Menu
RSS

ტყუპი დის ტრაგიკული თავგადასავლი

ვინ და რატომ მოკლა კიკვიძის ბაღში ახალგაზრდა ქალი

ალბათ, გახსოვთ, წინა ხელისუფლების დროს, გრიფი „საიდუმლო“ არაერთ საქმეს დაედო, მათ შორის იმასაც, რაში დაიხარჯა დედაქალაქის მერიის 50 მილიონი და სავსებით სამართლიანად ვარაუდობდნენ, რომ ეს თანხა არამიზნობრივად წავიდა. საქმეს საიდუმლო გრიფი, მინიმუმ, 20 წლით ედება, მაქსიმუმ კი _ 50 წლით, თუმცა არის ისეთი საქმეებიც, რომელთაც საიდუმლო გრიფი მუდმივად ადევთ ანუ ეს კონკრეტული საქმეები სახელმწიფო ინტერესებს ეხება.

აი, კომუნისტების დროს კი გრიფი „საიდუმლო“ სისხლის სამართლის საქმეებს ხშირად იმ მიზეზით ედებოდა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე, მძიმე დანაშაულების სტატისტიკა დაემალათ. შესაბამისად, არცთუ იშვიათად, გრიფი „საიდუმლო“ ისეთ საქმეებს ჰქონდა მინიჭებული, რეალურად, საყოველთაო მსჯელობის საგანი რომ უნდა გამხდარიყო, სახელმძღვანელოებში შეეტანათ და მომავალი მილიციელებისთვის ესწავლებინათ. პრინციპში, ანალოგიური საქმეები წიგნებში იყო აღწერილი, მაგრამ მხოლოდ იმ წიგნებში, რომლებითაც უშიშროების უმაღლეს სკოლაში ასწავლიდნენ. 

1984 წლის შემოდგომის ერთ დილას, გამვლელებმა, კიკვიძის ბაღში ხეზე მიბმული ახალგაზრდა გოგონას უსიცოცხლო სხეული ნახეს. ადგილზე მისულმა ექიმებმა სიკვდილი დაადასტურეს, ექსპერტიზამ კი დაასკვნა, რომ გოგონა თოკით გაგუდეს, შემდეგ მიიყვანეს და ხეზე მიაბეს. იმაზე, რომ მკვლელობა ძარცვის მიზნით არ იყო ჩადენილი, გოგონას თმისსამაგრიც მეტყველებდა _ ის აშკარად ოქროსი იყო და ექსპერტიზამ დასკვნაში დაწერა, რომ ბრილიანტის სამი თვალიც ჰქონდა ანუ თმისსამაგრი, დაახლოებით, ათასი მანეთი ღირდა, რაც იმ დროისთვის პატარა ფული ნამდვილად არ იყო. 

 

„წარმოიდგინე ჩემი გაოცება, როცა გავარკვიე, რომ მოკლული ტექნიკუმის სტუდენტი გახლდათ, სადღაც, საერთო საცხოვრებელში, სამადლოდ ცხოვრობდა და ძალიან, ძალიან უჭირდა. მას ღარიბულად ეცვა, ყველა მეგობარი ამბობდა, რომ თვიდან თვემდე თავი ძლივს გაჰქონდა და ამ დროს, თმაზე ასეთი ძვირფასი სამაგრი ეკეთა“, _ იხსენებს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი. 

სამართალდამცავებმა ისიც გაარკვიეს, რომ გოგონა უაპტრონო ბავშვთა სახლის აღსაზრდელი იყო, ხოლო მას შემდეგ, რაც სრულწლოვანი გახდა, დედაქალაქში ჩამოვიდა, ტექნიკუმში ჩააბარა და ძალიან, ძალიან უჭირდა. რაც მთავარია, მასზე ცუდს არავინ ამბობდა, ყველა აღიარებდა, რომ ძალიან თავმდაბალი, მორიდებული, მშვიდი და პატიოსანი იყო. 

გოგონას ერთადერთი მეგობარი იხსენებდა, რომ მას არასდროს ჰყოლია თაყვანისმცემელი, არასდროს არსად დადიოდა, მხოლოდ საცხოვრებელი და ტექნიკუმი, თუმცა... 

„თუმცა, იმ საბედისწერო დღემდე ორი დღით ადრე, გოგონას დაბადების დღე ჰქონდა და დაიბარა, სანამ სახლში მოვალთ, „ლაღიძის წყლებში“ შევიდეთ, თითო ხაჭაპური ვჭამოთ და წვენი დავლიოთო. მეგობარმა უარი უთხრა, არ ეცალა და გოგონა მარტო წავიდა. აი, იქიდან მისი კვალი ქრება, „ლაღიძის წყლების“ გამყიდველმა თქვა, ეგ გოგო მახსოვს, ნაყინი აიღო, შემდეგ ვიღაც მეგობრებს შეხვდა და აქედან ერთად გავიდნენო. ეს რაღაც სიახლე იყო, რადგან ყველა ამბობდა, რომ მას ერთადერთი მეგობარი ჰყავდა და იმ დროს, ის მეგობარი ლექციაზე იჯდა. 

გადავწყვიტე, ბავშვთა სახლის დირექტორს გავსაუბრებოდი და მისგან გამეგო, ხომ არ იყო ბავშვთა სახლში ვინმე ისეთი, ვისთანაც გოგონას დედაქალაქში კონტაქტი ექნებოდა“, _ იხსენებს პოლიციის პოლკოვნიკი. 

ბავშვთა სახლის დირექტორმა გოგონას გარდაცვალება მძიმედ მიიღო, საერთოდ არ ჰქონია ბედი მაგ უბედურსო და საინტერესო ისტორიაც გაიხსენა. მაშინ, როცა გოგო 8 წლის ყოფილა, ერთ-ერთ გავლენიან ოჯახს უშვილებია, თუმცა სამი თვის შემდეგ უკან დაუბრუნებია. დაბრუნების მიზეზი დირექტორმა არ იცოდა, მაგრამ ვერც ვერაფერი გააწყო, გავლენების წყალობით, ის ოჯახი ხელშეუხებელი იყო. რა თქმა უნდა, სამართალდამცავებმა ოჯახის ვინაობა გაიგეს და საღამოს ბატონი თენგიზი უკვე იმ ქალს ესაუბრებოდა, ვინც ბავშვი ჯერ იშვილა, შემდეგ კი დააბრუნა. 

„მე და ჩემს ქმარს შვილი არ გვიჩნდებოდა, ამიტომ გვირჩიეს, საზოგადოებაში კარგად გამოჩნდება, თუ ბავშვს იშვილებთო. წავედით ბავშვთა სახლში და უკვე გაზრდილი გოგონა წამოვიყვანეთ, რადგან პატარა ბავშვის მოვლის ნერვები არ მქონდა. ერთი თვის შემდეგ, როცა სახლში არ ვიყავი, მან მეზობლის ბავშვები მოიყვანა და მათთან ერთად თამაშობდა. ვუთხარი, ამას თუ კიდევ გაიმეორებ, უკან დაგაბრუნებ-მეთქი. ზუსტად სამ დღეში, იგივე განმეორდა და უკან დავაბრუნე, ვერ ავიტანდი, რომ ჩემს სახლში ამდენ ბავშვს ერბინა. მას შემდეგ ის ბავშვი არ მინახავს, არც მაქვს სურვილი, რომ ვნახო და საერთოდ, ამდენი წელი გავიდა, რომ შემხვდეს, ვერც კი ვიცნობ“, _ ისე მშვიდად ყვებოდა ყველაფერ ამას ქალი, თითქოს ბავშვსა და მის ფსიქიკაზე კი არა, ქუჩაში ნაპოვნ უპატრონო კატის კნუტზე საუბრობდა. 

მომხდარის შემდეგ, გოგონას ხასიათი შეეცვალა, საერთოდ ჩაიკეტა და, პრაქტიკულად, საუბარი შეწყვიტა. ბავშვთა სახლის დირექციის წარმომადგენლები მაქსიმალურად ცდილობდნენ მის გამხიარულებას, მაგრამ არაფერი რომ არ გამოვიდა, თავი დაანებეს. 

ბავშვთა სახლის დირექტორმა ისიც თქვა, როცა უნდა ეშვილებინათ, ოჯახს ვუთხარი, ამ გოგოს გულის იშვიათი დაავადება აქვს, ექიმებს უკვირთ, ცოცხალი როგორ არის, იქნებ, სხვა აიყვანოთ-მეთქი, მაგრამ მაინც წაიყვანეს იმის იმედით, რომ ერთ-ორ წელში მოკვდებოდა და დაისვენებდნენ, საზოგადოებაში კი იტყოდნენ, აგერ, ვეცადეთ, მაგრამ არ გამოვიდაო. 

სხვათა შორის, გაკვეთის შემდეგ, პათანატომმაც დაადასტურა, რომ გოგოს გულის იშვიათი დაავადება ჰქონდა, ამ დაავადებამ გულის ერთ-ერთი კუნთის დეფორმირება გამოიწვია და რომ არა მკვლელობა, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა. პათანატომი ამას სასწაულს ეძახდა, ათი ათასიდან, შეიძლებოდა, მხოლოდ ერთი გადარჩენილიყოო. 

„ყველაფერი ეს კარგი, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, ვის და რატომ შეიძლებოდა მოეკლა გოგონა. არავის არაფერს უშავებდა, მისი არსებობაც კი მეგობრისა და ბავშვთა სახლის პერსონალის გარდა არავინ იცოდა და ამიტომ, ეჭვი მქონდა, საქმის გასაღები სწორედ იმ ნაცნობებში უნდა მეძებნა, „ლაღიძეში“ რომ ნახა, მაგრამ მაშინ ნახევარი თბილისი „ლაღიძეში“ დადიოდა და გამყიდველი ქალიც ამბობდა, მისი ტოლი ახალგაზრდა გოგოები იყვნენ, ყურადღება არც კი მიმიქცევიაო“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

მესამე დღეს, ყველასთვის მოულოდნელად, გამომძიებელს მორგიდან დაურეკეს. ექსპერტი გაუგებრად საუბრობდა და მისი სიტყვებიდან მხოლოდ იმის გარჩევა შეიძლებოდა, რომ გარდაცვლილს მშობლებმა და თავად იმ გოგომ მოაკითხა ამოცნობაზე. მშობლებმა?! უპატრონო ბავშვთა სახლში გაზრდილ ბავშვს მშობლებმა მიაკითხეს? ერთადერთი, რასაც მორგში მისვლამდე, გამომძიებელი ფიქრობდა, ის იყო, რომ მშვილებელი ქალის სინდისმა გაიღვიძა და გადაწყვიტა, გარდაცვლილი მაინც ენახა ის ბავშვი, რომელმაც მასთან ორი თვე იცხოვრა, თუმცა მორგში მისულს, ლამის გული წაუვიდა _ მის წინ გარდაცვლილი გოგონა იდგა. 

„საკმარისზე მეტი მქონდა ნანახი, მაგრამ იქ რომ მივედი, საუბრის უნარი დავკარგე. ჩემს წინ გარდაცვლილი გოგონა იდგა და ცხარე ცრემლით ტიროდა. ექსპერტს გავხედე, ისიც ტიროდა და რადგან აზრზე მოსასვლელად მეც დრო მჭირდებოდა და არც იქ იყო შესაბამისი გარემო, ეს გოგონა, ასევე, მისი თანმხლები ქალი და კაცი განყოფილებაში წავიყვანე“, _ გვიყვება ბატონი თენგიზი. 

„ტყუპი გოგონები შემეძინა. ჩემს ქმარს გავლენა არც ადრე აკლდა, არც _ ახლა. ამიტომ, საუკეთესო ექიმთან ვიმშობიარე და სწორედ მან გვითხრა, ერთ-ერთ ბავშვს გულის ისეთი დაავადება აქვს, გამორიცხულია, გადარჩეს, ამიტომ დატოვეთ, რომ შეეჩვევით და ერთ თვეში მოგიკვდებათ, ნერვიულობას გადაყვებითო. მე წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ მესამე დღეს გვითხრეს, მოკვდა ბავშვიო და მხოლოდ ერთი წამოვიყვანეთ. რეალურად, ექიმს დაუმალავს, რომ ბავშვი ცოცხალი იყო, საუკეთესო შემთხვევაში, ასეთი დაავადებით, მხოლოდ 2 წლამდე ცხოვრობენ. დავივიწყეთ ის ბავშვი და ეს გავზარდეთ, მეტი შვილი არ გვეყოლა. თავის დაბადების დღეს, მუდმივად „ლაღიძეში“ მიდიოდა და იმ დღესაც იქ იყო. იქ ნახა ტყუპისცალი და სახლში მომაყენა. ყველაფერს მივხვდი, მუხლებში ჩავუვარდი, პატიება ვთხოვე. რა თქმა უნდა, მაშინვე ვუთხარი, რომ ჩვენთან უნდა გადმოსულიყო და თავად გვთხოვა, ერთ ღამეს საერთოში დავრჩები, მეგობარს დავემშვიდობები, ერთი ჩანთა მაქვს და ხვალ გადმოვალო. წასვლისას, დამ თმის ოქროს სამაგრი გაუკეთა თავზე, ის სამაგრი, რომელიც მამამ აჩუქა ამ დაბადების დღეზე. საღამოს ქმარი მოვიდა და რა თქმა უნდა, ვერ მოვითმინეთ, წავედით საერთოში წამოსაყვანად, მაგრამ იქ გვითხრეს, არ მოსულაო (საერთო საცხოვრებელში ეს ამბავი ვერავინ გაიხსენა, რადგან უმნიშვნელოდ ჩათვალეს, რომ გარდაცვლილს ვიღაც ეძებდა). შემდეგ, დაველოდეთ ერთ დღეს, მერე კი საავადმყოფოებსა და მილიციაში წავედით, მერე _ მორგში და აგერ, ჩვენი შვილი მხოლოდ ერთი დღით გვიპოვია“, _ ტირილით ყვებოდა ქალი, მაგრამ არ უთქვამს მთავარი, ვინ და რატომ მოკლა გოგონა?! 

„ერთი კვირის წინ შემომითვალეს, 300 ათას მანეთს თუ არ მოიტან, შვილს მოგიკლავთო. ქურდები ჩავრიე, 130 ათას მანეთზე შევთანხმდით და ეს ფული გადავიხადე. მერე დანარჩენის დამატება მომთხოვეს, იმ ქურდმა ხელი დაიბანა, „ბეზპრიდელები“ ყოფილანო და როგორც ჩანს, ახლადნაპოვნი შვილი ჩემსაში აერიათ“, _ ეს უკვე მამის აღსარება იყო. 

სამართალდამცავებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილები მხოლოდ ორი წლის შემდეგ დააკავეს, მაგრამ საინტერესო ამ ისტორიის მეორე მხარეა. 

„ხუთი წელი იქნებოდა გასული, წინასწარი დაკავების იზოლატორში, ერთ-ერთი დაკავებულის წამოსაყვანად წავედი. „აბეზიანკებს“ რომ ჩავუარე, დაკავებული ქალის სახე მეცნო. დავაკვირდი და ის გოგო იყო, ტყუპისცალი, რომლის გამოც მისი და მოკლეს. ვკითხე მორიგეს, რისთვისაა დაკავებული-მეთქი და ხელი ჩაიქნია, იცი, რა მაგარი მშობლები ჰყავდა, რამდენიმე წლის წინ გალოთდა, ახლა წამალსაც მიეჩვია, მოგვყავს, ვაფხიზლებთ, ვუშვებთ, დედამისი ნერვიულობას გადაყვა, მამამისი კი მუდამ კუდში დასდევს, მაგრამ ვერ შველისო. ასე თქვეს, დის სიკვდილი ვერ გადაიტანაო, წლებია, მათ ოჯახს ვიცნობ, დედისერთაა, და არასდროს ჰყოლია. ერთი-ორი წელი კიდევ გავიდა და ის გოგო გაყინული იპოვეს ღამე, გარეთ. მამა ახალი გარდაცვლილი ჰყავდა და როგორც ჩანს, პატრონი აღარ გამოუჩნდა“, _ დაასრულა ბატონმა თენგიზმა თხრობა.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში