შინ თუ სამსახურში, ყავის მადუღარას ან ესპრესოს მანქანას ხშირად რამდენიმე ადამიანი იყენებს. ამიტომ, ყოველ ჯერზე, შესაძლოა, შემთხვევით სხვისი გემოვნებით შერჩეული ყავა დალიოთ, ანდა თქვენს მიერ ჩამოსხმულ ესპრესოს რძიანი ყავის გემო ჰქონდეს. ამ პრობლემას ამიერიდან ყავის „ჭკვიანი“ მადუღარა მოგიგვარებთ. ეს მაღალტექნოლოგიური მანქანა, რომელსაც Memory უწოდეს, თქვენთვის სასურველ სასმელს დაიმახსოვრებს და ყოველთვის მას ჩამოგისხამთ. მადუღარა ასეთი პრინციპით მუშაობს: სენსორულ ეკრანზე ირჩევთ, როგორი ყავა გინდათ და მას თქვენს პროფილზე, ხელისგულის ანაბეჭდთან ერთად შეინახავთ. მადუღარას ყოველი გამოყენების დროს, უბრალოდ, ეკრანზე ხელს დაადებთ, მანქანა აღიქვამს მონაცემებს და თქვენს სასურველ „ღვთაებრივ სასმელს“ ჩამოგისხამთ.