Menu
RSS

ნარკომანმა გოგომ, ეჭვიანობის გამო, დაქალის დედა მოაკვლევინა

სისხლიანი შურისძიების სკანდალური დეტალები

1980 წელს, სპორტის ისტორიაში პირველად, სოციალისტურ ქვეყანას ოლიმპიური თამაშებისთვის უნდა ემასპინძლა. შესაბამისად, საბჭოთა კავშირში არათუ სრული მობილიზაცია გამოცხადდა, არამედ, უმკაცრესი მითითებები მიიღო ყველამ, რომ საყვედურის თქმის საბაბი კაპიტალისტური ქვეყნის ერთ წარმომადგენელსაც არ ჰქონოდა. ამიტომ, სამართალდამცავები 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ და ე.წ. კანონიერი ქურდებიც კატეგორიულად იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ დანდობა არ იქნებოდა. ოლიმპიადა მოსკოვში უნდა ჩატარებულიყო და ამიტომ, მთელი ძალები სსრკ-ს დედაქალაქში გადაისროლეს _ ყველა რესპუბლიკიდან იქ ასეულობით სამართალდამცავი გაემგზავრა...

„ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, როცა ოლიმპიადამდე სამი თვით ადრე, მილიციის განყოფილებაში გოგონამ დარეკა და განაცხადა, რომ შინ დაბრუნებულს, დედა მოკლული დახვდა. გოგონამ ისიც თქვა, მე ლიზა ლიპოდაევა ვარო და ადგილობრივი განყოფილება კი არა, მთელი საბჭოთა კავშირის მილიცია ფეხზე დადგა _ გენერალ-ლეიტენანტი ივან ლიპოდაევი, ლეონიდ ბრეჟნევის უახლოესი მეგობარი იყო და მისი გარდაცვალების შემდეგ, ოჯახს სწორედ გენსეკი პატრონობდა. მეტიც, ბრეჟნევის ცოლი, ლიპოდაევის ქვრივს ჩაიზე ხშირად სტუმრობდა. ჰოდა, სწორედ ეს ქალი მოკლეს. ამიტომ არ გამკვირვებია, როცა ადგილზე მისულებს საბჭოთა კავშირის შს მინისტრი, ნიკოლაი შელოკოვი დაგვხვდა“, _ იხსენებს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი, რომელიც მოსკოვში სწორედ ოლიმპიადის გამო იყო საქართველოდან მივლენილი. 

„ბრეჟნევმა ყველაფერი იცის. მკვლელობა, მაქსიმუმ, სამ დღეში უნდა გაიხსნას“, _ მოკლედ მოჭრა შელოკოვმა და წავიდა. 

როგორც გოგონამ თქვა, სახლიდან, დაახლოებით, 100 ათასი მანეთის ძვირფასეულობა და 25 ათასი მანეთი იყო წაღებული. ზოგადად, ლიპოდაევების ბინა პატარა მუზეუმს ჰგავდა, ნებისმიერი ნივთისთვის რომ მოგეკიდა ხელი, ღირებულება ათასზე ზემოთ იქნებოდა. მეზობლების დაკითხვა დაიწყო და ეს საქმე უბნის რწმუნებულს არ ანდეს, დასაკითხად სტაჟიანი გამომძიებლები და მილიციის უმაღლესი ჩინები წავიდნენ“, _ გვიყვება ბატონი თენგიზი. 

იმის მიუხედავად, რომ სახლი რიგითი შენობა არ იყო და იქ მაღალჩინოსნები ცხოვრობდნენ ანუ მილიციასთან თანამშრომლობა არ „ტეხავდა“, არავის არაფერი დაუნახავს. რაც მთავარია, გენერლის შვილი ამბობდა, რომ დედამისი ყველას უდიდესი სიფრთხილით ეპყრობოდა, კარს არავის უღებდა და თუ უღებდა, ჯაჭვზე ჰქონდა დაბმული. რკინის მასიური კარისა და მყარი ჯაჭვის შენგრევა უდიდეს ძალისხმევას მოითხოვდა. რაც მთავარია, ძალადობის ნიშნები კარს არ ეტყობოდა ანუ დიასახლისმა მკვლელი სახლში თავად შეუშვა. ისიც გაირკვა, რომ ფოსტალიონიც კი, რომელიც 21 წელია, ამ სახლს ემსახურებოდა, სახლში არასოდეს იყო ნამყოფი და წერილს გენერლის ქვრივს ყოველთვის ჯაჭვით დამაგრებული კარიდან აწვდიდა. 

მილიციამ, პირველ რიგში, ოჯახის გარემოცვის შესწავლა დაიწყო და ერთ უხერხულობას წააწყდა: გენერლის ქალიშვილი საკუთარ თავს ყველაფრის უფლებას აძლევდა და მისი გულის მონადირება დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა. მის კოლექციაში, ძირითადად, კავკასიელები შედიოდნენ და იმ კონკრეტულ მომენტშიც, ერთ-ერთ აზერბაიჯანელთან ჰქონდა რომანი. სამართალდამცავებმა საყვარელი უმკაცრესად დაკითხეს, თუმცა მან ყველაფერი უარყო, აქაოდა, ქალის ცოლად მოყვანას ვაპირებდი, მომავალ სასიდედროს როგორ მოვკლავდიო. შემდეგ მისი ალიბი გადაამოწმეს და... მკვლელობის მომენტში, გენერლის ქალიშვილთან ერთად, ტყის მასივში, საკუთარ „მოსკვიჩში“ იყო „განმარტოვებული“. 

მოულოდნელად, იმ კორპუსში მცხოვრები, სკოლის მოსწავლე გოგონა გამოჩნდა, რომელმაც თქვა, რომ კიბეზე ასვლისას ორი მამაკაცი დაინახა, რომლებიც სახეს მალავდნენ, მაგრამ ერთი კარგად დაიმახსოვრა და შეუძლია, ფოტო-რობოტის შექმნაში მილიციას დაეხმაროს. 

გოგონას მონათხრობით, ფოტო-რობოტი შეადგინეს და გამომძიებლები შოკში ჩავარდნენ _ ფოტო-რობოტი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა... დედაქალაქის სამძებროს ერთ-ერთი განყოფილების უფროსს. მისი თვალთვალი დაიწყეს, თუმცა ის ჩვეულებრივად იქცეოდა. ბოლოს, მაინც დააკავეს და დაკითხვაზე შელოკოვმა, გლებ ხარიტონის ძე აფაქიძე გაუშვა. 

„ხარიტონოვიჩი ლეგენდა იყო. უიშვიათესი ალღო ჰქონდა. დაკითხვაზე შევიდოდა ეჭვმიტანილთან, ორ-სამ კითხვას დაუსვამდა და ამბობდა, დამნაშავე იყო თუ არა. მას არასდროს, გესმით, არასდროს შეშლია. ჰოდა, ჩვენს დაკავებულსაც შეხედა, რაღაც სისულელეები ჰკითხა და მოკლედ თქვა, გაუშვით, დამნაშავე არ არისო. შელოკოვის დესპანს უარს ვინ ეტყოდა და ჩვენი კოლეგა ერთგვარი სიხარულითაც კი გავუშვით. სწორედ ამ დროს, ერთ-ერთ თანამშრომელს მეგობრებმა ციმბირიდან ამანათი გამოუგზავნეს და მანაც გადაწყვიტა, ნობათი ჩვენთვისაც მოეცა. მოულოდნელად, განსაკუთრებულ საქმეთა გამომძებელი ადგილზე შეხტა _ ამანათი რომ მიეტანათ გენერლის ქვრივისთვის, ის იძულებული იქნებოდა, კარი გაეღო“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი და გამომძიებლები მაშინვე გენერლის კორპუსის მიდამოებს მოედვნენ. 

ერთ-ერთმა რიგითმა მილიციელმა ამანათის დამტვრეული ყუთი იპოვა, რომელზეც ერთადერთი სიტყვა _ „ნუგზარი“ იკითხებოდა. ყველამ ქართველ გამომძიებელს შეხედა და ბატონმა თენგიზმაც ჩუმად თქვა _ „ქართველის გარდა, ნუგზარი სხვას ერქვას, არ გამიგია“. 

ისევ გენერლის ქალიშვილი დაკითხეს და გაიხსენა, რომ ორი წლის წინ, მართლაც ჰყავდა მეგობარი მამაკაცი, სახელად ნუგზარი და მასზე მხოლოდ ის იცოდა, რომ არქეოლოგი იყო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, კვარტალში ერთხელ, არქეოლოგი ამანათს აგზავნიდა, სადაც ძირითადად ჩურჩხელა, ციტრუსები და შავი ღვინო იყო. ნუგზარის პოვნა ქართველ სამართალდამცავებს არ გასჭირვებიათ, მას მთაში მიაგნეს და ისიც გაარკვიეს, რომ არც ამანათი გაუგზავნია ბოლო ორი თვის განმავლობაში და არც მთიდან გასულა სადმე. როგორც ჩანს, მკვლელებმა იცოდნენ, რომ ამანათისა და ნაცნობი სახელის გამო, გენერლის ქვრივი კარს გააღებდა. ეს ვის შეიძლებოდა სცოდნოდა? _ გენერლის ქალიშვილს უნდა ეთქვა. მან კი მხრები აიჩეჩა და მხოლოდ დაქალი, ვინმე ნასტია გაიხსენა, რომელსაც ორი თვის წინ, კაცის გამო ეჩხუბა და დაშორდა. 

სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ ნასტია გამოუსწორებელი ნარკომანი იყო და სხვა დამნაშავეები რომ არ დაეფრთხოთ, შინ სანტექნიკოსების ფორმაში გამოწყობილები ეწვივნენ, იქ კი მკაცრად დაკითხეს. მან არ დამალა, რომ ნარკოტიკების ვალი დაუგროვდა და როცა „ბარიგამ“ ფულის გადახდა მოსთხოვა, იძლებული გახდა, გენერლის სახლის სქემა დაეხაზა, ისიც ეთქვა, რა შემთხვევაში გააღებდა ქვრივი კარს, თუმცა თქვა, რომ არ ეგონა, თუ ქალს მოკლავდნენ. 

სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილების თვალთვალი დაიწყეს, თუმცა ისინი ყურადღებას არაფრით იქცევდნენ. ამის მიუხედავად, მათი დაკავება გადაწყდა და ორივე მათგანი ხმაურის გარეშე აიყვანეს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ერთ-ერთი დაკავებული, გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა განყოფილების იმ უფროსს, რომელიც ამ მსგავსების გამო, კინაღამ დახვრიტეს. ბინიდან წაღებული ოქროულობიდან, სამართალდამცავებმა მხოლოდ ერთ ბეჭედს მიაგნეს, დანარჩენის ადგილსამყოფელი კი დღემდე უცნობია. 

დაკავებულებმა ბრალი ბოლომდე არ აღიარეს, მაგრამ სამართალდამცავებს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ დანაშაული სწორედ მათ ჩაიდინეს. ყველასთვის მოულოდნელად, მათ არა დახვრეტა, არამედ, 15-15 წელი მისცეს. 

„მაშინ ითქვა, რომ გენერლის ბინიდან გამქრალი ფული და ძვირფასეულობა დამნაშავეებმა რომელიღაც პარტიულ მაღალჩინოსანს მისცეს იმის სანაცვლოდ, რომ მათთვის დახვრეტის მუხლი მოეხსნათ. რეალურად რა მოხდა, არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, ისინი არ დაუხვრეტიათ და ეს მაშინ, როცა ამის გაკეთება მარტივად შეეძლოთ. სამაგიეროდ, ბრეჟნევის განკარგულებით, სახელმწიფო ბიუჯეტმა გენერლის ქალიშვილს დანაკარგი 155 ათას მანეთად შეუფასა და აუნაზღაურა“, _ დაასრულა მოყოლა ბატონმა თენგიზმა. 

სხვათა შორის, რუსულ ბომონდში ანტიკვარიატისადმი სიყვარული ჩვეულებრივი ამბავი იყო და, პრაქტიკულად, ყველა ოჯახში, მინიმუმ, ერთი ვაზა იყო, რომელიც მაშინ 5 ათასი მანეთი ღირდა. ანტიკვარული ნივთები სოციალისტური ჩინეთიდან ჩუმად შემოჰქონდათ და მათი ასაკი რამდენიმე საუკუნე გახლდათ... აღნიშნული ვაზების ღირებულება, დღეს, 5 მილიონი აშშ დოლარიდან იწყება.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში