან 25 000 ლიტრამდე მცირდება.
„ბუნებრივი ღვინო“: ტერმინი „სახლის ღვინო“ ჩანაცვლდა ტერმინით „ბუნებრივი ღვინო“, რაც გულისხმობს პროდუქციის წარმოებას სისტემური პესტიციდების, ჰერბიციდებისა და სხვა ქიმიური სინთეზური საშუალებების გამოყენების გარეშე.
სწორედ ამ საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე განახლდა ღვინის ეროვნული სააგენტოს სერვისების ტარიფებიც, რომლებიც სექტემბრიდან ამოქმედდება.
-
საექსპორტო/იმპორტირებულ პროდუქციაზე სერტიფიკატის გაცემა:
- 1 სამუშაო დღე: 450 ლარიდან გაძვირდა 650 ლარამდე;
- 2 სამუშაო დღე: 375 ლარიდან გაძვირდა 525 ლარამდე;
- 3 სამუშაო დღე: 225 ლარიდან გაძვირდა 335 ლარამდე;
- 4 და მეტი სამუშაო დღე: 75 ლარიდან გაძვირდა 110 ლარამდე;
ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციო პროდუქციაზე სერტიფიკატის გაცემა:
იყო უფასო, გახდა 10 ლარი;
წარმოების ტექნოლოგიური ინსტრუქციის შეთანხმება:
450 ლარიდან გაძვირდა 650 ლარამდე (თითოეულ დასახელებაზე);
ახალი ადგილწარმოშობის დასახელების/გეოგრაფიული აღნიშვნის დასკვნის მომზადება:
750 ლარიდან გაძვირდა 950 ლარამდე