Menu
RSS

ვინ დაიქირავა „კარმანშჩიკი“ გოგო გენერლის მოსაკლავად

გასაიდუმლოებული გამოძიების ექსკლუზიური დეტალები

როცა საქმე გენერალს ეხება, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ხელისუფლებაა ან მას რა მიმართულება აქვს. გენერალი მხოლოდ წოდება არაა, ეს საზოგადოებაში ადგილი, გავლენა და ავტორიტეტია. გენერალს ყველა პატივისცემით ეპყრობა და ისინი მუდმივად არიან მოწინავე პოზიცებზე. ასე იყო ადრე, ასეა ახლაც და ასე იქნება მომავალშიც. აი, საბჭოთა კავშირის დროს, გენერლის წოდება, პრაქტიკულად, ყველაფერს ნიშნავდა და არ ჰქონდა მნიშვნელობა, მილიციის გენერალი იყავი თუ თავდაცვის ძალების. ჰო, უშიშროების გენერლები ცალკე კასტა იყო, რომელთათვისაც გადაუჭრელი საკითხები არ არსებობდა.

პენსიაზე გასვლის შემდეგ, გენერლები მშვიდ ცხოვრებას ირჩევდნენ და ბინას ქალაქგარეთ, სამთავრობო ან საკუთარ აგარაკზე იდებდნენ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ გავლენა არ ჰქონდათ, ან საქმეში აღარ იყვნენ ჩართულნი _ გენერლის ერთი ზარი ნებისმიერი თანამდებობის პირს წელში ხრიდა. 

„არცთუ იშვიათად, საბჭოთა გენერლები საცხოვრებლად აფხაზეთში გადადიოდნენ. ისინი პატარა სახლებს ყიდულობდნენ და ზღვისპირეთში არაერთ წელს ატარებდნენ. „გენერლის დაჩა“ _ აფხაზეთში ეს ფრაზა უცხო არ იყო და ამ „დაჩებს“ განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა. ქურდებმაც კი იცოდნენ, რომ გენერლის აგარაკი მთელი დღის განმავლობაში ღიად და უპატრონოდ რომ ყოფილიყო მიგდებული, შიგნით არ უნდა შესულიყვნენ, რადგან ქურდობის შემთხვევაში, დამნაშავეს მიწიდან ამოიღებდნენ, მოპარულს უკან მიატანინებდნენ და კანონის მთელი სიმკაცრითაც დასჯიდნენ. ჰოდა, ხომ წარმოგიდგენია, რა დაგვემართებოდა, როცა 1979 წელს, ბიჭვინთაში, დაახლოებით, ორი წლის წინ, ესტონეთიდან საცხოვრებლად ჩასული გენერალი გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცავი ორგანოები კი არა, ქვეყანა დადგა ფეხზე, სამუშაო ჯგუფები თბილისიდანაც ჩავედით და მოსკოვიდანაც არ დააყოვნა რამდენიმეკაციანმა ჯგუფმა. გენერლის მკვლელობის საქმე ცხელ კვალზე უნდა გაგვეხსნა“, _ იხსენებს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი. 

გენერლის მკვლელობა ნებისმიერი ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემა იყო და, მით უმეტეს, საქართველოსთვის, სადაც ამ კასტას პატარა სამოთხე ჰქონდა მოწყობილი. საინტერესო ის გახლდათ, რომ სამართალდამცავებს გარდაცვლილის მეგობრები უნდა დაეკითხათ, მისი სამეგობრო წრე კი... სამი გენერლისგან შემოიფარგლებოდა. სამივე მეზობლად ცხოვრობდა. 

სამამულო ომის ვეტერანი, ესტონელი გენერალი, კაცი, რომელმაც ცოლ-შვილი სამამულო ომში დაკარგა და მას შემდეგ მარტო ცხოვრობდა, პენსიაზე გასვლისთანავე, ბიჭვინთაში დასახლდა, გენერლების სახლების ახლოს. მათთან, ძირითადად, ჭადრაკს თამაშობდა, სანადიროდ და სათევზაოდ დადიოდა და სახლს თითქმის არასდროს ტოვებდა. მასთან სტუმრად სამი გენერალი და ადგილობრივი რწმუნებული დადიოდა ხოლმე, ისიც იმიტომ, რომ მაღაზიიდან პროდუქტები მიეტანა _ არ უყვარდა გენერალს მაღაზიაში სიარული. 

რაც შეეხება გარდაცვალებას, მას დანა გულის მხარეს დაარტყეს. დარტყმა კაცს უნდა განეხორციელებინა, რადგან ასაკის მიუხედავად, გენერალი მშვენიერ ფიზიკურ ფორმაში იყო, თუმცა ქალი ასე მარტივად ვერც მიუახლოვდებოდა და ვერც დანას დაარტყამდა ისეთი სიძლერით, რომ ნეკნებს შორის გაეტარებინა და გული გაეგლიჯა. 

რა თქმა უნდა, მოსკოვიდან „ვიღაცები“ არ გამოუშვიათ, საქმის ნამდვილი პროფესიონალები ჩამოვიდნენ და სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა თქვა ფრაზა, რომელიც ძიებისთვის ამოსავალი წერტილი გახდა, გენერალი უახლოესი გარემოცვის წევრმა მოკლა, ადამიანმა, რომელსაც ის ენდობოდა, რადგან დანის დასარტყმელ მანძლზე მიუშვა და რაც მთავარია, წინააღმდეგობა არ გაუწევიაო ანუ დარტყმას არ ელოდა და მოულოდნელად დაარტყესო. 

სანამ სამართალდამცავები იმაზე მსჯელობდნენ, როგორ დაეკითხათ გენერლები და როგორ უნდა ეთქვათ, რომ ისინიც ეჭვმიტანილთა შორის იყვნენ, სამივე გენერალი სრული ამუნიციით, თავისი ფეხით გამოცხადდა და დაკითხვა მოითხოვა. ეს იმას ნიშნავდა, რომ სამართალდამცავებს უხერხულობის მომენტი აღარ ექნებოდათ და გენერლებიც მზად იყვნენ, ნებისმიერ კითხვაზე ეპასუხათ. 

მათგან საინტერესო გამოძიებამ ვერაფერი შეიტყო. სიკვდილამდე ორი დღით ადრე, ისინი სანადიროდ იყვნენ, წინა საღამოს ჭადრაკი ითამაშეს, ჩაი დალიეს და დაიშალნენ. დილით კი გარდაცვლილი გენერალი, უბნის რწმუნებულმა მას შემდეგ იპოვა, რაც წესისამებრ, რძე მიუტანა, კარი არავინ გაუღო და სახლის პატრონი ფანჯრიდან იატაკზე მწოლიარე დაინახა. კარი ღია იყო ანუ გენერალმა მკვლელი შინ თავად შეუშვა, თუმცა ისიც ითქვა, რომ ის სახლის კარს, პრაქტიკულად, არასოდეს კეტავდა. სამაგიეროდ, გენერლების მონაყოლიდან გამოჩნდა მკვლელობის მოტივი _ ჯიბის საათების კოლექცია, რომელსაც გენერალი, ჯერ კიდევ სამამულო ომის დროიდან აგროვებდა, გამქრალი იყო. 

გენერლების თქმით, კოლექციაში 50-მდე საათი იყო და, მათ შორის, რამდენიმე ისეთი, რომლის ფასიც ათი ათას მანეთზე მეტი გახლდათ. კოლექციის შესახებ არამარტო ამ სამმა მეგობარმა, არამედ, გენერალთა მთელმა კორპუსმა იცოდა და რაღა თქმა უნდა, მათი დაკითხვა და ეჭვის მიტანა ფანტასტიკის სფერო გახლდათ, თანაც გენერლებისთვის ათი და ოცი ათასი მანეთი არ იყო მაშინ ის ფული, ვინმე დახარბებოდა. 

შედეგი არც უბნის რწმუნებულის დაკითხვამ გამოიღო. მან დაადასტურა, რომ საღამოს, შემოვლის დროს, გარდაცვლილის სახლში სამი გენერალი დაინახა, მეტი საეჭვო არაფერი შეუნიშნავს, დილით კი წესისამებრ, ახალი რძე მიიტანა და გარდაცვლილიც პირველმა, სწორედ მან ნახა. 

გამოძიებას არც დანაშაულის იარაღი ჰქონდა, არც _ ანაბეჭდები, არც _ ნაკვალევი. ყველაფერი ეს, ძიებამ ერთ დღეში დაადგინა და მივიდა დასკვნამდე, რომ... ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს. რა თქმა უნდა, ადგილობრივი კრიმინალი გვარიანად შეანჯღრიეს, საათების კოლექციაც მოიკითხეს, მაგრამ არავინ არაფერი იცოდა. აფხაზეთში მცხოვრები ყველა „კანონიერი ქურდი“ ეძებდა დაკარგულ კოლექციას, თუმცა მისი კვალი არსად ჩანდა. 

„შვილი უნდა იპოვოთ მაგისი, შვილი, იმის მერე აირია გენერალი“, _ საგამოძიებო ჯგუფს გენერლის მეზობლად მცხოვრები ასაკოვანი ქალი მიადგა და ეს ფრაზაც თითის ქნევით უთხრა. 

„გეშლებათ, ქალბატონო, გენერალს ცოლ-შვილი ომში დაეკარგა, მთელი გენერალიტეტი ვეძებდით და ვერ ვიპოვეთ. უფრო სწორად, ყველა მონაცემით, ისინი გარდაცვლილები არიან“, _ შეეპასუხა ქალს ერთ-ერთი გენერალი. 

„ჰო, ამასაც გარდაცვლილი ეგონა, მაგრამ წინა კვირას გამოეცხადა, კაცი სიხარულისგან კინაღამ გაგიჟდა, მაგრამ ორ დღეში გაქრა ის გოგო. მერე გავიხსენე, როგორი იქნებოდა გენერლის ქურდბაცაცა შვილი, ის ხომ სოხუმი-თბილისის მატარებელზე მყავს ნანახი, ჯიბის ქურდი იყო. ჰოდა, ეგ გოგო გუშინ, ღამით დავლანდე, ისევ გენერალთან იყო მოსული“, _ თქვა ქალმა და გოგოც აღწერა. გენერლებმა გაოცებისგან პირი დააღეს, ამის შესახებ არაფერი იცოდნენ და უბნის რწმუნებულმაც მხრები აიჩეჩა. სოხუმელმა სამართალდამცავებმა ერთ წინადადებაში გაიგეს, ვისზე იყო საუბარი და მის დასაკავებლად წავიდნენ, თუმცა გოგო საკუთარ ბინაში გარდაცვლილი დახვდათ. მასაც გულთან ზუსტად ისეთი ჭრილობა ჰონდა, როგორც გენერალს. სახლის ჩხრეკის შემდეგ, გოგოს სახლში, კოლექციიდან რამდენიმე საათი იპოვეს, მაგრამ ისეთი, რომელიც ნაკლებ ფასეულობას წარმოადგენდა, ძვირფასი საათები კი არსად ჩანდა. 

თავიდან, მეზობლების დაკითხვამ შედეგი არ გამოიღო, თუმცა შემდეგ ერთმა მეზობელმა გაიხსენა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში, გოგოსთან ვიღაც ახალგაზრდა კაცი დადიოდა და ეს კაცი ორჯერ, მილიციის ფორმით მივიდა. მან ისიც თქვა, რომ კაცს სურათზე უპრობლემოდ ამოიცნობდა და მთელი აფხაზეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა ფოტოები წინ დაუდეს. 

ერთსაათიანი თვალიერების შემდეგ, მეზობელმა თითი უბნის რწმუნებულის ფოტოს დაადო და დაბეჯითებით თქვა _ ეს კაცი იყო. 

რაღა თქმა უნდა, რწმუნებული დააკავეს და ყოველგვარი ცერემონიის გარეშე, უმკაცრესად, უშიშროების ჯალათების თანდასწრებით დაკითხეს. 

„გენერალთან, ჩამოსვლის დღიდან, ცუდი ურთიერთობა არ მქონდა, ოჯახის ისტორიაც დეტალურად მიამბო, სად და როგორ გაქრა მისი ცოლ-შვილი, რა ეცვა ცოლს, შვილს, როგორები იყვნენ... ამიტომ, დეტალები კარგად ვიცოდი. ეს გოგო კი ერთხელ დავიჭირე ქურდობაზე, მაგრამ არ ჩავსვი, მას შემდეგ, აგენტადაც მყავდა და საყვარლადაც. გენერლის კოლექციამ კი მას შემდეგ დამიკარგა მოსვენება, როცა ერთ-ერთ საათზე მთხრა, 30 ათას მანეთს მაძლევდნენ და არ გავყიდეო. შემდეგ, ყველაფერი მარტივად მოხდა, გოგომ თავი გენერლის შვილად გაასაღა, მან სიხარულით მიიღო, ორი დღე ჰყავდა სახლში, მესამე დღეს კი, ბოდიშის მოხდით უთხრა, ჩემს შვილს ბავშვობაში ძაღლმა უკანალზე უკბინა, სერიოზული იარა დარჩა და უკანალი მანახე, მამა-შვილობაში არ უნდა შეგრცხვესო. ეს დეტალი არ ვიცოდი ან იარას საიდან გავუკეთებდი! მთავარი იყო, გოგოს იქაურობა გამოესუფთავებინა, მაგრამ გენერალს მარტო არ დაუტოვებია. ყველაფერი რომ გაირკვა, ბინიდან გამოაგდო. მერე მე ვაიძულე, ისევ მისულიყო და სასმელში დასაძინებელი წამალი ჩაეყარა, მაგრამ გენერალმა ტელეფონით მე დამირეკა, აფერისტი დავაკავეო. მივედი და უკვე ვიცოდი, რომ მოვკლავდი. ჯერ გენერალი მოვკალი, მერე გოგოს, ნდობის მოსაპოვებლად შინ წავყევი, საათებს შენთან შევინახავ-მეთქი, ის იქ მოვკალი და რამდენიმე საათი მივუგდე“, _ ეს არის უბნის რწმუნებულის მონაყოლის მოკლე შინაარსი. 

საქმეს გრიფით საიდუმლო დაედო, შსს მუნდირს გაუფრთხილდა, თუმცა სასამართლო არ შედგა _ უბნის რწმუნებულმა აღიარებითი ჩვენების მიცემიდან მესამე დღეს, საკანში „თავი მოიკლა“.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში