Menu
RSS

„კარტოჟნიკების“ საქმე _ „მატარებელში მამაკაცის გვამი იპოვეს, დანა აქვს გულში დარტყმული“

„მინისტრისა“ და მისი „ნაშის“ კრიმინალური თავგადასავალი

ცხონებულ ზურაბ ვადაჭკორიასთან არაერთხელ მისაუბრია და მუდმივად ვთხოვდი, რამე ესწავლებინა, რაც ბანქოსთან იყო დაკავშირებული, თუნდაც ფოკუსები ან „კარტების“ დამალვა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა, ამას, პირველ რიგში, ნიჭი და შემდეგ, დღეში რამდენიმესაათიანი ვარჯიში უნდაო. ბატონ ზურას, კრიმინალური მოსაზრებით, საკუთარი შესაძლებლობები არასოდეს გამოუყენებია, ის ხალხს აოცებდა. სამაგიეროდ, ადამიანთა არცთუ მცირე ჯგუფი ბანქოს ხელოვნებას სწორედ კრიმინალისთვის იყენებს და ბევრი დიდ ფულსაც შოულობს.

საბჭოთა კავშირის დროს, „კატალები“ ცალკე კასტა იყო. მათ გარკვეულ წრეებში ძალიან კარგად ცნობდნენ და მდიდარ „ცეხავიკებს“ ტყავსაც აძრობდნენ. მაშინ აზარტული თამაშები იატაკქვეშეთში იყო გადასული და ვინც იქ ვერ ახერხებდა, თავს მატარებელში ირთობდა. საბჭოთა კავშირის დროს, მატარებლით მგზავრობა ცალკე ფენომენი გახლდათ, მით უმეტეს, თუ შორ მანძილზე მიდიოდით და მატარებელში რამდენიმე დღის გატარება გიწევდათ _ კუპეში თქვენთან ერთად მყოფს უმეგობრდებოდით, ერთად სვამდით, ჭამდით, გვერდი-გვერდ გეძინათ. ჰოდა, „კატალები“ ცდილობდნენ, მდიდარი ხალხი გამოეჭირათ და დასასვენებლად წასულებისთვის, ფული „კარტში“ მოეგოთ... 

„სოხუმში მატარებელი ჩამოდგა და კუპეში კაცი იპოვეს მკვდარი. დანა აქვს გულში ორჯერ დარტყმული“, _ როცა ამ განცხადებით ჩემთან თანამშრომელი შემოვიდა, ახალი ამბავი ცნობად მივიღე, რადგან თბილისში, განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებლად ვმუშაობდი და სოხუმში მომხდარი მკვლელობა არ მეხებოდა“, _ იხსენებს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი საქმეს, რომელსაც წლების განმავლობაში, გრიფით საიდუმლო ედო. 

გარდაცვლილი ნიკოლაი ნერგმანი გახლდათ, პროფესორი, რომელიც... კოსმოსური ხომალდების ნაწილების საწარმოში ექსპერტად მუშაობდა. რა თქმა უნდა, ეს გასაიდუმლოებული ობიექტი იყო და შესაბამისად, მის თანამშრომლებს უამრავი ინფორმაცია ჰქონდათ. ამიტომ, თავიდან ჩათვალეს, რომ ნერგმანი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა მოკლეს და საქმეში განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებლები უნდა ჩართულიყვნენ. რაც მთავარია, მატარებლის გამცილებლები ვერ ამბობდნენ, მკვლელობა საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა თუ რუსეთის, რადგან გარდაცვლილი ნერგმანი ჩვენთან კი ნახეს, მაგრამ მისი კუპის კარი, ბოლო 12 საათის განმავლობაში, არავის გაუღია და შესაბამისად, დიდი იყო შანსი, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მოეკლათ. 

კითხვაზე პასუხი ექპერტიზამ გასცა _ ნერგმანი, უდიდესი ალბათობით, მანამ მოკლეს, სანამ მატარებელი საზღვარს გადმოკვეთდა და საქართველოში შემოვიდოდა. რაღა თქმა უნდა, საქმე საკავშირო „კაგებე“-მ წაიღო, თუმცა ქართველი სამართალდამცავები საქმეს არ ჩამოაშორეს. 

