Menu
RSS

სკანდალი კრიმინალურ სამყაროში: „კანონიერი ქურდი“ გელა ქარდავა ციხის ეზოს გვის!

რატომ ჩასვეს ბელორუსმა სამართალდამცავებმა მინდია ლავასოღლი „კარცერში“

მართალია, 31 ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიციურმა პარტიებმა მთელი ამბები ატეხეს, „კანონიერი ქურდი“ მინდია გორაძე აჭარაშია, ხელისუფლებას კონსპირაციულ ბინაში ჰყავს გამოკეტილი და იქიდან ეხმარება არჩევნებშიო, მაგრამ არაფერი დადასტურდა ანუ ბევრი მცდელობის მიუხედავად, აჭარაში ერთი ადამიანიც ვერ ნახეს, რომელიც იტყოდა, დიახ, გორაძე აჭარაშიაო. შესაბამისად, აღნიშნულმა თემამ აქტუალობა მალე დაკარგა და არჩევნების დროს, მინდიაც არავის უხსენებია.

რამდენიმე დღის წინ კი, ბელორუსულმა მედიამ დაწერა, რომ მინდია ლავასოღლი ბელორუსში ყველაზე გავლენიანი და ყველაზე დაუმორჩლებელი პატიმარია. ბელორუსელმა ჟურნალისტებმა დაადასტურეს, რომ დღემდე, ქართველი „კანონიერი ქურდი“ იქაურ ციხეში ზის და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. 

მაინც, რა გახდა იმის მიზეზი, რომ ბელორუსში მიმდინარე მოვლენების ფონზე, იქაურმა მედიამ მოიცალა და გორაძის შესახებ ვრცელი სტატია არაერთ გამოცემაში დაბეჭდა?! 

როგორც ისინი წერენ, დაუმორჩილებლობისა და ადმინისტრაციის მითითებების გამო, მინდია გორაძე მუდმივად ჩაკეტილი ჰყავდათ და ცოტა ხნის წინ, პირველად მისცეს უფლება, რომ ეზოში გასულიყო. სწორედ იქ დაინახა „კანონიერი ქურდმა“ საპატიო დაფა, რომელზეც... ეზოს დიდი ცოცხი იყო დამაგრებული და ლამაზად ეწერა, რომ ამ ცოცხით ეზოს... გელა ქარდავა გვიდა. 

გელა ქარდავა კრიმინალურ სამყაროში „კანონიერი ქურდის“ სტატუსით სარგებლობს და სასჯელს სწორედ აღნიშნულ ციხეში იხდიდა. ის ვადამდე 16 თვით ადრე გაათავისუფლეს, რაც მოულოდნელი იყო. როგორც წესი, „კანონიერი ქურდს“ ვადამდე ადრე გათავისუფლება არ ეხება, თუ ის სანიმუშოდ არ იქცევა, ქურდისთვის კი სანიმუშოდ მოქცევა ადმინისტრაციის მითითებების შესრულებას და შესაბამისად, ქურდულ ტრადიციებზე უარის თქმას ნიშნავს. 

მეტიც, ცოცხის გარდა, დაფაზე სურათებიც იყო გამოკრული და ნათლად ჩანდა, თუ როგორ გვიდა ქარდავა ციხის ეზოს. 

„ამის შემდეგ გორაძემ ძველ პატიმრებს ჰკითხა, რამდენად რეალური იყო, რაც ნახა და ძველებმა აუხსნეს, რომ ისინი ხედავდნენ, როგორ გვიდა ქარდავა ეზოს, თუმცა როცა ეკითხებოდნენ, შენ ხომ „კანონიერი ქურდი“ ხარო, ის პასუხობდა, არა, უბრალოდ, ქარდავას ვგავარ, საერთოდ სხვა პატიმარი ვარო. ამ დროს კი ციხის ადმინისტრაციამ გორაძეს აუხსნა, აქ ყველა გატყდა და სჯობს, შენც ცოცხი აიღო ხელშიო, მისი პასუხი იმდენად მძაფრი და აგრესიული იყო, რომ რამდენიმე დღით, გორაძე კარცერში გაისტუმრეს“, _ წერს ბელორუსული მედია. 

ამავე წყაროს ინფორმაციით, ციხეში მყოფი პატიმრები კარგად ხედავენ, როგორ ებრძვის ადმინისტრაცია გორაძეს, როგორ უწევს ეს უკანასკნელი წინააღმდეგობას და როგორ იზრდება მისი ავტორიტეტი ყოველდღიურად. 

ყველაფერთან ერთად, გორაძემ მოახერხა, რომ ციხიდან თავისუფლებაზე მყოფ „კოლეგებთან“ დაერეკა, რათა მომხდარისა თუ ნანახის შესახებ მოეყოლა. მან დაბეჯითებით თქვა, რომ გელა ქარდავამ ადმინისტრაციასთან ითანამშრომლა, ხელში ცოცხიც დაიკავა და „კანონიერი ქურდი“ კი არა, ჩვეულებრივი „კაზიოლია“. 

ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იმისა, რომ ქარდავა ადმინისტრაციასთან მართლა თანამშრომლობდა, მისი ვადაზე ადრე გათავისუფლება გახდა. 

გორაძის ზარის შემდეგ, ქარდავასთან კითხვები სხვა „კანონიერი ქურდებსაც“ გაუჩნდათ და, პრაქტიკულად, ყველა ამბობს, რომ გელას თავისი სიმართლის დამტკიცება გაუჭირდება. 

* * * 

რადგან უცხეთში მყოფ ქართველ კრიმინალებზე ვსაუბრობთ, გეტყვით, რომ მათვის „ლოქდაუნი“ გრძელდება და ვეღარაფერს აკეთებენ. პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში გაძლიერებული შეზღუდვების ფონზე, სამართალდამცავები ყოველ ფეხის ნაბიჯზე დგანან და კრიმინალს გასაქანს არ აძლევენ. 

მართალია, ევროპასა თუ დანარჩენ მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები იზრდება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ კრიმინალური შემთხვევები იკლებს დ დანაშაული, პრაქტიკულად, უმდაბლეს ნიშნულზეა. ასე როდემდე გაგრძელდება, ვერ გეტყვით, მაგრამ შეიძლება ითქვას, ვირუსს ყველაზე დადებითი მხარე სწორედ ეს აქვს.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში