Menu
RSS

დიდი რუსული პროვოკაცია _ ვინ შექმნა შეიარაღებული ბანდფორმირება „თეთრი ჯვარი“

„ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, იარაღი უფასოდ მიიღოს...“

სანამ ისტორიის მოყოლას დავიწყებთ, გეტყვით, რომ „კანონიერმა ქურდებმა“ სერიოზული დანაკლისი განიცადეს _ 58 წლის ასაკში, საბერძნეთში, კორონავირუსით ემზარ ჯაფარიძე, იგივე „კვატია“ გარდაიცვალა. ჯაფარიძე ძველი თაობის ქურდებიდან ერთ-ერთი იყო და კრიმინალურ სამყაროში ძალიან დიდი გავლენით სარგებლობდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ „კვატიას“ გარდაცვალებას ძალიან სერიოზული ცვლილებები მოჰყვება არამარტო საბერძნეთში, არამედ, მთელ ევროპაში.

რაც შეეხება ისტორიას, 90-იანი წლების დასაწყისი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესია. მაშინ, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პარალელურად, მოულოდნელად, მოსახლეობის ხელში ძალიან ბევრი იარაღი აღმოჩნდა. პრაქტიკულად, ყოველდღიურად იქმნებოდა ახალი ბანდფორმირებები, საძმოები, გაგიკვირდებათ და, შეიარაღებული პოლიტიკური ორგანიზაციებიც კი. მოკლედ, ქართველები უშურველად ვხოცავდით ერთმანეთს. ერთ დროს ძლევამოსილი საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთი ცდილობდა, 14 რესპუბლიკაზე კონტროლი არ დაეკარგა, მაგრამ უშუალოდ ფედერაციაშიც უმძიმესი ვითარება იყო. მართალია, იქ პოლიტიკურ აქტიურობაზე პრეტენზია, ლამის მთელ ქვეყანას ნაკლებად ჰქონდა, მაგრამ შეიარაღებული ფორმირებები იქაც მომრავლდა, თუმცა ეს ფორმირებები, როგორც საქართველოში, ისე რუსეთის ფედერაციაში ღიად მოქმედებდნენ და თუ ჩვენთან, მაგალითად, „მხედრიონი“ სცემდა შიშის ზარს მოსახლეობას, რუსეთს „სოლნცევოს“ საძმო აზანზარებდა. 

„ერთ დღეს, ძველმა მეგობარმა დამირეკა, ის ჯერ კიდევ მაშინდელი ლენინგრადის სამძებროს უფროსი გახლდათ და მითხრა, სამმართველოს წინ გაჩერებულ მანქანის საქარე მინაში დატოვეს წერილი, სადაც ეწერა, რომ დაფუძნდა ორგანიზაცია „თეთრი ჯვარი“, რომელიც იარაღდება საქართველოდან და მალე ეს ორგანიზაცია ხელში აიღებს ძალაუფლებას. მას აინტერესებდა, ვიცოდი თუ არა საქართველოში რამე „თეთრ ჯვარზე“ და რამდენად რეალური იყო, რომ იარაღი სწორედ ჩვენი ქვეყნიდან წასულიყო. იმდენი საძმო და ბანდფორმირება იყო, თავი ვერ დავდე, რომ მათგან რომელიმე „თეთრი ჯვრის“ სახელს არ ატარებდა, იარაღის მიწოდება კი გამოვრიცხე, რადგან იარაღი აქაც ძვირად ფასობდა და პირიქით, ხალხი მის შემოტანაზე ჩალიჩობდა“, _ იხსენებს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი. 

მაშინდელი მილიციის ფორმამ ფასი დაკარგა. დაიჭერდნენ სამართალდამცავები დამნაშავეს, მიადგებოდა რომელიმე საძმო საკუთარი ტანკით, ან საბრძოლო მანქანით და დაკავებულს ათავისუფლებდა. ამიტომ, სწორედ იმ პერიოდში, არაერთმა სამართალდამცავმა გაიხადა ფორმა და ნაწილი ბიზნესით შეეცადა თავის რჩენას, ნაწილი კი კერძო დაცვაში წავიდა, რომელიც მაშინ ძალიან ბევრი იყო. 

„ლენინგრადიდან მალე მეორედ დამირეკეს. აქ სრული ქაოსი იყო, იქაც _ იგივე და მთხოვეს, კვალი აშკარად საქართველოსკენ მოდის და იქნებ, დაგვეხმაროო. შევთანხმდით, ერთთვიან შვებულებას ავიღებდი, ლენინგრადში ჩავიდოდი, გამოძიებაში დავეხმარებოდი და მთელ ხარჯს ისინი დაფარავდნენ, ცოტა ფულსაც მომცემდნენ ანუ ჩემთვის იდეალური ვარიანტი იყო. რუსეთის მეორე ქალაქში, სამ დღეში გავფრინდი“, _ გვიყვება ბატონი თენგიზი. 

ლენინგრადში ჩასულ ქართველ მაძებარს იმაზე რთული სიტუაცია დახვდა, ვიდრე წარმოედგინა. საქმე ის გახლდათ, რომ „თეთრი ჯვრის“ წარმომადგენლებმა რამდენიმე ტერორისტული აქტი მოაწყვეს და კიდევ იმუქრებოდნენ. პარალელურად, ისინი იარაღის საწყობებს თავს ესხმოდნენ და ძალიან დიდი ოდენობის იარაღს იტაცებდნენ. მოწოდებებში საძმოს წევრები ამბობდნენ, რომ მთელი ქვეყნის შეიარაღებას მოახერხებდნენ და არსებულ ხელისუფლებას შეცვლიდნენ. არაერთი მცდელობის მიუხედავად, სამართალდამცავებმა ორგანიზაციის ერთი წევრიც კი ვერ დააკავეს, თუმცა ცხადი იყო, რომ მათი ოდენობა მცირე არ გახლდათ. 

რაც შეეხება საქართველოსთან კავშირს, რუსი სამართალდამცავები ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ მანიფესტებს ეყრდნობოდნენ, სადაც საქართველო ერთ-ერთ მოკავშირედ იყო გამოყვანილი და რაც მთავარია, ისინი ამტკიცებდნენ, რომ საქართველოში ათასობით მხარდამჭერი ჰყავდათ. 

ამ დროს კი საქართველოდან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. 

„1990 წლის 1 აპრილს, დილით, ლენინგრადის ყველა დიდ ქუჩაზე განცხადება იყო გაკრული, სადაც ეწერა, რომ 15-დან 25 აპრილამდე, ნებისმიერ მსურველს, ქალაქის ყველა ბაზარში ექნებოდა შესაძლებლობა, იარაღი სრულიად უფასოდ მიეღო. ერთი თვის შემდეგ, ეს ადამიანები მონაწილეობას მიიღებდნენ ხელისუფლების შეცვლაში და ქვეყანა ნორმალურ რელსებზე დადგებოდა. მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეს საპირველაპრილო ხუმრობა ეგონა, მხოლოდ მილიციამ იცოდა, რომ მუქარა სერიოზული იყო და აპრილის შუაწელისთვის, მზადება დაიწყო“, _ გვიყვება ბატონი თენგიზი. 

15 აპრილამდე საქმე არ მისულა. 4 აპრილს, ერთ-ერთი საჯარისო შენაერთის საწყობზე, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა, იარაღის დაუფლების მიზნით, იერიში მიიტანა. გამოუცდელი ჯარისკაცები დაიბნენ და ბრძოლის სასწორი თავდამსხმელთა მხარეს გადაიხარა, თუმცა შემდეგ, საქმეში მილიცია ჩაერთო, თავდაცვის ძალებმაც საპასუხო ცეცხლი გახსნეს და თავდასხმა მოიგერიეს. დაიღუპა მხოლოდ ორი თავდამსხმელი, ერთი კი მძიმედ დაიჭრა და ის საავადმყოფოში მიიყვანეს. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მისი გადარჩენა გახლდათ და ექიმებმა ეს მოახერხეს. 

დაკითხვაზე მხოლოდ სამი სამართალდამცავი მივიდა. ერთ-ერთმა იარაღი გადატენა, დაკავებულს ფეხზე დაადო და ჰკითხა, ვინ იყო ორგანიზაცია „თეთრი ჯვრის“ ხელმძღვანელი. დაკავებულმა ზიზღით გაიღიმა და კბილებში გამოსცრა: 

_ არ გეტყვით! 

სამართალდამცავმა სასხლეტს გამოჰკრა, ფეხიდან სისხლმა იფეთქა, მილიციის თანამშრომელმა კი იარაღი მშვიდად ასწია და ამჯერად გულზე დაადო დაჭრილს. მისი სახე მაშინვე შეიცვალა და ზუსტად 30 წამში, მილიციამ იცოდა ორგანიზაციის მისამართი, ხელმძღვანელი და მისი წევრების უმრავლესობა. 

შეიარაღებულ ფორმირებას დაკავებულის ძმა, ვინმე არკადი მაკეევი მეთაურობდა. მოკვლევის შემდეგ გაირკვა, რომ 28 წლის მაკეევი, ლენინგრადის ერთ-ერთ რაიონში, უბნის რწმუნებულად მუშაობდა და დადებითად ხასიათდებოდა. მის დასაკავებლად სპეცოპერაცია დაიგეგმა, მაგრამ მაკეევმა საფრთხე იგრძნო და სახლში არ გამოჩენილა. სამაგიეროდ, დააკავეს დაჯგუფების 50 წევრზე მეტი, 100 კაცზე ძებნა გამოცხადდა, თუმცა მთავარი მაინც მაკეევის დაჭერა გახლდათ. 

„საოცარი ის იყო, რომ დაკავებულების უმრავლესობა ყოფილი სამართალდამცავები გახლდათ. ახლაც არ ვიცი, როგორ, მაგრამ მაკეევმა მოახერხა და ისინი დაარწმუნა, რომ გაჰყოლოდნენ, ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდებით შეეცვალათ და შეექმნათ „პოლიციური ქვეყანა“, სადაც კანონს, სწორედ სამართალდამცავები დაადგენდნენ. საქართველოს თემა მხოლოდ იმიტომ იყო შემოგდებული, რომ მილიციას ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა და სხვა მიმართულებით ემუშავა, თორემ რეალურად, საქართველო ამ ორგანიზაციასთან კავშირში არ იყო“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

მალე, დაკავებულებიდან ერთ-ერთმა, სასჯელის შემსუბუქების პირობით, დაასახელა სახლი, სადაც შეიძლებოდა მაკეევი ყოფილიყო და მართლაც, სამართალდამცავებმა ის სწორედ მითითებულ მისამართზე აიყვანეს. 

პირველი დაკითხვები სატანისტურ სეანსებს უფრო ჰგავდა, მაკეევი გაშტერდებოდა და ამბობდა, რომ მას ზემოდან ესმოდა ხმები, რათა ქვეყანა, სწორედ ამ გზით გადაერჩინა. ის მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა ნორმალურ საუბარს, რაც აუხსნეს, რომ სიჩუმე დახვრეტამდე მარტივად მიიყვანდა. მაკეევმა სიცოცხლის შენარჩუნების გარანტიით, აღიარებითი ჩვენება მისცა. 

„ბავშვობიდან მილიციის ფორმაზე ვოცნებობდი, მაგრამ როცა ოცნება ამიხდა, მუნდირმა ფასი დაკარგა, ამიტომ გადავწყვიტე, ძალისმიერი მეთოდებით აღმედგინა მილიციის ღირსება და ჯერ ჩემი ძმა დავითანხმე, მერე _ ყოფილი სამართალდამცავები და 150-კაციანი, კარგად შეიარაღებული დაჯგუფება შევქმენი. მიზნის გარდა, ჩვენ საარსებო ფული გვჭირდებოდა და შესაბამისად, რამდენიმე დიდი საწყობის გაქურდვაც ჩვენს ნამუსზეა. ორი საკასაციო მანქანაც ჩემმა ჯგუფმა დააყაჩაღა და ჩვენი რიგებიც ყოველდღიურად ივსებოდა. რომ არა ეს სულელური ჩავარდნა, მე რუსეთში წყობას შევცვლიდი“, _ ეს იყო მაკეევის მონათხრობის ძირითადი არსი. 

სასამართლომ, პრაქტიკულად, ყველა დაკავებულს სხვადასხვა სასჯელი ჩამოურიგა. ყველაზე მკაცრი განაჩენი მაკეევს ერგო _ ის დღემდე ციხეშია და სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

ბათო ჯაფარიძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში