Menu
RSS

ქმარმა ცოლი მოკლა!

ორმაგი მკვლელობის ექსკლუზიური დეტალები

გაუხსნელი საქმეები ახლაც მძიმე ტვირთად აწევთ სამართალდამცავებს. ყველა მაქსიმალურად ცდილობს, თვის, კვარტლისა თუ წლის ბოლოს, რაც შეიძლება ცოტა გაუხსნელი საქმე ჰქონდეს, თორემ პრემიას ვინ ჩივის, შესაძლოა, დააქვეითონ. ანალოგიური ხდებოდა ადრეც, საბჭოთა მილიციაში, როცა გაუხსნელი საქმეების სიჭარბის გამო, ჯერ აქვეითებდნენ, შემდეგ რეგიონში გადაჰყავდათ და თუ თავს იქაც ვერ გამოიჩენდა, სამსახურიდან უშვებდნენ. ამიტომაც იყო, დაკავებულ პირს ეშელონად რომ ჩააბამდნენ ხოლმე გაუხსნელ, მკვდარ საქმეებს, მაგრამ ეს, ძირითადად, ქურდობას ეხებოდა, თორემ მძიმე დანაშაულების (მკვლელობა, ყაჩაღობა) მიბმა ძნელია. ჰო, ის „ჩაბმული“ დანაშაულები რომ ეღიარებინა, სანაცვლოდ, დამნაშავე შეღავათს იღებდა და მოსალოდნელზე ნაკლებს უსჯიდნენ. ეს იცოდა ყველამ _ მოსამართლემ, პროკურორმა და რაღა თქმა უნდა, გამომძიებელმა.

საქმე, რომელსაც პოლიციის პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი ლამის გადააყოლეს, იმდენად უცნაური იყო, რომ მას დღემდე ასწავლიან, როგორც პრაქტიკის ერთ-ერთ უიშვიათეს ნიმუშს. მკვლელობები და მკვლელობის მცდელობები, გატაცებული ბავშვი _ ყველაფერი ეს, ერთი საქმის ძიების დროს მოხდა. ამბავი კი, ერთი შეხედვით, უბედური შემთხვევით დაიწყო: შინ დაბრუნებულ ქმარსა და 7 წლის შვილს, დიასახლისი აბაზანაში გარდაცვლილი დახვდათ. წინასწარი ვერსიით, ქალს გული წაუვიდა და წყალში დაიხრჩო, მაგრამ ესქპერტიზის დასკვნა პირდაპირ მიანიშნებდა _ ქალი წყალში გაგუდეს. 

 

„გარდაცვლილის ქმარ-შვილი თიჯინების თეატრში იყო ანუ ქმარი გამოირიცხა, მას ალიბი ჰქონდა, რადგან მთელი იმ დროის განმავლობაში, ბავშვს არ მოსცილებია. ოჯახის სხვა წევრებიდან ცოცხალი მხოლოდ ქალის მამა იყო და ისიც ფსიქიატრიულში მკურნალობდა. გადავამოწმეთ და პაციენტი დაკეტილ პალატაში იმყოფებოდა, შესაბამისად, იქიდან ვერ გავიდოდა და რეალურად, არც გასულა _ ფსიქიატრიული მაშინ კარგად იყო დაცული. ძიების დროს გამოიკვეთა, რომ ქალი ადრეც იყო გათხოვილი და შვილი სწორედ პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. გადავამოწმეთ პირველი ქმარიც _ ქალაქში არ იმყოფებოდა და მომხდარის შესახებაც არაფერი იცოდა. მიზეზი, ვის რაში დასჭირდა ქალის მოკვლა, დაუდგენელი იყო და ყველაფერი ეს იმის ფონზე, რომ სახლიდან არაფერი იყო დაკარგული“, _ იხსენებს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო საქმეს ბატონი თენგიზი. 

გამოძიების მეორე დღეს, ფსიქიატრიულიდან მილიცია გამოიძახეს: ღამით, უცნობი პირი შენობაში შევიდა, იმ პალატის კარი გააღო, სადაც მოკლული ქალის მამა იწვა და დანა დაარტყა. პირველი ჭრილობის შემდეგ, კაცმა არაადამიანური ხმით იყვირა, თავდამსხმელმა დანა მეორედ მოიქნია, თუმცა ამჯერად მოხუცმა ხელი შეაშველა და მტევანი გაეგლიჯა. მკვლელობის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. 

გამოძიებამ, რაღა თქმა უნდა, ეს ორი საქმე გააერთიანა, თუმცა მოხუცის დაკითხვას აზრი არ ჰქონდა _ ჯანმრთელი აშკარად არ იყო და ვერაფერი თქვა _ მხოლოდ ღმუოდა. 

რამდენიმე დღეში მოკლული ქალი დაასაფლავეს, ფსიქიატრიულიდან კი სამართალდამცავებს შეატყობინეს, რომ კაცი, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა და დაჭრილი იყო, კლინიკიდან გაიქცა. ეს დამატებით, მოულოდნელი ამბავი გახლდათ, რადგან გამომძიებლებმა თავისი თვალით ნახეს მოხუცის არაადეკვატური მოქმედებები და პასუხები _ ასე, უბრალოდ, ვერავინ ითამაშებდა. ფაქტია, ის სრულ ჭკუაზე არ იყო და შესაბამისად, გაქცევაც არ უნდა ყოფილიყო დაგეგმილი ან მომხდარ დანაშაულებთან კავშირში. 

გაქცევიდან მეორე დღეს, მილიციაში კიდევ ერთი ზარი შევიდა. ამჯერად, იმ ქალის მეზობელი მოკლეს, რომელიც აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. მეზობელი ერთი სართულით დაბლა ცხოვრობდა და, პრაქტიკულად, ყველასთან იდეალური ურთიერთობა ჰქონდა. მკვლელმა იარაღად ბრინჯაოს პატარა ქანდაკება გამოიყენა, რომელიც მამაკაცს თავში ისე ძალუმად ჩაარტყა, ოთახი ტვინის შხეფებით იყო მორწყული. სანამ სამართალდამცავები ოთახს ათავალიერებდნენ და მეზობლებს კითხავდნენ, უბნის რწმუნებული მივიდა და თქვა, რომ კორპუსის გვერდით, უგონო მდგომარეობაში მამაკაცი ნახეს, რომელსაც, სავარაუდოდ, თავში აგური ჩაარტყეს (აგურის ნატეხები იქვე იყო მიმოფანტული). მამაკაცი სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა და... ის გარდაცვლილი ქალის ქმარი აღმოჩნდა, რომელსაც ბავშვი სკოლიდან მოჰყავდა. როგორც თვითმხილველები ამბობდნენ, ვიღაც კაცმა აგური მიპარვით ჩაარტყა, შემდეგ კი ბავშვს ხელი დაავლო და გაიტაცა. 

„ალბათ, ხვდებით, რა დღეში ჩავვარდებოდი?! ერთ დღეში მოკლეს ქალი, თავს დაესხნენ მის ქმარს, მამას, მოკლეს მეზობელი, გაიტაცეს ბავშვი და... მე ეჭვმიტანილი არ მყავდა. სერიოზული ეჭვი გაჩნდა, რომ სიძეს სიმამრი გაუსწორდა და ბავშვიც სწორედ მან გაიტაცა, მაგრამ რატომ? რისთვის? თანაც, იმ დღეს, როცა ქალი მოკლეს, მამაკაცი ფსიქიატრიულში ძალიან ცუდად იყო და ექთანი მის მოსანახულებლად ყოველ ნახევარ საათში ერთხელ შედიოდა ანუ ფსიქიკურად შეშლილი კაცი თავის შვილს ვერ გაგუდავდა. რაც შეეხება მეზობელს, სხვებთან ერთად, თავის დროზე ისიც დავკითხეთ, მაგრამ არაფერი დაუნახავს, რადგან სამსახურში იყო“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

სამინისტროს მაღალჩინოსნებმა ზედიზედ მომხდარი უმძიმესი დანაშაულების სიმძიმე მხოლოდ ბატონ თენგიზს აჰკიდეს და უთხრეს, რომ საქმეების გასახსნელად ერთი კვირა ჰქონდა, თანაც გარდაცვლილის ქმრის ნათესავი პარტიული ჩინოვნიკი აღმოჩნდა, სამინისტროში ყოველდღიურად რეკავდა და კატეგორიულად ითხოვდა, ან დამნაშავეები დაესაჯათ, ან საქმის გამომძიებელი, რომელმაც დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა. 

„სიმართლე გითხრათ, წინ ერთი ნაბიჯითაც ვერ წავიწიეთ. არავინ არაფერს ამბობდა, არავის მტერი არ ჰყავდა, აგერ, 7 წლის ბავშვის გატაცება საქართველოს კი არა, საკავშირო მასშტაბით იყო სკანდალი. ვიჯექი და იმას ვფიქრობდი, რომელ ჯურღმულში გამისროდნენ იმ შემთხვევაში, თუ ორგანოებში საერთოდ დამტოვებდნენ. 

მოცემული კვირის ამოწურვამდე 48 საათი იყო დარჩენილი, როცა განყოფილებაში, ჩემი კაბინეტის კარი გაიღო და... ფსიქიატრიულიდან გაქცეული მოხუცი შემოვიდა. გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა, მივხვდი, საქმის გასაღები თავისი ფეხით მეახლა, ამიტომ, რაც შეიძლება მშვიდად წამოვდექი, სკამი გამოვწიე და ვანიშნე, დაჯექი-მეთქი. მოხუცმა საუბარი ძალზედ დალაგებულად დაიწყო, ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტის მას არაფერი ეტყობოდა“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

„როცა ეს გარეწარი გამოჩნდა, ჩემს შვილს თავბრუ დაახვია და მალე ცოლად შეირთო. იმის მიუხედავად, რომ ხელი მოაწერეს, რაღაცნაირად არ ვენდობოდი. მუდმივად იმას იმეორებდა, ბინაში ჩამწერეთ, ბინაში ჩამწერეთო. მე უარზე ვიყავი, 4-5 წელი იცხოვრეთ ერთად და მერე ჩაგწერ-მეთქი. ერთ დღეს კი შევნიშნე, რომ შვილის ლოგინის ქვეშ რაღაცებს აკეთებდა და გამახსენდა, ბოლო ორი თვის განმავლობაში, ცალკე წვებოდა, წელი მტკივა, სპეციალური მკურნალობა მჭირდება, ღამე ვარჯიშებს ვაკეთებ და მუდმივად ხომ არ გაგაღვიძებო. შევიხედე ლოგინის ქვეშ და შუშის ნამტვრევები გამოვიღე, თერმომეტრის იყო. მივხვდი, რა სჭირდა ჩემს შვილს ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მუდმივად თავის ტკივილი, გულისრევა, უმადობა. საშინლად იყო. ის გარეწარი ვერცხლისწყლით წამლავდა, შვილს მიკლავდა. როგორც კი დაბრუნდა, მაშინვე გავიწიე და ჩხუბი იმით დასრულდა, რომ მან სასწრაფო გამოიძახა. არ ვიცი, რამდენი გადაუხადეს ექიმებს, მაგრამ ფსიქიატრიულში დამტოვეს. ბოლო ორი კვირა წამლებს აღარ ვიღებდი და აზრზე მოვედი, გიჟის თამაში კი არ გამჭირვებია, მართლა გამაგიჟეს. ჩემი შვილი მან მოკლა, ზუსტად ვიცი, მგონია, რომ მეზობელიც მაგან მოკლა, ოღონდ ვერ ვხვდები, რატომ და აგური კი მე ჩავარტყი, შვილიშვილი რომ გადამერჩინა. ბავშვი დამალული მყავს, თუ ჩემს მიერ მოფიქრებულ ექსპერიმენტს არ ჩაატარებთ, ვერასდროს იპოვით და მისი სიკვდილი თქვენს ნამუსზე იქნება, მოკლავს ის გარეწარი“, _ ეს იყო მოხუცის მონათხრობი. 

სამართალდამცავებს, პრაქტიკულად, სხვა გზა არ ჰქონდათ, მოხუცს დაეთანხმნენ, მის მიერ მოფიქრებულ გეგმაში მცირე კორექტივები შეიტანეს და სპეცოპერაცია დაიგეგმა. იმ საღამოს, შინ დაბრუნებულ სიძეს სახლში სიმამრი დახვდა. გაოცება არ დაუმალავს, შემდეგ ტელეფონი აიღო და მილიციაში დარეკვა დააპირა, როცა სიმამრმა უთხრა, მტკიცებულება მაქვს, რომ ჩემი შვილი შენ მოკალიო. სიძემ ტელეფონი დადო, მაგიდიდან გრაფინი აიღო და სიმამრს გამეტებით ჩაარტყა. გრაფინი დაიფშვნა, კაცმა დაიგმინა და სწორედ მაშინ, როცა სიძის თითები სიმამრის ყელს შემოეჭდო, მეორე ოთახიდან სამართალდამცავები გამოვარდნენ და დამნაშავე დააპატიმრეს. 

„ჩემი სახლი მინდოდა, ჩემი, თუმცა თქვენ ამას ვერ გაიგებთ. იმიტომ მოვიყვანე ცოლად ის ძროხა, მამამისს და მას ამხელა სახლი არაფერში სჭირდებოდათ. ჰო, ცოლი მე მოვკალი. ბავშვი ცოტა ხნით დავტოვე თეატრში, მგონი, ვერც შეამჩნია, რომ გავედი, იქიდან სახლამდე 5 წუთის სავალია, 5 წუთი იქეთ, 5 _ აქეთ და 2 წუთი გასაგუდად. მეზობლის კაცი კი იმიტომ მოვკალი, რომ ეჭვი აიღო, შენ იქნებოდიო, გოგონა გამოკითხა, იმან უთხრა, გავიდა, მგონიო და მილიციაში აპირებდა მოსვლას თავისი ეჭვების გასაზიარებლად“, _ ასე „მარტივად“ ახსნა მკვლელმა ყველაფერი. 

 

იმის გათვალისწინებით, რომ სახეზე ორი განზრახ მკვლელობა იყო, დაკავებულს ვერც გავლენიანმა ნათესავმა უშველა და დახვრეტა მიუსაჯეს. გაასამართლეს მოხუციც, რომელსაც ბრალად ბავშვის გატაცება (ბავშვი ფრონტელ მეგობართან, სოფელში ჰყავდა და გოგონა ძალიან ბედნიერი იყო) და მკვლელობის მცდელობა (სიძისთვის აგურის ჩარტყმა) წაუყენეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ერთი წლის შემდეგ, ომის ვეტერანებს სპეციალური ამნისტია შეეხოთ (1985 წელი) და მოხუციც გამოუშვეს. მას, დაახლოებით, ერთი წელი დასჭირდა, რომ შვილიშვილის აღზრდაზე მეურვეობა მიეღო და მიიღო კიდეც.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში