Menu
RSS

მღვდელი, რომელმაც მეზობელი ოქროს საათის გამო მოკლა

იუველირის საიდუმლო ჟურნალი და გისოსებსმიღმა აღმოჩენილი ათობით კრიმინალი

არცთუ იშვიათადაა შემთხვევა, როცა მოზარდები სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის დაწყებას მაშინ წყვეტენ, როცა უსამართლობას წააწყდებიან. ისინი ფიქრობენ, რომ ყველაფერს უკეთესად გააკეთებენ და ფორმას იცვამენ. ზოგს გამოსდის, ზოგს _ ნაკლებად, მაგრამ უსამართლობის შეგრძნება ძალიან, ძალიან მძიმე და ცუდი მისაღებია.

„მილიციაში წასვლა ბავშვობიდან მინდოდა, ფორმა მომწონდა, მაგრამ როცა 14 წლის ასაკში, მამაჩემის მეგობარი, ჩვენი მეზობელი კაცი მოკლეს, მაშინ დავიფიცე, რომ მის მკვლელს ვიპოვიდი. ის სადარბაზოში დანით მოკლეს, ჯიბიდან, დაახლოებით, 200 მანეთი და ოქროს საათი წაიღეს. საათი მამაჩემმა აჩუქა, უფრო ზუსტად, გამოართვა და სპილენძის გრავირება გაუკეთა, სადაც მისი სახელი, თარიღი და იუბილეს მილოცვა ეწერა. სამწუხაროდ, სამართალდამცავებმა ვერც საათი იპოვეს, ვერც _ მკვლელი და ეს საქმე მილიციაში მუშაობის დაწყების პირველივე დღეს გამოვითხოვე, მაგრამ არ მომცეს. ჯერ ერთი, ათ წელზე მეტი იყო გასული და მეორეც, არ მქონდა შესაბამისი ჩინი, რომ ძველი საქმეები მექექა“, _ ასე იწყებს თხრობას ბატონი თენგიზი და იმ ისტორიას იხსენებს, რომელმაც ფორმის ჩაცმისკენ უბიძგა. 

დღეს მარტივად შეიძლება ძვირფასეულობის ჩაბარება. ამასთან, ოფიციალურად თუ არაოფიციალურად, ოქროსა და ძვირფას თვლებსაც იოლად გაასაღებთ. ეს კი არადა, თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ოქროს ნაკეთობის გადადნობა და „ჯართად“ ჩაბარება ნებისმიერს შეუძლია. ადრე კი ასე არ იყო, სადნობ აპარატთან წვდომა ოქრომჭედელს ჰქონდა, მათ შორის ისეთებიც იყვნენ, რომლებიც კრიმინალთან თანამშრომლობდნენ და ხელს უწვდიდნენ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი „ოქრომჭედელი“ ნახეს საკუთარ სახლში მოკლული და მისი ბინა გასუფთავებული. 

„საქმეზე უხალისოდ გავედი. ის კრიმინალებისთვის მუშაობდა და, როგორც ჩანს, რომელიმე მათგანმა მოკლა. ასაკოვანი კაცი იყო და ახლა მე უნდა მეძებნა, ათეულობით კრიმინალიდან, რომელი იყო მკვლელი, მით უმეტეს, რომ ის თავისი საქმის პროფესიონალი ჩანდა, რადგან სახლში თითის ანაბეჭდები, პრაქტიკულად, არ იყო“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

ბინის ჩხრეკის შედეგად, ერთი ძვირფასი მეტალიც კი ვერ იპოვეს ანუ მკვლელმა ოქროს გარჩევაც კარგად იცოდა და ყველაფერი წაიღო. დარჩენილი ნივთების გადარჩევისას კი... 

„ხის ყუთში ჩაყრილი რაღაც დეტალების გადარჩევა დავიწყე და თვალთ დამიბნელდა: ყუთის ფსკერზე, ოქროს საათის ის სპილენძის გრავირება ეგდო, რომელიც მამაჩემმა თავის ძმაკაცს საათზე გაუკეთა. წარწერაც ემთხვეოდა ანუ... ეს იმას ნიშნავდა, რომ თავის დროზე, მკვლელმა ოქროს საათი სწორედ ამ იუველირს მიუტანა, მან ოქრო გადაადნო, სპილენძი კი, უბრალოდ, ყუთში შეინახა. ახლა ის მკვდარი იყო და ვერაფერს მეტყოდა. მკვლელი რომც მეპოვა, გამორიცხული იყო სცოდნოდა, დაახლოებით, 20 წლის წინ, ამ იუველირს ოქროს საათი ვინ მიუტანა, მაგრამ მკვლელიც უნდა მეპოვა და რაც მთავარია, უნდა მეპოვა ყველა, ვისაც კი ოდესმე კავშირი ჰქონდა ამ იუველირთან. რა თქმა უნდა, ამის დრო არ მქონდა, ამიტომ მინისტრის მოადგილესთან წავედი და ვთხოვე, ყველა საქმე აეცილებინა და ამისთვის ორი თვე მოეცა. პარალელურად, დავპირდი, რომ ყველა კრიმინალს ვიპოვიდი და დავსჯიდი, ვინც კი ოდესმე, გარდაცვლილ იუველირთან ნაქურდალს აბარებდა. მინისტრის მოადგილე დამთანხმდა“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

რამდენიმე კრიმინალი მეორე დღესვე დააკავეს, თუმცა შედეგი ნული იყო. ისინი კი ამბობდნენ, რაღაცები მიგვქონდა, მაგრამ მოპარული _ არა და რაც მთავარია, მასთან ოქროს „ჯართის“ ჩასაბარებლად, საბჭოთა კავშირის, ლამის, ყველა ქვეყნიდან ჩამოდიოდნენო. 

გამოძიება ჩიხში შევიდა. ისიც გაირკვა, რომ მკვლელს კრიმინალებიც ეძებდნენ, რადგან ქალაქში ყველაზე სანდო იუველირის მოკვლა, მათ წისქვილზე წყალს აშკარად არ ასხამდა. 

კიდევ ერთი კრიმინალის დაკავების შემდეგ, იმედი გაჩნდა, რომ რაღაც გაირკვეოდა. როგორც დაკავებულმა აღნიშნა, ხანდახან, იუველირთან დღეში ოცი ადამიანი ტოვებდა ოქროს და ისიც უკლებლივ ყველას, ბოლო კაპიკამდე უხდიდა, მხოლოდ პროცენტს იტოვბდა ანუ იუველირს ზუსტად უნდა სცოდნოდა, ვისთვის რამდენი გრამისთვის უნდა გადაეხადა და დღეში 20 კაცის დამახსოვრება მარტივი არ იქნებოდა. სავარაუდოდ, არსებობდა ჟურნალი, რომელშიც იუველირი კლიენტების გვარებსა და მონაცემებს იწერდა. ამიტომ, სახლის ხელმეორედ ჩხრეკა გადაწყდა. 

„შეიძლება ითქვას, სახლი ფიცარ-ფიცარ დავშალეთ და სამალავს კედელში მივაგენით. ერთი პატარა, უმნიშვნელო ნახვრეტი იყო, სადაც გასაღები შედიოდა, იქ კი ტყავის ჩანთაში, ჟურნალების მთელი დასტა იდო. სწორედ ამ ჟურნალებში ეწერა, ვინ როდის და რამდენი მოუტანა. რაც მთავარია, ეს ჟურნალი ათეულ წლებს ითვლიდა. ძველი ჟურნალები იუველირს გადაყრილი არ ჰქონდა და მის ხელში, ნახევარ ტონაზე მეტ ნაქურდალ ოქროს ჰქონდა გავლილი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იმ პერიოდით დავინტერესდი, როდესაც ჩემი მეზობელი მოკლეს და... იმ წლების ჟურნალი ჩანთაში იყო“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

საქმე ის გახლდათ, რომ ჟურნალში აღნიშვნები, ძირითადად, მეტსახელებით იყო. შესაბამისად, კრიმინალების მოძიება გაჭირდებოდა, რადგან იუველირს ზოგისთვის, სავარაუდოდ, მის მიერვე შერქმეული სახელი ჰქონდა მიწერილი, ზოგისთვის _ მხოლოდ ინიციალები. 

„ის წელი დეტალურად გავიარე და აღმოვაჩინე, რომ ვიღაცამ ზუსტად ისეთი ოქროს საათი მიუტანა და დატოვა, სანაცვლოდ კი გარკვეული თანხა მიიღო. საათის ჩამბარებლის გვერდით, მხოლოდ ინიციალები ეწერა. გული ჩამწყდა, მაგრამ სიას გავყევი და იგივე ინიციალები რამდენჯერმე განმეორდა ანუ აქტიურ კრიმინალთან მქონდა საქმე, მაგრამ გაოცება იმან გამოიწვია, რომ ის კაცი ხან ოქროს აბარებდა, ხან _ ბრილიანტს და ხანაც _ უბრალოდ, ჭურჭელს. ვიფიქრე, საქმე ბინის ქურდთან მქონდა, მაგრამ ბინის ქურდები თითქმის არასდროს კლავენ, ისინი ქურდები არიან და მორჩა. ბოლო ათი წლის განმავლობაში, ეს ინიციალები არცერთ ჟურნალში აღარ მხვდებოდა ანუ ის ან მოკვდა, ან ქურდობას თავი დაანება, რაც გამორიცხული იყო“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

კრიმინლებში ანალოგიური ინიციალებით ერთი კაციც კი ვერ მოინახა და გამომძიებელმა ოჯახს მიაკითხა. ჯერ მამას ჰკითხა, ასეთი ინიციალებით ვინმე ხომ არ გახსენდებაო და შემდეგ, გარდაცვლილის ცოლთან მივიდა. მამამაც და მისი მეგობრის მეუღლემაც მხოლოდ ერთი კაცი გაიხსენეს და ის მათი მეზობელი იყო, რომლის კვალის მოძებნაც გამოძიებას არ გასჭირვებია, ის მღვდლად იყო აღკვეცილი. ბატონი თენგიზი მღვდელს ეკლესიაში დაადგა. 

„როცა საათის ის ნაწილი ვაჩვენე, რომელიც გადარჩა, მღვდელი გაფითრდა და მივხვდი, მკვლელი ის იყო. იქ აღარაფერი მითქვამს, განყოფილებაში წავიყვანე და მოყოლა გზაში დაიწყო. თურმე, ახალგაზრდობაში თამაშობდა და ბევრ ფულს აგებდა, ბევრსაც იგებდა. იმ დღეს „თავანი“ ჰქონდა ჩასაბარებელი და ფული ვერსად იშოვა. სახლში დაბრუნდა, რომ რამე წაეღო და გაეყიდა, თუმცა ძველებური ხანჯლის მეტი ვერაფერი ნახა. სახლიდან რომ გამოვიდა, მეზობელი დაინახა, რომელსაც ხელზე ოქროს საათი ეკეთა და მერე აღარაფერი ახსოვს, მხოლოდ მაშინ მოვიდა აზრზე, როცა იუველირმა ფული ჩაუთვალა. მთელი ცხოვრება მაწვალებდა ეს მკვლელობა, მღვდლობაც იმიტომ გადავწყვიტე, მთელი ცხოვრება მელოცა, მაგრამ მოკლული მოსვენებას არ მაძლევდა, მესიზმრებოდა და რომ არ დაგეჭირეთ, ჩემით მოვიდოდიო. 

რა თქმა უნდა, არ დავუჯერეთ, მით უმეტეს, იმ მკვლელობის შემდეგ, არაერთი ნივთი ჰქონდა ჩაბარებული. საბოლოო ჯამში, იმ ჟურნალებით ძალიან ბევრი საქმე გაიხსნა და 22 კაცი პასუხისგებაში მივეცით“, _ გვიყვება ბატონი თენგიზი. 

მკვლელს სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და იმის მიუხედავად, რომ მესამე თვეს, საკუთარ საკანში, მღვდელი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს, ბატონი თენგიზი შვილიშვილებს იფიცება, მე არაფერ შუაში ვარ, სავარაუდოდ, კრიმინალებმა „გაასაღეს“, რადგან სწორედ მის გამო მივყევი ამ საქმეს დეტალურად და ათეულობით კაცი დავიჭირეო.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში