Menu
RSS

სადისტური მკვლელობა და საფლავზე დამალული 200 ათასი

ყურის ანაბეჭდით გახსნილი დანაშაულის ქრონიკა

სამართალდამცავები სამსახურის დასრულებისა და პენსიაზე გასვლის შემდეგაც ფრთხილობენ. კარიერის განმავლობაში, მათ არაერთ დამნაშავესთან უწევთ შეხვედრა და შესაბამისად, არავინ იცის, ვის, როდის და რა მოუვა აზრად. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როცა სამართალდამცავებზე შურისძიებას კრიმინალები მაშინაც ცდილობენ, როცა ისინი აქტიურ სამსახურში აღარ არიან.

1980 წელს, შიდა ქართლში, ერთ-ერთი სასაფლაოს დარაჯმა მილიციაში მას შემდეგ დარეკა, რაც ღამით უცნაური ნათება შენიშნა. ახლოს რომ მივიდა, დაინახა, რომ ვიღაცის საფლავზე კაცი იწვა და მისი ზურგიდან დანის ტარი მოჩანდა. სამართალდამცავები ადგილზე მალე მივიდნენ, თუმცა თავიდანვე იქ რომც ყოფილიყვნენ, გარდაცვლილს მაინც ვერ უშველიდნენ _ დანა იმდენად დიდი იყო, ჭრილობა კი იმდენად ღრმა, რომ ექსპერტიზის ვარაუდით, დარტყმიდან სიკვდილამდე, მაქსიმუმ, ორი წამი თუ გავიდოდა. ყველაზე საინტერესოც ამის შემდეგ დაიწყო. 

საფლავი, სადაც მკვლელობა მოხდა, მაშინდელი „ობეხეესის“ ყოფილი თანამშრომლის გახლდათ, მოკლული კი _ ხილის გადამამუშავებელი საამქროს საწყობის გამგე. ბედის ირონიით, ბოლო საქმე, რომელიც „ობეხეესის“ თანამშრომელმა გამოიძია, სწორედ აღნიშნული საამქროდან გამქრალი ხილი იყო. 

„რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იმის მოკვლევა დავიწყეთ, რით გარდაიცვალა „ობეხეესის“ თანამშრომელი და გვითხრეს, რომ ავტოავარიაში დაიღუპა _ უცნობი მანქანა მაშინ დაეჯახა, როცა სახლიდან გამოვიდა. ვარაუდობდნენ, რომ ეს სწორედ საწყობის გამგის მოწყობილი იყო, თუმცა იმ დროისათვის, ის უკვე ციხეში იმყოფებოდა და შესაბამისად, ვერაფერი დაუმტკიცეს. სამაგიეროდ, ამ უბედური შემთხვევის შემდეგ, საწყობის გამგე გაამართლეს და მართალია, ძველ სამსახურში არ აღუდგენიათ, მაგრამ თავისუფლება უბოძეს. რჩებოდა ერთადერთი ვარიანტი _ ვიღაც დარწმუნებული იყო, რომ „ობეხეესის“ თანამშრომელი, სწორედ საწყობის გამგემ მოაკვლევინა და შური იძია“, _ იხსენებს საქმის გამომძიებელი. 

სამართალდამცავებმა სამსახურში მოიკითხეს და დაადგინეს, რომ გარდაცვლილს ჰყავდა ერთი თანამშრომელი, რომელსაც შვილივით ზრდიდა, მისი დაღუპვის შემდეგ კი ის სამსახურიდან თავისი სურვილით წავიდა. გამოძიებისთვის ეს იდეალური კადრი იყო _ კაცს ახლობელი ადამიანი მოუკლეს და შემდეგ შური იძია, თუმცა როგორც დაკითხვამ აჩვენა, შვილობილს მყარი ალიბი ჰქონდა და მკვლელობაში მისი მონაწილეობა გამოირიცხა. 

„საწყობის გამგე ციხიდან გამოსვლის შემდეგ შვილს ეძებდა. ჰო, შვილს, რომელიც იმ ქალმა გაუჩინა, რომელთანაც ურთიერთობა ჰქონდა და არ ვიცი, მიაგნო თუ არა“, _ ეს უკვე ხილის გადამამუშავებელი ქარხნის ერთ-ერთი თანამშრომლის ვერსია იყო. 

რაღა თქმა უნდა, სამართალდამცავებმა ქალს მიაგნეს, რომელსაც გათხოვება მოესწრო და ბიჭს ზრდიდა. როგორც გაირკვა, ქმარმა იცოდა, რომ ბავშვის მამა თავად არ იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, ბავშვს შვილივით უვლიდა. მეზობლებმა დაადასტურეს, რომ საწყობის გამგე მისული იყო და მცირე სკანდალიც მოხდა. მეზობლებმა ისიც გაიგეს, კაცი როგორ ამბობდა, შვილი გამატანეთ, 50 ათასს ახლავე მოგცემთ და ყოველთვიურად კიდევ 1000 მანეთს გადაგიხდითო. 

„ამ ამბავში ერთი საინტერესო დეტალი იყო: სასაფლაოზე, სადაც მკვლელობა მოხდა, ქვაზე ყურის ანაბეჭდი იყო. შესაძლოა, ბევრმა არ იცის, მაგრამ თითის, ენისა და ყურის ანაბეჭდი უნიკალურია ანუ ყველას განსხვავებული აქვს. რატომ უნდა მიედო ყური ქვაზე ვინმეს? თანაც ანაბეჭდი ახალი იყო და ვფიქრობდით, რომ ეკუთვნოდა ადამიანს, ვინც მკვლელობა ჩაიდინა, ან ვინც ყველაფერ ამას, მინიმუმ, შეესწრო. შესაბამისად, ყველა სავარაუდო ეჭვმიტანიულს ყურიდანაც ვუღებდით ანაბეჭდს და ისინი გაოცებულები იყვნენ, რაში გჭირდებათო“, _ იხსენებს საქმის გამომძიებელი. 

სამწუხაროდ, ყურის ანაბეჭდები არავისას დაემთხვა და სამართალდამცავები საწყობის გამგის იმ პერიოდს მიუბრუნდნენ, რომელიც მან გისოსებსმიღმა გაატარა. 

როგორც გაირკვა, მასთან ერთად, „კამერაში“ მხოლოდ ერთი პატიმარი იჯდა და ისიც გამგეზე ორი დღით ადრე გათავისუფლდა. მასთან ვიზიტის შემდეგ, გამომძიებლებმა უკვე იცოდნენ, რომ მკვლელს მიაგნეს. 

საქმე ის გახლდათ, რომ ეჭვმიტანილი დაკავებამდე ძალიან ღარიბად ცხოვრობდა, გისოსებსმიღმაც იმიტომ მოხვდა, რომ სამსახურში რაღაც ნაწილი დაზიანდა და ხელი ამას შეაწმინდეს, თუმცა მერე გამოუშვეს. 

„საწყობის გამგე მეუბნებოდა, რომ გარეთ აუცილებლად გავიდოდა, რადგან ვინც ხელს უშლიდა, ის ცოცხალი აღარ იყო, დანარჩენებს კი ფულით იყიდდა. რამდენჯერმე თქვა, შენი წონა ფული მაქვს დამალულიო და რომ გამოვედი, თვალთვალი დავუწყე. ფულის წართმევა მინდოდა, დანა მაგიტომ მქონდა ჯიბეში, ხომ ვიცოდი, რომ ვერ იჩივლებდა, გადამალული ფული საიდან ჰქონდა, ეგ ხომ უნდა აეხსნა? 

სამი დღე ამაოდ ვდიე, მერე კი, როცა ღამით სასაფლაოზე წავიდა, მივხვდი, სამალავს ხსნიდა. ღამე იყო და ახლოდან ვუყურებდი, ვერ შემამჩნია. იმ საფლავის ქვის უკან ჰქონდა სამალავი მოწყობილი და როცა თანხა ამოიღო, თვალები გამიფართოვდა _ ამდენი ფული არსად მქონდა ნანახი, ალბათ არც კი მჯეროდა, რომ ამდენი თანხა არსებობს! 

ამიტომ, დანა ანგარიშმიუცემლად მთელი ძალით ჩავარტყი, შოკისგან იქვე ჩამოვჯექი და ქვას მივეყუდე. მერე ფული ავიღე და სახლში წავედი. ორასი ათას მანეთზე მეტი იყო ანუ მთელი ქონება. მივხვდი, რომ ბედმა გამიღიმა და ჩემი ცხოვრება სხვანაირად წავიდოდა. ვერავინ ვერ იფიქრებდა, რომ მე ვიყავი დამნაშავე და როცა მკვლელობიდან ორი კვირა გავიდა და არავის გავახსენდი, მანქანაც ვიყიდე, ავეჯიც, ახალგაზრდა საყვარელიც გავიჩინე და ცხოვრება დავიწყე. ახლა კი ყველაფერი დასრულდა, თუმცა ის რამდენიმე დღე მე ადამიანი მერქვა“, _ განაცხადა დაკავებულმა. 

სასამართლომ ადამიანურ ცხოვრებას მოწყურებულ კაცს ადეკვატურად გაუგო და განზრახ მკვლელობისთვის თავისუფლება 10 წლით აღუკვეთა. 

რატომ მხოლოდ ათით? _ იმიტომ, რომ მან სახელმწიფო ქონების დამტაცებელი მოკლა, კაცი, რომელმაც გარდაცვლილსაც კი დასცინა და ფული, რომლის წარმომავლობასაც „ობეხეესის“ თანამშრომელი იძიებდა, მისი საფლავის ქვის უკან დამალა.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში