Menu
RSS

რამდენი ქართველი „კანონიერი ქურდი“ ემსხვერპლა კორონას

რომელი დანაშაული ხდებოდა კომენდატის საათის დროს ყველაზე ხშირად

რამდენიმე დღის წინ თბილისში, ავჭალაში, ვალერიან ნემსიწვერიძე საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. ნემსიწვერიძის შესახებ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. ითქვა, რომ მას კრიმინალური წარსული ჰქონდა, რომ ციხის ბუნტში მონაწილეობდა და მეტიც, ბუნტის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. რეალურად კი, ციხის ბუნტს ორგანიზატორი არ ჰყოლია, ყველაფერი სპონტანურად მოხდა _ მსჯავრდებულმა გიორგი ავალიანმა, ბაჩო ახალაიას, მისსავე კაბინეტში ისე შემოარტყა, რომ უკანალზე გააცურა, რის შემდეგაც ავალიანს და მასთან ერთად ახალაიას კაბინეტში მყოფ ერთ-ერთ „კანონიერ ქურდს“, რომელიც ეტლში იჯდა, ცემა დაუწყეს. მერე ვიღაცამ დაიძახა, ქურდებს სცემენო და ბუნტიც ამის შემდეგ დაიწყო.

ნემსიწვერიძე ბუნტის ორგანიზატორი იმ მარტივი მიზეზითაც ვერ იქნებოდა, რომ არასდროს ყოფილა კრიმინალური ავტორიტეტი, არასდროს ყოფილა „შავი სამყაროს“ წევრი. ის ერთადერთი შემთხვევაც კი, რის გამოც ციხეში იჯდა, სტრასბურგში გაასაჩივრა და პროცესი მოიგო კიდეც _ სტრასბურგის სასამართლომ ნემსიწვერიძე სრულად გაამართლა. 

ჩვენი ინფორმაციით, ოჯახის წევრები და ადვოკატი იმედიანად არიან და სამართალდამცავთაგან მყარი გარანტია აქვთ, რომ მკვლელობა რამდენიმე დღეში გაიხსნება. დიდი ალბათობით, პოლიციამ მკვლელის ვინაობა იცის და მისი ადგილსამყოფელის დადგენითაა დაკავებული. 

როგორც გვეუბნებიან, მისი მკვლელობა ბიზნესს უკავშირდება, მაგრამ ისიც გავიგეთ, რომ რეალურად, ნემსიწვერიძე არ იყო ისეთ ბიზნესში, რის გამოც შესაძლოა, ადამიანი სასიკვდილოდ გაიმეტო ანუ საქმე ძალიან დიდ ფულს არ ეხებოდა. 

* * * 

ზოგადად, კრიმინალური სამყარო მძიმე დღეშია. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, კორონავირუსმა, ერთბაშად, ხუთი გავლენიანი „კანონიერი ქურდი“ იმსხვერპლა და მათ შორის, ემზარ ჯაფარიძეც, მეტსახელად „კვატია“, რომელიც ძველი ყაიდისა და დიდი გავლენის ავტორიტეტი იყო. 

სწორედ ვირუსის გამო, ევროპაში ქართული კრიმინალური დაჯგუფებები, პრაქტიკულად, დაშლილია და ამიტომაცაა, ბოლო დროს, ევროპელი სამართალდამცავები ქართულ კრიმინალურ დაჯგუფებებზე რომ აღარაფერს ამბობენ. 

„აქ ახლა ყველა გადარჩენაზე ფიქრობს. არ არის საუბარი ქურდობასა და ძარცვაზე, საუბარია ელემენტარულ პურის ფულსა და კიდევ იმაზე, რომ უსაბუთო კაცი შემთხვევით სადეპორტო ციხეში არ მოხვდე და საქართველოში არ გამოგიშვან. გარეთ პოლიცია და ჯარი ერთობლივად პატრულირებს და ამიტომ, ხელის განძრევა რთულია. ვისაც რამე აქვს, ერთმანეთს ვეხმარებით და 20 თუ 30 ევრო გვაქვს „საჩალიჩო“. არავინ იცის, როდემდე გაგრძელდება ეს სიტუაცია, მაგრამ ფაქტია, ახალი ტალღა წამოვიდა და აქაურობა კვლავ საგიჟეთს დაემსგავსა“, _ გვეუბნება ესპანეთში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი. 

ამ ემიგრანტთან საუბარი დასრულებული გვქონდა, როცა გაირკვა, რომ ესპანეთში კვლავ უმკაცრესი ზომები შემოიღეს და ქვეყანა ყველა მიმართულებით ისევ ჩაიკეტა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კრიმინალთათვის კვლავ უმძიმესი პერიოდი იწყება 20 და 30 ევროს სესხებითა და სახლში ჯდომით. 

* * * 

ზოგადად, ჩაკეტილმა ქალაქებმა საქართველოშიც გვაჩვენა, რომ ეს პროცედურა პირდაპირკავშირშია დანაშაულის კლებასთან. სხვა საკთხია, როგორ მოქმედებს ყველაფერი ეს ეკონომიკაზე. სწორედ ეკონომიკის ჩამოშლის გამოა, ხელისუფლება დღეს რომ აღარ კეტავს ქალაქებს და ამის გაკეთება არჩევნების შემდეგაც ურთულესი იქნება, რადგან ჩაკეტილი მოსახლეობის შენახვა ბიუჯეტს რამდენიმე ასეული მილიონი ლარი დაუჯდა, თანაც ეს თანხა ბიუჯეტში მაშინ არ იყო გათვალისწინებული და ფული ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოაკლდა. 

„ყველაზე ბევრი დანაშაული, რაც კომენდანტის საათის დროს ხდებოდა, ნარკოტიკების მოხმარება იყო. შეიკეტებოდნენ ბინაში და მიდიოდა დილამდე კაიფი. ყაჩაღობები, პრაქტიკულად, განულდა, ღამით ქურდობები მინიმუმამდე დავიდა, რადგან საკმარისი იყო, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ვინმე დაელანდა, ადვილი მისახვედრი იყო, ან კრიმინალი გახლდათ, ან მოქალაქე, რომელიც უნდა დაჯარიმებულიყო. უკაცრიელ ქალაქში კი ადამიანების შემჩნევა ძალიან იოლია. არ ვიცი, ჩაიკეტება თუ არა ისევ ქალაქები, მაგრამ დანაშაულის სტატისტიკას ეს პროცედურა რომ გაანულებს, უკვე ვნახეთ“, _ გვითხრა ყოფილმა ძალოვანმა.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში