Menu
RSS

FBI-ის სკანდალური გამოძიება

მკვლელობა ელდარ გოგოლაძის "ნივაში" _ ამერიკელი აგენტის სისხლიანი საქმის დღემდე უცნობი დეტალები

17 წელი, მისი არსებობა აღარავის ახსოვდა და საზოგადოების ფართო მასებმა არც ის იცოდნენ, რომ უშიშროებიდან წამოსვლის შემდეგ, „ქართუ“-ში მუშაობდა. ჰოდა, სატელევიზიო ანონსი რომ გავრცელდა, უმეტესობამ იკითხა, ელდარ გოგოლაძე ვინ არისო? ეს კითხვა მხოლოდ მათ არ გასჩენიათ, რომლებიც ქართულ პოლიტიკას გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან სკრუპულოზურად აკვირდებიან. ამასთან, ე.წ. ძველი თაობის ჟურნალისტებსაც კარგად გვახსოვს, თუ ვინ არის ელდარ გოგოლაძე. ყოველ შემთხვევაში, ამ სახელისა და გვარის გაგონებისთანავე, ბევრ ჩვენგანს, არცთუ უსაფუძვლოდ, 90-იანების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა გაახსენდა, მკვლელობა, რომელიც ლამის საერთაშორისო სკანდალად იქცა. რატომ საერთაშორისო სკანდალად? _ იმიტომ, რომ 1993 წელს, გუდაურის გზაზე, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CSS; CIA) აგენტი მოკლული იპოვეს, სხვათა შორის, რამდენიმეწლიანი ტაიმ-აუტის შემდეგ, საჯაროდ გამოჩენილმა ელდარ გოგოლაძემ თავად განაცხადა, ამ ინტერვიუს შემდეგ, ფრედი ვუდროფის მკვლელობას ამომიტივტივებენ, მაგრამ არ მეშინია, რადგან ფრედი ჩემი მეგობარი იყოო. მართლა იყო თუ არა ამერიკელი სპეცსამსახურელი გოგოლაძის მეგობარი? _ ამაზე პასუხს თავად ვუდროფისგან ვერასოდეს გავიგებთ, რადგან... მიცვალებულები არ ლაპარაკობენ. სამაგიეროდ, ლაპარაკობს აშშ-ს ფედერალური ბიუროს საქმის მასალები, რომელიც თავის დროზე, გაზეთმა „24 საათმა“ გაასაჯაროვა. მაშინ ერთ-ერთი პოპულარული გაზეთისთვის _ „24 საათი“ _ გამოგზავნილი საქმის მასალები სულ სხვა რამეს ამბობენ. 

სხვათა შორის, ნიშანდობლივია, რომ ელდარ გოგოლაძის საქართველოს უშიშროებაში, ასე ვთქვათ, აღზევება იგორ გიორგაძის მინისტრობას უკავშირდება ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, სპეცდანიშნულების რაზმი „ომეგა“, რომლის სათავებთანაც გოგოლაძე იდგა, სწორედ გიორგაძის მინისტრობას უკავშირდება. ყველამ კარგად ვიცით, რომ 1995 წლის 29 აგვისტოს, აწ განსვენებულ ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტის ორგანიზატორად იგორ გიორგაძე მიიჩნევა და ის დღემდე, „ნომერ პირველ ქართველ ტერორისტად“ ითვლება. ამასთან, შევარდნაძის ტერაქტის საქმეში გოგოლაძეც ფიგურირებდა... 

რაც შეეხება ამერიკელი აგენტის მკვლელობას, აქ საგულისხმოა დრო, როცა ვუდროფს კლავენ _ 1993 წელს, სამეგრელო აჯანყებულია ანუ მოსახლეობა სამხედრო საბჭოსა და შევარდნაძეს, როგორც იტყვიან, არ სცნობს. პარალელურად, აფხაზეთში ომი მძვინვარებს. ჰოდა, ამ დროს კლავენ ფედერალური ბიუროს თანამშრომელს, რომელიც ქართველმა სამართალდამცავებმა, სხვათა შორის, ბრმა ტყვიის მსხვერპლად გამოაცხადეს, თუმცა ამ ვერსიაში, ამერიკელებს ეჭვი აგენტის მკვლელობიდან ოთხი წლის მერეც ეპარებოდათ. შესაბამისად, ვუდროფის საქმის გამოძიებაზე სერიოზული თანხაც დახარჯეს. 

მოკლედ, ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, უბრალოდ, გთავაზობთ ფედერალური ბიუროს საგამოძიებო მასალებს (მცირედი შემოკლებით), რომელიც თავის დროზე, გაზეთში „24 საათი“ გამოქვეყნდა.

„...ნატახტარ-თბილისის ავტომაგისტრალზე გასროლილმა ტყვიამ, რომელსაც ქართველმა სამართალდამცველებმა ბრმა უწოდეს, დიდი გავლენა მოახდინა საქართველოს უახლეს ისტორიაზე. ამ ტყვიით შუბლგახვრეტილი ამერიკელი, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა საქართველოდან ისე წაასვენა, რომ საპატიო ყარაულმა არც კი იცოდა, ვინ ესვენა აშშ-ის დროშაგადაფარებულ კუბოში. 

ამერიკელის მკვლელობა ქართველმა სამართალდამცველებმა მკვლელობის ღამესვე გახსნეს და მკვლელიც ადვილად დაიჭირეს. სამაგიეროდ, ამერიკული სპეცსამსახურები მკვლელობის გარემოებებს კიდევ ოთხი წელი იძიებდნენ და ამ გამოძიებაზე რამდენიმე მილიონი ამერიკული დოლარიც დაიხარჯა. მოგვიანებით კი FBI-მ, ოთხწლიანი გამოძიების მასალებს გრიფი „საიდუმლო“ მოხსნა... 

45 წლის ამერიკელი, ფრედ რასელ ვუდროფი, ოფიციალურად, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკური განყოფილების რეგიონულ ურთიერთობათა სექტორის თანამშრომლის სტატუსს ატარებდა, სინამდვილეში კი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ, სტრატეგიული ინტერესის ობიექტ ქვეყანაში – საქართველოში შემოგზავნილი ერთ-ერთი პირველი აგენტი გახლდათ. მანქანას კი, რომელშიც CIA-ის მიერ, საქართველოში ფარული მიზნებით წარგზავნილმა ჰპოვა აღსასრული, მართავდა საქართველოს საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის (ასე ერქვა მაშინ უშიშროების სამინისტროს) სამთავრობო დაცვის სამმართველოს უფროსი, შესაბამისად, სახელმწიფო მეთაურის, ედუარდ შევარდნაძის პირადი დაცვის უფროსის სტატუსის მატარებელი, ელდარ გოგოლაძე. 

სხვათა შორის, თბილისი-ნატახტრის გზაზე მომხდარი მკვლელობიდან ერთი კვირის შემდეგ, კანადურმა გაზეთმა _ „ტორონტო სტარი“ გამოაქვეყნა წერილი, სათაურით _ „აგენტის სიკვდილი დაზვერვის ეგზოტიკურ კავშირებს ავლენს“. წერილში პირდაპირაა საუბარი, რომ ფრედ ვუდროფი საქართველოს უმაღლესი ხელისუფლის უცხოელი მრჩეველი გახლდათ. საქართველოში მომხდართან დაკავშირებით, კანადური პრესა მაშინ აღნიშნავდა, რომ ამერიკული სპეცსამსახურების ისტორიაში, ფაქტობრივად, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც შეერთებული შტატების ხელისუფლებამ არ უარყო, რომ მოკლული დაზვერვის აგენტი იყო და უცხო ქვეყანაში სადაზვერვო სამმართველოს დავალებას ასრულებდა. 

მოგვიანებით, საბჭოთა უშიშროების კომიტეტის გენერალ-მაიორი, ვიაჩესლავ შირონინი დაწერს წიგნს _ „КГБ-ЦРУ. Секретные пружины перестройки“ _ რომელშიც ფრედ ვუდროფი აშშ-ის პრეზიდენტის, ბილ კლინტონის საიდუმლო გეგმის ნაწილადაა მოხსენიებული. სუკ-ის გენერლის ინფორმაციით, ამ გეგმის მიზანი იყო საქართველოს ხელისუფლების სათავეში ედუარდ შევარდნაძის შენარჩუნება, გეგმის განხორციელებაში კი ჩართული იყო ცენტრალური სადაზვერვო სამსახური და სპეციალური შეიარაღებული ძალები _ „კომანდოსი“. 

პრინციპში, ეს ინფორმაცია, გარკვეულწილად, სიმართლესთან ახლოსაა, თუმცა ერთ უზუსტობას შეიცავს: აშშ საქართველოთი ჯერ კიდევ კლინტონის წინამორბედის, ჯორჯ ბუშ-უფროსის პრეზიდენტობის ჟამს დაინტერესდა. ეს დაინტერესება იმდენად იგრძნობოდა, რამდენადაც 1993 წლის დასავლურ პრესაში, დროდადრო ჩნდებოდა ცნობა ამ ინტერესის შესახებ. მეტიც, ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ ასეთ პროგნოზსაც აკეთებდა: „საქართველო აშშ-ისა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის, ბრძოლის არენად შეიძლება იქცეს. კავკასია ხომ უმნიშვნელოვანესი პუნქტია, ერთი მხრით, თურქეთზე, ნატოს წევრ ქვეყანაზე, მეორე მხრით კი – ავღანეთზე, ირანსა და აზიის სხვა ქვეყნებში ისლამურ ფუნდამენტალისტებზე სამეთვალყურეოდ“. 

ორი ზესახელმწიფოს სპეცსამსახურების შესაძლო ბრძოლის არენა – საქართველო, იმ დროისთვის არასტაბილურ ქვეყნად, მეტიც, მსოფლიო რუკაზე არსებულ ერთ-ერთ ცხელ წერტილად აღიქმებოდა... 

მოკლედ, საქართველოს სახელისუფლებო კულუარებში, ფრედ ვუდროფის მკვლელობა იმთავითვე პოლიტიკურ აქტად მოინათლა – ავტომაგისტრალზე გასროლილი ტყვიის უკან, თითქმის ყველა რუსეთის ხელს ხედავდა. მიუხედავად ამისა, ოფიციალურ დონეზე ყველაფერი გაკეთდა, რომ სპეცაგენტის მკვლელობას პოლიტიკური სარჩული მოშორებოდა. არც იყო გასაკვირი: საქართველოში ჩამოსული ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის პირველი წარმომადგენლის, ფრედ ვუდროფის სიკვდილის მონათვლა რიგითი გვარდიელის ხულიგნობის შედეგად მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევად, ხელს აძლევდა ყველას, ვისაც პირადად, სამსახურებრივად თუ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ეხებოდა ეს ამბავი. ყველას, გარდა თავად ამ გვარდიელისა. 

სარეკორდო დროში – 3 თვეში ჩატარებული გამოძიების დასრულების შემდეგ შექმნილ საბრალდებო დასკვნაში, მკვლელობის სურათი მარტივად დაიხატა: ყაზბეგის ბუნებით აღფრთოვანებული უცხოელი, იქაურობის კიდევ ერთხელ დათვალიერებაზე ოცნებობს და მეგობრებთან გასეირნების დეტალებს ათანხმებს: „როცა გაიხსნა ჩვენი ბარი, ფრედი გვესტუმრა, _ მკვლელობის მეორე დღეს გამომძიებელს უამბობდა მკვლელობის ერთ-ერთი თვითმხილველი, ვუდროფის მეგობარი, იმ დროისთვის სასტუმრო „მეტეხის“ „პიანო-ბარის“ ბარმენი, მარინა კაპანაძე, _ მან თქვა, რომ გუდაურისკენ აპირებდა წასვლას. ისიც თქვა, რომ აქეთ უკვე ნამყოფი იყო, ძალიან მოეწონა და სურდა, კიდევ ერთხელ, კარგად დაეთვალიერებინა ეს მხარე. მე აქეთ ნამყოფი არ ვიყავი. დავინტერესდი, თუ როგორ უნდა განხორციელებულიყო მოგზაურობა. მან მიპასუხა, რომ მისი ახლობლის მეშვეობით. ეს იყო ელდარ გოგოლაძე. მე მას დაუსწრებლად ვიცნობდი, ვიცოდი, რომ იყო ედუარდ შევარდნაძის დაცვის უფროსი. ასეთი კაცი საიმედოდ მივიჩნიე“. 

8 აგვისტოს, დილით, საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის სამთავრობო დაცვის სამმართველოს უფროსის, ელდარ გოგოლაძის ავტომანქანა „ნივით“, გოგოლაძის დიდი ხნის ნაცნობმა ელენე დარჩიაშვილმა, სასტუმრო „მეტეხის“ ბარმენმა მარინა კაპანაძემ და იმხანად „მეტეხშივე“ მცხოვრებმა ფრედ ვუდროფმა, „უიკ-ენდზე“, ყაზბეგის რაიონში, ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად გაისეირნეს. გზად ელდარ გოგოლაძის ყაზბეგელ მეგობარს შეუარეს და ცოტა წაიქეიფეს. თბილისში შეღამებისას ბრუნდებოდნენ. 

„ალკოჰოლური სასმელი არ დაგვილევია, _ აჩვენა ელდარ გოგოლაძემ საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურში, მკვლელობის მეორე დღეს მიცემულ ახსნა-განმარტებაში, _ მანქანას მე ვმართავდი. ჩემს გვერდით იჯდა ელენე, ჩემს უკან, მგონი, მარინა კაპანაძე, ხოლო უკან, მარჯვნივ _ ფრედ ვუდროფი. ბუნების დათვალიერების მიზნით, გზაში რამდენჯერმე გავჩერდით. ფრედ ვუდროფს ჰქონდა ფოტოაპარატი და სურათებს იღებდა. ჩვენ გავჩერდით ჯვრის უღელტეხილზე, მერე გუდაურში – გადმოსახედზე და წამოვედით თბილისისკენ. ნელა მოვდიოდით. ჩემს მგზავრებს ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონიათ. მე მქონდა ტაბელური პისტოლეტი, ავსტრიული „გლოკი“ 9 მმ. გამოვცდით სოფელ ნატახტარს და სანამ ნატახტრის საგუშაგოს მივუახლოვდებოდით, ღერძულა ხაზიდან ჩემგან მარჯვნივ, დაახლოებით, 8 თუ 10 მეტრის წინ, ფარების შუქზე შევნიშნე სამხედრო ფორმაში ჩაცმული რამდენიმე კაცი, რომელთაგან ერთ-ერთი, ავტომატით იყო შეიარაღებული. მათ ჩემთვის არ მოუციათ რაიმე ნიშანი გასაჩერებლად. როდესაც მათ გავუსწორდით თუ ჩავუარეთ, სროლის ყრუ ხმა გავიგონე. მარინა კაპანაძემ დაიწყო წივილ-კივილი“. 

თავად მარინა კაპანაძე მომხდარს ასე იხსენებს: „გზასთან ახლოს დავინახე მამაკაცთა ჯგუფი. თვალში მომხვდა შუაში მდგომი პიროვნება, რომელსაც ჩვენკენ მომართული ავტომატი ეჭირა ხელში. გულში რაღაცამ ცუდად გამკრა და შემეშინდა. ავტომატიან ფიგურას ზოლებიანი მაისური „ტელნიაშკა“ ეცვა. თვალში მომხვდა შიშველი მხარი, მაისური იყო, უსახელოებო. თვალი მივადევნე, რამდენადაც შესაძლებელი იყო, რადგან შემეშინდა. მომენტალურად გაისმა სროლის ხმა. ეს იყო ერთხელ. ისინი სიბნელეში დარჩნენ. ვერც კი გავიაზრეთ, რა მოხდა. მინა არ გატეხილა. ყველა ერთმანეთს გამოვეხმაურეთ. ფრედი ჩუმად იჯდა. რაღაცნაირად კი შეინძრა. მეგონა, გვეხუმრებოდა, თითქოს მოახვედრესო, რადგან ხუმარა კაცი იყო“. 

ფრედ ვუდროფი არ ხუმრობდა – გვერდით მჯდომი ქალბატონი მალე მიხვდა, რომ მას შუბლზე სისხლი ჩამოსდიოდა. მან გენერალური პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელს დაკითხვისას უამბო: 

„გააჩერე, გააჩერე, ფრედი მოკლეს-მეთქი, ვიყვირე. ელდარი უცებ აზრზე ვერ მოვიდა. გააჩერე, მოხვდა _ ავტეხე ყვირილი. ელდარმა მანქანა გააჩერა. მე გადმოვედი. სისხლის ტბა იდგა. ფრედი გადმოცურდა და უკანა სავარძელზე წაიქცა. მე ერთიანად სისხლში ვიყავი მოსვრილი. უკან ვეღარ დავჯექი. წინ დავჯექი. ეს რა დაგვემართა, ფრედი, – ტიროდა ელდარი... ათის თხუთმეტი წუთი იყო“. 

საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის სამთავრობო დაცვის სამმართველოს უფროსს, ელდარ გოგოლაძეს, რომელიც უკვე რამდენიმე ასეული მეტრით იყო დაშორებული გზაზე დამხვდური სამხედრო ფორმიანებისგან, უკან დაბრუნება არც უცდია. მან სიჩქარეს უმატა და მცხეთამდე ერთადერთხელ გაჩერდა. გაჩერების მიზეზს თავად ასე იხსენებდა: „მანქანა მივიყვანე ნატახტრის ძველ პოსტამდე და იქ მილიციის ფორმიან ხალხს ვუთხარი, რომ მანქანაში დაჭრილი კაცი მყავდა, გვესროლეს მათ ჯიხურამდე, 100-200 მეტრის მოშორებით. მილიციის მუშაკებმა განმიცხადეს, რომ მათ არ გაუგონიათ სროლის ხმა“. 

ეს იყო და ეს. მილიციელებისთვის არავის დაუვალებია იმ ხალხის მოძებნა, რომლებმაც რამდენიმე წამის წინ, ამერიკელ დიპლომატს ესროლეს. არც მათ გამოუჩენიათ ინიციატივა. 

როგორც თვითმხილველები ყვებიან, როცა მცხეთის რაიონულ საავადმყოფოში მიიყვანეს, ფრედ ვუდროფს პულსი ჯერ კიდევ ესინჯებოდა, მაგრამ რადგან საავადმყოფოში დენი არ იყო და ავადმყოფებს არ იღებდნენ, ელდარ გოგოლაძე თბილისისკენ წამოვიდა. გზაში მან რაციით შეიტყო, რომ თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მდებარე ალადაშვილის სახელობის პირველ კლინიკაში დენი იყო, თუმცა საავადმყოფოში მიყვანილი ვუდროფი გარდაცვლილი აღმოჩნდა. 

„საავადმყოფოში, დაახლოებით, ერთი საათი დავყავით“, _ განაცხადა ელდარ გოგოლაძემ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, თუმცა როგორც აღმოჩნდა, რამდენიმესაათიანმა დაგვიანებამ შედეგი ვერ შეცვალა. სპეციალური შეტყობინებით გამოძახებული სახელმწიფო მეთაურის პირადი დაცვისა და საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე გასულმა ელდარ გოგოლაძემ, ნატახტრის საგუშაგოსთან, ერთი ავტომატის მქონე სამი ნასვამი სამხედროფორმიანი დააკავა. 

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკური განყოფილების თანამშრომლის სტატუსს ამოფარებული ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს აგენტი, რომელსაც საქართველოში აშშ-ის პოლიტიკური პროექტების განხორციელება ევალებოდა, ვერასოდეს იფიქრებდა, თუ მისი სასიამოვნო „უიკ-ენდი“, მცხეთა-ნატახტრის გზაზე ტრაგიკულად დასრულდებოდა. 

ალბათ, ვერც აფხაზეთის ომიდან რამდენიმე დღით თბილისში ჩამოსული 21 წლის გვარდიელი, ანზორ შარმაიძე წარმოიდგენდა, რას უმზადებდა ბედისწერა _ რომ მას გაასამართლებდნენ ჩIA-ს სპეციალური აგენტის ანუ იმ ადამიანის მკვლელობისთვის, რომლის არსებობის შესახებაც, ადრე არაფერი გაეგონა. 

ანზორ შარმაიძე და მისი ორი მეგობარი _ ჩუღურეთის პოლიციის თანამშრომელი, გენადი ბერბიჭაშვილი და გელა ბედოიძე, სპეცსამსახურის თანამშრომლებმა ვუდროფის მკვლელობის ადგილიდან, სულ რაღაც ხუთასიოდე მეტრში, ნატახტრის საგუშაგოზე მდგარ ვაგონში დააკავეს. ბერბიჭაშვილს „აკს“-ის სისტემის ავტომატი ეკავა ხელში.  

მოგვიანებით, ანზორ შარმაიძე გამომძიებელს ეტყვის, რომ საგუშაგოსთან მდგარ ვაგონთან მისულმა პირებმა, ის და მისი მეგობრები ცემა-ტყეპით ჩასვეს მანქანაში, თუმცა პირველ ახსნა-განმარტებაში, რომელიც მას საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თბილისის განყოფილებაში ჩამოართვეს, ფიზიკურ შეხებაზე არაფერი უთქვამს. 

ვერსიები 

საქართველოს პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, თბილისთან ახლოს, ნატახტრის გზაზე, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლის მკვლელობამ თავიდანვე ათასნაირი ეჭვი აღძრა... 

„გამოძიებასთან დაახლოებულმა წყაროებმა თქვეს, რომ გასროლა მოხდა მანქანის შიგნით. საქართველოს შს სამინისტროს ერთ-ერთმა წარმომადგენლმა, ინკოგნიტოდ ისიც განაცხადა, რომ მანქანაზე ნატყვიარი არ აღინიშნებოდა. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა დაამატა, რომ გოგოლაძე ნასვამი იყო, როდესაც თბილისში ვუდროფის გვამით ჩამოვიდა და დაცვის უფროსმა „იცოდა, როდის უნდა დაელია“, _ წერს 1993 წლის 11 აგვისტოს, „დეილი ტელეგრაფი“ და გამოთქვამს ვარაუდს, რომ აგენტის მკვლელობა შეიძლებოდა, ორმაგი თამაშის შედეგი ყოფილიყო. 

მსგავსი ვერსიების არსებობის მიუხედავად, აშშ-ს საქართველოში აკრედიტებული მაშინდელი ელჩი, კენტ ბრაუნი სპეცაგენტის მკვლელობას „ძალადობის უაზრო გამოვლინება“-ს უწოდებს. სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე კი 16 მაისს, ვუდროფის აშშ-ში გადასასვენებლად თბილისის აეროპორტში ჩამოსულ, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შეფთან, ჯეიმს ვულსთან შეხვედრისას, ასეთ სიტყვას წარმოთქვამს: „არ მინდა დავიჯერო, რომ ჩვენს ქვეყანაში არის თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც ჩვენსა და თქვენს კოლეგაზე აღმართავდა ხელს. დიდად სამწუხაროა, რომ ტრაგიკულმა შემთხვევითობამ იმსხვერპლა ჩვენთან სამეგობროდ და დასახმარებლად ჩამოსული ადამიანი“. 

ახლა ძნელი სათქმელია, სჯეროდა თუ არა მაშინ გამოძიებას, რომელიც 21 წლის გვარდიელის წინააღმდეგ ნელ-ნელა აგროვებდა ბრალეულობის დამადასტურებელ საბუთებს, რომ ნამდვილ მკვლელს მიაგნო. სამაგიეროდ, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ვერსიას შემთხვევითი მკვლელობის შესახებ არ იზიარებდა მაშინდელი საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის შეფი, ირაკლი ბათიაშვილი. მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ. უცხოური ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში, ფრედ ვუდროფის მკვლელობა მან პოლიტიკურ აქტად მონათლა. 

საქართველოში იმ დროს არაოფიციალურად მკვლელობის სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობდნენ. ამასთან, ეს ვერსიები ხელისუფლების საკმაოდ მაღალ ეშელონებში გამოითქმოდა _ საქართველოს უბრალო მოქალაქეებს იმჟამად ამ მკვლელობის მნიშვნელობა იმდენად არ გაუცნობიერებიათ, რამდენადაც ვუდროფის და, საერთოდ, ამერიკული სპეცსამსახურების საქართველოში მოღვაწეობის თემა მაშინ, ფაქტობრივად, დახურული იყო, თუმცა ბრმა ტყვიის შესახებ ვერსია სარწმუნოდ თითქმის არავის მიაჩნდა. 

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მანქანაში მჯდარი, ნასვამი ოთხეულიდან ერთ-ერთს, ქალს, ფრედ ვუდროფი იარაღის ხმარებას ასწავლიდა და „მოსწავლეს“ იარაღი გაუვარდა… მეორე ვერსიით, მეგობარი ამერიკელი, სამთავრობო დაცვის უფროსის მიერ, მანქანაში გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. სხვა ვერსიის თანახმად კი, ფრედ ვუდროფი სნაიპერმა მოკლა, მკვლელობა პრორუსულმა ძალებმა დაგეგმეს და განახორციელეს კიდეც საქართველო-ამერიკის შორის დამყარებული ურთიერთთანამშრომლობის ჩასაშლელად. 

გენერალურ პროკურატურაში მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლებისა და საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლებისგან შემდგარ საგამოძიებო ჯგუფს არც ერთი ზემოთ მოყვანილი ვერსია არ უარუყვია, თუმცა ეს ვერსიები არც განუხილავს... 

FBI-მ ამერიკის მოქალაქის მკვლელობის გამოძიება ქართველი გამომძიებლების გარეშე გააგრძელა და გამოძიების პროცესს, ქართველ კოლეგებზე ბევრად მეტი დრო მოანდომა. საქართველოს გენერალური პროკურატურის გამომძიებლებმა კი ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტის მკვლელობის ძიების საქმე, მართლაც გასაკვირი ოპერატიულობით დაასრულეს. 

24-ე ვაზნა 

შემთხვევის ადგილზე გასულმა სპეცჯგუფმა, მკვლელობის ადგილის სიახლოვეს, შარმაიძის „აკს“-ის სისტემის ავტომატიდან გასროლილი 24-ე ვაზნის მასრა იპოვა, თუმცა მოგვიანებით. საქმე ისაა, რომ შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად, პირველად ელდარ გოგოლაძე წაიყვანეს – 10 აგვისტოს, 16 აგვისტოს, უკვე შარმაიძის თანმხლებნი – ბედოიძე და ბერბიჭაშვილი, ხოლო 17 აგვისტოს – თავად შარმაიძე. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე მხოლოდ მეოთხედ მისვლისას იპოვეს მწვანე ნარგავების ქვეშ დაგდებული მტკიცებულება _ მასრა, როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, შარმაიძის ავტომატიდან გასროლილი. ამ მასრის შესახებ დღესაც სერიოზულ ეჭვებს გამოთქვამენ, აცხადებენ, რომ ის შემთხვევის ადგილზე დააგდეს. 

ამ ვერსიას ეთანხმება უშიშროების სამსახურის მაშინდელი უფროსი, ირაკლი ბათიაშვილი: „ის მასრა, რომელიც, ვითომდა, შემთხვევის ადგილზე იქნა აღმოჩენილი, უკვე მკვლელობის შემდეგ დააგდეს. როცა ნივთმტკიცება დასჭირდათ, მივიდნენ, გაისროლეს გვარდიელის ავტომატიდან, მასრა აიღეს და ნივთმტკიცებაც მოიპოვეს – ეს ნამდვილად ვიცი“. 

... გამოძიებამ ბოლომდე ვერ მიაგნო ვუდროფისთვის ნასროლი საბედისწერო ტყვიის ისეთ ფრაგმენტს, რომლითაც დადგინდებოდა, რომ ის ნამდვილად ანზორ შარმაიძის იარაღიდან იყო გასროლილი. სხვათა შორის, დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა საბედისწერო ტყვიის გულის გაუჩინარების შესახებ. ვუდროფის თხემ-კეფიდან გამოვარდნილმა ტყვიამ გახია მანქანის ჭერის დერმატინის საფარი და შიგნიდან დააზიანა თუნუქის სახურავი. ზემოდან მანქანის სახურავი გახვრეტილი არ არის, მხოლოდ ამოზნექილია. შესაბამისად, ტყვია მანქანაში უნდა ეპოვათ, მაგრამ ასე არ მოხდა _ საგამოძიებო ჯგუფმა ტყვიის გულას ვერ მიაგნო. 

ამიტომაც ვერსია მანქანის სალონში გასროლის შესახებ თავისთავად გამოირიცხა იმის გამო, რომ ახლო მანძილიდან სროლის შემთხვევაში, ვუდროფს ჭრილობაზე დენთის კვალი უნდა ჰქონოდა, რაც კრიმინალისტ-ექსპერტებმა ვერ აღმოაჩინეს. 

ერთი სიტყვით, გამოძიება ეცადა საქმე იმგვარად წარემართა, რომ „ცერეუშნიკის“ მკვლელობას პოლიტიკური სარჩული მოშორებოდა და ასეც მოხდა. გამოძიებას ხელი შეუწყო თავად ანზორ შარმაიძემ და მისმა მეგობრებმა. 

საქართველოში ჩამოსული ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის პირველი წარმომადგენლის, ამერიკის საელჩოს თანამშრომლის, ფრედ ვუდროფის სიკვდილის მონათვლა რიგითი გვარდიელის ხულიგნობის შედეგად მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევად, ხელს აძლევდა ყველას, ვისაც პირადად, სამსახურებრივად თუ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ეხებოდა ეს ამბავი. ყველას, გარდა თავად ანზორ შარმაიძისა... 

მკვლელობის თვითმხილველი ელდარ გოგოლაძე, დღესაც საფუძვლიანადაა დარწმუნებული, რომ მისი უცხოელი კოლეგა და მეგობარი შემთხვევით გასროლილმა საბედისწერო ტყვიამ გამოასალმა სიცოცხლეს. 

„ფრედის მკვლელობის შემდეგ, თითქმის 2 თვის მანძილზე, საოცარ სტრესში ვიყავი. დღესაც კი, ხანდახან როცა ვფიქრობ რა მოხდა, საოცარი ემოცია მეუფლება. ფრედი ნამდვილად შარმაიძის მიერ გასროლილი ტყვიით მოკვდა. ყველა ის ვერსია, რასაც ანვითარებენ, დღესაც კი აბსურდულია. ამ ვერსიას ანვითარებდნენ ის ადამიანები, რომლებსაც საქართველოს იმიჯის შერყევა სურდათ. ჩემი საეჭვო დაკავშირება ამ ამბავთან, სახელმწიფო მეთაურის იმიჯის შერყევასთან პირდაპირ კავშირში იყო. ამიტომაც ვთხოვე აშშ-ს ელჩს, კენტ ბრაუნს, რომ გამოძიების ჩასატარებლად, FBI მოეწვია. ასეც მოხდა. ვერსიას ვუდროფის მკვლელობისთვის პოლიტიკური სარჩულის დადების თაობაზე, შოთა კვირაია ანვითარებდა. არც გენერალურ პროკურატურას და არც FBI-ის სპეციალისტთა ჯგუფს ასეთი დასკვნა არ გაუკეთებია. იმ ხალხს, ვისაც ამ ვერსიის ამოტივტივება უნდოდა, პირადი ინტერესები ამოძრავებდა, მათი საეჭვო საქმანობის შესახებ მე ძალიან ბევრ და ძალიან სერიოზულ ინფორმაციებს ვფლობდი, აი, ეს იყო მათი ჩემთან დაპირისპირების მიზეზი,“ – ამბობს ედუარდ შევარდნაძის დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი, ელდარ გოგოლაძე. 

ელდარ გოგოლაძემ დაცვის სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და გამოძიების დასრულების შემდეგ, ახალ თანამდებობაზე დაინიშნა უშიშროების სამსახურის ტერორიზმისა და ნარკომაფიის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსად. 1996 წლის გაზაფხულზე, ელდარ გოგოლაძე, უშიშროების მაშინდელი მინისტრის, შოთა კვირაიას ბრძანებით, 1995 წლის 29 აგვისტოს, ტერაქტის თაობაზე არსებული ინფორმაციის დაფარვისთვის დააკავეს. უშიშროების იზოლატორში გამომწყვდეული თანამშრომლისგან, უშიშროების სამინისტროს გამომძიებლები 3 წლის წინ მომხდარი მკვლელობის _ ფრედ ვუდროფის მკვლელობის აღიარებასაც ითხოვდნენ... 

... როგორც FBI-დან გამოგზავნილი მასალებით ირკვევა, ფრედ ვუდროფის მკვლელობის დეტალების გასაცნობად, საიდუმლო აგენტთა პირველი ჯგუფი 1993 წლის 11 აგვისტოს ჩამოვიდა. მათ შორის იყვნენ ზედამხედველი სპეცაგენტი ანუ ჯგუფის ხელმძღვანელი, მკვლელობათა ექსპერტი, ცეცხლსასროლი იარაღის ექსპერტი და ფოტოექსპერტი. მათი უსაფრთხოების ზომების მკაცრად უზრუნველყოფას ორი დღის განმავლობაში ითხოვდა საგამოძიებო ბიურო საქართველოში, აშშ-ის საელჩოსგან. ამერიკული სპეცსამსახურების თანამშრომლები საქართველოში – არასტაბილურ კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების ზომების დაცვის რამდენიმეგვერდიანი მითითებით ჩამოვიდნენ, სადაც ისიც კი იყო განსაზღვრული, როგორ უნდა დაეგმანათ სასტუმროს ნომრის კარ-ფანჯრები. საქართველოში სპეცაგენტებმა ქართულ და რუსულენოვანი თარჯიმნები ამერიკიდანვე ჩამოიყვანეს. მათი თბილისში ჩამოსვლისას, ვუდროფის გვამი ჯერ კიდევ საქართველოში ესვენა. ვაშინგტონში უკვე 9 აგვისტოს გადაწყვიტეს, რომ ცხედრის სამშობლოში გადასასვენებლად, თბილისს თვით ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შეფი, ჯეიმს ვულსი ესტუმრებოდა. ვულსი 8 აგვისტოს, მკვლელობის დღეს, უკვე მოსკოვში იმყოფებოდა. მას ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ტურნე ჰქონდა დაგეგმილი. თბილისს ის ოფიციალური ვიზიტით უნდა სწვეოდა და შეხვედრები ჩაეტარებინა. ვუდროფის მკვლელობამ გეგმები შეცვალა. 16 აგვისტოს საქართველოს დედაქალაქში ჩამოსული, ის თბილისის აეროპორტს არ გასცილებია. იქვე დაახვედრეს აშშ-ის დროშაგადაფარებულ კუბოში ჩასვენებული ვუდროფის ცხედარი. აეროპორტში ჯეიმს ვულსს, ედუარდ შევარდნაძე და მაშინდელი საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის უფროსი, ირაკლი ბათიაშვილი დახვდნენ. რამდენიმე დიპლომატიურ-ზრდილობიანი ფრაზის გაცვლა-გამოცვლის შემდეგ, კარგა ხნის მანძილზე, გლობალურ პოლიტიკურ თემებზე ისაუბრეს... FBI-ის მიერ გამოგზავნილ დოკუმენტებში მითითებულია, რომ ვულსმა ცხედარი ფრანკფურტში გადაასვენა, იქიდან კი _ აშშ-ში. 

თბილისში მყოფი ამერიკელი გამომძიებლები კი მკვლელობის დეტალებს აგროვებდნენ. 13 აგვისტოს, ისინი სახელმწიფოს მეთაურს ედუარდ შევარდნაძეს შეხვდნენ, რომელმაც მუშაობის პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა. 

საქართველოში ჩამოსულმა FBI-ის აგენტებმა, თავდაპირველად, რამდენიმე მცდარი ცნობა მიიღეს. კერძოდ: თითქოს, მანქანა, რომელშიც ფრედ ვუდროფი მოკლეს, ტყვიით არ დაზიანებულა; თითქოს, მკვლელობის იარაღი იყო ავტომატი „AK-47“; თითქოს, სასიკვდილო ჭრილობის შემავალი ხვრელი მდებარეობდა შუბლზე, მარჯვენა თვალს ზემოთ, გამომავალი კი _ კეფაზე. 

მოგვიანებით, მკვლელობის იარაღად აღიარებული ავტომატი, პირველი მონაცემებისგან განსხვავებით, „AK-47“ კი არა, „AK-74“ აღმოჩნდა. რაც შეეხება ჭრილობას, ეს დეტალი სხვა ორ შეცდომაზე ბევრად უფრო საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ქართველმა ექსპერტებმა გვამის გაკვეთის შემდეგ, დასკვნაში ჩაწერეს: „შემავალი ცეცხლსასროლი ნაიარევი განლაგებულია შუბლის მიდამოებში, მარჯვნივ, გამომავალი კი – კეფაზე“. ექსპერტიზის ასეთმა დასკვნამ გამოძიების პროცესში მკვლელობის თვითმხილველთა ჩვენებების შეცლა გამოიწვია. კერძოდ, მკვლელობის დროს, მანქანაში მჯდომმა ერთ-ერთმა ქალმა, რომელიც მკვლელობის მომენტში, ფრედ ვუდროფთან ერთად, უკანა სავარძელზე იჯდა, ახსნა-განმარტებისა და რამდენიმე ჩვენების მიცემის შემდეგ გაიხსენა: „როდესაც გზაზე ავტომატით გადამდგარი პირები შევნიშნეთ, მეც და ფრედიმაც თვალი გავაყოლეთო“. 

სამშობლოში გადასვენებული ფრედ ვუდროფის ცხედარი ამერიკელმა ექსპერტებმაც გაკვეთეს. გაკვეთა ბეთესლას საზღვაო ძალების ჰოსპიტალში ჩატარდა. FBI-ის საგამოძიებო მასალებში პირდაპირ არის ნათქვამი: „პირველი დათვალიერებით ჩანდა, რომ ჭრილობა მარჯვენა თვალთან შემავალი იყო, მაგრამ გაკვეთის შემდეგ საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ მარჯვენა თვალთან ჭრილობა გამავალია. ქართველი ექსპერტების მიერ საწინააღმდეგო დასკვნის გამოტანა მათ მწირ ტექნიკურ შესაძლებლობებს შეიძლება დაბრალდეს. სხვა ეჭვის გამოთქმის საფუძველი ჩვენ არ გვაქვს“.

და კიდევ ერთი, FBI-ის ექსპერტებმა გამოუსადეგრად ჩათვალეს ვუდროფის თავიდან ამოღებული მეტალის ფრაგმენტი, რომელიც ქართველმა სამართალდამცველებმა და ექსპერტებმა ტყვიის გარსის ფრაგმენტად მიიჩნიეს, თუმცა აღნიშნეს, რომ ამის მიხედვით, ტყვიის და მით უმეტეს იარაღის ტიპზე მსჯელობა შეუძლებელია. ამერიკელმა ექსპერტებმა დასკვნაში კი ასეთი რამ ჩაწერეს: „ეს მეტალის ფრაგმენტი ტყვიის არანაირ ნიშანთვისებას არ ატარებს და შეუძლებელია იარაღთან რაიმე კავშირი ჰქონდეს. ამ მეტალის ფრაგმენტს არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნია“. 

გამოძიებამ ბოლომდე ვერ მიაგნო ვუდროფისთვის საბედისწერო ტყვიის ისეთ ფრაგმენტს, რომლითაც დადგინდებოდა, რომ ის ნამდვილად ანზორ შარმაიძის იარაღიდან იყო ნასროლი. 

სხვათა შორის, ვუდროფის სიკვდილის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სპეცაგენტი ვაშინგტონმა საქართველოში, საერთაშორისო ნარკომაფიის არხების დასაზვერად გამოგზავნა. ამას ადასტურებს ცსს-ს გენერალური დირექტორის, ჯეიმს ვულსის აშშს-ს კონგრესისთვის 1994 წელს წარდგენილი ანგარიში, სადაც მან განაცხადა, რომ ვუდროფს სერიოზული გამოცდილება ჰქონდა ნარკომაფიის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში და, რომ მისი საქართველოში გაგზავნის ერთ-ერთი დანიშნულება ნარკომაფიის შესაძლო მარშრუტის დადგენა და მის წინააღმდეგ ბრძოლაც იყო... გაზეთმა „Известиа“-მ ამ თემას ვრცელი წერილიც მიუძღვნა: 

„საქართველოში, ნარკოვაჭრობის თვალსაზრისით, სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ ედუარდ შევარდნაძე იძულებული გახდა, მდგომარეობის განმუხტვის მიზნით, ნარკოლოგიური ტესტი ჩაეტარებინა. შევარდნაძე დეტალურ ინფორმაციებს ფლობდა, თუ რა ხდებოდა საქართველოში, თუ რა მასშტაბებს მიაღწია ნარკომაფიამ. ვუდროფმა ნარკობიზნესის, კერძოდ, ჰეროინით ვაჭრობის შესახებ ძალიან სერიოზული ინფორმაციები მოიპოვა და მიაწოდა ოლდრიჯ ეიმსს. სწორედ ეიმსი იყო ის პიროვნება, ვისთანაც პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა ვუდროფს ანუ მხოლოდ მისთვის უნდა მიეწოდებინა მოპოვებული ინფორმაციები. ეიმსმა ვუდროფისგან მიიღო ინფორმაცია საქართველოში ნარკომაფიის არსებობის შესახებ და შეატყობინა მოსკოვს, მოსკოვიდან კი გაიცა ვუდროფის მოკვლის ბრძანება. უფრო ზუსტად, საქართველოში ჩამოვიდა ინფორმაცია და მითითება ვუდროფის მკვლელობის თაობაზე. ნარკობიზნესით დასაქმებულმა პირებმა _ შევარდნაძის დაცვის სამსახურის უფროსმა, ცსს-ს აგენტის მკვლელობა სისრულეში მოიყვანა“. 

ელდარ გოგოლაძე ამ ვერსიას კატეგორიულად არ ეთანხმება: 

„ეს ვერსია სისულელეა. როგორ შეიძლებოდა, რომ ფრედს ინფორმაციები ეიმსისთვის მიეწოდებინა, როცა ცსს-ს იმ პერიოდში უკვე კარგა ხნის გაშიფრული ყავდა ოლდრიჯ ეიმსი. სწორედ ამიტომაც მოხდა, რომ ის ოპერატიულ სამუშაოს ჩამოაშორეს. ვფიქრობ, რომ ეიმსზე სერიოზული ეჭვები ჰქონდა ფრედსაც, ამიტომაც ის არანაირ ინფორმაციას არ მიაწოდებდა ეიმსს. ერთი სიტყვით, ეიმსთან დაკავშირებული ვერსია ბლეფია“. 

რაც შეეხება საქართველოში საერთაშორისო ნარკოცენტრის შექმნის პროექტს, ელდარ გოგოლაძე აცხადებს, რომ პროექტები, თანაც საკმაოდ სერიოზული, მრავლად იყო, მაგრამ მათ ასამუშავებლად, საქართველო მზად არ აღმოჩნდა...“

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში