Menu
RSS

15 ათასად დაქირავებული „ქილერი“ _ შეკვეთილი მკვლელობის სკანდალური დეტალები

რატომ ფიგურირებს საქმეში ქალი და ვინ დაიქირავა „ქილერი“ სახელმწიფო მოხელის მოსაკლავად

ნამდვილად ვერ გეტყვით, ახლაც ასე ხდება-მეთქი, მაგრამ ადრე, კვების ობიექტებში, ერთი შეხედვით, მკაცრი კონტროლის მიუხედავად, რბილად რომ ვთქვათ, უვარგის პროდუქტს ასაღებდნენ. ძველი მებუფეტე ყვებოდა, მაგალითად, კოტლეტისთვის გვაძლევდნენ 2 კილოგრამ ხორცს და სამ კილოგრამად უნდა გვექციაო. პურის, კვერცხის, ფქვილის, წყლისა და კიდევ არაერთი ინგრედიენტის დამატებით, ხორცი სამ კილოგრამზე ადიოდა. რაც მთავარია, კვების ობიექტში უმაღლესი ხარისხის ხორცი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის ბაზარზე მიდიოდა, სასადილოებში კი მეორე და მესამე ხარისხის ხორცი შეჰქონდათ. თუ სასადილოს დირექტორი „ზემოთ“ შესაბამისად იხდიდა, მას ხელს არავინ ჰკიდებდა, მაგრამ თუ გადახდას დააგვიანებდა, რევიზია მარტივად ადგენდა დანაშაულს და დირექტორსაც სახელმწიფო ქონების დატაცებისთვის, საუკეთესო შემთხვევაში, რვაწლიანი სასჯელი ელოდა, თუმცა იყო შემთხვევები, როცა ისინი ბოლომდე გაუმეტებიათ და დაუხვრეტიათ კიდეც. რევიზორი ყველაფერს მარტივად ამოწმებდა, დაუკვეთავდა სასადილოში მსუყე ბანკეტს, იქ მისული კი საბუთს ამოიღებდა ჯიბიდან და ყველა ულუფის აწონვა-დაგემოვნება იწყებოდა. პარალელურად, იგივე კოტლეტი ექსპერტიზაზე მიდიოდა, სხვადასხვა სალათსა და ხინკლის ფარშთან ერთად. გამორიცხული იყო, სადმე, რამე დანაკლისი არ ენახათ და ეს საკმარისი ხდებოდა სისხლის სამართლის დევნის დასაწყებად.

 

„თბილისში რევიზორი მოკლეს. ის რკინიგზის სადგურზე იპოვეს თავგატეხილი და ექსპერტიზის დასკვნით, თავი ბლაგვი საგნით გაუტეხეს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იმით დავინტერესდით, რა დავალება ჰქონდა რევიზორს და რომელი ობიექტი უნდა შეემოწმებინა. როგორც გვითხრეს, თემქაზე მდებარე სასადილო ჰქონდა შემოწმებული და მეორე დღეს, დასკვნა უნდა დაეწერა, მაგრამ დასკვნის დაწერა არ დასცალდა. საგულისხმო იყო ისიც, რომ მოკლული გაძარცვული იყო, არ ჰქონდა საფულე, საათი, ოქროს რგოლი, რომელსაც ცოლის თქმით, არასდროს იშორებდა“, _ იხსენებს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი. 

რაღა თქმა უნდა, პირველი ეჭვი, სწორედ სასადილოს დირექტორზე მიიტანეს, მაგრამ მან ხელები გაასავსავა, მე არაფერ შუაში ვარ, ხარკი გაღებული მქონდა და კარგ დასკვნას ველოდებოდიო. მერე „ზემოდანაც“ დარეკეს, სასადილოს დირექტორს შეეშვით, ეგ არ მოკლავდა, არაფერში აწყობდაო და სამართალდამცავები იძულებულები გახდნენ, სხვა მიმართულებით დაეწყოთ ძიება. 

მკვლელობიდან მესამე დღეს, შემთხვევით, სამართალდამცავები ჯიბის ქურდს დაედევნენ და დააკავეს. მისი ბინის ჩხრეკისას კი... სისხლიანი „კასტეტი“, რევიზორის საბუთები და ოქროს ბეჭედი აღმოაჩინეს. 

„ბედნიერებისგან ლამის ვხტუნავდი, რადგან საქმე გახსნილი მეგონა. ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ რევიზორი სწორედ ჯიბის ქურდმა მოკლა და მოუთმენლად ველოდი ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც მეტყოდა, რომ „კასტეტზე“ აღმოჩენილი სისხლი გარდაცვლილისას დაემთხვა. სანამ დასკვნა მოვიდოდა, ჯიბის ქურდი დაკითხვაზე შემოვიყვანე, წინ ქაღალდი და ფურცელი დავუდე და გამარჯვებული სახით ვუთხარი, დაწერე ყველაფერი, როგორც იყო, სასჯელს შეგიმსუბუქებ-მეთქი“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

დაკავებულმა წერა დაიწყო და როცა მორჩა, ქაღალდი გამომძიებელს მიაწოდა, მან ამაყად დაიწყო კითხვა, მაგრამ სიხარული სიბრაზით შეეცვალა. ჯიბის ქურდი წერდა, რომ შინ მოკლე გზით ბრუნდებოდა, როცა დაინახა, როგორ ჩხუბობდა ორი კაცი და როგორ ეხმარებოდა კაცს ქალი. შემდეგ, ერთმა მეორეს იარაღის ტარი საფეთქელთან ორჯერ ძალუმად ჩაარტყა და ქალთან ერთად გაიქცა. ჯიბის ქურდი გაქცეულს დაედევნა, მაგრამ ის მობრუნდა და გაისროლა, ამიტომ დევნა შეწყვიტა და თავგატეხილს მიუბრუნდა. მიხვდა, ის უკვე მკვდარი იყო და მარტივად ამოუსუფთავა ჯიბეები, შეხსნა საათი, ბეჭედი და შინ წავიდა. 

რაც შეეხება „კასტეტს“, როგორც დაკავებული ამბობდა, ცივი იარაღი რამდენიმე დღის წინ, უბანში მას შემდეგ გამოიყენა, რაც მეზობელთან ჩხუბი მოუვიდა და მას „კასტეტით“ ლოყა გაუხია. 

ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ „კასტეტზე“ აღმოჩენილი სისხლი გარდაცვლილს არ ეკუთვნოდა და მეორე ანალიზის შემდეგ, ის მეზობლის სისხლს დაემთხვა. გამომძიებლებმა დაკავებული შემთხვევის ადგილზე მიიყვანეს და იმ ტერიტორიის მითითება მოსთხოვეს, საიდანაც მისი თქმით, მკვლელმა ისროლა. ჯიბის ქურდმა ადგილი მიუთითა და რამდენიმეწუთიანი ძებნის შემდეგ, სამართალდამცავებმა ტყვიის ცარიელი მასრაც იპოვეს ანუ დაკავებულის მონაყოლი სრული სიმართლე გახლდათ, თუმცა ეს მისი გაშვების საბაბს არ იძლეოდა, რადგან მიცვალებული გაქურდა და ამის გამო, ციხეში 3 წლით გაისტუმრეს. 

ტყვიის მასრის შესწავლამ ძიებას ახალი არაფერი მისცა. მილიციის კარტოთეკაში ასეთი იარაღი არ იძებნებოდა ანუ პროფესიონალი მოქმედებდა და რაც მთავარია, საქმეში გაჩნდა ახალი ფიგურანტი _ ქალი, რომელიც დაკავებულის თქმით, კაცს გარდაცვლილის ცემაში ეხმარებოდა. გამომძიებლებმა რევიზორის მეგობრები დაკითხეს, გაჩნდა ეჭვი, რომ ის სასიყვარულო სამკუთხედის მსხვერპლი გახდა, თუმცა ეს ვერსიაც მალე გამოირიცხა. მეგობრებმა დაადასტურეს, რომ რევიზორი სუსტი სქესის წარმომადგენლების მიმართ დიდ ყურადღებას არ იჩენდა და მეოჯახე კაცი იყო, სახლი _ სამსახური, ეს გახლდათ მისი მოწოდება და გრაფიკს იშვიათად არღვევდა. 

უცნაური იყო მკვლელობის ადგილიც _ რევიზორი იმ ადგილიდან, დაახლოებით, 12 კილომეტრში ცხოვრობდა, ობიექტი კი, რომელიც უნდა შეემოწმებინა, 8 კილომეტრში მდებარეობდა. რატომ და როგორ მოხვდა იმ ადგილზე, თანაც ლიანდაგებზე, უცნობი იყო. ბევრი მცდელობის მიუხედავად, სამართალდამცავებმა საქმე ვერ გახსნეს და ასე გავიდა ორ წელზე მეტი. 

ორი წლის შემდეგ, ერთ-ერთი რეიდის დროს, სამართალდამცავებმა რიგითი კრიმინალი დააკავეს. მასზე დიდხანს ნადირობდნენ, რადგან ღამით მუშაობდა და ძირითადად, საწყობებს ქურდავდა. მიჰქონდა ცოტა, მაგრამ ღირებული და როგორც იქნა, რამდენიმეთვიანმა ღამის თევამ შედეგი გამოიღო. მისი ბინის ჩხრეკისას, მოპარულ ნივთებთან ერთად, იარაღიც იპოვეს. ბალისტიკური ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ აღმოჩნდა, რომ რევიზორის მკვლელმა, სწორედ ამ იარაღიდან ისროლა. თაროზე შემოდებული საქმე ჩამოიღეს და სანამ დაკითხავდნენ, დაკავებული იმ ჯიბის ქურდს აჩვენეს, რომელიც მკვლელობას შემთხვევით შეესწრო. მან მკვლელი ამოიცნო და რაც მთავარია, ამოიცნო მისი მეგობარი ქალიც, რომელიც მკვლელობის დღეს თან ახლდა და რევიზორის ცემაში ეხმარებოდა. ქალიც დააკავეს და დაკითხვა სწორედ მისგან დაიწყეს. 

„ზოგადად, ქალების დაკითხვა უფრო ადვილია. მთავარია, სიყვარულით ისე არ იყოს დაბრმავებული, რომ კაცს საფლავში ჩაჰყვეს, ამიტომ მას მარტივად ავუხსენით, დახვრეტის მუხლი რომ ჰქონდა ჯიბეში, თუ მილიციასთან არ ითანამრომლებდა და მანაც ყველაფერი დაფქვა. როგორც ქალმა აღნიშნა, მის მეგობარ კაცს მკვლელობის შეკვეთა მისცეს, ოღონდ მან არ იცოდა, რატომ და რისთვის. იცოდა მხოლოდ ის, რომ მკვლელობაში 15 ათასი მანეთი გადაიხადეს და ამ ფულიდან მას „დუბლიონკა“ უყიდეს“, _ გვიყვება ბატონი თენგიზი. 

დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმე იყო. მკვლელს მისი საყვარლის ჩვენება დაუდეს წინ და უთხრეს, რომ დახვრეტას მხოლოდ აღიარებით გადაურჩებოდა და მასაც ბევრი არ უყოყმანია, ხელი... სასადილოს მზარეულს დაადო, შეკვეთა სწორედ მან მომცა და მოკვლა რისთვის უნდოდა, არც მიკითხავს და არც ახლა მაინტერესებსო. ერთ საათში, მზარეული გამომძიებლის წინ იჯდა. 

„ყაჩაღობისთვის გამასამართლეს და ციხეშიც მზარეულად ვმუშაობდი. რევიზორი იქაც მოვიდა შემოწმებაზე და მაშინ პატიმრებმა კინაღამ მომკლეს, ისეთი დასკვნა დადო. არადა, მე ხომ ციხის უფროსის მითითებებს ვასრულებდი? ნასამართლევ კაცს, ასეთ სამსახურში არავინ ამიყვანდა, თუმცა ციხის უფროსი დამეხმარა, სხვა საბუთებიც გავაკეთე და აქ მზარეულადაც მან მომაწყო. სანაცვლოდ, თვეში ათას მანეთს ვუხდიდი. როცა გავიგე, რევიზორად ვინ მოდიოდა, გადავწყვიტე, ბიულეტენი ამეღო და ორი კვირა სამსახურში არ მევლო, მაგრამ პირად საქმეს და იქ ჩაკრულ სურათს რას ვუზამდი? რევიზორი ყველაფერს ამოწმებდა და, რაღა თქმა უნდა, ჩემი სურათიც ნახა, ყველაფერს მიხვდა და ვუთხარი, თუ შემეშვები, 50 ათას მანეთს მოგცემ-მეთქი. შეხვედრა სწორედ ლიანდაგებზე დავუთქვი, თუმცა ფულის გადახდა არც მიფიქრია, ვიცოდი, ისევ მომადგებოდა, ამიტომ ეს კაცი ვნახე, რომელიც ჩვენს საწყობში ქურდობაზე დავიჭირე და როგორც ძველმა პატიმარმა, გავუშვი. იცოდა, სანდო ვიყავი, 20 ათასი მთხოვა, 15-ზე შევთანხმდით და შეასრულა. თანხა მიიღო და ერთმანეთს დავემშვიდობეთ. ის ქალი კიდევ, როგორც მითხრა, სულ თან დაჰყავდა, ჩემი თილისმააო“, _ ეს არის ამონარიდი მზარეულის ჩვენებიდან. 

 

შესაძლოა, ბევრს გაუკვირდეს რიგითი მზარეულის ასეთი სიმდიდრე, მაგრამ მისი ბინის ჩხრეკისას, სამართალდამცავებმა მინის ქილებში გადამალული 100 ათასი მანეთი ამოიღეს. მზარეულს დახვრეტა მიუსაჯეს, მკვლელობის შემსრულებელს _ 15 წელი, ქალს კი 7 წელი აკმარეს.

ბათო ჯაფარიძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში