Menu
RSS

ძიძამ 6 წლის ბავშვი გაიტაცა

„ფული დატოვე იქ, სადაც მომკალი!“ _ საქმე, რომელმაც მთელი საბჭოთა მილიცია ფეხზე დააყენა

სამწუხაროდ, 90-იან წლებში, საქართველოში ადამიანების გატაცება მოდური გახდა. გამოსასყიდის მიღების მიზნით, იტაცებდნენ ყველას _ ქალს, კაცს და არცთუ იშვიათად, ბავშვებსაც. ეს კი არა და, რამდენიმე ბავშვი, რომლებიც მაშინ გაიტაცეს, დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება და უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი კრიმინალებმა, უბრალოდ, მოკლეს. ასევე, არცთუ იშვიათი იყო შემთხვევა, როცა გატაცებულის თითს, ყურს ან ორივეს ერთად, უგზავნიდნენ ოჯახის წევრებს, რათა გამოსასყიდი სრულად და დროულად მიეღოთ. აი, კომუნისტების დროს კი ადამიანის გატაცება თითქმის უპრეცედენტო მოვლენა გახლდათ. წლები ისე გადიოდა, რომ ამის გაკეთებას გამოცდილი კრიმინალებიც ვერ ბედავდნენ, რადგან ასეთ დროს, მხოლოდ ადგილობრივი კი არა, არამედ, საკავშირო მილიციაც ფეხზე დგებოდა და გამტაცებელს გადარჩენის მიზერული შანსი რჩებოდა.

„ივნისის ბოლოს ქალაქი იცლებოდა, ყველა დასასვენებლად მიდიოდა და დანაშაულიც, ძირითადად, ზღვისპირა კურორტებზე „ინაცვლებდა“. ჰოდა, ყველაზე მეტად, სწორედ ეს პერიოდი მიყვარდა _ კვირიდან კვირამდე შემთხვევები თითქმის არ იყო და ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა, როცა ივნისის ბოლო დღეს, განყოფილებაში ქალი შემოვარდა კივილით, ბავშვი მომტაცესო. თავიდან ვიფიქრე, ალბათ, ბავშვი დაიკარგა და მალე ვიპოვით-მეთქი, მაგრამ როცა გაირკვა, რომ ქალი ერთ-ერთი დიდი ქარხნის დირექტორის ცოლი იყო, შევშინდი. უკვე გაჩნდა მოტივი და მართალია, მთელი საბჭოთა კავშირი „პატიოსნად“ ცხოვრობდა, მაგრამ რამდენიმე ათეული ათასი მანეთი ნებისმიერ დირექტორს ჰქონდა გადანახული. 1985 წელი იდგა და შესაბამისად, საბჭოთა მილიცია ჯერ კიდევ მოწოდების სიმაღლეზე იყო. მალე განყოფილებაში დირექტორიც მივიდა, რომელმაც მაგიდაზე წერილი დადო. „50 ათასი მანეთი შეაგროვე და ერთ დღეში გეტყვი, სად უნდა მოიტანო“ _ გაზეთიდან ამოჭრილი ასოებით ეწერა წერილში“, _ ასე იწყებს ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ისტორიის მოყოლას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი. 

რა თქმა უნდა, პირველ რიგში, საქმის კურსში შს მინისტრი ჩააყენეს, შემდეგ კი ოპერატიული ღონისძიებები დაიწყო. რაც მთავარია, არსებობდა მოწმე, გატაცებული ბავშვის თანატოლი, 6 წლის ბიჭი, რომელიც გატაცებულთან ერთად, ეზოში თამაშობდა. მისი მონაყოლიდან გაირკვა, რომ ბავშვებთან უცხო კაცი მივიდა და უთხრა, რომ ნაყინს უყიდდა, თუმცა ნაყინის ყიდვა მხოლოდ გატაცებულს შესთავაზა. დირექტორის შვილი დასთანხმდა და, ნაყინის ხათრით, უკან ეს ბავშვიც გაჰყვა, თუმცა ეზოდან გასვლის შემდეგ, კაცი ბავშვს მოუბრუნდა და უთხრა, ეზოში დაბრუნდი, თორემ შეგჭამ, მე კაციჭამია ვარო. ესეც შეშინებული შემობრუნდა, ის კაცი და დირექტორის შვილი კი გაქრნენ. 

„დავიწყეთ სადარბაზოს თვალთვალი, რადგან წერილი, რომელიც დირექტორმა მიიღო, მის საფოსტო ყუთში იყო ჩაგდებული. მეორე დღეს კი მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა და მილიციამ საქმე გახსნილად ჩათვალა: 

ის ბავშვი, რომელიც გადარჩა, ტელევიზიის წინ, დედასთან ერთად, გზაზე გადადიოდა. იქვე მუშა ბარდიურებს ღებავდა და მისი დანახვის შემდეგ, ბავშვმა დედას უთხრა _ აგერ, ეს არის კაციჭამია, ამან წაიყვანა ჩემი მეგობარი ნაყინზეო. ახლაც მიკვირს, პოტენციურ გამტაცებელს როგორ ეცა ის ქალი და როგორ არ დარეკა მილიციაში. ქალი კაცს მხრებში ჩააფრინდა და ყვირილი დაიწყო, მიშველეთ, დამნაშავე დავიჭირეო. გამვლელებმა ერთ წუთში გაკოჭეს მუშა და მილიციაში კარგი ნაცემიც მოგვიყვანეს. ბავშვის ასაკის მიუხედავად, ზუსტად ვიცოდით, რომ ჩვენს წინ, სწორედ გამტაცებელი იჯდა, რადგან სახეც წაშლილი ჰქონდა და თქვა კიდეც, ბავშვი მე წავიყვანეო. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს არ იცოდა, რისთვის გაიყვანა ბავშვი ეზოდან და რომ ვუთხარი, გამტაცებლები ანუ თქვენ, 50 ათას მანეთს ითხოვთ-მეთქი, აშკარად გაოცდა. მერე გვთხოვა, საკანში წამიყვანეთ, ცოტა აზრზე მოვალ და ჩვენებას მოგცემთო... წავიყვანეთ. 

ნახევარ საათში, თანამშრომელი შემოვარდა ყვირილით, დაკავებულმა თავი ჩამოიხრჩოო. ხარისხიანს აკეთებდნენ ყველაფერს კომუნისტები და იმ კაცსაც ტრუსის რეზინით ჰქონდა თავი ჩამომხრჩვალი. კინაღამ გავგიჟდი, ერთადერთი და თან როგორი ეჭვმიტანილი, ხელში ჩამაკვდა“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

დირექტორმა უკვე სამსახურში მიიღო მეორე წერილი, სადაც გარკვევით ეწერა, რომ მას ფული ბანდეროლით უნდა გაეგზავნა კონკრეტულ მისამართზე, „ფოსტაში მოკითხვამდე“. მისამართი... დირექტორის იყო ანუ მას, საკუთარ სახელზე უნდა გაეგზავნა 50 ათასი მანეთი, „ფოსტაში მოკითხვამდე“. ბანდეროლში ფულის ზომაზე დაჭრილი ფურცლები ჩავდეთ და გავაგზავნეთ. გავაფრთხილეთ ფოსტის თანამშრომელი, რომელიც ყურადღებით უნდა ყოფილიყო, ფოსტაში კი ჩვენი ბიჭები მორიგეობდნენ, ოღონდ ისე, თვალში რომ არავის მოხვედროდნენ. ისინი შედიოდნენ, წერილს აგზავნიდნენ და გამოდიოდნენ. ერთი და იგივე სახეები რომ არ მყოლოდა, სხვადასხვა განყოფილებიდან 50-ზე მეტი კაცი დავიმატე, მაგრამ რად გინდა, გავიდა ერთი დღე, ორი, ათი... ჰო, ათი, ორი კვირა გავიდა და არავინ გამოჩენილა. ამ დროს დირექტორმა მორიგი წერილი მიიღო, სადაც ეწერა, ეგ ფურცლები უკან გაიკეთე, თუ ფულს არ მოიტან, შვილს დაკარგავო და ფულის მიტანის ადგილი საინტერესოდ იყო აღნიშნული _ „ფული დატოვე იქ, სადაც მომკალი“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

მილიცია ჯერ ფოსტაში გავარდა და გაოცდა, როცა აღმოაჩინა, რომ ბანდეროლი გახსნილი იყო ანუ ვიღაცა ფოსტაში შევიდა, ბანდეროლი გახსნა, ნახა, რომ ფურცლები იყო, დატოვა და გამოვიდა. ამ დროს იქ მუდმივი მეთვალყურე იმყოფებოდა და ამას დაუმატეთ თანამშრომელი ქალი, რომელიც, ასევე, ელოდებოდა ვიზიტორს. გამოძიებამ ფოსტის თანამშრომელთა შესწავლა დაიწყო, მაგრამ ხელჩასაჭიდი ვერაფერი ნახა. არც დირექტორი გატყდა, არავინ მომიკლავს, რა სისულელეა, წარმოდგენა არ მაქვს, ფული სად უნდა დავტოვოო. რომც მომეკლა, მკვდარი წერილს როგორ დაწერდაო, _ აქეთ გვაწვებოდა ბავშვის მამა და ამ ლოგიკით, მართალი იყო,“ _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

სამართალდამცავებმა დირექტორის თვალთვალიც დაიწყეს და შედეგიც მიიღეს. წერილის მიღებიდან მესამე ღამეს, დირექტორის კორპუსიდან ვიღაც კაცი აჩქარებული ნაბიჯით გამოვიდა. ულვაშსა და წვერზე ეტყობოდა, რომ დირექტორი არ იყო, მაგრამ ოპერმუშაკი, რომელიც სახლს უთვალთვალებდა, მაშინვე მიხვდა, რაღაც ხდებოდა. ამ ხნის განმავლობაში, მან კორპუსის ყველა მაცხოვრებელი შეისწავლა და ასეთი აღნაგობის კაცს პირველად ხედავდა. ამიტომ, უცხო მამაკაცს უკან გაჰყვა და არც შემცდარა _ ის დირექტორის „გარაჟთან“ გაჩერდა, გააღო, დირექტორის ავტომობილში ჩაჯდა და წავიდა. ოპერმუშაკები უკან მიჰყვნენ, მალე დედაქალაქი დატოვეს და გეზი მცხეთისკენ აიღეს. მცხეთის გასასვლელში მდგარ „გაიშნიკებს“ განყოფილებაში დაარეკინეს და მომხდარის შესახებ გამოძიებას უამბეს. 

„მცხეთიდან ფოსტის დამლაგებელია“, _ თქვა ერთ-ერთმა ოპერმუშაკმა და ყველა მიხვდა, რომ სწორ კვალს ადგნენ. მანქანა ტყეში შევიდა და ისეთ გზებზე დაიწყო სიარული, თანამშრომლები ფეხითაც მარტივად მიჰყვნენ. მალე ავტომობილი გაჩერდა, იქიდან უკვე უწვერულვაშო დირექტორი გადმოვიდა, ჩანთა აიღო და ტყის სიღრმეში შევიდა. ორმოციოდე მეტრის გავლის შემდეგ, დირექტორმა ჩანთა ერთი ხის ძირში დადო, თავად კი მოშორებით, ათ მეტრში დაიმალა. 

სამართალდამცავებიდან ერთი ადგილზე დარჩა, მეორე უკან გაბრუნდა და დაახლოებით, ნახევარ საათში, ტერიტორია ალყაში იყო, ოღონდ ისე, რომ დირექტორს არაფერი შეუმჩნევია. ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ, ქალის სილუეტი გამოჩნდა. ის ფრთხილად მივიდა იმ ადგილამდე, სადაც დირექტორმა ჩანთა დადო, გახსნა, დარწმუნდა რომ შიგნით ფული იყო და უკან დაბრუნებას აპირებდა, როცა სამალავიდან გამოსული დირექტორი თავზე დააცხრა და იარაღი დაადო. საქმეში სამართალდამცავები ჩაერივნენ და ორივე ადგილზე დააკავეს. 

„ამათთან ძიძად ვმუშაობდი. ბავშვს ორი თვიდან, პრაქტიკულად, მე ვზრდიდი, არც დედას ეცალა და არც _ მამას, ბავშვს ძალიან ვუყვარდი. ასე გავიდა 6 წელი. შემდეგ დედაჩემი გახდა ცუდად, მცხეთაში ვცხოვრობ და ვერ ვახერხებდი, იქაც ვყოფილიყავი და აქაც. ვთხოვე, ერთი დღით გამათავისუფლეთ, დედა ძალიან ცუდად არის-მეთქი. უარი მითხრეს, დღეს რესტორანში მივდივართ და ბავშვი უნდა დაიტოვოო. ამიტომ, როცა წავიდნენ, ბავშვი მცხეთაში წავიყვანე. გვიან ღამით დირექტორი ძალიან ნასვამი მოვარდა, მიყვირა, მიღრიალა, ბავშვი მანქანაში ჩაისვა და მეც ჩამსვა, გზაზე ტყეში, იმ ადგილზე გააჩერა, სადაც ფული დავატოვებინე, გადმომიყვანა, საქმე მაქვსო და თავში სამჯერ ჩაქუჩი ჩამარტყა. გავითიშე, ამას ეგონა, რომ მოვკვდი და იქვე დამაგდო. როცა აზრზე მოვედი, გზამდე ძლივს გავფოფხდი, იქ მიპოვეს და გადამარჩინეს. საჩივარი არ შევიტანე, რადგან ვიცოდი, სამართალს ვერ ვიპოვიდი. ახლა კი, როცა დედაჩემს სასწრაფო ოპერაცია და დიდი ფული სჭირდება, მხოლოდ ეს მოვიფიქრე. დეიდაჩემი დამლაგებელია, მან ნახა ბანდეროლში რომ ფული არ იყო, ის კაცი, რომელმაც ბავშვი ეზოდან გამოიყვანა, ჩემი დეიდაშვილია, უწესიერესი, ვთხოვე, ბავშვი მენატრება, ვნახავ და მერე ეზოში მე თავად შევიყვან-მეთქი, არაფერი იცოდა და სირცხვილის გამო, თავი მოიკლა. სულ ეს იყო, რაც მოხდა და ბავშვი დედაჩემთანაა სახლში, არაფერი სჭირს“, _ ასეთი იყო დაკავებული ქალის ჩვენება. 

ბავშვი, მართლაც, მალე იპოვეს სამართალდამცავებმა. ის ატირდა, როცა გაიგო, რომ სახლში უნდა წაეყვანათ, რადგან გამზრდელ ძიძასთან დარჩენა უნდოდა. ძიებამ დირექტორს ვერაფერი დაუმტკიცა, რადგან არც საქმის მოწმე იყო და რეალურად, არც მომჩივანი. სასამართლომ ძიძას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა ისე ჩანს, მის მონათხრობში სამართალდამცავებმა სიმართლის დიდი მარცვალი დაინახეს, რადგან სასამართლოდან ერთ თვეში, ქარხნის დირექტორი მოულოდნელად მოხსნეს და მას თანამდებობაზე აღარასოდეს უმუშავია.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში