Menu
RSS

ბანკზე თავდამსხმელი თანამზრახველებთან კომუნიკაციას ე.წ. დახურული ნომრით ამყარებდა?

ჰქონდა თუ არა მძარცველს წვდომა ბანკის თანამშრომელთა დოსიეებზე _ ვახტანგ მაისაიას სკანდალური ანალიზი

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და თანხის გამოძალვის მოთხოვნით, მძევლები აიყვანა. მართალია, თავდამსხმელის მოთხოვნილი 500 ათასი აშშ დოლარი პოლიციის მაღალჩინოსანმა გარედან შეიტანა, მაგრამ მომხდარს თამამად შეგვიძლია საუკუნის ძარცვა ვუწოდოთ. შსს-ს ინფორმაციით, პირი, რომელიც ბანკში შეიჭრა და 43 მძევალი აიყვანა, ბადრი ესებუაა. უწყების ინფორმაციითვე, ბრალდებული ბადრი ესებუა სოფელ გრიგოლისიდანაა. თავდაპირველად, გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო, თუმცა შემდეგ ტერორიზმის კვალიფიკაცია მიეცა. „ვერსია“ სამხედრო საკითხების ექსპერტ ვახტანგ მაისაიას დაუკავშირდა, რათა ზუგდიდის სკანდალურ საქმეზე არსებულ ლოგიკურ კითხვებზე სპეციალისტის პასუხი მიგვეღო:

 

_ თავიდანვე მისი ფსიქოპორტრეტი დავახასიათე. ერთ-ერთი პირველი ვამბობდი, რომ თავდამსხმელი პროფესიონალი და სამხედრო პირი, შეიძლება, სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლიცაა და გავლილი აქვს სპეცმომზადება. ამ ეტაპზეც იმავე აზრზე ვრჩები _ ეს ადამიანი კარგად მომზადებული პროფესიონალია და, როგორც ჩანს, საბრძოლო გამოცდილება, განსაკუთრებით ბოლოდროინდელ შეიარაღებულ თუ სამხედრო კონფლიქტებში აქვს. აქვე, ორი ნიუანსია მნიშვნელოვანი _ შეიძლება, საბრძოლო გამოცდილება მეც მაქვს, როგორც აფხაზეთისა და პანკისის ოპერაციაში მონაწილეს, მაგრამ მას მერე, საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიმიღია და როცა დიდხანს არ მონაწილეობ, უნარები გიჩლუნგდება. დავუშვათ, ანალოგიური ქმედება მე რომ ჩამედინა, ასეთი თვითდაჯერებული ვერ ვიქნებოდი. ის კი თვითდაჯერებული იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ სერიოზული გამოცდილება ბოლო საბრძოლო მოქმედებებში აქვს მიღებული. მან კარგად იცოდა მოწყობილობა, შენობის ადგილმდებარეობა და, როგორც ჩანს, წვდომა ბანკის თანამშრომლების დოსიეებზეც ჰქონდა. 

_ ამას რატომ ამბობთ? 

_ თანამშრომლებთან კარგად ოპერირებდა და რამდენიმე სატყუარაც გამოიყენა. სხვათა შორის, ისიც, ალბათ, ერთგვარი სატყუარა იყო, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამკლაურით რომ მივიდა, თორემ ასეთი სამკლაურით, რომელი ჭკუათმყოფელი მივა გასაძარცვად. ისე, ასეთი სამხედრო ფორმა მეც მაქვს, მაგრამ რაღაც სპეცოპერაციაში მონაწილეობისას, მისი ჩაცმა რომ მოვინდომო, ყველა ვარიანტში, ამ ემბლემას მოვიხსნი, რათა დამატებითი იდენტიფიკაციის მომენტი გამოვრიცხო, მაგრამ თუ მინდა, რომ ვიღაც დავაბნიო და შორი გზით წავიყვანო, მაშინ შეიძლება, რუსეთის შეიარაღებული ძალების ნიშანიც კი მივაკრა და ეს ქმედება ისე ჩავიდინო ანუ ეს სატყუარას ტიპის ტაქტიკაა. სიღრმისეული დაზვერვის მებრძოლებს ასეთ რამეებს ასწავლიან და ეს ტაქტიკური ელემენტია. 

არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ შეიძლება, დისკრედიტაცია ყოფილიყო _ ფსიქოლოგიური ომის ერთ-ერთი სახეობა, რომელიმე შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციაა ანუ მას ფსიქოლოგიური ბრძოლის ტრენინგიც, როგორც ჩანს, გავლილი ჰქონდა. 

_ ესე იგი, შესაძლოა, შეიარაღებული ძალების ფორმა იმიტომ ჩაიცვა, რომ ამ უწყების დისკრედიტაციას ცდილობდა? 

_ ფორმა, შეიძლება, სპეცოპერაციის ჩასატარებლად ჩაიცვა, რადგან ბუნებრივია, ეს ფორმა აუცილებელია, რათა ასეთ დროს, თავს თავისუფლად გრძნობდეს. არაპროფესიონალი და „პრაფანი“ რომ ყოფილიყო, ასეთი დონის ოპერაციას სამოქალაქო ფორმით ჩაატარებდა. აი, მაგალითად, არაპროფესიონალებმა ინკასატორის მანქანა დააყაჩაღეს და ვნახეთ, რომ მეორე დღესვე დააკავეს; ასევე, ავტოგასამართი სადგურის დამყაჩაღებლებიც მალევე დააკავეს. 

_ ბატონო ვახტანგ, ყველაფერ ამასთან ერთად, საგულისხმოა, რომ თავდამსხმელი ბანკში შეიჭრა და ნახევარი მილიონი დოლარი ბანკიდან კი არა, გარედან მოითხოვა... ეს იმ ვარაუდის საფუძველს ხომ არ იძლევა, რომ ის, რაც მოხდა, პოლიტიკური აქტი იყო? 

_ ამიტომ ვთქვი, რომ ეს კლასიკური ტერორისტული აქტია. ჩემი სპეციალიზაცია ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებაა და ეუთო-ს ექსპერტიც ვიყავი, ამ კურსს თსუ-სა და სხვადასხვა სამხედრო აკადემიაში ვასწავლი. ამიტომ ვიცი, რაზეცაა საუბარი. ეს კლასიკური ტერორისტული აქტია. თავდამსხმელი კი ამბობდა, მე ტერორისტი არ ვარო, თუმცა მის გასაგონად ვამბობ _ უკაცრავად, მაგრამ თქვენ ტერორისტი ბრძანდებით, რომელმაც კლასიკური ტერორისტული აქტი მოაწყვეთ! 

ტერორისტულ აქტებში 9 ქმედება არსებობს, ეს დეფინიციები მე შევიტანე, როცა ტერორიზმთან ბრძოლის ეროვნული სტრატეგიაზე ვმუშაობდი ანუ ჩემი მოსაზრებები წარვუდგინე და გაითვალისწინეს. იქ გაწერილია, რას ნიშნავს ტერორისტული აქტი, ეს დოკუმენტი სუს-მა რამდენიმე ხნის წინ მიიღო და მასში წერია, რომ შენობის დაკავება-დაზიანება, მძევლების აყვანა, დივერსიული რეიდის ჩატარება, რა დროსაც საფრთხე ადამიანების სიცოცხლეს ექმნება, არის ტერორისტული აქტი! 

_ ტერორისტული აქტი ჩვეულებრივი კრიმინალისგან რით განსხვავდება? 

_ ტერორისტულ აქტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს პოლიტიკური მოტივი, მიზანი ან მისია. 

_ ბანკის მძარცველს პოლიტიკური მოთხოვნები არ ჰქონია... 

_ დიახ, მაგრამ პოლიტიკური მოტივაცია აშკარად შეინიშნებოდა. 

_ ანუ? 

_ სამართალდამცავი ორგანოების დისკრედიტაცია პოლიტიკური ქმედებაა. ამასთან, მან სახელმწიფოს, პრაქტიკულად, საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ომი გაუმართა, რაც პოლიტიკური შიგთავსია. როდესაც ასეთი ქმედება არჩევნების წინ ხდება, ესეც არაპირდაპირი პოლიტიკური მოტივაციაა. 

_ რა შეიძლება იდგეს ყველაფერ ამის უკან, კვალი რუსეთამდე ხომ არ მივა? 

_ შესაძლოა, ეს ჰიბრიდული დივერსიული აქციაა, მით უმეტეს, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს ასეთი ჰიბრიდული ოპერაციების საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვთ. 

შემიძლია, ერთი მაგალითი მოგიყვანოთ: 2010 წელს, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სპეციალური დანიშნულების აკადემია დაარსდა, სადაც მომზადებას სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლები გადიან. ეს აკადემია ეროვნული გვარდიის სპეცსამსახურს ემორჩილება, რომელიც რუსეთის ფედერაციაში ახლახანს შეიქმნა. ამ აკადემიის ფორმატში, კურსანტებს ეძლევათ დავალება, რომ მიმდებარე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩუმად გადავიდნენ, პროდუქტები იყიდონ და უკან დაბრუნდნენ. ეს კურსანტებისთის ჩათვლის ვარიანტია ანუ გამოცდას ასე აბარებენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთ დავალებებს რიგით კურსანტებს აძლევენ, რა გასაკვირია, კონფლიქტის კერაში, სადაც ფედერალური უშიშროების სამსახურის ოპერატიული სადაზვერვო სამსახურები მუშაობენ, ასეთი ოპერაცია განეხორციელებინა? 

_ ბატონო ვახტანგ, ბევრს გაუჩნდა კითხვა, რამდენად რეალურია, რომ ადამიანს, დაახლოებით, 7 საათის განმავლობაში, გახსნილი „ლიმონკა“ ეჭიროს? 

_ ეს შეიძლება „მულაჟი“ იყო ანუ ნამდვილი ყუმბარა არ ჰქონდა. მას ე.წ. ლიფჩიკი ეცვა, სადაც ყუმბარების ჩასადები, სპეციალური ჯიბეებია, იქვეა ჯიბე მჭიდებისთვისაც. ამ „ლიფჩიკს“ ჯავშანჟილეტის სახითაც იყენებენ. მოკლედ, თუ მას ჰქონდა „მულაჟი“, ეს არ ნიშნავს, რომ საბრძოლო ყუმბარები არ ექნებოდა. იმის გარკვევა, ეს სასწავლო ყუმბარაა თუ საბრძოლო, შორიდან შეუძლებელია. შიგნით რომელიმე მძევალი პროფესიონალი რომ ყოფილიყო, დააფიქსირებდა, სატყუარა იყო თუ ნამდვილი. 

თავისუფლად შესაძლებელია, ეს ნამდვილი ყუმბარა ყოფილიყო, რადგან დროებით შეიძლება გაეკეთებინა ე.წ. ზადვიშკა და ასე გაეჩერებინა, თუმცა 7 საათის განმავლობაში, ყუმბარის ასე დაკავება და თან ავტომატური იარაღით გადაადგილება, ცოტა საეჭვოა. თუ ადამიანს ფსიქოლოგიური და ფიზიკური სპეცმომზადება აქვს გავლილი, შეუძლია, გარკვეული დროის განმავლობაში, ხელყუმბარა გახსნილ მდგომარეობაში ეჭიროს, მაგრამ არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ხელყუმბარა გახსნილი მხოლოდ მოლაპარაკების დროს ჰქონდა... 

_ ჩნდება კითხვა: მოქმედებდა თუ არა მარტო? ერთი ვერსიით, შესაძლოა, მძევლებში ჰყავდა თანამზრახველი... 

_ უდანაშაულობის პრეზუმპციას ვერ დავარღვევ, მაგრამ როგორც ჩანს, მარტო არ მოქმედებდა _ მას ჰყავდა თანამზრახველები, უშუალოდ პერიმეტრის შიგნით... გულშემატკივრები ყველა ვარიანტში ეყოლებოდა. არ გამოვრიცხავ, რომ დახურული ნომრიდან დაფიქსირებულიყო კომუნიკაცია თანამზრახველებთან. ამის დადგენა გამოძიების პრეროგატივაა. 

არც იმას გამოვრიცხავ, შიგნითაც ჰყოლოდა თანამზრახველები იმიტომ, რომ მძევლები იღებდნენ ფოტოებს, ჰქონდათ სატელეფონო კომუნიკაცია. „ოდიშმა“ გაავრცელა კადრი, რომელიც მძევალმა ფარულად გადაიღო და ესეც გამიკვირდა, რადგან ყოველთვის, როცა მძევლები აჰყავთ, ართმევენ კომუნიკაციის საშუალებებს. მაგალითად, ნორდოსტში და ბესლანის ტრაგედიის დროს, ტერორისტებმა, პირველ რიგში, ამოიღეს საკომუნიკაციო საშუალებები. ეს მძარცველი კი ისეთი სულელი არ უნდა იყოს, ვერ დაეფიქსირებინა, რომ მას ვიღაცამ ფოტო გადაუღო. 

მოკლედ, არ გამოვრიცხავ, რომ შიგნით იყო ვიღაც, ვინც ამყარებდა კომუნიკაციას გარე პირებთან. თუ მაღალი დონის სპეციალისტები არიან, შეიძლება, არავერბალური კომუნიკაცია ჰქონდეთ, მაგალითად, ჟესტიკულაციით. ის აძლევდა საშუალებას მძევლებს, კომუნიკაცია ჰქონოდათ გარესამყაროსთან, რაც იწვევს გაკვირვებას. როგორც ჩანს, ან მას აწყობდა ე.წ. პიარი გაეკეთებინა, ან ჰყავდა თანამზრახველი, რომლის საშუალებითაც, გარესამყაროსთან კომუნიკაციას ამყარებდა. 

_ ბატონო ვახტანგ, დავუშვათ, თავდამსხმელი მოქმედი სამხედროა. რომელ ვერსიას უფრო რეალისტურად მიიჩნევთ _ ის განაწყენებულია და თავისი უპირატესობის დამტკიცება უნდოდა, თუ ეს შეკვეთილი პოლიტიკური აქტი იყო? 

_ პირველ ვარიანტს ლოგიკა აქვს, რადგან თავდამსხმელმა იმ რაოდენობის თანხა მოითხოვა, რომლის დანომვრასაც დიდი დრო დასჭირდებოდა... 

_ ანუ ფულს გადაცემამდე ვერ დანომრავდნენ? 

_ დანომვრას რამდენიმე საათი სჭირდება. როცა მძევლები აჰყავთ და საუბარი თანხის გადაცემაზეა, პოლიცია ცდილობს, გაახანგრძლივოს გამტაცებელთან ურთიერთობა, რათა დანომვრა მოასწროს. 500 ათასის დანომვრას რამდენიმე საათი დასჭირდებოდა. ისე, აზრი დანომვრასაც არ ექნებოდა, რადგან თუ აღნიშნული ტერორისტი, დიდი ალბათობით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე უნდა გადასულიყო, იქ დანომრილი კუპიურების გავრცელებას აზრი არ ექნებოდა, რადგან ჩვენსა და ოკუპირებული აფხაზეთის სპეცსამსახურებს შორის, კავშირი არ არსებობს. 

რომ ამბობენ, „ჟუჩოკი“ რატომ არ ჩაუყენესო, ჯერ ერთი, ყველა პოლიციის „პიკაპს“ ავტომატურად აქვს სატელიტური კავშირგაბმულობის საშუალება და, როგორც ჩანს, მან სპეციალურად მოითხოვა პოლიციური მანქანა. თავი ტყის მასივამდე მიაყვანინა და შემდეგ, თვითონ ტყეში გაუჩინარდა, ტყეში კი დრონებიც ვერ იპოვიდნენ. სამეგრელოდან ვარ და ჩემს სოფელში ისეთი ტყის მასივებია, ძნელია, რამე იპოვო, მით უმეტეს, თუ ადამიანი მომზადებულია... 

ასევე, მან საკმაოდ დიდი მარყუჟი გააკეთა, როგორც ჩანს, შემთხვევით არ უვლია. სხვათა შორის, თავის დროზე, აშშ-ის სამხედრო ძალების აკადემიაში რეინჯერებს ვწვრთნიდი, ხელჩართულ ბრძოლას ვასწავლიდი და ვიცი, რომ გამქცევისთვის 5 კილომეტრის გარბენა უკვე ფორაა, მით უმეტეს, ღამით. შეიძლება, მას სამალავიც ჰქონდა, სადაც თანხა დამალა, სამოქალაქო ფორმა ჩაიცვა და გზა ისე გააგრძელა. 

_ ისე, ბატონო ვახტანგ, საზოგადოება მომხდარს ცოტა იუმორით შეხვდა და კრიმინალის რომანტიზაციაც დაიწყო. ამის მიზეზი რა უნდა იყოს? 

_ ჯერ ერთი, ის, რომ თავდამსხმელმა მიზანს მიაღწია და სახელმწიფოს ფული, ბოდიში და, „აახია“, თან გაქცევაც მოახერხა. ეს მკრეხელური ნათქვამია, მაგრამ აბრაგობის ელემენტი შეიმჩნეოდა. „ვა, რა მაგარი ტიპია!“ _ ქვეცნობიერის დონეზე, ეს მომენტი შეიძლება, ყველას აქვს. 

მეორეც, თავდამსხმელმა საკმაოდ კარგად მოახდინა საინფორმაციო ველის დაპყრობა ანუ საინფორმაციო ომში დაასწრო და დადებითი იმიჯი შეიქმნა. 

ზოგს ჰგონია, სტოკჰოლმის სინდრომი განვითარდაო, მაგრამ ეს სინდრომი მაშინ ჩნდება, როცა ტერორისტები ძალიან მკაცრად იქცევიან და ადამიანს უჩნდება განცდა, რომ ასეთმა მკაცრმა დაინდო და არ მოკლა. აქ კი აბსოლუტურად სხვა რამ მოხდა _ ის ჯენტლმენურად იქცეოდა, აძლევდა საშუალებას მძევლებს, გაენაწილებინათ ხაჭაპური. აძლევდა კომუნიკაციის საშუალებას, ორსული და ხანდაზმული ქალბატონები გაუშვა. მძევლებს საპირფარეშოთი სარგებლობის ნებასაც რთავდა. ბესლანის ტრაგედიის დროს, მძევლებს საპირფარეშოში არ უშვებდნენ და ისინი საკუთარ შარდს სვამდნენ. ამ თავდამსხმელმა კი, ცუდი ტერმინია, მაგრამ უნდა ვთქვა, მძევლებს სასათბურე პირობები შეუქმნა. 

ამასთან, შეიძლება, ბევრია გამწარებული ხელისუფლებაზე, მძიმე სოციალური ფონია და ზოგი ფიქრობს, ძალიანაც კარგი, ჩვენი ჯინი ამოიღოო ანუ ყაჩაღის კი არა, აბრაგის იმიჯი შეიქმნა. არ გამიკვირდება, რომ ვინმე გამოჩნდეს და თქვას, ამ თანხით გაჭირვებულებს დაეხმარაო.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში