Menu
RSS

ორმაგი მკვლელობა _ ვინ და რატომ გამოასალმა სიცოცხლეს 28 წლის ექიმი

„ვიღაც კაცი ტრუსისამარა დამხვდა... ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ საცოლე მღალატობდა...“

ადრე კოლექციონერობა ძალიან მოდური იყო. მართალია, ადამიანები ძირითადად ფილატელისტობით იყვნენ დაკავებულნი, მაგრამ არცთუ ცოტა ძველებურ მონეტებს, ასანთის კოლოფებს, ოლიმპიურ ატრიბუტიკას და ათას რამეს აგროვებდა. სიმართლე რომ ითქვას, კოლექციონერობა საქართველოში პოპულარული აღარაა, თორემ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ლამის ყოველი მეორე ოჯახი რაღაცას აგროვებს.

„1984-85 წლები ის პერიოდია, როცა საქართველოში სამედიცინო სფეროს ბუმია და ყველა ცდილობს, სწორედ სამედიცინოზე ჩააბაროს. ექიმები უდიდესი პატივისცემით სარგებლობენ _ ისინი საზოგადოების ელიტას შეადგენენ და, რაღა თქმა უნდა, პრივილეგიებიც აქვთ. ჰოდა, როგორ გუნებაზე დავდგებოდი, როცა განყოფილებაში დარეკეს და გვითხრეს, რომ თბილისში ახალგაზრდა, 28 წლის უკვე წარმატებული ექიმი სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გზაზე იმას ვნატრობდი, მკვლელობა არ ყოფილიყო და საქმე უბედურ შემთხვევასთან გვქონოდა, მაგრამ ადგილზე მისულს იმედი გამიცრუვდა _ ექიმს გულში ნაჩხვლეტი ჭრილობა ჰქონდა და სწორედ ამით იყო მკვდარი. 

ქალი დედამ იპოვა, რომელიც შვილთან მას შემდეგ გავიდა, რაც მან სატელეფონო ზარს არ უპასუხა და არც სამსახურში გამოცხადდა“, _ იხსენებს პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი. 

ექსპერტის დასკვნით, ქალი სწორედ ამ ჭრილობით იყო გარდაცვლილი და ის, სავარაუდოდ, 10-12 საათის წინ ანუ წინა საღამოს მოკლეს. 

 

გამოძიებას საქმის ცხელ კვალზე გახსნის იმედი მას შემდეგ მიეცა, რაც გაირკვა, რომ საღამოს, ქალთან სტუმრად მისი საქმრო იყო მისული, რომელსაც ბინაში სხვა მამაკაცი დახვდა. საქმროსა და მამაკაცს შორის მცირე შეკამათება მოხდა, შემდეგ საქმეში მუშტებიც ჩაერთო და ბოლოს საქმრო გაბრაზებული წავიდა. 

ყველაფერთან ერთად, სამზარეულოში, იატაკზე, სისხლის კვალი ჩანდა და ეს სისხლი გარდაცვლილს არ ეკუთვნოდა. სავარაუდოდ, საქმრომ ბინაში მყოფი მამაკაცი დააზიანა და სისხლი მისი უნდა ყოფილიყო. 

ექიმის დედამ საქმრო დაასახელა, ის საწარმოში მთავარ ინჟინრად მუშაობდა და სამსახურში იყო. 

„საცოლესთან სახლში მივედი და იქ ვიღაც კაცი ტრუსისამარა დამხვდა. რა უნდა მექნა? ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ საცოლე მღალატობდა, არ ჰქონდა ეს ხასიათში, მაგრამ ჩემი თვალით ვნახე. მერე ვიჩხუბე და წამოვედი, სხვა არაფერი მაქვს სათქმელი. ის კაცი კი გვერდით სადარბაზოში ცხოვრობს, მეზობელია“, _ სულ ეს იყო, რაც ინჟინერმა თქვა და სამართალდამცავები მეზობლის დასაკითხად წავიდნენ, თუმცა ის მკვლელობის შემდეგ აღარავის უნახავს. 

„ყველაფერთან ერთად, გარდაცვლილის ბინაში ერთი ძველებური მონეტა ვნახეთ. ექიმის დედამ თქვა, რომ მონეტას პირველად ხედავდა, სამაგიეროდ, ამ საქმის ექსპერტების შეფასებით, მონეტა 5 ათას მანეთზე მეტი ღირდა და ის ქალაქში ცნობილ კოლექციონერს ეკუთვნოდა. მასთან მისულებს კი სიურპრიზი გველოდა _ კოლექციონერი ზუსტად იმ დილით გაქურდეს, როდესაც მკვლელობა მოხდა ანუ დილით კოლექციონერი გაქურდეს, საღამოს კი მკვლელობა მოხდა და ნაქურდალიდან ერთ-ერთი მონეტა, გარდაცვლილის სახლში ვიპოვეთ. გამქრალი იყო მეზობელი, რომელიც საქმრომ ნახა. მისი ავტომობილი „ჟიგული“ კი მესამე დღეს, აეროპორტის მიმდებარედ აღმოვაჩინეთ“, _ იხსენებს გამომძიებელი. 

გადამოწმდა მგზავრთა სიები. მეზობელი, რომელიც საქმრომ ბინაში ნახა, მგზავრთა შორის არ იმყოფებოდა. მასზე ძებნა გამოცხადდა და... ორიოდე დღის შემდეგ, ტყეში საქეიფოდ წასულმა მოქალაქეებმა, მამაკაცის გვამი იპოვეს. მას გულში ზუსტად ისეთივე ჭრილობა ჰქონდა, როგორც ექიმს. შეცდომა გამორიცხული იყო _ ქალიცა და კაციც, ერთმა და იმავე პიროვნებამ მოკლა. 

დაიწყო აეროპორტში იმ დღეს განხორციელებულ რეისებზე მგზავრთა გადამოწმება და საბოლოოდ, გამოძიება ერთ-ერთ მათგანზე შეჩერდა. ბინის ცნობილი ქურდი ზუსტად იმ დღეს გაფრინდა, როცა მკვლელობები მოხდა. დაკითხეს ლაინერის ეკიპაჟი და ერთ-ერთმა ბორტგამცილებელმა გაიხსენა, რომ აღნიშნულ მგზავრთან სერიოზული შეკამათება მოუხდა, რადგან უარს ამბობდა მცირე ზომის ჩემოდანი შეენახა. ის ჩემოდანს ხელს არ უშვებდა და ჩახუტებული ჰქონდა, რაც პროტოკოლით დაუშვებელი იყო. საბოლოო ჯამში, მგზავრმა ჩემოდანი ზედა თაროზე მას შემდეგ შემოდო, როდესაც სტიუარდესამ გადაწყვიტა, დაცვისთვის დაეძახა. 

სამართალდამცავებმა ძებნა ახლა ბინის ქურდზე გამოაცხადეს, ოღონდ ამჯერად საკავშირო, რადგან რეისი, რომლითაც ის თბილისიდან გაფრინდა, თბილისი-მოსკოვის იყო. 

რუსმა კოლეგებმა მეორე დღესვე მოიწერეს, რომ აღნიშნული პიროვნება, რუსეთის დედაქალაქში ჩაფრენის შემდეგ, კიევში გადაფრინდა. რაღა თქმა უნდა, საქმეში უკრაინელი კოლეგებიც ჩაერთნენ. ორთვიანი ძებნის შემდეგ, ბინის ქურდი კიევის ერთ-ერთ გარეუბანში დააკავეს _ უბნის ინსპექტორმა ამოიცნო და რადგან გაფრთხილებული იყო, რომ ეჭვმიტანილი ორი მკვლელობისთვის იძებნებოდა, მარტო არ გარისკა და ოპერჯგუფთან ერთად მივიდა. დაკავებული მესამე დღეს თბილისის განყოფილებაში იჯდა. 

 

„ამ მონეტებზე შეკვეთა მივიღე. მთლიან კოლექციაში ვიღაც იდიოტი 20 ათას მანეთს იხდიდა. ბინაში ადვილად შევძვერი და „სერვანდზე“ გაშლილი მონეტებიც ხელის ერთი მოსმით ჩავიყარე ჩანთაში. გარეთ რომ გამოვედი, მოსახვევიდან „ჟიგული“ გამოვარდა და დამეჯახა. ფეხი შუაზე გადამიხსნა, მაგრამ საავადმყოფოში ჩემი წასვლა არ ივარგებდა, ჩანთაში მოპარული მონეტები მქონდა. რა თქმა უნდა, ეს არც მანქანის მძღოლს აწყობდა და ამიტომ მითხრა _ აქვე, ახლობელი ექიმი ცხოვრობს, იმასთან ავიდეთ, მოგხედავსო. ვიღაც ახალგაზრდა გოგოსთან ამიყვანა, მერე თავისი შარვალი გაიძრო, აქაოდა, შენი გაიხაო და ტრუსით რომ დადიოდა, მაშინ დააკაკუნა ვიღაცამ. მესმოდა, როგორ ჩხუბობდნენ, სავარაუდოდ, ქალის საქმრო იყო, მაგრამ არაფერი მაინტერესებდა, მთავარი ის იყო, რომ საღამოს რეისზე ვყოფილიყავი და გავფრენილიყავი. ჩამთვლიმა და რომ გავიღვიძე, მივხვდი, ჩემი ჩანთა ქალმა გაჩხრიკა, კაცი კი ახალი შარვლისთვის იყო წასული. სახეზე შევატყვე, ჩემს წასვლას ელოდა, მილიციაში რომ დაერეკა, მით უმეტეს, იცოდა, აეროპორტში მივდიოდი. ამიტომ, „ზატოჩკა“ მარტივად გავუყარე გულში, ჩანთა ავიღე და სადარბაზოსთან დავდექი. ბიჭი მალე მოვიდა, ვუთხარი, აეროპორტში მაგვიანდება, წამიყვანე-მეთქი და ისიც დამთანხმდა. გზაში ისიც იგივე მეთოდით მოვიშორე, ტყე-პარკში დავაგდე, აეროპორტში მივედი და გავფრინდი. არ მეგონა, თუ მიპოვიდით“, _ აღიარა ქურდმა. 

სასამართლო მის აღიარებას „გაგებით“ მოეკიდა და სასჯელის უმაღლესი ზომა _ დახვრეტა მიუსაჯა. ბედის ირონიით, გოგონას ბინაში დაკარგული მონეტა, ყველაზე ძვირადღირებული იყო კოლექციაში და ამიტომ ქურდმა, დაპირებულ თანხაზე ნაკლები მიიღო.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში