Menu
RSS

ექსკლუზივი „შავი სამყაროდან“ _ ფიზიკური დაპირისპირება ქართველ „კანონიერ ქურდებს“ შორის

ვინ არიან და რას ვერ იყოფენ „დუიაქე“ და „მაცი“

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, აუცილებლად გააქტიურდება „კანონიერი ქურდების“ თემაც. გვინდა თუ არა, ქართულ რეალობაში დღემდე არსებობს მოსაზრება, რომ „კანონიერ ქურდებს“ პოლიტიკურ პროცესებზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლიათ და რადგანაც საქართველო ძალიან პატარაა იმისთვის, რომ ყველა, ყველას არ იცნობდეს, მათთან ურთიერთობის დალაგებას თითოეული პოლიტიკური კლასტერი ცდილობს. ყველაზე საინტერესო ამ ამბავში კი ის გახლავთ, რომ შემდეგ ყველა ერთმანეთისკენ იშვერს ხელს, არა, შენ ეკონტაქტები „შავი სამყაროს“ წარმომადგენლებს, არა _ შენო. არავისთვისაა დასამალი, რომ აწ უკვე გარდაცვლილ ნადირ სალიფოვს, იგივე „გულის“, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების არჩევანზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეეძლო. საუბარი, ძირითადად, ახალგაზრდებზეა, თორემ ასაკიან ხალხს, არ აქვს მნიშვნელობა, აზერბაიჯანელია, ქართველი თუ სომეხი, მითითებების ნაკლებად ესმის და არჩევანსაც დამოუკიდებლად აკეთებს.

სალიფოვი ტყუილად არ გვიხსენებია. მის მიერ გამოთავისუფლებული „ტახტის“ დაკავების სურვილი ბევრს აქვს და იმის მიუხედავად, რომ თავისუფლებაზე მყოფი „კანონიერი ქურდებიდან“, ყველაზე გავლენიანი, იტალიაში მყოფი მერაბ ჯანგველაძეა, სხვებიც ცდილობენ, „გულის“ აღებული კურსი მოირგონ და დაახლოებით, ისეთივე კონტროლი დაამყარონ ყველაფერზე, როგორიც სალიფოვს ჰქონდა. 

როგორც უცხოური მედია წერს, ამის მცდელობა ძმებს _ გიზო და გელა ქარდავებს ჰქონდათ, მაგრამ რადგან ისინი ბევრ „კოლეგასთან“ კონფლიქტში არიან, საქმეში გელა ქარდავას სიმამრი, „კანონიერი ქურდი“, მერაბ მზარეულა, მეტსახელად, „დუიაქე“ ჩართეს. 

სალიფოვის გარემოცვის წევრი, მახარე გვარამია (მეტსახელად, „მაცი“), თავის გარშემო, „გულის“ გარემოცვას კრებდა და თუ ამას მოახერხებდა, ანგარიშგასაწევი ძალა გახდებოდა. ესეც არ იყოს, „მაცი“ „გულის“ უახლოეს მეგობრად ითვლებოდა და შესაბამისად, სალიფოვის გარემოცვა წინააღმდეგი არ არის, სწორედ გვარამიას გარშემო გაერთიანდეს. ჰოდა, „დუიაქემ“ „მაცის“ პრეტენზია წაუყენა, ერთ-ერთი „კანონიერი ქურდი“ ცუდად მოიხსენე და უფლება არ გაქვს, ქურდი გერქვასო. 

„მაციმ“ მოითხოვა, მისი სიტყვები სხვებსაც დაედასტურებინათ, რაც ვერ მოხერხდა და შედეგიც შესაბამისი დადგა _ ასაკის მიუხედავად („დუიაქე“ 63 წლის გახლავთ), „მაციმ“ მას ხელი დაარტყა და ტიტულის გარეშე დატოვა. 

ამან მისი პოზიციები უფრო გაამყარა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ „მაცი“ სალიფოვის ადგილზე უკვე მოიაზრება. ამ მიმართულებით, საკუთარი გეგმები აქვს ციხეში მყოფ, მაგრამ დიდი გავლენის მქონე შაქრო კალაშოვს, საკუთარი ამბიციები აქვს, ასევე, ციხეში მყოფ ლაშა შუშანაშვილს, არც ტარიელ ონიანია წინააღმდეგი, საქმეში ჩაერიოს (მით უმეტეს, ჯანგველაძესთან საუცხოო ურთიერთობა აქვს) და ამიტომ, სანამ ყველაფერი დალაგდება, ბევრი რამ უნდა გაირკვეს. 

ამ სფეროს „ექსპერტები“ არც იმას გამორიცხავენ, რომ 2008 წელი განმეორდეს, როცა „ტახტის“ გაყოფის გამო, „კანონიერ ქურდებს“ შორის, სისხლისმღვრელი ბრძოლა ატყდა და ამ ბრძოლას ათეულობით „კანონიერი ქურდი“ შეეწირა. 

მანამდე კი, უკრაინის პოლიციამ კიევში, „კანონიერი ქურდი“, მამუკა ონიანი დააკავა. 43 წლის ონიანი, უკრაინის დედაქალაქში არალეგალურად ჩავიდა და როგორც ჩანს, სამართალდამცავებს ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, რადგან იგი ჩასვლიდან მეორე დღეს დააკავეს. 

ყველაზე საინტერესოც ახლა იწყება: წესითა და რიგით, ონიანის ექსტრადირება უნდა მოხდეს, მაგრამ ის მშობლიურ საქართველოში დაბრუნებას არ ისურვებს. პანდემიის გამო, თურქეთი წითელ ზონადაა გამოცხადებული, ბელორუსს პოლიტიკურად უჭირს და ონიანს ნამდვილად არ მიიღებს, რუსეთში „კანონიერი ქურდის“ სტატუსის გამო, 10-წლიანი სასჯელია და საეჭვოა, ონიანმა იქ წასვლა ისურვოს. 

ჰოდა, რომელ ქვეყანაში გაადეპორტებენ დაკავებულს, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა უკრაინის კანონმდებლობით, გადაწყვეტილება ორ თვეში უნდა იქნეს მიღებული.

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში