Light
Dark
Category: სპორტი
ვერსია
Share
Listen On

სანაკრებო მატჩებამდე, ქართველმა ლეგიონერებმა მორიგი შეხვედრები გამართეს და შეიძლება ითქვას, რომ ეროვნულ გუნდში ურიგო განწყობაზე არ მოდიან. იმის მიუხედავად, რომ იტალიაში ტურის ცენტრალური მატჩი „ინტერსა“ და „ნაპოლის“ შორის შედგა, მაინც საფრანგეთით დავიწყოთ, სადაც ერთმანეთს ორი ქართული კლუბი - „ლიონი“ და „სენტ ეტიენი“ დაუპირისპირდნენ.
სამწუხაროდ, „ლიონის“ რიგებში მხოლოდ ბოლო ათი წუთი ითამაშა გიორგი მიქაუტაძემ, ზურიკო დავითაშვილი კი მოედანზე სრულად იყო. მასპინძლებმა მინიმალური სხვაობით მოიგეს, მაგრამ ეს დავითაშვილს განწყობას ნაკლებად გაუფუჭებდა. ზურიკოს გოლი გასული თვის საუკეთესოდ აღიარეს, თავად ფეხბურთელი თვის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და რაც მთავარია, ის საფრანგეთის ჩემპიონატში ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
მთელი იტალია მოუთმენლად ელოდა „ინტერისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირებას. მასპინძელთა თავკაცის მთავარი თავსატეხი ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერება იყო და მას მუდმივად ორი ფეხბურთელი მეურვეობდა, თუმცა ნეაპოლელებმა გოლი სწორედ ქართველოს მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ გაიტანეს. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და „ნაპოლიმ“ პირველი ადგილი შეინარჩუნა, თუმცა თუ პირველ ადგილზე მყოფ ნეაპოლელებს 26 ქულა აქვთ, 2-5 ადგილებზე მყოფ ყველა კლუბს 25 ქულა აქვს ანუ ფეხის ერთი დაცდენა ლიდერობის დაკარგვისთვის საკმარისია. ისიც ვთქვათ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მომავალი სეზონიდან დიდი ფულის დახარჯვას და საფეხბურთო ელიტაში დაბრუნებას აპირებს. ჰოდა, მთავარი სამიზნე კვარაცხელიაა და როგორც ბრიტანული მედია წერს, ინგლისურმა გრანდმა იტალიელებს უკვე შესთავაზა 90 მილიონი ევრო, თუმცა ეჭვი გვაქვს, აურელიო დე ლაურენტისი ამ ფასს არ დათანხმდება და ქართველის გაყიდვას 120 მილიონად შეეცდება.
მიმდინარე სეზონში მერვე გოლი გაიტანა ბუდუ ზივზივაძემ, მაგრამ მისმა „კარლსრუემ“ მიუნსტერთან შეხვედრაში, გოლი ბოლო წუთზე გაუშვა და მხოლოდ ქულას დასჯერდა. არადა, მასპინძლებს რომ მოეგოთ, გათამაშების ცხრილს ჩაუდგებოდნენ სათავეში. ამის მიუხედავად, თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ბუდუს გუნდი ბუნდესლიგის საგზურისთვის აუცილებლად იბრძოლებს.
ოთარ კიტეიშვილის კაპიტნობით, „ჰარტბერგს“ სტუმრად მოუგო „შტურმმა“ და გრაცელები ავსტრიის ჩემპიონატში კვლავ პირველ ადგილზე არიან. მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმაც“. გიომ სრულად ითამაშა, მისი გუნდი კი, ამ გამარჯვებით მეექვსე ადგილამდე აღზევდა, რაც პრემიერ-ლიგის საპლეიოფო ზონაა და იმედია, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, „უოტფორდი“ სეზონს სწორედ ექვსეულში დაამთავრებს.
გიორგი წიტაიშვილის „გრანადამ“, მძიმე ბრძოლაში „ელდენსე“ დაამარცხა და სეგუნდა დივიზიონში მეხუთე ადგილზე იმყოფება. გიორგი ქოჩორაშვილის „ლევნტეს“ შეხვედრა კი, იმავე მიზეზით გადაიდო, რა მიზეზითაც გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ვერ ასპარეზობს. ვალენსიური კლუბები, სტიქიის გამო, ვერც ვარჯიშს ახერხებენ და ზოგადად, ამ ქალაქის მცხოვრებლებს ახლა ფეხბურთისთვის ნამდვილად არ ცხელათ.
საბერძნეთში, „ოფი“-„კალითეას“ შეხვედრაში, ლამაზი გოლი გაიტანა ლევან შენგელიამ. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა, ლევნმა 68-ე წუთამდე ითამაშა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულიყო.