Menu
RSS

რუსეთში „მოღვაწე“ ყველაზე გავლენიანი ქართველი „კანონიერი ქურდის“ სიკვდილის კულუარული ვერსიები

ვის და რატომ აწყობდა „კახა გალსკის“ მოცილება

„2020 წლის ბოლოს, რუსეთის ტერიტორიაზე, თავისუფლებაზე ერთი „კანონიერი ქურდიც“ აღარ უნდა იყოს!“ _ ფრაზა, რომელიც 2020 წლის დასაწყისში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, სამართალდამცავი ორგანოებისთვის ბრძანებაც იყო და გეგმაც, მით უმეტეს, იმის ფონზე, როცა რუსეთის დუმამ „კანონიერი ქურდის“ სტატუსის გამო, სასჯელი ოფიციალურად დაადგინა, თანაც საქართველოსგან განსხვავებით, სადაც „შავი სამყაროს“ წევრობა და „ქურდული სტატუსი“ 6-დან 9-წლამდე ისჯება და ძირითადად, 7 წელს უსჯიან ხოლმე, რუსეთში მინიმალური სასჯელი 10 წელია.

მიღებული კანონის მიუხედავად, რუსეთში მცხოვრები „კანონიერი ქურდები“ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ძალოვნებთან საქმის მოგვარებას შეძლებდნენ _ იმაზე მეტს გადაიხდიდნენ, ვიდრე მანამდე იხდიდნენ, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა. პუტინის სიტყვას ძალოვნებმა ვერ გადაუხვიეს და მას შემდეგ, რაც გისოსებსმიღმა ათეულობით „კანონიერი ქურდი“ აღმოჩნდა, იკადრეს და ან მიწისქვეშეთში გადაინაცვლეს და დაიმალნენ, ან რუსეთის ფედერაციის ტერიტორია დატოვეს. 

 

ერთ-ერთი, ვინც ხელშეუხებლის სტატუსით სარგებლობდა, კახა ფარფალია, იგივე „კახა გალსკი“ იყო. მისი ავტორიტეტი იმდენად დიდი გახლდათ, რომ შაქრო კალაშოვის დაპატიმრების შემდეგ, „ობშჩიაკი“ სწორედ მას ებარა. რუსული „ობშჩიაკი“ კი ათეულობით მილიონ დოლარს მოიცავს და შესაბამისად, მისი მფლობელი „კანონიერ ქურდებში“, ავტორიტეტისა და გავლენის გარდა, წესიერი კაცის სახელითაც უნდა სარგებლობდეს, რომელსაც უმრავლესობა უნდა ენდობოდეს. 

ფარფალიას მიმართ პრეტენზია არასდროს არავის გამოუთქვამს, არავის მინიშნებითაც კი არ უთქვამს, რომ „ობშჩიაკის“ თანხები ან იკარგებოდა, ან არამიზნობრივად იხარჯებოდა ანუ „კანონიერმა ქურდებმა“ სწორი არჩევანი გააკეთეს. 

სამაგიეროდ, პრესა აყვირდა, აქაოდა, ფარფალია მოსკოვში ისეთი დაცვით გადაადგილდება, პრეზიდენტს შეშურდებაო. იმის მიუხედავად, რომ ფარფალია ნასამართლევი არ ყოფილა (?!), არც რაიმე საქმეზე იძებნებოდა და მასთან სამართალდამცავებს პრეტენზიაც არ ჰქონდათ, მაინც დააკავეს. 

მისი დაკავება საჩვენებელი გახლდათ _ ასამდე სპეცრაზმელმა რესტორანს, სადაც ფარფალია იმყოფებოდა, ალყა შემოარტყა და იმის მიუხედავად, რომ მას და მისი დაცვის წევრებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, იატაკზე დააწვინეს და მხოლოდ ფარფალია დააპატიმრეს. 

„მას ვერაფერს დაუმტკიცებენ, რადგან არაფერი ჩაუდენია“, -ამბობდა ფარფალიას ადვოკატი, თუმცა მიმდინარე წლის 16 მარტს, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სასამართლომ ფარფალიას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ბევრი მცდელობის მიუხედავად, რუსმა სამართალდამცავებმა ვერ ნახეს ვერავინ, ვინც იტყოდა, რომ ფარფალია „კანონიერი ქურდი“ იყო. 

რაც შეეხება ნარკოტიკს, ყველამ იცის, რომ ფარფალია წამალს არ ეკარებოდა, იარაღს არ ატარებდა ანუ ისეთს არაფერს აკეთებდა, რაზეც შეიძლებოდა, სამართალდამცავები მოდავებოდნენ, თუმცა რამდენიმე გრამი კოკაინის ჩადება არცერთი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებას არ უჭირს. 

ფარფალიას დაკავებაზე ბრძანება იყო გაცემული და ის დააკავეს. 

ისიც ვთქვათ, რომ ფარფალიას თავდებით გათავისუფლების სანაცვლოდ, მისი დაცვის მხარე მილიონ დოლარსაც იხდიდა, შემდეგ ეს თანხა ჯერ 3 მილიონამდე, შემდეგ კი ათამდე გაიზარდა, მაგრამ ადვოკატმა უარი მიიღო. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ფარფალიას დაკეტვა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, თორემ ნასამართლეობის არმქონე ადამიანს, რომელიც პირველად, თანაც ნარკოტიკზე დაიჭირეს, ათი მილიონი კი არა, თავდებით გარეთ გამოსასვლელად, 5 ათასი დოლარიც ეყოფოდა. 

ლამის ნახევარი წელი, ფარფალია „ზონაზე“ არ გადაიყვანეს და სასჯელს კუნცევოს ციხეში, სამარტოო საკანში იხდიდა. როგორც ამბობენ, მისი დაცვის მხარე მაქსიმალურად ცდილობდა, ფარფალია ომსკის „ზონაზე“ არ წაეყვანათ. მიზეზი მარტივია _ ომსკი დღემდე „წითელ ზონად“ ითვლება და იქ „კანონიერი ქურდისთვის“ წასვლა ორ რამეს ნიშნავს: ან სტატუსთან გამოთხოვებას, ან სიკვდილს. 

ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ომსკის „ზონის“ გაშავება ვინმეს გამოსვლოდა, ქურდები ან ტიტულს კარგავდნენ, ან კვდებოდნენ. რა თქმა უნდა, ომსკში ფარფალიას გადაყვანაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. მისი დონის ავტორიტეტი უნდა გატეხილიყო და „კანონიერი ქურდის“ სტატუსი დაეკარგა. 

„ეს ყველაფერი, იმთავითვე ცხადი იყო _ ძალოვნების ინტერესში არანაირად არ შედიოდა ფარფალიას მოკვლა. მათი მთავარი მიზანი იყო, ქურდი ისე გაეტეხათ, რომ შემდეგ მისი ფოტოები გაზეთებში დაებეჭდათ, სადაც ის ან ცოცხით, ან ნიჩაბით ხელში იქნებოდა და ციხის ეზოს დაალაგებდა. როგორც ჩანს, ძალოვნებს ცოტა ზედმეტი მოუვიდათ“, _ წერს რუსული მედია. 

ფარფალია „ზონაზე“ მიყვანიდან სამ საათში გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსია ინსულტია და ამის დასადასტურებლად, გვამის ნახვის უფლება მის ძმასაც მისცეს. გარდაცვლილს პირზე მოვარდისფრო სითხე ჰქონდა და მართალია, სხეულზე გარკვეული სისხლჩაქცევები ეტყობოდა, სიკვდილის მიზეზი, წესით, არცერთი არ უნდა გამხდარიყო. 

რუსი სამართალდამცავები კი ამტკიცებენ, ფარფალიას ოჯახს პრეტენზია არ აქვს, ისინი ექიმების დასკვნას ენდობიანო, მაგრამ ჯერჯერობით, ოჯახის ადვოკატს პოზიცია არ დაუფიქსირებია. 

ფაქტი კი ის გახლავთ, რომ 45 წლის კახა ფარფალია, რომელიც შარშან ამ დროს, რუსეთში, თავისუფლებაზე მყოფი „კანონიერი ქურდებიდან“ ყველაზე გავლენიანად ითვლებოდა და ათეულობით მილიონი დოლარი ებარა, დღეს ცოცხალი აღარ არის.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში