Menu
RSS

გველის შხამის ბიზნესი, რომელიც მკვლელობით დასრულდა

ვინ არის პროფესორი, რომელიც 40 ათასის გამო, კოლეგამ მოწამლა

იქ, სადაც ახლა ალგეთის სამხედრო ბაზაა, კომუნისტების დროს, გველების „პიტომნიკი“ იყო. სპეციალისტებს, დაახლოებით, 3 ათასამდე გიურზა ჰყავდათ დაჭერილი და „წველიდნენ“ ანუ მათ შხამს იღებდნენ და ფარმაცევტული მიზნებისთვის სახელმწიფო იყენებდა. იქ მუშაობა ძალიან სახიფათო გახლდათ, რადგან გიურზას ნებისმიერ დროს შეეძლო, დაეგესლა ის თანამშრომელი, რომელიც ყურადღებას მოადუნებდა და „გიურზინის“ გაკეთებას თუ ვერ მოასწრებდნენ, მაშინვე დაიღუპებოდა.

„ეს არ იყო ერთი და ორი შემთხვევა, საკმაოდ ხშირად ხდებოდა, რომ თანამშრომელი გველებს გაუთამამდებოდა და მთავარ შეცდომას კვების დროს უშვებდა. გიურზას ერთი თაგვი 3-4 დღე ყოფნიდა. მართალია, არ აძღობდა, მაგრამ ცოტა მშიერ და ცოტა აგრესიულ გიურზას უფრო მაღალი ხარისხის შხამი ჰქონდა, თუმცა მისი აგრესია გასათვალისწინებელი და მოსაფრთხილებელი იყო, რასაც ბევრი ვერ ხვდებოდა. ეს გახლდათ მაღალანაზღაურებადი სამუშაო, რომელსაც ბევრი არ თანხმდებოდა. გარდა ამისა, უკვე გამოცდილი თანამშრომლები, შვებულების დროს, შუა აზიაში მიდიოდნენ გველების დასაჭერად და ეს ცალკე შემოსავალი გახლდათ. ერთი თვის განმავლობაში, შუა აზიიდან, 5-დან 10 ათას მანეთამდე ჩამოტანა შეგეძლოთ. გააჩნია, რამდენ გველს დაიჭერდით და ჩააბარებდით სახელმწიფოს“, _ გვიყვება „პიტომნიკის“ ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი. 

საინტერესოა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, „პიტომნიკი“ სწორედ იმ თანამშრომლების იმედად დარჩა, რომლებიც იქ მუშაობდნენ. ახლადჩამოყალიბებულ სახელმწიფოს გველებისთვის ნამდვილად არ ეცალა და შესაბამისად, ყოველდღიურად, რამდენიმე ათასი თაგვიც არავის მიყავდა. თანამშრომლებმა გიურზების გაყიდვა დაიწყეს, იყვნენ მისი შეძენის მსურველები, ისინი, რომლებმაც მათი „მოწველაც“ იცოდნენ და რაც მთავარია, იცოდნენ, სად გაესაღებინათ ესოდენ ძვირფასი შხამი, თუმცა საბოლოო ჯამში, ისე მოხდა, რომ უპატრონოდ მიტოვებული „პიტომნიკიდან“ გველები გაიქცნენ და ყველაზე ახლომდებარე სოფელ ლემშვენიერას შეესივნენ. 

მაშინ მოსახლეობას საძინებლებიდან გამოჰყავდა ქვეწარმავლები, გიურზებზე ნამდვილი ნადირობა გამოცხადდა და საბოლოო ჯამში, რამდენიმე დაგესლილი და ერთი გარდაცვლილი ადამიანი მივიღეთ. 

ერთ-ერთი, ვინც „პიტომნიკიდან“ გაქცეული სამი გიურზა იყიდა, თბილისში მცხოვრები პროფესორი გახლდათ. მან მთელი კარიერა სწორედ გველების შესწავლას შეალია და ამიტომ, არავის უკვრიდა, რომ სახლში პატარა „პიტომნიკი“ ჰქონდა მოწყობილი. ის შხამის მიღებას სახლის პირობებში ახერხებდა და შემდეგ, საკმაოდ ძვირადაც ყიდდა. 

ერთ დღეს, მეზობელმა, რომელსაც პროფესორთან საერთო აივანი ჰქონდა, გიურზა დაინახა. მიხვდა, გალიიდან გამოექცეოდა პროფესორსო, მაშინვე სადარბაზოში გავარდა და კარზე ბრახუნი აუტეხა. კარი არავინ გააღო და მეზობელი იძულებული გახდა, მილიციაში დაერეკა. ეს ის დროა, როცა თბილისში გველების კი არა, ხალხის სიცოცხლეც ერთ თაგვად ფასობდა. სამართალდამცავები ადგილზე ორ საათში მივიდნენ, თან შესაბამისი დარგის სპეციალისტი მიიყვანეს, ის, რომელსაც გველი უნდა დაეჭირა და კარი შეამტვრიეს. პროფესორი იატაკზე გარდაცვლილი ეგდო, მკლავზე აშკარად ეტყობოდა გველის დაგესლილი, გალიის კარი კი ღია გახლდათ ანუ სავარაუდოდ, სწორედ იქიდან გაიქცა გიურზა, რომელმაც მეზობლის აივანს მიაკითხა. სამართალდამცავთა ყურადღება მაგიდაზე კონიაკის ცარიელმა ბოთლმა მიიპყრო და ვერსიაც გაჩნდა _ კაცმა კონიაკი დალია, ნასვამზე გველთან დისტანცია ვერ გააკონტროლა, ქვეწარმავალმა უკბინა და მოკლა. 

„შეიძლება ითქვას, შვებით ამოვისუნთქე. ისედაც, დღეში რამდენიმე გაუხსნელი მკვლელობა გვეწერებოდა _ თბილისში სამოქალაქო ომი იყო და ამას გარდა, საძმოები ებრძოდნენ ერთმანეთს. ეს კი ტრაგიკულ შემთხვევას ჰგავდა და საქმეს ერთ კვირაში დავხურავდი“, _ იხსენებს ამ საქმის გამომძიებელი, მაგრამ ექსპერტების დასკვნამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. 

„გარდაცვლილის ორგანიზმში ადელფანის მაღალი დოზა იყო შეყვანილი. სავარაუდოდ, პროფესორმა წამალი კონიაკთან ერთად მიიღო, გველმა კი უკვე გარდაცვლილი დაგესლა, თანაც გიურზა, რომელიც მეზობლის აივანზე დავიჭირეთ, ახალი „მოწველილი“ იყო და შესაბამისად, შხამი აღარ ჰქონდა. შეიძლება ითქვას, რომ მას გარდაცვლილის მკლავზე ძალით აკბენინეს, შემდეგ კი, უბრალოდ, გაუშვეს და ყველაფერი ეს უბედურ შემთხვევას მარტივად დაემსგავსა“, _ ასეთი იყო ექსპერტიზის დასკვნა. 

ძიება დაიწყო და, პირველ რიგში, პროფესორის ცოლი დაკითხეს. უფრო ზუსტად, ცოლყოფილი, რომელიც მისი ყოფილი სტუდენტი გახლდათ. შესაძლოა, ბევრს ჰგონებოდა, რომ გოგონამ პროფესორის ცოლობა კარიერული წინსვლისთვის ირჩია, მაგრამ ყველა ამბობდა, რომ ის ფაკულტეტზე ერთ-ერთი გამორჩეული სტუდენტი იყო, დიდი მიღწევები ჰქონდა და პროფესორის დახმარების გარეშეც გაიკვალავდა გზას. უბრალოდ, გოგოს პროფესორი გულწრფელად შეუყვარდა, ცოლად გაჰყვა, მაგრამ შემდეგ ღალატი ვერ აპატია და გაშორდა. 

ქალის პერსონა გამოძიებას იმიტომ აინტერესებდა, რომ პროფესორის სახლის კარი გასაღებით იყო გაღებული და დაკეტილი ანუ მას, ვინც მამაკაცი მოკლა, სახლის გასაღები უნდა ჰქონოდა და ერთადერთი ეჭვმიტანილი, სწორედ ყოფილი ცოლი იყო. ქალმა არ უარყო, რომ სახლის გასაღები მართლაც დარჩა, მაგრამ ყოფილი ქმრის მკვლელობა მისთვისაც მოულოდნელი გახლდათ და სახლში მისულ გამომძიებლებს გასაღები წინ დაუდო, აგერ მაქვს, არასდროს გამომიყენებიაო. 

საუბარში ქალმა ისიც აღნიშნა, რომ პროფესორის სახლის გასაღები მის ძმასაც ჰქონდა, ასევე, პროფესორს და იმავე მიმართულების გამორჩეულ სპეციალისტს. დაიწყო ძმის ადგილსამყოფელის ძიება და მას შუა აზიაში მიაგნეს. ცხადი გახდა, ის შუა აზიიდან ვერ ჩამოვიდოდა, ძმას ვერ მოკლავდა და უკან ვერ წავიდოდა, რადგან უკვე მეორე კვირა იყო, შუა აზიის სტეპებში გველებს დასდევდა, თუმცა მან დაკითხვისას საინტერესო დეტალი გაამხილა _ გარდაცვლილს „ვოლგის“ ყიდვა სურდა, ფული დააკლდა და ძმისგან ისესხა ანუ სახლში, დაახლოებით, 40 ათასი მანეთი უნდა ყოფილიყო. ეს თანხა სამართალდამცავებმა ვერ იპოვეს და მოტივიც გაჩნდა _ ფული. 

„დაშორების მიუხედავად, ყოფილ ქმართან ნორმალური ურთიერთობა მქონდა. ვიცოდი, რომ მანქანა უნდა ეყიდა და სანამ ძმას სთხოვდა თანხას, მე მითხრა, ხომ არ გაქვსო. ჩემი დანაზოგიდან 4 ათასი მანეთი მივეცი, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო და ამიტომ, ძმისგან ისესხა“, _ ესეც ყოფილი ცოლის ჩვენებიდანაა. 

ახლა მთავარი იმის გარკვევა იყო, ვინ იცოდა სახლში ფულის არსებობის შესახებ. ძმა კიდევ ერთი მიზეზით გამოირიცხა _ იმხელა შემოსავალი ჰქონდა, 40 ათასი მანეთის გამო, საკუთარი ოჯახის წევრს კი არა, უპატრონო ძაღლს არ მოკლავდა, მით უმეტეს, რომ ძმებს საუცხოო ურთიერთობა ჰქონდათ. გამოძიებას მინიშნება ისევ ქალმა მისცა. 

„პროფესორს ფული სასწავლებელში მივეცი და ეს ჩვენმა დოცენტმა დაინახა. მან ირონიით მითხრა, ალიმენტს უხდიო და ავუხსენი, რომ მანქანისთვის სჭირდებოდა. ის დოცენტი ჩვენი ოჯახის მეგობარი იყო, შემდეგ კი ნაკლებად ვნახულობდით ერთმანეთს. ზუსტად მკვლელობის დღეს, დილით, ჩემთან მოვიდა, ნამცხვარი შემოარბენინა, ახალიაო და გავარდა. 3 საათში დაბრუნდა, გასაღები დავკარგე სახლისო, აქ ხომ არ დამრჩაო და წავიდა. ვფიქრობ, მოსვლისას შეეძლო, ჩემი ყოფილი ქმრის ბინის გასაღების წაღება, რომელიც გასასვლელ კართან, საკიდზე იყო ჩამოკიდებული, მერე მოტანა და ადგილზე ჩამოკიდება. მან ზუსტად იცოდა, სად ინახებოდა გასაღები, მაგრამ რაც მთავარია, პროფესორი კარს იოლად გაუღებდა და მასთან ერთად, კონიაკსაც უპრობლემოდ დალევდა“, _ ეს ჩვენება მისცა ქალმა გამოძიებას. 

„რა თქმა უნდა, დოცენტის პირდაპირ დაკავება არ შეიძლებოდა, მით უმეტეს რომ სახლში თითის ანაბეჭდები საგულდაგულოდ იყო წაშლილი. ამიტომ, დოცენტის სახე მხატვარს ვანახეთ, მან ფოტორობოტი შექმნა და ისე გავაკეთეთ, რომ ამ სურათით სასწავლებელში ორი ოპერატიული მუშაკი გავუშვით, დოცენტს გვერდით რომ ჩაუარა, ერთმა მეორეს ეს ნახატი დოცენტის დასანახად აჩვენა და უთხრა, როცა ამოიცნობენ ვინ არის, სახლს გავჩხრეკთ და 40 ათას მანეთს ვიპოვითო. დოცენტი ჩვენს ხრიკს წამოეგო, მაშინვე სახლში გავარდა... დავაკავეთ და ჩანთაში 40 ათასი მანეთი ვუპოვეთ. რა თქმა უნდა, დანაშაული აღიარა, სასამართლომ 15 წელიც მისცა, მაგრამ მაშინ ამნისტია დილა-საღამოს გამოდიოდა და ისიც ციხიდან 8 თვის შემდეგ გათავისუფლდა“, _ დაასრულა მოყოლა გამომძიებელმა. 

P.S. სხვათა შორის, გიურზების „პიტომნიკი“ ახლა რომ მოეწყოს (დავით გარეჯის მიმდებარედ, ეს ქვეწარმავალი ბევრია), შხამის რეალიზაციით, სახელმწიფო არაერთ ათეულ მილიონს მიიღებს.

ბათო ჯაფარიძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში