Light
Dark
ვერსია
Share
Listen On

ყოველი შემოდგომისა და ზამთრის სეზონთან ერთად, გაციების მსგავსი სიმპტომები და მაღალი ტემპერატურა თითქმის ყოველდღიურობად იქცევა. თუმცა ხშირად ადამიანებს უჭირთ გაერკვნენ – ჩვეულებრივი გაციება აქვთ თუ გრიპი. სიმპტომების მსგავსებამ შეიძლება მცდარ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანოს, რაც ზოგჯერ სერიოზული გართულებების რისკსაც ზრდის. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ განვასხვავოთ ეს ორი მდგომარეობა და როდის არის აუცილებელი ექიმთან დროული ვიზიტი.

რა არის გაციება და რა – გრიპი?
გაციება (სურდო) მსუბუქი ვირუსული ინფექციაა, რომელიც ძირითადად ცხვირსა და ყელს აზიანებს. გრიპი კი ინფლუენცა ვირუსით გამოწვეული მწვავე რესპირატორული დაავადებაა, რომელიც ბევრად მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება და შეიძლება გართულებებიც გამოიწვიოს – განსაკუთრებით ბავშვებში, ხანდაზმულებში, ორსულებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში.


მთავარი განსხვავებები სიმპტომებში


1. სიმპტომების განვითარება
გაციება: იწყება ნელ-ნელა, ეტაპობრივად.
გრიპი: თავს იჩენს უცებ – საათებში. 
2. ტემპერატურა
გაციება: ტემპერატურა იშვიათად აღემატება 37.5°C-ს.
გრიპი: ჩვეულებრივ 38–40°C-მდე მატულობს და გრძელდება 3–4 დღე.
3. საერთო მდგომარეობა
გაციება: სისუსტე მსუბუქია, ყოველდღიურ საქმიანობას, როგორც წესი, არ ზღუდავს.
გრიპი: გამოირჩევა ძლიერი სისუსტით, სხეულის ტკივილებით, შემცივნებით და ენერგიის მკვეთრი დაქვეითებით.4. ყელი, ცხვირი, ხველა
გაციება: ცხვირიდან გამონადენი, ყელის გაღიზიანება და მსუბუქი ხველა ყველაზე გავრცელებული ნიშნებია.
გრიპი: ცხვირის სიმპტომები ნაკლებად გამოხატულია, მაგრამ მშრალი, ძლიერ გამაღიზიანებელი ხველა ხშირია.
რამდენ ხანს გრძელდება?
გაციება: 5–7 დღე.
გრიპი: 7–14 დღე და ზოგჯერ მეტი, განსაკუთრებით სისუსტე და ენერგიის დაბრუნება შეიძლება გაჭიანურდეს.
გართულებების რისკი
გაციება იშვიათად იწვევს გართულებებს, მაშინ როდესაც გრიპის შემთხვევაში შესაძლებელია: პნევმონია;  ყურის ინფექციები; სინუსიტი; ქრონიკული დაავადებების გაუარესება.როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
აუცილებელია ექიმთან მისვლა, თუ:
ტემპერატურა 38.5°C-ზე მაღალია და 3 დღეზე მეტხანს გრძელდება;
არის სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, ტკივილი გულმკერდში;
აღინიშნება ძლიერი სისუსტე, თავბრუსხვევა, ან გონების დაბინდვა;
ხველა 10–14 დღეზე მეტხანს არ გაივლის;
სიმპტომები უარესდება, მიუხედავად თვითმკურნალობისა;
ავადმყოფი არის ბავშვი, ორსული, ხანდაზმული ან ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანი.

როგორ ვიმკურნალოთ სწორად?
გაციება
სითხეების ბევრი მიღება
თბილად ყოფნა
მარილიანი წყლის ჩასხურება ცხვირში
ტკივილგამაყუჩებლები და სიცხის დამწევები საჭიროების შემთხვევაში

გრიპი
გრიპი უფრო სერიოზულ მიდგომას მოითხოვს. ექიმმა შესაძლოა დანიშნოს ანტივირუსული პრეპარატები, რომლებიც ყველაზე ეფექტურია დაავადების პირველ 48 საათში. ამიტომ დროული დიაგნოზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
როგორ დავიცვათ თავი?
სეზონური გრიპის ვაქცინაცია – ყველაზე ეფექტური მეთოდი.
ხშირი ხელბანვა
საზოგადოებრივი ადგილების ხშირი ვენტილაცია
კონტაქტის თავიდან აცილება ავადმყოფ ადამიანებთან

გაციების და გრიპის განხვავება ყოველთვის მარტივი არაა, თუმცა რამდენიმე ნიშნით შეგვიძლია ადვილად გავარკვიოთ, რომელ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე. მთავარი ისაა, რომ სიმპტომების გაუარესების, მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივად შენარჩუნების ან სუნთქვითი სირთულეების შემთხვევაში ექიმთან დროულად მიმართვა არ გადავდოთ. სწორი დიაგნოზი და მკურნალობა ჯანმრთელობას სწრაფად და უსაფრთხოდ დაგვიბრუნებს.