Menu
RSS

ფრთხილად _ ქალაქში 22 წლის მანიაკი დადის!

7 მოკლული და 16 დაჭრილი ქალი _ როგორ გავიდნენ სამართალდამცავები სერიული მკვლელის კვალზე

თანამედროვე ტექნოლოგიებმა მოქმედება მხოლოდ სამართალდამცავებს კი არა, კრიმინალურ სამყაროსაც გაუიოლა. ერთი მხარე, თანამედროვე ტექნოლოგიებს კრიმინალისთვის იყენებს, მეორე _ ამ კრიმინალის აღსაკვეთად, ან საქმის გამოსაძიებლად. აი, მაშინ კი, სანამ მობილური ტელეფონები, სათვალთვალო კამერები და ექსპერტიზისთვის ბევრად უკეთესი დანადგარები შემოვიდოდა, სამათალდამცავები საქმეებს საკუთარი ინტუიციით, გამოცდილებითა და ცოდნით ხსნიდნენ. ზუსტად იგივეს აკეთებდნენ კრიმინალებიც _ ისინი დანაშაულის ჩადენას ისე ცდილობდნენ, კვალი არ დაეტოვებინათ და ყველაფერ ამას, ორივე მხრიდან ხანგრძლივი პრაქტიკა სჭირდებოდა.

1980 წელს, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი, ნიკოლაი შოლოკოვი იძულებული გახდა, ტელევიზიით გამოსულიყო და მოქალაქეებისთვის მიემართა. მან აღიარა, რომ მოსკოვში მოქმედებდა მოუხელთებელი მკვლელი, რომელიც თავს ქალებს ესხმოდა და მის ანგარიშზე, უკვე 7 მოკლული და 16 დაჭრილი ქალი იყო. ის მსხვერპლს ძვირფასეულობას ართმევდა, საყურეს ყურის ბიბილოსთან ერთად გლეჯდა და სუსტი სქესის წარმომადგენლებს სასტიკად უსწორდებოდა. გადარჩენილები ამბობდნენ, რომ თავდამსხმელს ძალიან კეთილი თვალები ჰქონდა და ის, მაქსიმუმ, 25 წლის იქნებოდა. იმის მიუხედავად, რომ ფოტორობოტი შეადგინეს და ყველა დაზარალებული ერთხმად ამბობდა, ნახატი თავდამსხმელის, ლამის, ზუსტი ასლიაო, მისი დაჭერა მაინც ვერ ხერხდებოდა. შესაბამისად, საბჭოთა კავშირის შს მინისტრმა უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და პირადად განაცხადა, რომ ეს ადამიანი საშიში იყო და მოსახლეობას დახმარება სთხოვა. მისმა განცხადებამ ის შედეგი მოიტანა, რომ ქალებმა სამკაულების შინ დატოვება დაიწყეს და ოქროს საყურესა თუ ბეჭედს, პრაქტიკულად, აღარავინ ატარებდა. 

ამის მიუხედავად, მორიგი მკვლელობა მალევე მოხდა და გარდაცვლილი ისევ ქალი გახლდათ. 

 

მოსკოვში, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან, საუკეთესო მაძებრებს უხმეს. მათ საქმის ვითარება გააცნეს და რაც მთავარია, სხვადასხვა რესპუბლიკებიდან ჩასულ გამომძიებლებს დამღლელი სამუშაოც დაავალეს _ ნებისმიერ საეჭვო ან ფოტორობოტის მსგავს პირზე, მოქალაქეები მილიციაში გამუდმებით რეკავდნენ და მინისტრის ბრძანების შესაბამისად, ძალოვანებიც ყველასა და ყველაფერს ამოწმებდნენ. ეს კი, ყოველდღიურად, რამდენიმე ასეული ადამიანის ნახვას, მათი ალიბის შემოწმებასა და სურათთან შედარებას გულისხმობდა. ერთი შეხედვით, ამ ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო. ორი თვე ისე გავიდა, რომ დამნაშავემ ახალი დანაშაული არ ჩაიდინა, მაგრამ ერთ-ერთ განყოფილებაში ზარი გაისმა _ ახალგაზრდა ქალს დანა ოთხჯერ დაარტყეს, საყურეები ჩამოგლიჯეს და ხელიდან ბეჭედიც წააძვრესო. 

საინტერესო კი ის გახლდათ, რომ ყველაფერი ეს, ხალხმრავალ ადგილზე მოხდა ანუ მოწმე ბევრი იყო, თუმცა ხელის შეშლა, საყოველთაო შიშისა და პანიკის გამო, ვერავინ შეძლო. ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ თავდამსხმელი, სწორედ სურათზე ნანახი პირი გახლდათ და მას „ველვეტის დუბლიონკა“ ეცვა. ეს სამოსი კი მაშინ ძვირიც ღირდა და არც თავისუფალ გაყიდვაში იყო. 

იმავე საღამოს, სამართალდამცავებს ბედმა გაუღიმა _ მილიციის ერთ-ერთ განყოფილებაში, ჩხუბის გამო, რამდენიმე კაცი მიიყვანეს და მათ შორის, ერთ-ერთს, სწორედ „ველვეტის დუბლიონკა“ ეცვა, ჯიბეში კი სისხლიანი დანა ედო. ანალიზით დადგინდა, რომ სისხლი ბოლო მსხვერპლის ჯგუფს ემთხვეოდა. 

სამართალდამცავები დაკავებულის გამოფხიზლებას დაელოდნენ და მეორე დღეს, დაკითხვას შოლოკოვის მოადგილეც დაესწრო. 

„დალევა მინდოდა და ფული არ მქონდა. ჩემთან ახალგაზრდა კაცი მოვიდა, რომელმაც ერთად დალევა შემომთავაზა, შემდეგ კი, ეს „ველვეტის დუბლიონკაც“ მაჩუქა და ცოტა ფულიც. სწორედ იმ ფულით დავლიე მეგობრებთან ერთად, ჩხუბი ატყდა და აქ გავიღვიძე. რა ქალის მკვლელობა და რა დასახიჩრებული გვამები, მე პატიოსანი მოქალაქე ვარ“, _ დაახლოებით, ასეთი იყო დაკავებულის ჩვენება. 

პარალელურად, ექსპერტიზამ ისიც დაადგინა, რომ მის ხელებზე სისხლის კვალი არ იყო, ხოლო „ველვეტის დუბლიონკის“ შიგნით, უცხო მამაკაცის რამდენიმე ღერი თმა აღმოჩნდა, რომელიც დაკავებულს აშკარად არ ეკუთვნოდა. 

ამის მიუხედავად, საქმის გახსნის იმდენად დიდი სურვილი და რაც მთავარია, მოთხოვნა იყო, მოადგილემ შოლოკოვს დაურეკა და შესთავაზა, ჩვენი ბიჭები დაკავებულს დაამუშავებენ და ყველა მკვლელობას აღიარებსო, რაზეც მინისტრისგან უარი მიიღო. 

შოლოკოვს ნამდვილი მკვლელის დაჭერა სურდა და არა _ ვიღაც ლოთის, რომელსაც აღიარებას ცემით მიაცემინებდნენ. 

გამომძიებლებს ისიც აფიქრებდათ, რომ მკვლელს თანამშრომლები ვერ ცნობდნენ ანუ 80-იანი წლების გარიჟრაჟზე, საბჭოთა კავშირში მუშაობდა ყველა, რადგან უმუშევრობა კანონით ისჯებოდა და შესაბამისად, დამნაშავეს სადმე უნდა ემუშავა, თანამშრომლებს ფოტორობოტზე დამნაშავე უნდა ეცნოთ და მილიციაში დაერეკათ, მაგრამ... 

ნუთუ, დამნაშავე არ მუშაობდა?! სამართალდამცავებმა ყველა უმუშევრის გადამოწმება დაიწყეს, მაგრამ შედეგი არც ამან მოიტანა. სამაგიეროდ, ორი კვირის შემდეგ, კიდევ ერთი ქალი მოკლეს, მომხდარიდან ნახევარ საათში, კიდევ ერთ ქალს გაუყარეს დანა და გასტაცეს ძვირფასეულობა, თუმცა ის გადარჩა და გამომძიებელს იგივე უთხრა _ დანა, სწორედ, ფოტორობოტზე აღბეჭდილმა ადამიანმა დამარტყაო. 

შოლოკოვმა აღიარა, რომ ეს იყო საბჭოთა მილიციის მაქსიმუმი, მას მეტის გაკეთება, უბრალოდ, არ შეეძლო და 15 რესპუბლიკის საუკეთესო მაძებრებმაც კი ვერ მოახერხეს სერიული მკვლელის დაკავება. შოლოკოვი მზად იყო, გადამდგარიყო, მაგრამ ასე იოლად არავინ გაუშვებდა. ამ პირობებში, შს მინისტრის გადადგომა არა მხოლოდ მისი, არამედ, მთელი საბჭოთა სისტემის მარცხი იქნებოდა. რაც მთავარია, ის ადამიანები, რომლებიც შოლოკოვის შემცვლელებად მოიაზრებოდნენ, ღიად აცხადებდნენ, რომ საქმის გამოძიების პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვერ აიღებდნენ. 

გადაწყდა, ძებნა კვლავ ადგილობრივი ძალებით გაგრძელებულიყო, საბჭოთა კავშირის მოძმე რესპუბლიკებიდან კი მივლინებით ჩასული მაძებრები სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ _ მათ ვერაფერი მოახერხეს და გამოძიებას ვერაფერი შემატეს. 

„არ ვიცი, ამას რა ერქვა _ საბჭოთა მილიციის სირცხვილი, შავი ლაქა, უსუსურობა, არაპროფესიონალიზმი თუ ყველაფერი ერთად. მინისტრის მოადგილემ დაგვავალა, გამგზავრებამდე კიდევ ერთხელ შეიკრიბეთ, ყველა დეტალი გაიარეთ, ეგებ, რამე ახალი იპოვოთო. შევიკრიბეთ, გავიარეთ, მაგრამ ახალი, ვერავინ, ვერაფერი ნახა. ის იყო, დაშლას ვაპირებდით, რომ მორიგე შემოვიდა და გამოგვიცხადა, ის ლოთი, დამნაშავის ქურთუკით რომ დავიჭირეთ, მოსულია და მთავარ გამომძიებელთან შეხვედრას ითხოვსო. ყველა დავიძაბეთ, ეს სინათლე იყო გვირაბის ბოლოს. რამდენად უნდა გიჭირდეს, რომ ლოთის გამოჩენას ჩაებღაუჭო, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა“, _ იხსენებს საქართველოდან წარგზავნილი გამომძიებელი. 

ლოთმა, მართლაც, ისეთი რამ თქვა, რომ მრავლის მნახველი მაძებრებიც პირდაღებული დატოვა. მან ცალი თვალი მოჭუტა, შემდეგ, ღრმად ჩაისუნთქა და როგორც შეეძლო, გაბედული ტონით იკითხა: 

_ რამდენ ბოთლ არაყს მიყიდით, ის კაცი რომ განახოთ, რომელმაც „ველვეტის დუბლიონკა“ მაჩუქა?! 

შოკისგან ხმა ვერავინ ამოიღო, ბოლოს, ერთ-ერთმა გამომძიებელმა ჩუმად ჰკითხა: 

_ შენ რამდენი გინდა?! 

და ლოთმაც ჰაერში სამი თითი შემართა. 

გამომძიებელმა სეიფიდან სამი ბოთლი კონიაკი გამოიღო, ლოთმა დიდი ხნის უნახავი შვილივით ჩაიხუტა სამივე, მერე კი, სამართალდამცავებს ანიშნა, გამომყევითო, თუმცა გამომძიებლებმა უთხრეს, აქვე გვითხარი, ჩვენ თავად ვიპოვითო. 

„გუშინ, რგინიგზის ვაგზალზე დავლიეთ და იქვე დავრჩი, ძველ ვაგონში. დილით კი ის ბიჭი დავინახე, რომელმაც „დუბლიონკა“ მაჩუქა. მისვლა მინდოდა, მაშინ გულუხვობა გამოიჩინა, მაგრამ დავინახე, რომ სახეზე მურს ისვამდა და შემეშინდა. მისი გულისთვის დამიჭირეთ, ესე იგი, რაღაცას აფუჭებდა, ამიტომ თქვენთან მოვედი. ჰო, იქ რომ მუშაობს, ზუსტად ვიცი, ჩაქუჩი აიღო და ლიანდაგებს გადაბმებზე უკაკუნებდა“, _ დაასრულა მოყოლა ლოთმა. 

ეჭვმიტანილის დასაკავებლად, 80 სამართალდამცავი გავიდა და რკინიგზის თანამშრომელი, 22 წლის ბიჭი, ადვილად დააკავა. მისი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს ის ოქროული, რომელსაც მოკლულ თუ დაყაჩაღებულ ქალებს სტაცებდა. მისმა თანამშრომლებმა კი ის მარტივი მიზეზის გამო ვერ ამოიცნეს _ სამსახურში გამურული მიდიოდა და მოდიოდა, მეზობლებიც იმავე მიზეზით ვერ ცნობდნენ, მხოლოდ სახლიდან გასული იწმენდდა სახეს და „სანადიროდ“, სუფთა სახით დადიოდა. 

მისი სასამართლო პროცესი დიდხანს არ გაგრძელებულა, დაკავებულს ყველა მკვლელობა და ყაჩაღობა მარტივად დაუმტკიცეს, გადარჩენილმა დაზარალებულებმაც უპრობლემოდ ამოიცნეს. 

რა თქმა უნდა, სასამართლომ მას სასჯელის უმაღლესი ზომა _ დახვრეტა მიუსაჯა. შოლოკოვი კი წარმატებული საქმისთვის დააჯილდოვეს და ერთ თვეში, საბჭოთა კავშირს სხვა შს მინისტრი ჰყავდა.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში