Menu
RSS

24 წლის მანიაკი, რომელიც ქალებს აუპატიურებდა და ძარცვავდა

რატომ მალავდნენ სიმართლეს ძალადობის მსხვერპლნი და როგორ გავიდნენ სამართალდამცავები დამნაშავეზე

დღევანდელი გადასახედიდან, თითქოს მარტივია ყველაფერი. მარტივია ის, რომ მაგალითად, მკვლელის ოჯახის წევრები ისევ იმ ქალაქში ცხოვრობენ და ისევ იმ ქალაქში მუშაობენ, სადაც მანამდე. მძიმე დანაშაულებს იმდენად მივეჩვიეთ, რომ პრაქტიკულად, ძნელია, ვინმე გააოცო და საზოგადოების დიდ ნაწილსაც აღარ აქვს სასტიკი დამნაშავის ოჯახის წევრთა მიმართ აგრესია, არც იმათ აქვთ ისეთი სირცხვილის გრძნობა, როგორც ადრე. ადრე კი, დამნაშავის ოჯახი, ხშირ შემთხვევაში, იმ ქალაქიდან საცხოვრებლად სხვაგან გადადიოდა, არცთუ იშვიათად, მხოლოდ რეგიონს კი არა, მთლიანად მხარეს იცვლიდა და დასავლეთ საქართველოდან აღმოსავლეთში სახლდებოდა, ან პირიქით.

„მაშინ დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი დიდი ქალაქის სამძებროს უფროსად ვმუშაობდი და შეიძლება ითქვას, გამოცდილების მიუხედავად, ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმე იყო, რომელსაც შევეჭიდე და არ მეგონა, თუ ოდესმე დამთავრდებოდა“, _ იხსენებს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი. 

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ განყოფილებაში ახალგაზრდა გოგო მივიდა, რომელმაც განცხადება დაწერა და აღნიშნა, რომ ღამით, სახლისკენ მიმავალს, თავს დაესხნენ და გაძარცვეს. გოგოს წაართვეს ოქროს საყურეები, ოქროს მძივი და გახადეს ლაბადა, რომელიც მამამ იუგოსლავიიდან ჩამოუტანა. სამართალდამცავებმა საქმე წარმოებაში კი მიიღეს, მაგრამ თითქმის ზუსტად იცოდნენ, რომ დამნაშავეს შემთხვევის წყალობით თუ მიაგნებდნენ. ნაძარცვი ოქროულობა, ძირითადად, ოქრომჭედლების ხელში „ჯართის“ სახით ანუ დამტვრეული ხვდებოდა და რთული იყო იმის გარკვევა, ბეჭედი ჩააბარეს თუ საყურე. ამის მიუხედავად, ნაძარცვის აღწერილობა ოქრომჭედლებს მაინც დაურიგეს. 

მეორე დღეს, კიდევ ერთი გოგო მივიდა მილიციაში იგივე განცხადებით, ორი დღის შემდეგ, მესამე გოგო, მერე კიდევ და კიდევ. მხოლოდ მეშვიდე დღეს მისულმა გოგონამ დაწერა, რომ ძარცვასთან ერთად, თავდამსხმელმა გააუპატიურა. 

„მაშინ გამიჩნდა ეჭვი, რომ მძარცველი მხოლოდ ამ ერთს არ გააუპატიურებდა. ამიტომ, ძველი განცხადების ავტორები დავიბარე და ვაიძულე, სამედიცინო შემოწმება გაევლოთ. რვა განცხადება მედო მაგიდაზე და რვიდან შვიდი გოგო გაუპატიურებული გახლდათ. უბრალოდ, მათ მოერიდათ და ვერ თქვეს, რომ გააუპატიურეს. მაშინ სხვა მორალი იყო, სხვა მენტალიტეტი, ხმამაღლა ამაზე არ საუბრობდნენ ანუ მე ქალაქში რიგითი მძარცველი კი არა, მანიაკი მყავდა“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

ათი დღის შემდეგ, მაღალსართულიანი კორპუსის სახურავზე, ანტენის გასასწორებლად ასულმა ახალგაზრდა ბიჭმა დაინახა, როგორ ავიდა იმავე სახურავზე სრულიად უცხო გოგო, როგორ მივიდა კიდესთან და როგორ აპირებდა გადახტომას. ბიჭმა გოგო გადაარჩინა, სუიციდში ხელი შეუშალა და რაღა თქმა უნდა, მილიციაში დარეკა. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს გოგომ უმბო, რომ ღამით, სახლისკენ მიმავალი გააუპატიურეს და სისხლის ოდენობაზე მიხვდა, რომ ორი თვის ნაყოფი მოეშალა. დაზარალებული არეულად საუბრობდა და ამიტომ, გამომძიებელმა მისი დაკითხვა დილისთვის გადადო, მანამდე კი მეუღლეს გაესაუბრა. წყვილმა სულ რაღაც ოთხი თვის წინ იქორწინა, ერთმანეთი წლების მანძილზე უყვარდათ და ასეთი რამ შეემთხვათ. 

არც მეორე და არც მესამე დღეს, გოგონას დაკითხვა ვერ მოხერხდა. ექიმმა შიზოფრენიის დიაგნოზი დასვა და, მართლაც, რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ, ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შვიდი წლის შემდეგ ისე გარდაიცვალა, რომ „მომიყვანეთ ჩემი შვილი“-ს მეტი არაფერი უთქვამს. 

სამართალდამცავებმა ქალაქში პატრულირება დაიწყეს, ღამით ფორმიანი თუ უფორმო თანამშრომლებით სავსე იყო მიყრუებული ქუჩები, ამან მხოლოდ ერთი შედეგი გამოიღო _ პრაქტიკულად, ყოველგვარი დანაშაული შეწყდა, ღამით აღარავინ იპარავდა, თუმცა მოძალადეს დაჭერა ვერ მოხერხდა. ორკვირიანი პატრულირების შემდეგ, მილიცია მოეშვა და მანიაკმაც არ დააყოვნა _ მორიგი მსხვერპლი 19 წლის გოგონა იყო, თუმცა ის თავდამსხმელს გაუძალიანდა და ფერდებში დანაც მიიღო. თავდამსხმელმა დაჭრილი და გონდაკარგული გოგო გააუპატიურა და მიიმალა. 

„სხვადასხვა ქალაქიდან ახალგაზრდა, გამხდარი თანამშრომლები ჩამოვიყვანეთ, მათ ქალის ფორმა ჩავაცვით, პარიკი გავუკეთეთ და ქუჩებში გავუშვით. ისინი დადიოდნენ ყველგან, მიყრუებულ ადგილებში, მაგრამ ერთი თვე ისე გავიდა, არც დანაშაული მომხდარა და არც ამ თანამშრომლებს დასხმია ვინმე თავს. რა უნდა მექნა? ისინი ისევ სამუშაო ადგილებზე დავაბრუნე და მესამე დღეს, მორიგი გაუპატიურება მოხდა _ ამჯერად, გოგონა 21 წლის იყო. თბილისიდან გამოძახებას არ დავლოდებივარ, ჩემი ფეხით ჩავედი და მინისტრის მოადგილეს შევხვდი. დეტალურად გავაცანი საქმის ვითარება და მან მოულოდნელად მკითხა _ დამნაშავე ისე იქცევა, თითქოს ყველა თქვენი ნაბიჯი იცის და არ გიფიქრია, რომ ის მილიციის თანამშრომელია?! გავშრი! ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია, რადგან წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ეს ამბავი, მაგრამ მინისტრის მოადგილის სიტყვებში სიმართლის მარცვალი აშკარად იყო _ დამნაშავემ თითქოს ყველა ჩვენი ნაბიჯი იცოდა და არც სამხილებს ტოვებდა. უკან დაბრუნებულმა, პირადად შევისწავლე მთელი სამძებრო სამსახურის თანამშრომელთა პირადი საქმეები, მაგრამ საეჭვოდ ერთიც არ მომეჩვენა. ამის მიუხედავად, შევარჩიე ოთხი ძველი თანამშრომელი, ისეთები, რომლებსაც თვალდახუჭული ვენდობოდი და საქმის ვითარება გავაცანი. მეორე დღეს, სპეციალურად მოწვეულ თათბირზე გამოვაცხადე ის უბანი, სადაც წესით, მთელ სამძებროს უნდა ემუშავა და პატრულირება მოეხდინა, ჩემი ოთხეული და მეც დანარჩენ უბნებში გავნაწლდით. პირველ დღეს არაფერი, მეორე საღამოს კი ერთ-ერთ იმ უბანში, სადაც წესით, მილიცია არ უნდა ყოფილიყო, ჩემმა თანამშრომელმა ყვირილის ხმა გაიგონა და იმ ადგილისკენ გაიქცა. მან კარგად დაინახა, როგორ შეათრია ბუჩქებში ვიღაც კაცმა ახალგაზრდა გოგო, იარაღი ამოიღო და თავზე დაადგა. კაცმა გაქცევა სცადა, თუმცა ფეხში მოხვედრილმა ტყვიამ ამის შესაძლებლობა არ მისცა. დაკავებული ჩვენი თანამშრომელი, 24 წლის ბიჭი აღმოჩნდა“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

როგორც წესი, მაშინ სამართალდამცავ ორგანოებში, შემთხვევით ვერავინ ხვდებოდა, აუცილებელი იყო რეკომენდატორი, რომელიც პასუხს აგებდა, თუ მის მიერ რეკომენდირებული პირი რამეს დააშავებდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რეკომენდატორი კომკავშირის ადგილობრივი ორგანიზაცია იყო და სანამ საქმე სასამართლოს გადაეცემოდა, კომკავშირის მთელი ხელმძღვანელობა შეცვალეს. საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, პროცესი დახურული იყო. დამნაშავის დაკავებიდან მეორე დღეს, მისი ცოლი და 3 წლის შვილი სხვა ქალაქში გადავიდნენ და მათი კვალი გაქრა. 

სასამართლომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო: სასჯელის უმაღლესი ზომა _ დახვრეტა. მართალია, მაშინ გაუპატიურებისთვის არ ხვრეტდნენ, მაგრამ თავდამსხმელის მიერ გაუპატიურებული გოგონებიდან, ერთი ფსიქიატრიულში მოხვდა, მეორე უმძიმესად იყო დაჭრილი, ორს შვილი არასდროს ეყოლებოდა. ამიტომ, სასამართლოს განაჩენი არავის გაუპროტესტებია. 

„ეს საქმე დავიწყებული მქონდა და ალბათ, შემთხვევით თუ გავიხსენებდი, რადგან ოც წელზე მეტი იყო გასული. დედაქალაქში ვმუშაობდი და ერთ წელიწადში პენსია მიწევდა, როცა ხულიგნობისთვის დაკავებული სამი ბიჭი მოიყვანეს. ისინი კაფეში დათვრნენ, მერე ვიღაცას აუშარდნენ, ცოტა იძიძგილავეს... მოკლედ, ბევრი არაფერი, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი აშკარად აგრესიული იყო, აქაოდა, რა უფლებით მიჭერთ, მამაჩემმა თავი თქვენ შემოგწირათო. ყველაფერი სიმთვრალეს დავაბრალე, თანამშრომელს გამოსაფხიზლებელში ჩავაკეტინე და მეორე დილით რომ მივედი, მოვიკითხე ბიჭები, ორი დარცხვენილი იყო, მესამე კიდევ ისევ აგრესიული. რა გჭირს-მეთქი, რომ ვკითხე, იგივე გაიმეორა, მამაჩემმა თავი თქვენ შემოგწირათო. გვარი ვკითხე, მამის სახელი და თვალთ დამიბნელდა _ ჩემს წინ, იმ მანიაკის შვილი იჯდა. ფრთხილად გამოვკითხე ყველაფერი, მანაც მიამბო, რომ მამამისი დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა, რომ გმირულად დაიღუპა, რომ დედა ყოველთვის უყვებოდა მამის საგმირო საქმეებზე, რომ მის საფლავს უფრთხილდებოდნენ... საფლავის ხსენებამ საერთოდ გამაოცა, როგორც წესი, დახვრეტილებს ოჯახს არ აძლევდნენ, საერთო სასაფლაოზე მარხავდნენ სპეციალური ნომრით. მერე გავარკვიე, დედამ მაქსიმუმი გააკეთა, რომ შვილს სიმართლე არ სცოდნოდა და საფლავიც თავად მოიგონა. ახლაც ვფიქრობ, რომ დედა სწორად მოიქცა _ შვილს რომ სიმართლე სცოდნოდა, ამაზე ფიქრი დატანჯავდა და შეიძლება, შურისძიებაზე ეფიქრა, ახლა კი ჩემს წინ იჯდა ბიჭი, რომლისთვისაც მილიციელი გმირი იყო, ხოლო მამამისი _ გმირთა გმირი. არაფერი მითქვამს, შინ გავუშვი და იმის მერე არსად შემხვედრია“, _ დაასრულა მოყოლა ბატონმა თენგიზმა.

ბათო ჯაფარიძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში