„როგორ ამოვიცნოთ მოძალადე მამაკაცი და როგორ დავაღწიოთ თავი ძალადობას“-ინტერვიუ ფსიქოლოგთან
ფიზიკური, ფინანსური,ფსიქოლოგიური ძალადობა - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომლის გავლაც უამრავ ქალს უწევს ყოველდღიურად. ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს,თუმცა, საქართელოში უამრავ ქალს კლავენ, მხოლოდ იმიტომ რომ ის ქალია.
„ფემიციდის სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური ასპექტები, რომლებიც 2022 წელს პროკურატურამ გააანალიზა, აჩვენებს, რომ ქალების უმეტესობა, მხოლოდ იმიტომ მოკლეს და იმიტომ მიიყვანეს თვითმკვლელობამდე, რომ მისგან ითხოვდნენ მორჩილებას, მასზე კონტროლს და მკვლელობამდეც მას სისტემატურად ამცირებდნენ.“
ბოლოს ჩატარებული სტატისტიკით, ფემიციდის ყველაზე მეტი შემთხვევა ქმრებმა ჩაიდინეს. როგორც წესი, უმეტესწილად, ქალების მკვლელობის ან მკვლელობის მცდელობის ადგილი სახლია. თუმცა, ფემიციდის მონაცემების ანალიზის თანახმად, კაცები ქალებს კლავენ სახლს გარეთაც.
ბოლო წლების განმავლობაში, არაერთი საკანონმდებლო ცვლილება მოხდა:„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ“ გამკაცრდა სისხლის კანონმდებლობა - ფემიციდი 16 წლიდან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობის ისჯება. 2014 წლიდან მოყოლებული, 25-ზე მეტ საკანონმდებლო აქტში შევიდა ცვლილება. მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსში, საპროცესო კოდექსში, ფემიციდის შემთხვევაში დამნაშავესთან არ ხდება საპროცესო შეთანხმების გაფორმება და მაინც ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობების უცვლელი სტატისტიკა აჩვენებს, რომ პრობლემა ვერ გადაიჭრა.
სამწუხაროდ, ქალების უმეტესობას არ ჰყოფნის გამბედაობა მოძალადეს თავი დააღწიოს, ზოგიერთმა ქალმა არც კი იცის, რომ მისი პარტნიორი პოტენციური მოძალადეა სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ ინტერვიუ ფსიქოლოგ მარიამ მგალობლიშვილთან:
_მარიამ, როგორ და რა მახასიათებლით ამოვიცნოთ მოძალადე ?
_მოძალადის გარეგნობით განსაზღვრა საკმაოდ ძნელია, თუმცა ის ურთიერთობის დაწყებისთანავე ავლენენს თავს პარტნიორულ ეჭვებში. შესაძლოა, პარტნიორზე ხელით შეხებაც სცადოს. ეს ნიშნავს, რომ ურთოერთობას იწყებთ ადამიანთან, რომელსაც არ შეუძლია: მოსმენა, პატიება, გაგება, კომუნიკაცია, რაც განგაშის მიზეზია. თუმცა ურთიერთობის დასაწყისში შესაძლოა იყოს პირიქითაც, მოძალადე პოტენციურ მსხვერპლს ზედმეტად თბილად ეპყრობოდეს ნდობის, პატივისცემის და სიყვარულის მოპოვების მიზნით. ხშირად მოძალადე ადამიანი თავად იყო მსხვერპლი. ვინც ძალადობს ის უკვე რაღაცის მსხვერპლია, ძალადობა მისთვის გადასარჩენად საჭირო ქცევა გახდა. მსგავსი ტიპის მოძალადეების გამოსწორება შესაძლებელია თერაპიების საშუალებით. გამოსწორების ალბათობა იკლებს, როცა საქმე ფსიქოპათიასთან გვაქვს.
_როგორ უნდა დააღწიოს თავი მსხვერპლმა ?
_პირველ რიგში, მსხვერპლმა უნდა გაიაზროს, რომ ის მსხვერპლია. შემდეგ კი იზრუნოს პრობლემის მოგვარებაზე. მოძალადესთან ურთიერთობის მიზეზები კომპლექსურია და მეტწილად ეფუძნება განცდებს და შიშებს, რომელიც მას ურთიერთობის შენარჩუნებას აიძულებს. თითქმის ყველა მსხვერპლს აქვს იმედი, რომ მოძალადე შეიცვლება, მაგრამ ეს ილუზიაა. ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს შიში, რომ არ მოკლან, ზიანი არ მიაყენონ მას ან მის ახლობლებს. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკური დამოუკიდებლობის არქონა და მოძალადეს მხრიდან შანტაჟი. მსხერპლმა უნდა გაიაზროს, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს, მოძალადე სინამდვილეში დაბალი თვითშეფასების მქონე მშიშარა ადამიანია. უსაფრთხოების მიზნით ასეთ შემთხვევებში აუცილებელია სახელმწიფო ინსტიტუტების ჩართულობაც. ძალადობის მსხვერპლი ხშირად აწყდება სოციალურ სტიგმატიზაციას, როდესაც მათვე აკისრებენ პასუხისმგებლობას და ადანაშაულებენ იმ ძალადობაში, რომელიც მათ მიმართ ხორციელდება.
_რომელი ქცევებია საყურადღებო ურთიერთობაში და რა სახის ძალადობა არსებობს?
_ჩაგვრა, ძალაუფლების სექსუალური სიამოვნების გამრუდებული, დეფექტური სახეა და ძალაუფლების წყურვილიდან მოდის. არსებობს ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ფინანსური ძალადობა. ფიზიკური ძალადობა თავალსაჩინოა, თუმცა ხშირად ადამიანს უჭირს გაგება არის თუ არა ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. როცა ერთი პიროვნება ცდილობს, რომ მეორეს თვითშეფასება დაუგდოს და აიძულოს ის რისი გაკეთებაც მას არ სურს, ფსიქოლოგიური ძალადობაა. ასეთი ნიშნებით უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობენ.
_რას ურჩევდით ძალადობა გამოვლილ ქალებს ან იმ ქალებს, რომლებიც ჯერ-ჯერობით ვერ აღწევენ თავს მოძალადეს?
_ძალადობის მსხვერპლ ქალებს, რომლებმაც ჯერ ვერ დააღწიეს თავი ვურჩევ, რომ გაბედონ და ილაპარაკონ. ძალადობის დროს ითრგუნება ადამიანის ნება, შელახულია მისი ხელშეუხებლობა, ღირსება და თავისუფლება. ესენი კი ადამიანის განუყოფელი უფლებებია. ყველა ძალადობა გამოვლილ ქალს ვთხოვ, რომ ასევე ილაპარაკონ, როგორ შეძლეს თავის დაღწევა, რომ მათი თავისუფლება იყოს მაგალითი იმ გოგოებისთვის ვინც დღეს იტანჯება. ცხადია ფსიქოლოგის მხარდაჭერა ორივე შემთხვევაში აუცილებელია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
ავტორი-სალომე ნოზაძე
* ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 116 006.