გადამოწმდა ყველა ის უცხოელი, რომლებზეც ძალოვანებს ეჭვი ჰქონდათ, რომ უცხოეთის დაზვერვაზე მუშაობდნენ, მაგრამ საეჭვო ვერაფერი იპოვეს. აი, გამცილებლის დაკითხვამ კი ბევრი დეტალი გამოკვეთა. პროფესორთან ერთად, ახალგაზრდა ქალი მგზავრობდა, ოღონდ ისინი ერთად არ იყვნენ, უბრალოდ, ერთ კუპეში აღმოჩნდნენ. მგზავრობის მეორე დღეს, გამცილებელმა შეამჩნია, რომ პროფესორსა და იმ ქალს უკვე ბევრი საერთო ჰქონდათ, ერთმანეთს მხიარულად ესაუბრებოდნენ და ეფერებოდნენ კიდეც. ამიტომ, გამცილებელს არ გაკვირვებია, როცა პროფესორმა უთხრა, სანამ არ დაგიძახებთ, არ შეგვაწუხოო და ამიტომ, 12 საათის განმავლობაში, ისინი არავის შეუწუხებია. სოხუმში ქალი გაქრა, პროფესორი კი მოკლული იპოვეს. 

„ექსპეტიზის დასკვნით, ქალი ან ძალიან ძლიერი უნდა ყოფილიყო ან არადა, დანას ასეთი სიძლიერით, მხოლოდ კაცი თუ დაარტყამდა. გამცილებლის დაკითხვით გაირკვა, რომ ქალი განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემებით არ გამოირჩეოდა და ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც გაიხსენა _ მაგიდაზე, რამდენჯერმე, ცოტა უცნაური ბანქო დაინახა, ისეთი, როგორიც აქ არ იყიდება. გაჩნდა ეჭვი, რომ პროფესორი, რომელსაც ძალიან კარგი ჯამაგირი ჰქონდა და აფხაზეთში დასასვენებლად მიდიოდა, „კატალების“ მსხვერპლი გახდა. ამიტომ, საბჭოეთის მასშტაბით, იმ ქალის ძებნა დავიწყეთ, რომლის ზუსტი აღწერილობა გამცილებელმა მოგვცა. კვალზე საქართველოში გავედით და თანაც როგორ კვალზე“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

ერთ-ერთმა კრიმინალმა გაიხსენა, რომ მოლდოვური წარმოშობის გოგო ექვსი თვის წინ გამოჩნდა და საქართველოს არცთუ იშვიათად სტუმრობდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ის თავს ყველაფრის უფლებას აძლევდა და რიგით დამნაშავეებს შიშის ზარს სცემდა, რადგან ამბობდა, რომ მისი „კრიშა“ მინისტრი იყო. მართლაც, რამდენჯერმე, „მინისტრთან“ ერთად გამოჩნდა, კაცთან, რომელიც „ვოლგით“ და საუცხოო სამოსით მოძრაობდა. მისი სახელი რეალურად არავინ იცოდა და ამიტომ, კრიმინალურ წრეებში, „მინისტრს“ ეძახდნენ, მის ქალს კი _ „მინისტრის ნაშას“. 

სამართალდამცავებისთვის ეს ნამდვილი შოკი იყო. საბჭოთა უშიშროებამ ინფორმატორს ყველა ქართველი მინისტრის ფოტო დაუდო მაგიდაზე, თუმცა ვერავინ ამოიცნო. ამის შემდეგ ანახეს აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების მინისტრების ფოტოები, თუმცა პასუხი ისევ უარყოფითი იყო. საბოლოოდ, იმ კრიმინალს მთელი საბჭოთა კავშირის მინისტრთა კაბინეტის ფოტოები დაუდეს წინ, თუმცა მან გადაჭრით თქვა, რომ კაცი, რომელიც თავს მინისტრად ასაღებდა, ფოტოებში არ იყო. 

გოგოს ეძებდნენ ყველგან და ყველა _ ინფორმატორები, მილიცია, უშიშროება, მაგრამ თითქოს მიწამ ჩაყლაპაო, უბრალოდ, გაქრა. პროფესორის ცოლმა თქვა, რომ ქმარმა მხოლოდ 1 200 მანეთი წაიღო ანუ ამ თანხის გამო ვინმეს მოკვლა წარმოუდგენლად ჩანდა. 

უშიშროება ისევ უცხოელ აგენტებს დასდევდა, მილიცია _ ადგილობრივ კრიმინალებს. ბოლოს კი, როგორც იქნა, რაღაც იმედის მომცემი გამოჩნდა. 

„ერთ-ერთმა ინფორმატორმა გვითხრა, რომ თბილისში, კერძო სახლში, სადაც კაზინო იყო მოწყობილი და მას მინისტრი მფარველობდა, სამ დღეში, დიდი თამაში გაიმართებოდა. ჩვენს მიერ ძებნილი გოგოც იქ იქნებოდა და მისი საყვარელი „მინისტრიც“. აყვანის ოპერაცია უშიშროებამ დაგეგმა და დაგეგმა ისე, რომ იქ შესულებიდან, ჩიტიც ვერ გამოფრინდებოდა. პერიმეტრს მილიციის 100 და უშიშროების 80 თანამშრომელი აკონტროლებდა“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

ყველაფერმა უხმაუროდ ჩაიარა, სამართალდამცავებმა ორმოცამდე ადამიანი, მათ შორის, „მინისტრად“ წოდებული კაციცა და გოგოც ისე აიყვანეს, გვერდით სახლის მაცხოვრებლებსაც კი არაფერი გაუგიათ. რა თქმა უნდა, დაკითხვების სერია დაიწყო და ყველაზე საინტერესოც სწორედ ეს იყო. 

„სულ ტყუილად დამაკავეთ. ჩემი მინისტრი საყვარელი ყველას მოგხსნით, მე კი გამათავისუფლებს“, _ ეს იყო, რაც დაკითხვაზე გოგომ თქვა, მაგრამ როცა მას „მინისტრი“ წინ დაუსვეს და აღიარებინეს, რომ ის, უბრალოდ, აფერისტი იყო და მთელ კრიმინალურ სამყაროს ატყუებდა, ჯერ ტირილი დაიწყო, შემდეგ კი ყველაფერი დაფქვა. 

„მეგონა, სერიოზული „კრიშა“ მყავდა. ყველას მოვდე, რომ მინისტრი წამოვაგე და ის „გვკრიშავდა“. ამიტომ, ყოველ კვირას, სამი ათას მანეთს ჩვენი წილიდან იმას ვაძლევდით და ამ თანხის დიდ ნაწილს ისევ მე მახარჯავდა. მატარებელში კი ის კაცი შემთხვევით შემოგვაკვდა, როცა „კარტის“ თამაში დავიწყეთ, ისე, გასართობად, „შემთხვევით“, ჩემი „პადელნიკი“ შემოგვიერთდა. ფული რომ მოვუგეთ, დავემშვიდობე და მაშინ მიხვდა, რომ გავაცურეთ. ნამდვილი მუშტი-კრივი გამართა, მე მახრჩობდა და ჩემმა „პადელნიკმაც“ დანა ამიტომ დაარტყა“, _ დაასრულა გოგომ მოყოლა. 

სამართალდამცავთათვის, სამწუხაროდ, მკვლელი დაკავებულთა შორის არ იყო, ის მკვლელობის შემდეგ, რუსეთში წავიდა და მხოლოდ ერთი წლის შემდეგ დააკავეს. მკვლელს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, გოგოს 9 წელი ერგო, აფერისტ „მინისტრს“ კი 3 წელი. 

ერთი ეგაა, 3 წლიდან, დაკავებულმა მხოლოდ რამდენიმე თვე მოიხადა, შემდეგ კი საკანში ჩამომხრჩვალი ნახეს. როგორც ამბობდნენ, „კატალებმა“ არ აპატიეს, რომ ამ ხნის განმავლობაში, ასი ათას მანეთზე მეტი, უბრალოდ, „აახია“ და სწორედ ამ თანხას გადააყოლეს. 

დღეს კი, არაერთი სლოტ-კლუბისა თუ კაზინოს არსებობის პირობებში, იატაკქვეშა თამაშები და ხელზე „გამაზვები“ მაინც მიმდინარეობს და ამ სფეროში, არაერთი მილიონი ლარი ტრიალებს.

ბათო ჯაფარიძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში