Menu
RSS

მაიმუნობა გვამებით

ფეხმძიმემ ქმრის საყვარელი დანით მოკლა

რამდენიმე წელია, რუსთავ-თბილისის ავტობანი კეთდება და ბოლომდე არ დასრულებულა. გაგიკვირდებათ და, სწორედ ეს ტერიტორია იყო თბილისსა და რუსთავს შორის საჯილდაო ქვად ქცეული ანუ ამ ტერიტორიაზე, არცთუ იშვიათად ნახულობდნენ ადამიანების გვამებს. ძველი სამართალდამცავები ახლა ყვებიან, რომ გვამები აქ, თავად მოჰქონდათ ანუ მაგალითად, ნახეს გვამი, რომელსაც ეტყობა, რომ მკვლელობის გამოძიება ურთულესი იქნება. გადაწევდნენ 500 მეტრით და უკვე თბილისის თავში საცემი იყო ან პირიქით, რუსთავისკენ გადაწევდნენ და უკვე რუსთაველი სამართალდამცავების გამოსაძიებელი გახლდათ. ასეთ დროს, იკარგებოდა კვალი და საქმე იშვიათად იხსნებოდა. გვამების „დაგდება“, ზოგადად, საბჭოთა პრაქტიკა გახლდათ და მხოლოდ აქ არ მოქმედებდა. პირადად მაქვს ნანახი, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩაცმულობის მიხედვით უსახლკარო გარდაცვლილი როგორ გადაათრია თამარ მეფის გამზირის ერთი მხრიდან მეორეზე მილიციამ და როგორ გადავიდა დიდუბის საქმე ჩუღურეთის გამყოფილებაში.

„როცა ერთ დილით დამირეკეს და მითხრეს, რუსთავი-თბილისის გზატკეცილზე გვამიაო, მაშინვე ვიფიქრე, რომ რომელიმე მხარემ იმაიმუნა. მით უმეტეს, ექსპერტები ადგილზე მუშაობდნენ და ისიც თქვეს, სისხლის კვალი არ ეტყობა მიწას, არადა, გვამს ჭრილობა აქვსო. გაბრაზებული წავედი ადგილზე, მკვდარი ახალგაზრდა ქალი იყო და არ ეტყობოდა, რომ უპატრონო გახლდათ. ამიტომ, სასწრაფოდ რუსთავის განყოფილებაში მივედი და იქ თავი გაიგიჟეს, ჩვენ არ გადმოგვიგდია, დილით ვნახეთო ანუ გვამი ღამით მოიტანეს და დააგდეს. ბოლომდე არ ვენდე რუსთავს და ახლომდებარე მინდორი გულდასმით დავათვალიერეთ, მაგრამ სისხლის კვალი ვერსად ვნახეთ“, _ იხსენებს საქმეს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი და თან როგორ საქმეს? _ აღნიშნულ მკვლელობას გრიფით საიდუმლო ჩერნობილის კატასტროფის გამო დაედო. 

ბედის ირონიით, მილიციის მანქანა არ დაიქოქა და სამართალდამცავებმა ტაქსი გააჩერეს, რათა განყოფილებაში დაბრუნებულიყვნენ. ტაქსისტმა გარდაცვლილს თვალი ჰკიდა და ინსტიქტურად წამოიძახა _ „ჩემი კლიენტია“. 

რა თქმა უნდა, მილიციამ ტაქსისტი მაშინვე დაკითხვაზე წაიყვანა. 

„ამ ქალს, ბოლო ორი თვის განმავლობაში, კვირაში ორჯერ ვემსახურებოდი. ერთსა და იმავე დროს მივდიოდი რუსთავში, გაჩერებაზე, შემდეგ კი ახლომდებარე სოფელში მიმყავდა. უფრო სწორად, სოფლის განაპირას, რადგან სოფელში არასდროს შევყავდი, მგონია, რომ არ სურდა მენახა, კონკრეტულად რომელ სახლში მიდიოდა. ბოლოს, გუშინ დილით წავიყვანე“, _ განაცხადა ტაქსისტმა 

გარდაცვლილის სურათით ხელში, უბნის რწმუნებულმა მთელი სოფელი შემოიარა, მაგრამ ქალი ვერავინ იცნო. ყველა ამბობდა, რომ პირველად ხედავდა. არადა, ტაქსისტის სიტყვებში დაეჭვება ძნელი იყო, მას, უბრალოდ, ინტერესი არ ჰქონდა და არც აუტკივარ თავს აიტკივებდა. არადა, ადგილი, სადაც ტაქსისტი ქალს ტოვებდა, ისეთი იყო, ერთ მხარეს, რამდენიმე კილომეტრზე მინდორი ეკრა, მეორე მხარეს _ სოფელი. მინდორში, ქალი, კვირაში ორჯერ არ ივლიდა ანუ საიდუმლოს გასაღები სოფელში იყო. 

„დავადგინეთ ქალის ვინაობაც. ის რუსთავის სამშობიარო სახლში მუშაობდა და მართალია, გინეკოლოგი არ იყო, მაგრამ კოლეგები ამბობდნენ, მშობიარობის დამოუკიდებლად მიღება შეეძლოო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ სოფელში ვიღაცას ბავშვის ისე გაჩენა სურდა, რომ არავის გაეგო, მაგრამ ვინ იყო ეს ქალი? გადავამოწმეთ იქაურები ადგილობრივ კლინიკებში, მხოლოდ ოთხი ქალი იდგა აღრიცხვაზე, მაგრამ ოთხივე რეგულარულად, ოფიციალურ საავადმყოფოს სტუმრობდა, ოფიციალურ კვლევებს იტარებდა და ჩუმი კონსულტაცია არაფერში სჭირდებოდა“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

როცა დიდები დუმილს ამჯობინებენ, სჯობს, კითხვები ბავშვებს დაუსვათ. ამიტომ, გამომძიებელმა ქალის სურათი ჯიბეში ჩაიდო და სოფლის სტადიონზე მოთამაშე ბავშვებთან მივიდა. სურათი თავიდან ვერავინ ამოიცნო, მერე კი ერთმა ბავშვმა თქვა, ეს ქალი ჩემი მეზობლის მოტოციკლეტში ვნახეო. ბავშვმა თქვა, რომ ორიოდე კვირის წინ, სოფელში ფეხით მოდიოდა, როცა ეს ქალი იმ ადგილზე დაინახა, რომელსაც ტაქსისტი მიუთითებდა. ქალმა სახე თავშალით დამალა, შემდეგ კი მეზობლის მოტოციკლი მოვიდა, ქალი „კალიასკაში“ ჩაჯდა და მეზობელს გაჰყვა. მეზობელი ადგილობრივი საწყობის მუშა აღმოჩნდა. 

დაკითხვაზე მუშამ ყველაფერი უარყო, სისულელეა, რა ქალი, რის ქალი, ცოლი მყავს და ბედნიერი ვარო. სახლის ჩხრეკისას, სამართალდამცავებმა საინტერესო ვერაფერი იპოვეს, მაგრამ ეჭვმიტანილის ცოლი ორსულად იყო და დღე-დღეზე უნდა ემშობიარა. სამართალდმცავები მიხვდნენ, რომ სწორ კვალს ადგნენ, მაგრამ ვერ ხვდებოდნენ, რის გამო შეიძლებოდა მოეკლათ ქალი, რომელიც წყვილს აშკარად არაოფიცილურად ეხმარებოდა. მილიციამ ისიც გაარკვია, რომ ცოლ-ქმარი სამუშაოდ ჩერნობილში იმყოფებოდა და იქიდან ექვსი თვის დაბრუნებულები იყვნენ. მაშინ ჩერნობილში, საქართველოდან ათასობით ადამიანი იყო წასული და უმრავლესობამ რადიაციის გამო, სხვადასხვა დაავადება ჩამოიტანა, ბევრი დაიღუპა კიდეც, მაგრამ რა შუაში იყო ჩერნობილი და მეანის მკვლელობა, ვერ ხვდებოდნენ. 

რადგან სხვა ეჭვმიტანილი არ ჰყავდათ, სამართალდამცავებმა კაცი დააკავეს იმის იმედად, რომ მილიციაში სხვანაირად აჭიკჭიკდებოდა. 

„რა უნდა გვექნა? განყოფილებაშიც იგივეს იმეორებდა. ამბობდა, რომ ქალი არაოფიციალურად ეხმარებოდა, ცოლს გადაადგილება უჭირდა, ამიტომ ექიმი სახლში მოჰყავდა. მართალია, კანონით ეს აკრძალული იყო, მაგრამ მკვლელობას ვერ ვუკავშირებდით, თანაც არა ერთი და ორი ოჯახი სარგებლობდა ანალოგიური მომსახურებით და ასე ვთქვათ, ამაზე თვალს ვხუჭავდით, არ იყო ეს დიდი კრიმინალი“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

ერთი დღის შემდეგ, განყოფილებაში დაკავებულის მამა მოვიდა და გამოაცხადა: 

_ გაუშვით ჩემი შვილი, ექიმი მე მოვკალი! 

სამართალდამცავებმა პირი დააღეს და მართალია, კაცი დააკავეს, თუმცა მისი შვილი სახლში არ გაუშვეს. უკვე ცხადი იყო, რომ ქალი იმ ოჯახში მოკლეს, მაგრამ რატომ? რისთვის? 

„ჩერნობილიდან დაბრუნებულ ორსულ ქალებს მილიცია დასდევდა. მათ იძულებით აბორტს უკეთებდნენ, რადგან რადიაციის გამო, ბავშვები, ძირითადად, არასრულფასოვნები იბადებოდნენ. ამიტომ, რძლის ორსულობა დავმალეთ და გადავწყვიტეთ, სახლში ემშობიარა. მეანიც ვნახეთ და ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მოულოდნელად, სიჩუმის სანაცვლოდ, ქალმა 5 ათასი მანეთი მოითხოვა და ასეთი ფული არ გვქონდა. იძულებული გავხდი, მომეკლა და გვამი იქ დამეგდო, სადაც იპოვეთ“, _ ეს იყო ორსული ქალის მამამთილის ჩვენება, მაგრამ... 

გამოძიებას მისი ჩვენების არ სჯეროდა. ჯერ ერთი, ორსულ ქალებს არავინ დასდევდა და მეორეც, რამდენიმე დღეში, სამშობიაროს რომ ორსულ ქალს მიაყენებდნენ ყოველგვარი აღრიცხვის გარეშე, უფრო მეტი კითხვა გაჩნდებოდა. ძაღლის თავი სხვაგან იყო დამარხული და გამოძიება ვა-ბანკზე წავიდა. სამართალდამცავებმა მამამთილს უთხრეს, რომ მკვლელობა შვილმა აღიარა და მას სახლში უშვებდნენ. კაცი გადაირია, ატირდა და სულ სულელი ეძახა. მერე დაწყნრდა და... ქალი ჩემმა რძალმა მოკლაო, დამარცვლით თქვა. 

„საბოლოოდ, რძალი დავკითხეთ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. მას წოლითი რეჟიმი ჰქონდა და არ დგებოდა. ერთ დღეს, როცა მეანი მოვიდა და პროცედურები ჩაუტარა, გვერდით ოთახში გავიდა. ცოტა ხანში, ორსული ადგა და ოთახში შეიხედა. დაინახა, მკურნალი ექიმი და მისივე ქმარი როგორ ერთობოდნენ და გული წაუვიდა. როცა აზრზე მოვიდა, მეანმა უთხრა, ბავშვს რომ გააჩენ, სახლიდან გაგაგდებენ და შენი ქმარი ცოლად მე მომიყვანსო. შემდეგ ჯერზე, ორსულს უკვე დანა ედო ბალიშის ქვეშ და ერთი დარტყმით, მეანი ლოგინშივე მოკლა. მერე ოჯახმა მოიპალარაკა, რომ მკვდარს მინდორში დააგდებდნენ და ვერავინ ვერაფერს გაიგებდა, მაგრამ ასე არ მოხდა“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

იმის მიუხედავად, რომ ქალი ორსულად იყო, სასამართლომ მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მამამთლსა და ქმარს, დანაშაულის დაფარვის გამო, 3-3 წელი ერგოთ. ბავშვი კი ბავშვთა სახლში გადაიყვანეს და ციხიდან გათავისუფლებულ კაცს ის... გაშვილებული დახვდა.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში