Menu
RSS

16 წლის ბიჭმა დედა მოკლა

შემზარავი ტრაგედიის დეტალები

როცა რამდენიმე ნასამართლეობა გაქვს და არასაჭირო დროს, არასაჭირო ადგილზე აღმოჩნდები, ძალიან ძნელია, სამართალდამცავები დაარწმუნო, რომ დამნაშავე არ ხარ, მით უმეტეს, თუ ჩადენილი დანაშაული ზუსტად ემთხვევა იმას, რის გამოც მანამდე სასჯელი მოიხადე. ვაღიაროთ, რომ ასეთ შემთხვევებში, მილიციას უამრავი ადამიანი ტყუილად „გაუპრესია“ და შემდეგ, სიმართლე გარკვეულა, თუმცა ნაცემ-ნაგვემი ადამიანებისთვის ბოდიში არავის მოუხდია და მათ აბსოლუტურ უმრავლესობას, შეურაცხყოფისთვის არც სამართლებრივად უბრძოლია. მათთვის ისიც საკმარისი იყო, რომ ძალოვანები შეეშვნენ.

„რამდენიც უნდა ვამტკიცოთ, რომ სამართალდამცავები ჩვენების მისაღებად ძალას არასდროს იყენებდნენ, არავინ დაიჯერებს. ჯერ ერთი, ეს არცთუ იშვიათი იყო და მეორეც, ხანდახან აუცილებელია ეჭვმიტანილს წამოარტყა, საუბრის სურვილი რომ გაუჩნდეს... ძირითადად, სტაჟიანი კრიმინალები იპრესებოდნენ ხოლმე და ისიც იმიტომ, რომ უბანში მომხდარი დანაშაული ეღიარებინათ. თუ მისი გაკეთებული არ იყო, არ დაიბრალებდა, თუ არადა, მეორე, მესამე წამორტყმაზე აღიარებდა“, _ ასე უცნაურად დაიწყო თბილისში, ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის მოყოლა პოლიციის გადამდგარმა პოლკოვნიკმა, ბატონმა თენგიზმა. 

„სანზონაში“, ერთ-ერთ კორპუსში, შინ დაბრუნებულმა 16 წლის ბავშვმა, დედა იატაკზე მკვდარი აღმოაჩინა და მაშინვე მეზობელთან გაიქცა ყვირილით, დედა მომიკლესო. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს საზარელი სურათი დახვდათ _ ქალი სისხლის გუბეში ცურავდა და მოგვიანებით, ექსპერტმა დაასკვნა, რომ 4 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, დანაც იქვე ეგდო და ოთხივე დარტყმა ქალს ზურგის მხრიდან, მიპარვით მიაყენეს, თუმცა საინტერესო ის გახლდათ, რომ კარის საკეტი გატეხილი არ იყო ანუ ქალმა მკვლელი სახლში თავად შეუშვა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მკვლელს, მინიმუმ, პირველად არ ხედავდა. 

 

ერთ საათში, სამართალდამცავებმა ძებნა გარდაცვლილის ქმარზე გამოაცხადეს და საამისოდ ყველანაირი საფუძველი ჰქონდათ. 

„გარდაცვლილი 17 წლის ასაკში გათხოვდა, შვილი მალე ეყოლა და ქმარზე მზე და მთვარე ამოსდიოდა. ერთ დღეს, მეუღლე რუსეთში მივლინებით წავიდა და იქიდან აღარ დაბრუნებულა. ცოლს წერილი მოსწერა, ჩემი ნამდვილი სიყვარული აქ ვიპოვეო, სასამართლოს საშუალებით დაშორდა და მას შემდეგ, საქართველოში ფეხი აღარ ჩამოუდგამს. გარდაცვლილმა კაცების მოდგმა შეიძულა, მაგრამ სამი წლის წინ, ციხიდან გამოსული კაცი გაიცნო. ვერ გეტყვით, რით მოიხიბლა, მაგრამ ფაქტია, მასთან რომანი გააბა და ამ კაცსაც მეტი რა უნდოდა _ სახლი, კარი და ქალი. სამწლიანი რომანი ქორწინებით უნდა დასრულებულიყო, წყვილს განცხადება შეტანილი ჰქონდა და აგერ, ეს უბედურება მოხდა. ეჭვი კი მასზე იმიტომ მივიტანეთ, რომ პირველი სასჯელიც კაცმა ცოლის მკვლელობისთვის მოიხადა _ ეჭვიანობის ნიადაგზე, პირველ მეუღლეს ყელი გამოჭრა და ციხეში 15 წელი გაატარა“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

ციხეში გატარებული 15 წლის მიუხედავად, ეჭვმიტანილი სამართალდამცავთა ყურადღების ცენტრში აღარ მოხვედრილა. ფიზიკურად მუშაობდა და მუშაობდა ყველგან, სადაც კი შეეძლო _ მტვირთავად, მენაგვედ, თუმცა პირველი ცოლის მკვლელობამდეც არ იყო შემჩნეული კრიმინალში, მაგრამ ისე ჩანდა, პათოლოგიური ეჭვიანი გახლდათ, თანაც მკვლელობის იარაღი, რომელიც სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე იპოვეს, ეჭვმიტანილის ხელით იყო გაკეთებული. ეს „ხელოვნება“ ციხეში შეესწავლა. გარდაცვლილის შვილმაც დაადასტურა, რომ ბოლო დროს, მამინაცვალი აშკარა აგრესიით გამოირჩეოდა და დედას რამდენჯერმე ფიზიკურადაც შეეხო. სამაგიეროდ, მეზობლები ამბობდნენ, ჩხუბი და აყალ-მაყალი არ გაგვიგია, მაგრამ როგორც მკვლელობისთვის ნასამართლევს, მაინც ვერიდებოდითო. 

ძებნამ შედეგი არ გამოიღო. ეჭვმიტანილი არც სამუშაოზე ცხადდებოდა, არც _ ნაცნობ-მეგობრებში. მილიციამ მოწმეც იპოვა, რომელმაც დაინახა, როგორ გამოვარდა კაცი სადარბაზოდან და ეს დრო, ერთი-ერთში ემთხვეოდა მკვლელობის სავარაუდო დროს. 

სამართალდამცავებმა ძებნის რადიუსი გააფართოვეს, მისი თანასაკნელების საცხოვრებლების თვალთვალი დაიწყეს, შეამოწმეს ყველა, ვისთანაც „ზონაზე“ მეგობრობდა, თუმცა შედეგი _ ნული. სამაგიეროდ, გარდაცვლილის შვილი მივიდა განყოფილებაში და განაცხადა, რომ მამინაცვალს თვალი მოჰკრა. ბავშვი ამბობდა, სწორედ მე მითვალთვალებდაო. 

ბავშვი აშკარად შეშინებული იყო და მილიცია დაპირდა, რომ დაიცავდა _ უკან, მინიმუმ, სამი თანამშრომელი გაჰყვებოდა და გააკონტროლებდა. მეექვსე დღეს, მამინაცვალი მაშინ დააკავეს, როცა გერს სადარბაზოში შეჰყვა. 

„პირველივე დაკითხვაზე, დაკავებულმა ისე მტკიცედ თქვა, მკვლელი არ ვარო, რომ მივხვდი, ნებით არაფერს იტყოდა. ამიტომ, ოთახიდან გავედი და ის ადგილობრივ „პალაჩებს“ დავუტოვე. სამდღიანი „დამუშავების“ შემდეგ, ჩემთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა და დარწმუნებული ვიყავი, აღიარებით ჩვენებას მომცემდა. მან კი გარიგება შემომთავაზა“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

ეჭვმიტანილის იდეა ასეთი იყო: ის ამტკიცებდა, რომ დარწმუნებული იყო, მკვლელის ვინაობა იცოდა, ოღონდ სავარაუდო მკვლელი მილიციას უნდა დაეპატიმრებინა, დაეპირისპირებინა, ორივეს მსუბუქად მიწოლოდა და შემდეგ ეთქვა, რომ ორივეს უშვებდა, რადგან მტკიცებულება არ ჰქონდა. მთავარი ინტრიგა ის იყო, რომ დაკავებული... გარდაცვლილი ქალის შვილის ანუ საკუთარი გერის დაკავებას ითხოვდა და ამბობდა, რომ მისი ცოლი თუ საცოლე, სწორედ შვილმა მოკლა. 

„ბევრი ფიქრისა და ზემდგომებთან შეთანხმების შემდეგ, ბავშვი დავაკავეთ და ჯერ ცალკე დავკითხე. დედის მკვლელობის ბრალდება რომ წავუყენე, მაშინვე ვინანე, ლამის გაგიჟდა, როგორ ბედავთო. მერე, მამინაცვალთან დავაპირისპირე, ეს გადებს ხელს-მეთქი და სულ გადაირია, ამ მკვლელს როგორ უჯერებთო. მერე ვთქვი, ორივეს გიშვებთ, ვერ გიმტკიცებთ-მეთქი და მამინაცვალი ფეხზე წამოდგა, ბორკილები შემხსენითო. აი, მანდ დაიწყო, რაც დაიწყო: გერი ატირდა, არ გაუშვათ, მომკლავს, ამის გამო გავიმეტე დედაო. გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა და მაშინ პირველად დავფიქრდი, რამხელა მნიშვნელობა აქვს, როგორ ზრდი შვილს“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

 

როგორც მკვლელობაში ეჭვმიტანილმა, 16 წლის ბავშვმა მოყვა, ის მთელი ცხოვრება განებივრებული იყო. დედა ყველა სურვილს უსრულებდა, ჰქონდა საუკეთესო სათამაშოები, საუკეთესო ტანსაცმელი, ვიდეო-მაგნიტოფონიც კი, რომელიც რაღაც გზებით უყიდა დედამ და ამ დროს გამოჩნდა კაცი, რომელსაც დედა ყურადღებას უთმობდა. როცა უთხრეს, რომ ხელი უნდა მოეწერათ და შვილის გაჩენასაც აპირებდნენ, მიხვდა, ბედნიერი ცხოვრება დასრულდა. იმ დღეს დედას ეკამათა და სთხოვა, რომ გადაეფიქრებინა, მაგრამ ქალი ეუბნებოდა, შენ უკვე დიდი ხარ, მალე ცოლს მოიყვან, მე სულ მარტო დავრჩებიო და ამ საუბარში, ბიჭი დანის ასაღებად გავიდა, შემობრუნდა და ზურგით მდგარ დედას ოთხჯერ დაარტყა. მერე ანაბეჭდები წაშალა და ივარაუდა, რომ ცოლის მკვლელობაში ერთხელ ნასამართლევი მამინაცვალი, იდეალური ეჭვმიტანილი იქნებოდა. თავის მხრივ, მამინაცვალიც მიხვდა, ვინ იყო მკვლელი და მისი დევნა დაიწყო, რათა დაეჭირა და აღიარება მიეღო. 

სასამართლომ 16 წლის მოზარდს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მას გარეთ 90-იანი წლები დახვდა, თავადაც იარაღი აიღო ხელში, რომელიღაც საძმოს წევრი გახდა და ერთ-ერთი გარჩევისას მოკლეს.

ბათო ჯაფარიძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში