Menu
RSS

დანაშაული _ გლდანში სკოლის მოსწავლემ მშობლები დანით დახოცა

„მამა ქამრით, ფეხსაცმლით, მუშტით გვცემდა“, _ დამნაშავის სკანდალური ჩვენება

ყველა ოჯახს აქვს თავისი საიდუმლო, ისეთი, რომელიც სხვებისთვის შეუმჩნეველია, მაგრამ... ყველა ოჯახის კარადაშია დამალული „საკუთარი ჩონჩხი“. შესაბამისად, შესაძლოა, ოჯახი სანიმუშო და იდეალური ჩანდეს, მაგრამ რეალურად, უდიდესი პრობლემები ჰქონდეს, თუმცა ეს პრობლემები გარეთ არ გამოჰქონდეს ანუ ჭუჭყიან საცვალს აივანზე არ ჰკიდებდეს.

„როგორი საქმეა, დილით, სამსახურში რომ მოხვალ, მორიგეს თავის დაქნევით, უხმოდ მიესალმები, რადგან ტელეფონზე საუბრობს და არ გინდა, ხელი შეუშალო, მაგრამ უცებ გეუბნება, ორმაგი მკვლელობააო. ცივად გავჩერდი, თვალებით ვანიშნე, სად-მეთქი და გლდანში, ახლადაშენებულ კორპუსებში, დოცენტი და მისი მეუღლე მოკლესო. რა უნდა მექნა, კაბინეეტისკენ აღარც კი გამიხედავს, შემთხვევის ადგილზე გავედი“, _ იხსენებს ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი. 

გარდაცვლილები ახლადაშენებულ კორპუსში, სულ რაღაც, სამი თვის გადასულები იყვნენ, მაგრამ ლამის მთელი სამეზობლო იცნობდა და ყველა ერთხმად აღიარებდა _ იშვიათი ინტელიგენტები, უწესიერესი ოჯახი იყოო. 

ცოლ-ქმარს ორი შვილი ჰყავდა, ორივე ბიჭი, უფროსი მეოთხე კურსის სტუდენტი იყო, უმცროსი კი სკოლას იმ წელს ამთავრებდა. ორივე სახლში თავზარდაცემული მოვარდა, მშობლების დანით დაჩეხილი სხეული რომ ნახეს, ცუდად გახდნენ. ამ დროს კარის მეზობელმა თქვა, დოცენტი დღე-დღეზე ავტომობილის ყიდვას აპირებდა, შესაძლოა, ფულის გამო მოკლესო, მაგრამ ეს ეჭვი მაშინვე გაიფანტა _ შვილებმა დაადასტურეს, რომ მამამ ახალი „07“ ორი დღით ადრე იყიდა და მანქანა ავტოფარეხში იდგა. 

გარაჟის გასაღები ადგილზე არ იყო და სამართალდამცავებმა ივარაუდეს, რომ მანქანა მოიპარეს. ყველა ავტოფარეხისკენ წავიდა, თუმცა მანქანა გარაჟში იყო და ძალიან მარტივი ბოქლომი ედო. 

„ვივარაუდეთ, რომ მკვლელი სწორედ მანქანის გულისთვის იყო მისული, ამიტომ სპეციალისტს ბოქლომი გავახსნევინეთ, შიგნით 4 თანამშრომელი დავმალეთ და დაღამებას დაველოდეთ, იქვე განლაგდა კიდევ 4 სამართალდამცავი. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, თუ მკვლელი გარისკავდა, მაგრამ სუნთქვა შემეკრა, როცა ღამის 4 საათზე, უცხო მამაკაცის ლანდმა გარაჟებს ჩამოუარა, ყველასთან ჩერდებოდა და გასაღებს არგებდა. ბოლოს, სწორედ დოცენტის გარაჟს მოარგო, ბოქლომი გახსნა და შიგნით შეიძურწა. ჩვენ ჩასაფრებიდან სასწრაფოდ გავედით, მაგრამ სისწრაფე საჭირო არ იყო, თანამშრომლებს უკვე გაკოჭილი ჰყავდათ. სახეში ფანარი მივანათე და ჩემმა თანამშრომელმა გაოცებით თქვა _ ეს ხომ თავადია? მნიშვნელობა არ ჰქონდა ჩემთვის, თავადი იყო თუ აზნაური, დარწმუნებული გახლდით, რომ საქმე გავხსენი“, _ გვიყვება ბატონი თენგიზი. 

დაკავებული ცნობილი კრიმინალი გახლდათ, ბინების ქურდი და თავადური გვარის გამო, მეტსახელად „თავადს“ ეძახდნენ. საპატიმროდან ორი თვის წინ გათავისუფლდა, მუშაობაც დაიწყო მტვირთავად, მაგრამ ისე ჩანდა, ძველ ხელობას არ უღალატა. 

„უფროსო, მკვლელობას ვერ შემტენი, მართლა გამოვსწორდი. იცი, ბინის ქურდი ვარ და მკვლელობაზე არასოდეს წავალ. ეს გასაღები გუშინ საღამოს, გარაჟებთან ვიპოვე, მივხვდი, რომელიმე მათგანის იყო. იმასაც მივხვდი, ახლადგადმოსულები ნივთების დიდ ნაწილს სწორედ იქ შეინახავდნენ, ამიტომ დაღამებას დაველოდე და ძებნა დავიწყე. მანქანის გატაცება არც მიფიქრია, რაღაც ნაწილებს, ალბათ, მოვხსნიდი“, _ ეს ჩვენება „თავადმა“ მისცა და ექსპერტიზამაც დაადასტურა, რომ ფეხსაცმლის კვალი, რომელიც ბინაში იყო აღმოჩენილი, დაკავებულს ნამდვილად არ ეკუთვნოდა. 

ქურდობის მცდელობის გამო, მოგვიანებით „თავადს“ ორი წელი მაინც მისცეს, მაგრამ ეს გამოძიებისთვის შეღავათი არ იყო. ზემოდან მკვლელობის გახსნას ითხოვდნენ. გამოძიებამ ძველი სამეზობლოს დაკითხვა გადაწყვიტა და... 

„ერთი შეხედვით იდეალური ოჯახი იყო, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. არც თუ იშვიათად, მამა უმკაცრესად სჯიდა შვილებს და ეს იყო, როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური დასჯა. ის ამბობდა, რომ ცალკე კასტაა, რომ მისი ოჯახი განსხვავებულია, რომ მის შვილებს ურთიერთობა არ უნდა ჰქონდეთ რიგით ადამიანებთან, მუშებთან და ა.შ. ამის ნიადაგზე, კონფლიქტი ხშირად ხდებოდა და სიმართლე გითხრათ, კორპუსმა ამოისუნთქა, როცა გადავიდნენ“, _ ძველი მეზობლის ამ მონათხრობმა გამოძიება სხვა მიმართულებით წაიყვანა. 

ეჭვმიტანილები უკვე შვილები გახდნენ და მათი ალიბის გადამოწმება დაიწყო. მილიციის მინუსში უნდა ჩაიწეროს, რომ მანამდე შვილებზე ეჭვი არ მიიტანა და შესაბამისად, არც ალიბი გადაამოწმა. 

უფროს ბიჭს ალიბი დაუდასტურდა _ არათუ ლექციაზე იყო, ცდასაც ატარებდა და მთელი ჯგუფი უყურებდა. სხვაგვარად იყო საქმე უმცროს შვილთან. ის გაკვეთილებიდან დაეთხოვა მასწავლებელს, თუმცა დამრიგებელი ამბობდა, რომ ზუსტად იცოდა, რატომ გაუშვა ბავშვი _ შეყვარებულთან ერთად სეირნობა სურდა და გოგონაც მისი თანაკლასელი გახლდათ ანუ უმცროსი შვილი გოგოსთან ერთად გავიდა. გამომძიებელი გოგონას სახლისკენ წავიდა. 

„სასეირნოდ წამოვედით და შემდეგ ბიჭმა მითხრა, ჩემთან, სახლში ავიდეთ, მშობლები სამსახურში არიანო. რატომღაც მშობლები შინ დაგვხვდნენ, სადილზე შემოუვლიათ. პირველი, რაც დოცენტმა მკითხა, ჩემი მშობლების სამუშაო ადგილი იყო. ვუთხარი, რომ მამაჩემი საამქროში ხარატია, დედა კი საავადმყოფოში ექთნად მუშაობს. როცა პასუხი მოისმინა, თავის შვილს მიუბრუნდა და უთხრა, ამ გოგოს ცოლად ვერასდროს მოიყვან, სახლში მათხოვარი არ მჭირდებაო. ტირილი დავიწყე და გამოვიქეცი, ჩემი შეყვარებული კი, დაახლოებით, ათ წუთში დამეწია“, _ ეს იყო გოგონას მონათხრობი და მისი მონათხრობით გაირკვა, რომ სახლში მათი ყოფნა აბსოლუტური სიზუსტით ემთხვეოდა მკვლელობის ჩადენის დროს. 

უმცროსი შვილის დაკითხვამ გამოძიებას არაფერი მისცა. მან მშვიდად თქვა, რომ მშობლებს ისტერიკა მოუწყო, შემდეგ კი შეყვარებულს გაეკიდა და ბოდიში მოუხადა. მისი გამოსვლის შემდეგ, შესაძლოა, ბინაში ვინმე შევიდა და მშობლები დახოცა. 

„რაღაც ისეთი უნდა მოგვეფიქრებინა, რაც მას აიძულებდა, სიმართლე ეთქვა. ცემა-ტყეპა არ გამოდიოდა, რადგან ჯერ ერთი, არასრულწლოვანი იყო და მეორეც, ბავშვს რომ სცემ, მშობლების მკვლელობა აღიარეო, უნდა გქონდეს საფუძვლიანი არგუმენტები, ჩვენ კი, პრაქტიკულად, არაფერი გვქონდა. გადავწყვიტე, ბიჭებს შინ ვწვეოდი და არაოფიციალურ გარემოში გამომეკითხა, შესაძლოა, უფროს ძმას წამოსცდენოდა რამე“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

დოცენტის ბინაში მისულებს, კართან უფროსი ძმის ყვირილი შემოესმათ. ცოტა ხანში ყვირილი მუშტი-კრივში გადაიზარდა და გამომძიებელმაც კარზე დარეკა. ძმებმა კარი გააღეს და სამართალდამცავი ისე მიიღეს, თითქოს არაფერი მომხდარა, ჩხუბის მიზეზიც არ თქვეს, თუმცა უმცროს ძმას თავბრუ ესხმოდა, მერე გულიც აერია, რაც იმას ნიშნავდა, რომ ტვინის შერყევა ჰქონდა. უფროსმა აღიარა, თავში მუშტი ჩავარტყი, გამაბრაზაო. გამომძიებელმა ექიმს გამოუძახა და სასწრაფო დახმარების მანქანით, ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას თავი დაუთვალიერეს და ექიმმა თქვა, მძიმე ტრავმაა, ყურში სისხლი აქვსო. სისხლის გამოწმენდა დაიწყეს და ექიმმა გაოცება ვერ დამალა _ ძველი სისხლია, თან დღევანდელი შემთხვევის ბრალი არ უნდა იყოსო. ყურიდან ამოღებული სისხლის ნიმუში გარდაცვლილებისას შეადარეს და დასკვნაც დაიდო _ სისხლი დოცენტს ეკუთვნოდა. ეს უკვე მყარი არგუმენტი გახლდათ და გარდაცვლილების უმცროსი შვილი საავადმყოფოშივე დააკავეს. 

„ბავშვობიდან მამაჩემი სასტიკი წესებით გვზრდიდა. თუ ერთი ძმა რამეს დააშავებდა, მას ოთახის ცენტრში აყენებდა, მეორე ძმა წრეს ურტყამდა და როცა სახეს სახეში გაუსწორებდა, ვალდებული იყო, შეეფურთხებინა. ის ცემდა დედასაც, მაგრამ დედა ამბობდა, ყოველთვის საჭიროებისამებრ მცემს, თუ არ ვიმსახურებ, არ მირტყამსო. კუთხეში ორი საათით დაყენება ყველაზე სასურველი სასჯელი იყო, ყველაზე მსუბუქი. ის გვცემდა ქამრით, ფეხსაცმლით, მუშტით. გააჩნია, როგორ ხასიათზე იყო. შემდეგ აიკვიატა, რომ ჩვენ, მინიმუმ, დოცენტის შვილები უნდა შეგვერთო ცოლად და როცა ჩემი შეყვარებული გავაცანი, ლამის გაგიჟდა. როცა გოგო სახლიდან გაიქცა, სიმწრით ვკითხე, რა დაგიშავე-მეთქი და მიპასუხა, ან ისე მოიქცევი, როგორც მე გეუბნები, ან მაგ საოხრეს დანით მოგაჭრიო. ჰოდა, მაგიდაზე დაგდებული დანა ავიღე და ვეცი. არ მახსოვს, რამდენჯერ დავარტყი (მსხვერპლს დანა 38-ჯერ ჰქონდა დარტყმული), დედის კივილმა გამომაფხიზლა, თუმცა თავს ვეღარ ვაკონტროლებდი და ისიც მივაყოლე. ყველაფერი ეს, წამებში მოხდა. მერე სკოლის პერანგი და პიჯაკი გამოვიცვალე, სისხლიანი სანაგვე ყუთში ჩავაგდე, შეყვარებულს დავეწიე და... ყველაზე, ყველაზე ბედნიერი ვიყავი“, _ ეს არის ამონარიდი დაკავებულის ჩვენებიდან. 

იმის გამო, რომ ბიჭი არასრულწლოვანი იყო, მხოლოდ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა შემდეგ, კოლონიაში, როცა სრულწლოვანი გახდა, ურთიერთშელაპარაკებისას თანასაკნელი მოკლა და სასამართლომ 15 წელი მარტივად მიუსაჯა.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში