Menu
RSS

თბილისის ზღვაზე 9 წლის ბიჭი გააუპატიურეს

„არ გაინძრე, გესვრი!“ _ როგორ ამოიცნეს დამნაშავე ხმით, დაზარალებულმა ბავშვებმა

ყველამ კარგად იცის, რომ კრიმინალისტიკაში მტკიცებულებების ერთ-ერთი მთავარი წყარო, არცთუ იშვიათად, თითის ანაბეჭდია. ანაბეჭდი უნიკალურია და გამორიცხულია, მსოფლიოში ორ ადამიანს, ერთი და იგივე ანაბეჭდი ჰქონდეს. ასევეა ენისა და ყურის ანაბეჭდიც და ამის შესახებ არაერთხელ დავწერეთ, თუმცა ამჯერად, გვინდა მოგითხროთ ისტორია, რომელიც შემთხვევით გაიხსნა და სასტიკი დამნაშავე, მხოლოდ ხელოვანი ადამიანის საინტერესო ლექციის შემდეგ დახვრიტეს. ეს ისტორია კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ხელოვნება ძალზედ სასარგებლოა და არ აქვს მნიშვნელობა, რომელ სფეროს ეხება.

„ერთი დელიკატური შემთხვევა გვქონდა _ შვილმა დედა გარდაცვლილი იპოვა და მილიციას გამოუძახა. ეს კი მას შემდეგ გააკეთა, რაც დედა საწოლში, სრულიად შიშველი ნახა. 70 წელს მიტანებული ქვრივი საყვარლებში რომ არ ივლიდა, ცხადი იყო, მაგრამ ექსპერტმა დაადასტურა, გარდაცვალების უტყუარი მიზეზი გულის შეტევაა, ქალს კი სექსუალური აქტი ჰქონდა, თუმცა დამნაშავე, სავარუდოდ, პრეზერვატივით მოქმედებდაო. მთელი განყოფილება ხარხარებდა, ქალს გაუპატიურების ნიშანი არ ეტყობოდა ანუ ის თავად დაყაბულდა სექსზე, მაგრამ გოგო თავს იგიჟებდა, გამორიცხულია, დედაჩემს საყვარელი ჰყოლოდაო“, _ იხსენებს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი. 

მთელი განყოფილება კარგა ხანს ხორხოცებდა ამ ამბავზე და იმის მიუხედავად, რომ გარდაცვლილის შვილი გამოძიებისგან დამნაშავის დაჭერას ითხოვდა, რეალურად, სახეზე ძალადობრივი სიკვდილი არ იყო _ მოხუცი გულის შეტევით გარდაიცვალა და ვინმესთან თუ სიყვარულით იყო დაკავებული სიბერის წლებში, ამას სამართალდამცავები ვერ აუკრძალავდნენ. 

მომხდარიდან ორი თვის შემდეგ, იმავე უბანში, კიდევ ერთი მოხუცი იპოვეს გარდაცვლილი. ადგილზე მისული გამომძიებელი გაშეშდა _ ისიც სრულიად შიშველი იწვა და ექიმის წინასწარი ვერსიით, მასაც სიკვდილამდე სექსი ჰქონდა. რაც მთავარია, გარდაცვლილი გაუპატიურებული და შემდეგ გაგუდული იყო. ასაკი _ 68 წელი. ეს უკვე სასაცილო აღარ იყო და სამართალდამცავები იმასაც მიხვდნენ, რომ წინა შემთხვევაც არ იყო ისეთი მარტივი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა. 

ექიმმა ივარაუდა, რომ პირველ გარდაცვლილს, შესაძლოა, გული შიშისგან გაუსკდა და არა _ იმის გამო, რომ შეუსაბამო ასაკში სექსი ჰქონდა. 

ორივე საქმე გაერთიანდა, პირველი გარდაცვლილის შვილი დაკითხვაზე რამდენჯერმე დაიბარეს, მაგრამ ვერ გაიხსენა მამაკაცი, რომელიც შეიძლებოდა დედამისთან „იმ საქმისთვის“ მისულიყო. გამოძიებას არც მეზობლების დაკითხვამ მისაც რაიმე ახალი და ზუსტად იგივე მდგომარეობა იყო მეორე გარდაცვლილთან დაკავშირებით _ ოჯახმა კატეგორიულად გამორიცხა, რომ ბებოს ვინმესთან სექსუალური კავშირი ჰქონოდა და მეზობლებსაც არავინ შეუნიშნავთ. 

„მივხვდით, საქმე გვქონდა დამნაშავესთან, რომელიც საგულდაგულოდ არჩევდა ისეთ მოხუცებს, რომლებიც მარტო ცხოვრობდნენ და მათ აუპატიურებდა. ის ცდილობდა, შეუმჩნეველი დარჩენილიყო, როგორც მეზობლებისთვის, ისე შემთხვევით გამვლელთათვის ანუ არ იქცეოდა საეჭვოდ. გამოძიებას ხელჩასაჭიდი საერთოდ არაფერი ჰქონდა, მინიშნებაც კი არ იყო, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ესოდენ ავადმყოფი. 

გადავქექეთ კარტოთეკები, ვინ იყო ანალოგიურ დანაშაულში ნასამართლევი და ახალი გათავისუფლებული, რომ მათზე თვალთვალი დაგვეწყო და ასეთი მხოლოდ ერთი ვიპოვეთ, ისიც იქვე, ჩვენს უბანში, მაგრამ სულ ტყუილად _ გალოთებულ-გამათხოვრებული იყო და გამოვრიცხეთ, რომ ის საქმეს ასე ოსტატურად დაგეგმავდა“, _ გვიყვება ბატონი თენგიზი. 

ორივე საქმე ადგილიდან არ დაძრულა. გამომძიებლებს ხელი ჰქონდათ ჩაქნეული, რადგან აღარც ანალოგიური დანაშაული ხდებოდა და ეჭვმიტანილიც, უბრალოდ, არ ჰყავდათ. ერთი კი ახსენეს, შეიძლება ის ლოთი ჩადიოდა ამას, რადგან ამ საქმეებიდან მალევე, მანქანამ გაიტანა და დანაშაულიც შეწყდაო, თუმცა... 

„განყოფილებაში შემოსული ზარი იმდენად შემზარავი იყო, შემთხვევის ადგილზე წასვლა არ მინდოდა. დაგვირეკეს, რომ 9 წლის ბიჭი, თბილისის ზღვასთან ახლოს, მოკლული და სავარაუდოდ, გაუპატიურებული იყო. ადგილზე მისულებს, ექსპერტმა დაგვიდასტურა, რომ ბავშვს ძალადობის ნიშნები ეტყობოდა, თუმცა გაკვეთამ აჩვენა, რომ ამ შემთხვევაშიც, მოძალადემ პრეზერვატივი იხმარა. 

ერთი საინტერესო დეტალი: იმ ქალებისა და ამ ბავშვის შემთხვევაში, ტანსაცმელი ლამაზად იყო დაკეცილი და ისე იდო გვამის გვერდით ანუ მოძალადე ტანისამოსს კეცავდა, რაც მის ფსიქიკურ არამდგრადობაზე აშკარად მიანიშნებდა“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

კვლავ არანაირი ნივთმტკიცება, გარდა ბავშვის კბილზე ნაპოვნი ძაფის პატარა ნაგლეჯისა. ეს ნაგლეჯი მისი ტანისამოსიდან არ იყო ანუ ბავშვმა სიმწრით მოძალადეს უკბინა და ძაფიც მაშინ შერჩა. ეს იმას ნიშნავდა, რომ მკვლელი კვალს კიდევ დატოვებდა, თუმცა ვინ იქნებოდა შემდეგი მსხვერპლი _ ისევ ბავშვი თუ პენსიონერი?! 

მომხდარიდან სამ დღეში, განყოფილებაში კიდევ ორი მშობელი მივიდა. ექვსი წლის გოგონების დედები ამბობდნენ, რომ მათი შვილები ვიღაც კაცმა დანგრეულ შენობაში შეიყვანა, იქ შემთხვევით, მოსაშარდად შესულმა კაცმა მიუსწრო, დაინახა, რომ კაცი ერთ ბავშვს აბამდა და ყვირილი ატეხა. ეჭვმიტანილი გაიქცა და რაც მთავარია, მოწმემ ზუსტად აღწერა ის კაცი, რომელმაც ბავშვები გაიტყუა. დაიწყო კარტოთეკაში მსგავსი პირის ძებნა, მაგრამ შედეგი ნული _ ფოტორობოტს ვერავინ მიამსგავსეს. 

ფოტორობოტი ყველა თანამშრომელს დაურიგდა და ისინი მკაცრად გააფრთხილეს _ ნებისმიერი მსგავსი პირი განყოფილებაში მიეყვანათ. დაახლოებით, ოცამდე ადამიანი მიიყვანეს, თუმცა ყველას ალიბი და რაც მთავარია, წესიერი წარსული ჰქონდა. 

მოწმის აღწერით, დამნაშავე, მაქსიმუმ, 25 წლის იქნებოდა, რაც ძებნას უფრო ართულებდა, რადგან ამ ასაკამდე, უმაღლესი სასწავლებლებისა და პროფტექნიკუმების სტუდენტები იყვნენ, შესაძლებელი იყო, ის რომელიმე რაიონიდან ყოფილიყო ჩამოსული, შინ დაბრუნებულიყო და მშვიდად ეცხოვრა, თუმცა მისი სიმშვიდის გარანტიას ფსიქოლოგები არ იძლეოდნენ და ამბოდნენ, რომ აუცილებლად ჩაიდენდა დანაშაულს. 

დაახლოებით, ერთი თვის შემდეგ, ვაკის პარკში, სამოქალაქო ფორმაში მყოფმა მილიციელმა დაინახა, როგორ მიაწოდა ახალგაზრდა კაცმა ბავშვს კანფეტი, როგორ ჩასჭიდა ხელი და ბუჩქნარისკენ წაიყვანა. სამართალდამცავი მათ უკან ჩუმად გაჰყვა, ხოლო როცა ისინი ბუჩქნარში შევიდნენ, იარაღი ამოიღო და ხმამაღლა დაიძახა: 

_ არ გაინძრე, გესვრი! 

მას გაქცევა არც უცდია, პირიქით, მილიციელს მიმართა, იარაღი დაწიე, ბავშვს შეეშინდებაო და განყოფილებაშიც მშვიდად გაჰყვა. 

მამაკაცი პროფტექნიკური სასწავლებლის რიგითი, არაფრით გამორჩეული სტუდენტი აღოჩნდა. მან თქვა, რომ ბავშვები უყვარს, პატარამ დამალობანას თამაში შესთავაზა და ამიტომ გაიყვანა მოფარებულში. არადა, ფოტორობოტს აშკარად ჰგავდა, თუმცა მოწმემ დაზუსტებით ვერ თქვა, რომ შემთხვევის ადგილზე, სწორედ ის დაინახა, რადგან იმ ბიჭს, ვინც მოწმემ დაინახა, ულვაში ჰქონდა, ეს კი უულვაშო იყო. 

„შინაგანად ვგრძნობდი, რომ დამნაშავე სწორედ ის იყო, მაგრამ მტკიცებულებები არ მქონდა. არასრულწლოვანი გოგონები ისე იყვნენ შეშინებულნი, ამოცნობა კი არა, საუბარი უჭირდათ. ამიტომ, იძულებული გავხდი, 48 საათის შემდეგ, ეჭვმიტანილი გამეთავისუფლებინა. მართალია, მეთვალყურე მივუჩინე, მაგრამ თავადაც კარგად ხვდებოდა, რომ თვალთვალის გარეშე არ დავტოვებდით და ამიტომ, არაფერს იზამდა. ერთი შეხედვით, დამნაშავე და მკვლელი მყავდა, მაგრამ არ მქონდა მტკიცებულება და ეს მტკიცებულება მოულოდნელად მივიღე“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

მისივე მონაყოლით, მომხდარიდან დაახლოებით, ორ კვირაში, ცოლმა „აიძულა“, ოპერის მომღერლების შეკრებაზე წასულიყო. თავის დროზე, ბატონი თენგიზის მეუღლეც მღეროდა, შემდეგ კი მთელი დრო ბავშვებსა და ქმარს დაუთმო. 

„მოწყენილი ვიჯექი და ჩემთვის კომპოტს ვწრუპავდი, თანაც იმ ასაკიან კაცს ვუსმენდი ცალი ყურით, რომელიც ოპერის სპეციალისტი იყო და ამ დარგზე გატაცებით საუბრობდა. მოულოდნელად მომიბრუნდა და მეუბნება, ბატონო თენგიზ, აი, თქვენ, კრიმინალისტიკაში, ყველაფერი თითის ანაბეჭდებზე გაქვთ აწყობილი და წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რომ ადამიანის ხმაც ზუსტად ისეთივე უნიკალურია, როგორც ანაბეჭდი ანუ არ მეორდება. ყველა ადამიანის ხმის იოგები ინდივიდუალურადაა მოწყობილი და არ მეორდება“, _ გამარჯვებული სახით შემომხედა მოხუცმა. 

ჩემთვის ეს ნამდვილი შოკი იყო, საღამოდან მაშინვე წამოვედი და გადარჩენილი ბავშვების მშობლებს დავადექი. მათ დავავალე, თამაშ-თამაშით, როგორმე ერთი წინადადება მაინც ეთქმევინებინათ იმისგან, რაც მოძალადისგან გაიგეს. საქმეში ფსიქოლოგებიც ჩარიეს და ორივე ბავშვმა დამოუკიდებლად თქვა _ „ხმას თუ არ გაიღებთ, მალე გაგიშვებთ“. 

შემდეგ ჩავწერე ათამდე ადამიანი ამ წინადადებით და რაღა თქმა უნდა, ეჭვმიტანილიც. მოვიყვანე მოწმეები, სასამართლოს წარმომადგენელიც კი და ბავშვები _ ფსიქოლოგებთან და მშობლებთან ერთად“, _ გამოძიების უნიკალურ მეთოდზე გვიყვება ბატონი თენგიზი. 

ბავშვები ხმას რომ მიჩვეოდნენ, უთხრეს, რომ ეს თამაში იყო და რიგ-რიგობით ასმენინებდნენ ჩანაწერს. ეჭვმიტანილის ხმა რიგით მეექვსე იყო და სწორედ მეექვსე ხმის გაგონების დროს უნდა ჰქონოდათ ბავშვებს რეაქცია. ამიტომ, მოწმეებიცა და სხვა დამსწრეებიც გაფრთხილებულები იყვნენ, რომ სწორედ მეექვსე ხმის გაგონებისას დაკვირვებოდნენ ყველაზე მეტად ბავშვებს. ხმა გაისმა, თუმცა განსაკუთრებული დაკვირვება არცერთს არ დასჭირდა _ ორივე ბავშვმა შიშისგან ჩაიფსა. 

სასამართლოზე ადვოკატმა იმდენი მოახერხა, რომ ეს მტკიცებულება პირდაპირი მტკიცებულებების გრაფით არ გავიდა, თუმცა მოსამართლე დეტალურად იყო ინფორმირებული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო _ სასჯელის უმაღლესი ზომა!

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში