Menu
RSS

ყველაზე გავლენიანი ქართველი „კანონიერი ქურდის“ სიცოცხლის ბოლო დღეების ქრონიკა

ვინ და რისთვის გაგზავნა მოსკოვიდან სამი ადამიანი ომსკის „ზონაზე“, კახა ფარფალიასთან

წინა კვირას, საქართველოს დედაქალაქში „კანონიერი ქურდი“, კახა ფარფალია დაასაფლავეს. მოგეხსენებათ, ის რუსეთის ციხეში გარდაიცვალა და ოფიციალური ვერსიით, გარდაცვალების მიზეზი ინსულტია. ამასთან, რუსულმა სააგენტოებმა, რომლებიც სამართალდამცავებს უკმევენ, დაწერეს, რომ ფარფალიას ასეთი სიკვდილი მოულოდნელი არ იყო, რადგან თავისუფლებაზე ყოფნისას სვამდა, ნარკოტიკებს იღებდა და ჯანმრთელობას არ უფრთხილდებოდა. არადა, ვინც გარდაცვლილს იცნობდა, ყველა დაადასტურებს, რომ სასმელი და ნარკოტიკი კი არა, ფარფალია სიგარეტსაც არ ეწეოდა, ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევდა, მუდმივად ვარჯიშობდა და ფორმაში იყო. მას არასოდეს დაუჩივლია გულის ტკივილის გამო და ის, რომ გარდაცვლილს ასეთ რამეს აბრალებენ, აშკარად, ეჭვს ბადებს. რეალურად თუ ვიმსჯელებთ, ვიღაცას ფარფალიას თავისუფლებაზე ყოფნა, შემდეგ კი მისი ცოცხლად დატოვება არ აწყობდა. მივყვეთ ქრონოლოგიას.

ფარფალია 2018 წელს დააკავეს. მისი ესკორტი სამართალდამცავებმა შეაჩერეს, მაგრამ ფარფალიას წინააღმდეგობა არ გაუწევია და ჩხრეკის ჩატარებასაც დათანხმდა. ჰოდა, ამ ჩხრეკის დროს, ჯიბეში რვა გრამი ჰეროინი უპოვეს. 

თავი დავანებოთ იმას, რომ ფარფალია ნარკოტიკებს არ იღებდა. როცა მის ესკორტს გაჩერება უბრძანეს, როგორ გგონიათ, ფარფალია, სალონში მასთან ერთად მყოფი დაცვის სამი წევრიდან, აკრძალულ ნივთიერებას ერთს მაინც არ მიაწვდიდა და არ მოიშორებდა? ან ნარკოტიკი ჯიბით დაჰქონდა და კაცი, რომელიც მანამდე ნასამართლევი არ იყო, სამართალდამცავებს პირდაპირ მიანიშნებდა, მოდით, დამიჭირეთო?! 

ჰო, ამ ამბავში საინტერესო ისიცაა, რომ ექსპერტიზის დასკვნით, შეკვრაზე, რომელშიც ნარკოტიკი იყო, ფარფალიას თითის ანაბეჭდი და დნმ-ის კვალი არ აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, სასამართლომ იგი დამნაშავედ სცნო და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

გარდა დაქირავებული ადვოკატებისა, ციხეში ფარფალიას მოსანახულებლად მეუღლეც მიდიოდა, რომელსაც იურისტის განათლება აქვს და შესაბამისად, ქმრის ადვოკატობა არ გასჭირვებია. 

ერთადერთი ჩივილი, რაზეც ცოლს გარდაცვლილმა უთხრა, წელის ტკივილი გახლდათ და მასაც გაციებას აბრალებდა. ფარფალიამ ციხეში რამდენიმე წყვილი სპორტული ტანსაცმელი მოითხოვა, რადგან იქაც მუდმივად ვარჯიშობდა, ფორმას ინარჩუნებდა და ლოგიკურია, გულის ჩივილები რომ ჰქონოდა, დატვირთვის დროს, აუცილებლად შეამჩნევდა და, რა თქმა უნდა, ცოლს ექიმის შეშვებასაც სთხოვდა. 

არის კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსი _ ბოლო ვიზიტისას, გარდაცვლილმა მეუღლეს უთხრა, რომ მოსკოვიდან ვიღაც სამი კაცია ჩამოსული და როგორც ერთ-ერთმა აქაურმა ზედამხედველმა მითხრა, შენს გამო ჩამოვიდნენო, თუმცა არ დაუკონკრეტებია, „შენს გამო“-ში რას გულისხმობდა. 

ამ ამბიდან ორ დღეში, ფარფალია ომსკის ციხეში გადაიყვანეს, „წითელ ზონაზე“ და მეორე დღეს ოჯახს დაურეკეს, რომ ინსულტით გარდაიცვალა. 

მართალია, ციხეში ექსპერტიზა ჩატარდა, მაგრამ ოჯახი მას ნდობას არ უცხადებს და, როგორც გავიგეთ, დამოუკიდებელი ექსპერტიზაც ჩაატარეს, რომლის პასუხი ჯერ ცნობილი არ არის. 

რაც შეეხება დაკრძალვას, ფარფალია თბილისში დაასაფლავეს და მის გასვენებაში ბევრი ხალხი არ ყოფილა. მოგეხსენებათ, რეკომენდაციების გათვალისწინებით, ხალხმრავალი ღონისძიებები არ იმართება და ესეც არ იყოს, უცხოეთიდან ჩამოსვენებულ საქართველოს მოქალაქეებზე რეკომენდაციაა, რომ იმ დღესვე დამარხონ. 

საქმეს კი ისეთი პირი უჩანს, რომ ყველაფერ ამას, გაგრძელება აუცილებლად ექნება და რეალობა სწორედ დამოუკიდებელი ექსპერტიზის პასუხის შემდეგ დადგინდება.

ბათო ჯაფარიძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში