Menu
RSS

თბილისში მდებარე საიდუმლო ობიექტიდან 170 ათასი გაქრა!

ვინ დაგეგმა ძარცვა _ გაუხმაურებელი საქმის სკანდალური დეტალები

საიდუმლო ობიექტები ყველა სახელმწიფოს აქვს და გამონაკლისი არც საქართველოა. აგერ, ლუგარის ლაბორატორიაზე როგორი ხმაური ატეხა ჩრდილოელმა მეზობელმა და ლამის ვირუსების საამქროდ გამოაცხადა, თუმცა ლუგარის ლაბორატორია ზესაიდუმლო ნამდვილად არაა, რადგან ასე რომ იყოს, მის შესახებ მთელ საქართველოს არ ეცოდინებოდა. რაღა თქმა უნდა, საიდუმლო ობიექტები საქართველოში საბჭოთა კავშირის დროსაც იყო და ნუ გაგიკვირდებათ, თუ მათი არცთუ მცირე ნაწილი დედაქალაქის ცენტრში გახლდათ განთავსებული. ეს იმისთვის, რომ ყურადღება არ მიეპყრო, მისი დაცვაც ადვილი ყოფილიყო და რაც მთავარია, ასეთი დაწესებულებების თანამშრომლებს უმკაცრესი გაფრთხილება ჰქონდათ, საკუთარი სამუშაოს შესახებ არ ესაუბრათ. ისე, რაღა გაფრთხილება უნდოდა, ყველა თანამშრომელს, მინიმუმ, ერთწლიანი შემოწმებისა და დაკვირვების შემდეგ იყვანდნენ.

თანამედროვე საქართველოში, პრემიებისა და დანამატების თემაც ძალიან აქტიურად განიხილება. არადა, ბევრს, შესაძლოა, ვერც კი წარმოუდგენია, რომ პრემია და დანამატი კომუნისტების დროსაც იყო. აი, დეკემბრის ბოლოს, მე-13 ხელფასს, პრაქტიკულად, ყველა იღებდა, უფრო ზუსტად კი, იმ საწარმოს თანამშრომლები იღებდნენ, რომლებიც გეგმას გადაჭარბებით შეასრულებდნენ. ასეთი კი მთელი ქვეყანა იყო. როგორც წესი, კომუნისტების მმართველობის დროს, საქმის ძირითადი ნაწილი ქაღალდზე სრულდებოდა და არა _ რეალურად, რამაც საბოლოოდ, უზარმაზარი იმპერია ფინანსურ კრახამდე და დანგრევამდე მიიყვანა. 

ჰოდა, ერთ-ერთ ასეთი საიდუმლო ობიექტის თანამშრომლები, 1985 წლის 30 დეკემბერს, მე-13 ხელფასის რიგში იდგნენ. როგორც წესი, მე-13 ხელფასი ახალი წლის წინა საღამოს რიგდებოდა და საღამოს იმიტომ, რომ ხელფასმიღებულებს ახალი წლის ზეიმი მაშინვე არ დაეწყოთ, თუმცა საღამო მოვიდა და ხელფასის რიგი ადგილიდან არ იძვროდა _ მოლარე არ ჩანდა. არადა, მოლარე ახალგაზრდა, ცქრიალა გოგო იყო, ყველას რომ უყვარდა და რაც მთავარია, ყველას საახალწლო წვეულებაზე ეჩქარებოდა. 

თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, 30-ში, საღამოს, სამსახურში მოელხინათ, კარნავალი მოეწყოთ და შემდეგ, დაშლილიყვნენ. საკარნავალო სუფრა გაშლილი კი იყო, მაგრამ ხელფასის რიგში მდგომნი ადგილიდან არ იძვროდნენ. ამ დროს, მოლარის ოთახიდან გაფითრებული ბუღალტერი გამოვიდა და დირექტორის კაბინეტისკენ გაიქცა. იქ შესულმა, სულმოუთქმელად თქვა, მოლარე გაქრა, სეიფი ღიაა და 170 ათასი მანეთიც გამქრალიაო. 

საიდუმლო ობიექტზე, სადაც ყველა და ყველაფერი კონტროლდებოდა, ეს საოცრება იყო. დირექტორმა მაშინვე გამშვებ პუნქტზე დარეკა და გაარკვია, რომ მოლარეს ობიექტის ტერიტორია არ დაუტოვებია. კაბინეტში დაცვის უფროსი იხმო (ჰო, ასეთ ობიექტებს ყარაული კი არა, კბილებამდე შეიარაღებული დაცვა და დაცვის უფროსი ჰყავდა). 

„მოლარე ტერიტორიიდან არ გასულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის აქ არის და თუ აქ არის, ფულიც აქაა. მოძებნეთ და ობიექტიდან, ჩემი ნებართვის გარეშე, არავინ გავიდეს“, _ გასცა ბრძანება დირექტორმა და მილიციაში დარეკა. 

შსს-ს თანამშრომლებთან ერთად, ობიექტზე „კაგებე“-ს თანამშრომლებიც მივიდნენ. იმის გამო, რომ ობიექტი დიდი იყო, ისინი ჯგუფებად დაიყვნენ და ცალ-ცალკე დაიწყეს შენობებისა და სარდაფების ჩხრეკა. ცალკე დაცვა ეძებდა მოლარესა და გამქრალ ფულს, ცალკე _ უშიშროება და ცალკე _ მილიცია. 

ძებნის დაწყებიდან, დაახლოებით, ნახევარი საათი იყო გასული, როცა ქალის განწირული კივილი გაიგეს. ყველა იქით გაქცა, საიდანაც ხმა ისმოდა და... ხელში დამლაგებელი შერჩათ, რომელიც ხმამაღლა იძახდა, ოთახში დათვიაო. 

სამართალდამცავებმა იარაღი იშიშვლეს, მითითებულ ოთახში შევარდნენ და ხელთ დათვის ფორმაში გამოწყობილი, საკმაოზე მეტად მთვრალი, ობიექტის ერთ-ერთი ინჟინერი შერჩათ. ის თავიდან ფეხებამდე, დათვის ფორმით იყო შემოსილი, თუმცა ჩია ტანის კაცზე უზარმაზარი ფორმა, ერთდროულად, საშიშად და სასაცილოდ მოჩანდა. 

დაცვის უფროსი გადაირია, დირექტორმა იღრიალა და საბოლოოდ, სწორედ დაცვის უფროსმა, ქეჩოში ხელის ჩავლებით, პირადად გააგდო ინჟინერი ტერიტორიიდან. ძებნა გაგრძელდა და გვიან ღამით, უშედეგოდ დასრულდა. 

„შეუძლებელია, ვინმე ისე გასულიყო ტერიტორიიდან, მე არ დამენახა. საპირფარეშოში არ გავსულვართ, კარი ჩაკეტილი იყო, საშვი არავის წარმოუდგენია, მათ შორის, არც მოლარეს. მოლარე ტერიტორიაზეა, ამაში ასი პროცენტით ვართ დარწმუნებული“, _ ობიექტის გასასვლელ კართან მდგარი ორი თანამშრომელი, ჯიუტად ერთსა და იმავეს იმეორებდა. 

ჩხრეკის ახლიდან ჩატარებას აზრი არ ჰქონდა, რადგან ყველა კუთხე-კუნჭული დეტალურად შემოწმდა, მოლარე კი ნემსი არ იყო, ვინმეს თივის ზვინში დაემალა. სამართალდამცავები, დირექტორსა და დაცვის უფროსთან ერთად, ოთახში შეიკეტნენ და თანამშრომლების პირადი საქმეების სათითაოდ შესწავლა დაიწყეს. 

ყველას უზადო რეპუტაცია ჰქონდა, ყველა მანამდეც სრულად იყო შესწავლილი და ეჭვი ვერავისზე მიიტანეს. ობიექტზე მოიყვანეს მოლარის დედ-მამა, გაჩხრიკეს მისი სახლი, თუმცა მშობლები ამბობდნენ, შვილისთვის ნერვიულობა არ შეგვიმჩნევია, დილით ჩვეულებრივად წამოვიდა სამსახურში და დაგვპირდა, მე-13 ხელფასით, საჩუქრებს გიყიდითო. 

მოულოდნელად, უშიშროების ერთ-ერთი წარმომადგენელი ფეხზე წამოხტა, შემდეგ უცნაურად გაიღიმა, ისევ დაჯდა, გარშემომყოფთ თვალი მოავლო და ისევ ღიმილით თქვა: 

_ ახლა გამახსენდა, ბატონებო, როცა დამირეკეს, ცოლი მყავდა სამშობიაროში, უკვე გააჩენდა, სულ რაღაც ერთი საათით დაგტოვებთ და ისევ დავბრუნდები. 

დანარჩენებმა სამუშაო რეჟიმს შეუკურთხეს, ყველაფერს გავიწყებს კაცსო და უშიშროების თანამშრომელი ლამის გააგდეს ოთახიდან, წადი, შენს საქმეს მიხედეო. 

მას მხოლოდ უახლოესი მეგობარი გაჰყვა, გასასვლელამდე მივაცილებო და გზაში ჩუმად ჰკითხა: 

_ რა ცოლი და სამშობიარო, ცოლი საერთოდ არ გყავს. რა ხდება?! 

_ რა ხდება და, სანამ დავბრუნდები, ნაბიჯით არ მოსცილდე დაცვის უფროსს. რაღაც ეჭვი მაქვს და ის უნდა გადავამოწმო, სანამ გადავამოწმებ, მთავარი ეჭვმიტანილი, იცოდე, დაცვის უფროსია, _ უთხრა მეგობარს და ტერიტორია დატოვა. 

დაახლოებით, ერთ საათში, უშიშროების თანამშრომელი, ხელში შავი ცელოფნის პარკით დაბრუნდა და მაგიდაზე ფულის შეკვრები წამოყარა. დაცვის უფროსი გაფითრდა, კარისკენ დაიხია, მაგრამ იქ უკვე ახლადმოსულის მეგობარი იარაღშემართული იდგა. 

_ ახლა ის სარდაფი გაჩხრიკეთ, რომლის გაჩხრეკაც დაცვის უფროსმა დაივალა და იმედია, მოლარეს ცოცხალს ვნახავთ, _ გასცა ბრძანება უშიშროების თანამშრომელმა და საბედნიეროდ, მოლარე ხელ-ფეხშეკრული, მაგრამ ცოცხალი იპოვეს. 

_ წლებია, ამ ობიექტზე დაცვის უფროსად ვმუშაობ და ვიცი, რომ თვეში რამდენიმე მილიონი მანეთის პროდუქციას ვამზადებთ. სხვებმა არ იციან, რადგან დამოუკიდებლად აკეთებენ დეტალებს და საბოლოოდ, რა ეწყობა, წარმოდგენა არ აქვთ, მაგრამ მე ხომ ვიცი? ამიტომ, ვთვლიდი, რომ ჩემი ხელფასი (800 მანეთი) არ შეესაბამებოდა არსებულ რეალობას. გეგმა მოვიფიქრე, მოლარე გავთიშე და სარდაფში ჩავიყვანე, სეიფიდან აღებული ფული კი იმ ინჟინერს დათვის ფორმაში ჩავულაგე და ჩემი ხელით გავატანე. რა ვიცოდი, თუ ასე მარტივად გაგვშიფრავდით. ამ 170 ათასიდან, 100 ათასი ჩემი იყო, 70 ათასი კი _ ინჟინრის“, _ ეს არის ამონარიდი დაცვის უფროსის ჩვენებიდან. 

რა თქმა უნდა, არავინ დაუჯერა, რომ მოლარის გაშვებას აპირებდა. როცა ყველაფერი დასრულდებოდა, მას მოკლავდა და იქვე, სარდაფში დამარხავდა, საბოლოოდ კი, ყველაფერი, სწორედ მოლარეს „შეეტენებოდა“. 

დანაშაულის სიმძიმისა და, პრაქტიკულად, მკვლელობის მცდელობის მიუხედავად, დაცვის უფროსს, დახურულ სასამართლო სხდომაზე 7 წელი აკმარეს, ინჟინერს 3 წელი მისცეს, რადგან მას ვერ დაუმტკიცეს, რომ მოლარის მკვლელობის განზრახვაზე რამე იცოდა _ მისი მოვალეობა მხოლოდ ფულის გატანა იყო. 

ბარემ, ისიც ვთქვათ, რომ საბჭოეთის დაშლის შემდეგ (ჰო, შემდეგ), ამ ობიექტიდან 52 ვაგონით არა მარტო პროდუქცია, არამედ, ის დანადგარებიც გავიდა, რომლითაც ეს პროდუქცია მზადდებოდა.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში