ოპოზიცია ცდილობს, შექმნას პარალელური დღის წესრიგი, თუმცა ამას ვერ მოახერხებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, არჩევნები დამთავრებულია, ჩვეულებრივად გაგრძელდება პროცესები, შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, ნდობა გამოუცხადდება მთავრობას.
„არჩევნები არის დამთავრებული. უახლოეს მომავალში შეჯამდება არჩევნების შედეგები ცესკოს მიერ, ამის შემდეგ, ძალიან მალე, თვის ბოლოსთვის გაიმართება პარლამენტის პირველი შეკრება, შემდეგ, რამდენიმე დღეში, ჩამოყალიბდება მთავრობის შემადგენლობა. ეს არის ის დღის წესრიგი, რომლითაც, ბუნებრივია, იცხოვრებს ჩვენი ქვეყანა. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ცდილობენ, შექმნან პარალელური დღის წესრიგი, თუმცა ამას ვერ მოახერხებენ. 4 წლის წინ მათ ჰქონდათ ერთგვარი წარმატებული მცდელობა, რომ სხვა დღის წესრიგში გადაეყვანათ ჩვენი ქვეყნის განვითარება და შესაბამისი პროცესები, მაშინ გახსოვთ, კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ქვეყნის გასვლა, პარლამენტის საბოტაჟი, ცნობილი 19 აპრილის შეთანხმება, ამის არავითარი რესურსი დღეს აღარ არსებობს. ჩვეულებრივად გაგრძელდება პროცესები, შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, ნდობა გამოუცხადდება მთავრობას. ეს არის ის დღის წესრიგი, რომლითაც განვითარდება პროცესები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ოპოზიცია უმტკიცებდა საკუთარ მხარდამჭერებს, რომ ისინი იგებდნენ არჩევნებს და დღეს უწევთ თავის მართლება, საუბარი არარსებულ გაყალბებაზე არის თავის მართლების ერთგვარი ფორმა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან შედარებით მმართველმა პარტიამ აიღო 890 000-ით მეტი ხმა და ასეთ დროს გაყალბებაზე საუბარი ღიმილისმომგვრელია.
„თქვენ იცით, რომ მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან ჩვენი სხვაობა არის 890 000-ზე მეტი ხმა. ასეთ დროს გაყალბებაზე საუბარი უბრალოდ ღიმილისმომგვრელია. თავიდან დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ 300 000 ხმა გაყალბდა, საერთოდ ჰაერიდან, უსაფუძვლოდ. შემდეგ ჩამოვიდნენ 200 000-ზე როცა ნახეს, რომ ჭარბი რიცხვებით საუბრობდნენ და მერე როცა შეხედეს, რომ 335 000 ხმაც გვყოფნიდა იმისათვის, რომ არ ჩამოვცილებოდით ოპოზიციას, დაიწყეს საუბარი 400 000 ხმაზე. ყველა ეს ციფრი არის ერთნაირი სიყალბე, სინამდვილეში საქართველოში ჩატარდა უმაღლესი ხარისხის არჩევნები. აიღეთ მოლდოვის არჩევნები, ამერიკის არჩევნები, ხარისხობრივად ქართული არჩევნები ბევრად აღემატებოდა არჩევნებს როგორც ერთ, ასევე მეორე ქვეყანაში. ჩვენ 2012 წლიდან დავამკვიდრეთ ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრაქტიკა და ეს არის ის პრაქტიკა, რომელსაც განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, როდესაც მოდიოდა მოთხოვნა, რომელსაც ხელისუფლება არ ითვალისწინებდა, რადგან იცავდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, მეორე დღეს ქუჩაში გამოჰყავდათ ოპოზიცია, რაც ნათლად მიუთითებს პირდაპირ კომუნიკაციაზე. „მუდმივად ასე ხდებოდა, როცა ომის თემებს ეხებოდა საუბრები, როცა სანქციების დაწესებას, ან თვითმფრინავებით მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას, სულ ასე იყო, მოდიოდა რაღაც მოთხოვნა, არ ვაკეთებდით, რადგან ვიცავდით საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, მეორე დღეს კი ქუჩაში გამოჰყავდათ ოპოზიცია და ქუჩაში ითხოვდნენ იმავეს. აქ ჩანს, რომ არის პირდაპირი კომუნიკაცია. არავითარი დამოუკიდებლობა ამ პოლიტიკურ პარტიებს, ე.წ. ოპოზიციას საქართველოში არ აქვს, უბრალოდ ისინი არიან უცხოური აგენტები, რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს, ხაზარაძის სიტყვებით რომ ვისაუბროთ,“- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ რაიმე სარგებელი მოუტანონ საპარლამენტო ცხოვრებას.
„მე მგონია, რომ ისინი შევლენ პარლამენტში. არც მათ შესვლას და არც მათ არშესვლას არავითარი ფასი არ აქვს. თქვენ იცით, რომ მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, რომ რაიმე სარგებელი მოუტანონ საპარლამენტო ცხოვრებას და თავიდან ბოლომდე დესტრუქციული იქნება მათი საქმიანობა. არც მათ შესვლას და არც მათ არ შესვლას არავითარი ფასი არ აქვს. თუ არ შევიდოდნენ, იქნებოდა მეტი სიმშვიდე ქვეყანაში, პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა სიმშვიდეს ასეც და ისეც დავიცავთ. მოკლედ, მათი გადასაწყვეტია, უნდათ შემოვიდნენ, უნდათ ნუ შემოვლენ“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ISFED-ს თავიდან ბოლომდე აქვს პოლიტიკური დღის წესრიგი, ისინი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დანამატი.
„მთლიანად ოპოზიცია ხავსს ეჭიდება, მათ შორის ISFED. ვეღარ მოახერხეს მათ ე.წ. პივიტის გაყალბება, რადგან წინა არჩევნებზე ეს ტყვია უკვე გაისროლეს, ახლა ცდილობენ, რომ განსხვავებული რაღაც ინსტრუმენტებით სცადონ ჩრდილის მიყენება ამ არჩევნებისთვის და ამიტომ არ აქვეყნებენ ახალ, გაუყალბებელ პივიტის. ყველაფრიდან ჩანს, რომ ასეთ ორგანიზაციებს თავიდან ბოლომდე აქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი, ისინი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ უბრალოდ დანამატი და შესაბამისად, ამ მიზნებით მოქმედებენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ოთხივე პარტია არის ერთი და იგივე, მათ უნდოდათ მეტი მანდატი და ეს უზრუნველყვეს იმით, რომ გახარიას პარტიას ხელოვნურად გადაალახინეს ბარიერი.
„მტკიცებით ვერაფერს დავამტკიცებ, მაგრამ საკმაოდ უცნაური ინფორმაცია მოდიოდა, მათ შორის, ერთ-ერთი ინფორმაცია რაც მოვიდა, „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბებში, ასე ხდება ხოლმე ზოგადად, საათობრივად ხდება ხოლმე აქტიური მხარდამჭერების მობილიზება. და ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, სამი საათის მერე ჰყავდათ მობილიზებული პარტია „ნაცმოძრაობაში“ ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი და სამი საათის მერე მისულ ამომრჩეველს ისინი მოუწოდებდნენ, რომ ხმა მიეცათ გახარიას პარტიისთვის. რეალურად ხდებოდა ის, რომ „ნაცმოძრაობის“ პარტიის ლიდერები ზრუნავდნენ არა საკუთარ პარტიულ ხმებზე, არამედ, ზრუნავდნენ გარკვეული დავალებების შესრულებაზე. როცა დაინახეს დავალების მიმცემებმა, რომ გახარია ვერ ლახავდა ბარიერს, მას ჰქონდა 5%-ზე ნაკლები, წავიდა დავალება, რომ „ნაცმოძრაობის“ პოტენციურ ამომრჩეველს ხმა უნდა მიეცა არა პარტია „ „ნაცმოძრაობისთვის“, არამედ, გახარიას პარტიისთვის. ამის გამო „ნაცმოძრაობა“ დარჩა 10%-ზე და საბოლოო ჯამში, გახარიამ მოახერხა ბარიერის გადალახვა. აქედან კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ეს ოთხივე პარტია არის ერთი და იგივე. არავითარი სხვაობა მათ შორის არ არის, ყველა არის ერთი პოლიტიკური პარტია, შესაბამისად, მათ უნდოდათ მეტი მანდატი და ეს უზრუნველყვეს იმით, რომ გახარიას პარტიას გადაალახინეს ხელოვნურად ბარიერი“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ბოლომდე დაანგრიეს „ედისონ რისერჩის“ რეპუტაცია.
„საქართველოში გააყალბებინეს ეგზიტპოლის და კვლევის შედეგები, ამერიკაში გააყალბებინეს ეგზიტპოლის და კვლევის შედეგები, ფაქტია, რომ ეს ორგანიზაცია გამოიყენება კონკრეტული ძალების მხრიდან პოლიტიკური მიზნებისათვის და, რა თქმა უნდა, არავითარი ფასი არ აქვს ასეთი კომპანიების მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს, რაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა იმით, რომ ამერიკაშიც გაყალბდა მათი მხრიდან ეგზიტპოლის და კვლევის შედეგები,“- განაცხადა პრემიერმა.