Menu
RSS

ცნობილი რეჟისორის ფარული აღვირახსნილი ცხოვრება

არტისტი ცოლ-ქმარი, რომლებიც მაღაზიებსა და ბანკებს ძარცვავდნენ

რამდენიც უნდა ვამტკიცოთ საჯაროდ და სახალხოდ, რომ ცნობილი ადამიანები ცხოვრებაშიც ისეთივე იდეალურები არიან, როგორც ეკრანზე ჩანან, რეალობა სხვაგვარია. ყველას თავისი „ოფოფები ჰყავს“ და საკუთარი უარყოფითი მხარეები გააჩნია. ყველაფერ ამას, ზოგი საგულდაგულოდ მალავს, ზოგსაც კი, პირიქით, სამსჯავროზე გამოაქვს და ნაკლოვანებებს ვერ თუ არ მალავს.

„70-იანი წლების მიწურული და 80-იანი წლების დასაწყისი, ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი პერიოდი იყო მთელ საბჭოთა კავშირში. დანაშაული ხდებოდა, მაგრამ მძიმე დანაშაული _ ძალიან იშვიათად და, ასე განსაჯეთ, საკმარისი იყო, რომელიმე რესპუბლიკაში გამოჩენილიყო რაიმე დაჯგუფება, 15-ვე ქვეყნის საუკეთესი მაძებრები იკრიბებოდნენ და ყველაფერს, მაქსიმუმ, ერთ თვეში აგვარებდნენ. შეიძლება ითქვას, ეს იყო „რენესანსი“ სამართალდამცავ ორგანოებში და ხომ წარმოგიდგენია, ამ რენესანსის დროს, რა ხასიათზე დავდგებოდი, როცა გვაუწყეს, ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიიდან 3 ათასი მანეთი გაიტაცეს, გამტაცებლები კი ქალი და კაცი იყვნენო. მაშინვე ადგილზე გავედი და შეშინებული გამყიდველი პირადად დავკითხე. მან თქვა, რომ ორმა პენსიონერმა გაძარცვა, ქალმა იარაღი მიუშვირა, კაცმა კი სალარო გაახსნევინა და ფული აიღო. შემდეგ, ისინი სირბილით მიიმალნენ“, _ ასე დაიწყო 80-იანი წლების დასაწყისში მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმის მოყოლა პოლიციის გადამდგარმა პოლკოვნიკმა, ბატონმა თენგიზმა. 

არანაირი კვალი, არანაირი აღწერილობა. ქალს თავსაფარი ჰქონდა სახეზე მოხვეული, კაცს _ დიდი ულვაშები და წვერი. შესაბამისად, რაიმეს თქმა შეუძლებელი გახლდათ, მაგრამ სამართალდამცავები ერთმა დეტალმა ჩააფიქრა _ გამყიდველი ჯიუტად იმეორებდა, რომ ფულის აღების შემდეგ, წყვილი ძალიან სწრაფად გაიქცა და წესით, მოხუცებისთვის სწრაფი სირბილი მარტივი არ უნდა ყოფილიყო. 

ახლომდებარე კორპუსების მაცხოვრებელთა გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ერთ-ერთ ეზოში მოხუცი წყვილი ჩქარი ნაბიჯით შევიდა და იქაურობა თეთრი „ვაზ-21“-ით დატოვა. მანქანის ნომერი, რა თქმა უნდა, არავის დაუმახსოვრებია. 

 

ქალი და კაცი სიახლე იყო. პრაქტიკულად, ყველა კრიმინალ ქალს მილიცია აკონტროლებდა. ისინი გადაამოწმეს, ყველას მყარი ალიბი ჰქონდა და ადვილი მისახვედრი იყო, რომ ქალაქში ახალი დაჯგუფება გამოჩნდა. 

სანამ სამართალდამცავები თავს იმტვრევდნენ, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ახალი მძარცველები, მათ თავი შეახსენეს და ამჯერად, შემნახველი სალარო გაძარცვეს, საიდანაც 33 ათასი მანეთი წაიღეს. იგივე ფორმა, იგივე აღნაგობა, იგივე თეთრი „ვაზ-21“ და... 

„მოწმემ გაიხსენა, რომ ორი დღით ადრე, იმ მანქანით, ადგილზე ახალგაზრდა წყვილი მივიდა. მამაკაცის სახე მოწმეს არ დაუნახავს, ყურადღება ქალს მიაქცია და მისი ფოტო-რობოტის შედგენაც მოახერხა. ეს იყო ძალიან, ძალიან ლამაზი ქალი და შეუძლებელი გახლდათ, შეუმჩნეველი დარჩენილიყო. ჩვენს კარტოთეკაში მსგავსი არავინ იძებნებოდა, ამიტომ მისი ფოტო ყველა განყოფილებაში გავგზავნეთ“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

ძიება ახალს ვერაფერს არკვევდა, წინ ვერ მიდიოდა და აღარც მძარცველები ჩნდებოდნენ. სავარაუდოდ, 33 ათასი ის თანხა იყო, რომელიც მათ მშვიდად ყოფნისა და გაუჩინარების შესაძლებლობას აძლევდა, თუმცა საქმე იმდენად რეზონანსული იყო, რომ კვირაში ორჯერ, მოსკოვიდანაც რეკავდნენ და ბანდის დაკავებას კატეგორიულად ითხოვდნენ. 

ნამდვილად ვერ გეტყვით, რამდენად კარგად ახსოვთ ძებნილები სამართალდამცავებს ახლა, მაგრამ კომუნისტების დროს, პრაქტიკულად, ყოველ დილით, ყველა თანამშრომელი ვალდებული იყო, ძებნილთა ფოტოები თუ ფოტო-რობოტები გადაეთვალიერებინა, რათა მათი სახეები გონებაში აღბეჭდვოდა და თუ იმ დღეს, ვინმე მსგავსს ნახავდა, გადაემოწმებინა. 

სწორედ სურათების ასეთი დათვალიერების შემდეგ, ერთ-ერთი თანამშრომელი მაღაზიაში სიგარეტის საყიდლად შევიდა და კარში სწორედ იმ ძებნილ ქალს შეეჩეხა. მილიციელი დაიბნა, ქალს ჯერ თვალი გააყოლა, შემდეგ კი უკან გაჰყვა. ქალმაც დაინახა, რომ ფორმიანი თანამშრომელი აედევნა, ჯერ ფეხს აუჩქარა, შემდეგ სირბილზე გადავიდა და... მილიციელს გაექცა. 

„მთავარი ის გახლდათ, რომ ისინი ქალაქში იყვნენ და ჩემი ვარაუდით, ნაძარცვ ფულს მშვიდად ხარჯავდნენ, 2-3 თვის გასვლას ელოდნენ, ყურადღება რომ მოგვედუნებინა და შემდეგ ან ახალ დანაშაულს ჩაიდენდნენ, ან ქალაქს დატოვებდნენ. უმკაცრესი რეიდების გატარება დავიწყეთ, პრაქტიკულად, ყველა „ვაზ-21“-ის მფლობელი მოვიძიეთ და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ პროფესორს, რომელსაც თავისი ავტომობილი გარაჟში ეგონა, მოპარული დახვდა, პროფესორი ვერ ამბობდა, როდის მოპარეს მანქანა, რადგან ორი თვის განმავლობაში, გარაჟის კარი არ გაუღია, ჯანმრთელობა არ უწყობდა ხელს“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

სამართალდამცავებმა ივარაუდეს, რომ ქალს მაღაზიასთან ახლოს უნდა ეცხოვრა და ამიტომ, ახლო-მახლო კორპუსებში მისი სურათით სიარული დაიწყეს. სილამაზის სალონში, რომელიც იქვე მდებარეობდა, ერთ-ერთმა სტილისტმა თქვა, ეს ქალი მსახიობია, ორ კვირაში ერთხელ, ჩემთან ვარცხნილობის გასაკეთებლად დადიოდა, მაგრამ აგერ, 20 დღეა, აღარ გამოჩენილაო. მსახიობზე მინიშნება ბევრის მთქმელი იყო და სამართალდამცავებმა კინოსტუდიებსა და თეატრებს მიაშურეს. მხოლოდ ერთ თეატრში თქვეს, რომ ეს გოგო მათთან ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, შემდეგ კი მის ქმარს რეჟისორთან ჩხუბი მოუვიდა და ორივე სამსახურიდან გაუშვეს. მათი პირადი საქმეები თეატრში არ ინახებოდა, რადგან ისინი გამოსაცდელი ვადით ჰყავდათ, სახელები და გვარები კი თქვეს. 

ამ სახელითა და გვარით, თბილისში მამაკაცი ვერ ვიპოვეთ, ქალის მონაცემები კი სამ მისამართს ემთხვეოდა. ოპერატიული ჯგუფი სამივე მისამართზე ერთდროულად გავიდა და ერთ-ერთზე, ეჭვმიტანილი დააკავეს. ქმარი სახლში არ იყო, მილიციამ ჩასაფრება დატოვა და ეჭვმიტანილი ქალბატონის დაკითხვა დაიწყო. 

„ქალს ძალიან მშვიდად ეჭირა თავი. მან თქვა, რომ დაიღალა, კითხვებზე პასუხს მეორე დღეს, დილის 10-ზე გასცემდა, ახლა კი გამოძინება სურდა. საკანში გავისტუმრე და დილას დაველოდე. დილით ქალმა მშვიდად თქვა, ვერის ბაღში წამიყვანეთ, სამალავს განახებთ, იმ ფულს და ოქროსაც, რომელიც შენახული გვაქვსო. გამიკვირდა, მაგრამ წავიყვანეთ. უფრო ზუსტად, ჯერ ოპერმუშაკები გავუშვი, ბაღი დავაზვერინე, საეჭვო არაფერი იყო. მერე, ეს ქალი, რვა თანამშრომელთან ერთად წავიყვანე“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

ვერის ბაღში ქალი მყარი ნაბიჯით გაემართა ერთ-ერთ ხესთან, ფუღუროში ხელი შეყო და სანამ მილიცია აზრზე მოვიდოდა, იქიდან პატარა ამპულა გამოიღო, პირში გაიქანა და კბილებით გატეხა. დაკავებულს პირიდან ქაფი წამოუვიდა, მილიცია პანიკაში ჩავარდა, ვიღაცამ იყვირა, ექიმიო და იქვე, 20 მეტრში, სკამზე მჯდომი მოხუცი წამოხტა, მე ვარ ექიმი, რა ხდებაო. სამართალდამცავებმა ქალზე ანიშნეს და ექიმმაც, სასწრაფოს გამოუძახეთ, მოწამვლის ნიშნებიაო. ყველა აირია, ვინ საით გარბოდა, არ იცოდა და ამ დროს... 

„მოვიხედე და რას ვხედავ? _ ჩვენი დაკავებული და ექიმი თავქუდმოგლეჯილები გარბიან. იარაღი ამოვიღე და ჰაერში გავისროლე, მათ ნაბიჯი არ შეუნელებიათ, პირიქით, კაცმაც იარაღი იშიშვლა და ჩვენი მიმართულებით გაისროლა. სანამ თავშესაფარს მოვძებნიდი, ჩემმა კოლეგებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს და კაცი უსულოდ დაეცა. ქალმა ერთი შეჰკივლა, კაცს გადაემხო და ძლივს ავაწიწკნეთ“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

„მე და ჩემმა ქმარმა თეატრალური ერთად დავამთავრეთ. ბოლო კურსზე ვიქორწინეთ და თეატრშიც მოვხვდით. ჩვენზე ნიჭიერი არავინაა, მაგრამ რეჟისორმა, თუ გინდათ როლები მოგცეთ, ჩემთან უნდა დაწვეო. უარი ვუთხარი, მაინც გასაქანს არ მაძლევდა და ბოლოს, ქმარმა ცხვირ-პირი გაუერთიანა. მგლის ბილეთით გამოგვიშვა რეჟისორმა და არავინ მიგვიღო სამსახურში. რა უნდა გვექნა? თავის რჩენა ხომ გვინდოდა, ჩვენ კი სხვა არაფერი ვიცოდით, ამიტომ მოხუცებივით გამოვეწყვეთ და ძარცვა დავიწყეთ. როგორც კი მეორე ძარცვისას, დიდი ფული მოვხსენით, გავჩერდით, მაგრამ მაინც გვიპოვეთ“, _ ეს არის ამონარიდი ქალის ჩვენებიდან. 

სასამართლომ მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იქიდან გამოსული დამლაგებლად მუშაობდა და თავს ისე ირჩენდა, შემდეგ კი საფრანგეთში წავიდა, იქ გათხოვდა და დღემდე იქ ცხოვრობს. 

„რაც შეეხება რეჟისორს, დამიჯერე, დღესაც უდიდესი პატივისცემით სარგებლობს, დღესაც დიდი გავლენა აქვს თეატრალურ სამყაროში და მხოლოდ კულუარებში თუ გაიგონებთ, რომ თავისი ხუშტურების გამო, არაერთი ნიჭიერი მსახიობი დაღუპა“, _ დაასრულა მოყოლა ბატონმა თენგიზმა.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში