Menu
RSS

ბოშების დასახლებაში პირველკლასელი გოგონა მოკლეს

როგორ გახსნა საზარელი დანაშაული ახალბედა გამომძიებელმა ქალმა და რა ბედი ეწია დამნაშავეს

მკვლელობა ყოველთვის შემაძრწუნებელია და ადამიანების განსჯის საგნად, დიდი ხნის განმავლობაში რჩება, მაგრამ როცა საქმე არასრულწლოვანის მკვლელობას ეხება, განცდაც უფრო მძაფრია და სინანულიც, მით უმეტეს, თუ არასრულწლოვანი პირველკლასელია, რომელსაც არავისთვის არაფრის დაშავება არ შეეძლო და, უბრალოდ, გაიმეტეს.

რუსთავის გაგრძელებაზე, დღესაც არის დასახლება, რომელსაც ბოშების დასახლებას ეძახიან. ახლა იქ ცოტა ბოშა ცხოვრობს, თუმცა 80-იანი წლების დასაწყისში, კომპაქტური ბარაკები იყო და ბოშებიც მრავლად იყვნენ. 

ერთ დღეს, განყოფილებაში ცოლ-ქმარი მივიდა და განაცხადა, რომ მათი პირველკლასელი გოგონა, საღამოს შინ არ დაბრუნდა. ის სკოლის შემდეგ, გვერდითა სახლში, თანაკლასელთან სათამაშოდ გადავიდა, ამას ხშირად აკეთებდა, დაბინდებისას კი ბრუნდებოდა. სახლებს შორის, სულ 50-მეტრიანი დაშორება იყო და ამიტომ, მშობლები პატარას მარტო წასვლის უფლებას აძლევდნენ, თანაც ბოშა ბავშვები დამოუკიდებლობას ადრეული ასაკიდან ეჩვევიან და იშვიათად, მაგრამ სკოლაში მაინც დადიან. 

სამართალდამცავები დიდად არ შეწუხებულან, რადგან ბოშების მხრიდან მიმართვა არცთუ იშვიათი იყო, შემდეგ კი არასრულწლოვნებს რომელიმე მეტროსადგურთან პოულობდნენ. ისინი მათხოვრობდნენ, საღეჭ რეზინსა და სიგარეტს ყიდდნენ და სულ არ ადარდებდათ, რომ მშობლები ნერვიულობდნენ, ამიტომ საქმე უბნის რწმუნებულს მისცეს კონტროლზე. 

„უბნის რწმუნებულს დავავალეთ, სამი დღის განმავლობაში გოგონას თუ ვერ იპოვიდა, ძებნა მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოეცხადებინა. სამწუხაროდ, სამდღიანი მოცდა არ დაგვჭირდა, გაუჩინარებიდან მეორე საღამოს, მეზობლის ბავშვებმა მიტოვებული შენობის შიგნით, გოგონას უსულო სხეული იპოვეს _ დანა ჰქონდა გულში დარტყმული და ტანსაცმელი შემოხეული. ვივარაუდეთ, რომ გაუპატიურებული იქნებოდა, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნა საპირისპირო იყო _ მკვლელს გაუპატიურების მცდელობაც კი არ ჰქონია, უბრალოდ, გოგონას ტანსაცმელი შემოახია, დანით მიყენებული ჭრილობა საკმაოდ მყარი და მძლავრი იყო. შესაბამისად, ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ასე დანას მხოლოდ კაცი თუ დაარტყამდა“, _ გვიყვება განყოფილების მაშინდელი უფროსი, პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი. 

არანაირი მტკიცებულება, არანაირი კვალი. სამართალამცავების მისვლამდე, იმ შენობაში, ლამის, მთელი სოფელი შევიდა, ყველაფერი ერთმანეთში აიზილა, გოგონას გვამი ხელიდან ხელში გადავიდა, ამიტომ გამოძიებას არაფერი ჰქონდა, საერთოდ არაფერი. 

ეს იყო საქმე, რომლის გახსნაც, ერთი შეხედვით, წარმოუდგენელი ჩანდა და ბატონ თენგიზს ახლა ის უნდა მოეფიქრებინა, რომელი გამომძიებლისთვის მიეცა აღნიშნული „მკვდარი საქმე“, რადგან წლის ბოლოს, გაუხსნელი საქმე პლუსი ნამდვილად არ იყო. 

განყოფილების უფროსს თავის ტკივილი ახალმა გამომძიებელმა, ახალგაზრდა გოგონამ მოუხსნა, რომელსაც მუშაობა სულ ერთი კვირის დაწყებული ჰქონდა და თავად მოითხოვა, რომ აღნიშნული საქმე მისთვის მიეცათ. 

„ირმას (ასე ერქვა გამომძიებელს) ავუსხენი, რომ ეს მკვდარი საქმე იყო, გახსნის შესაძლებლობა _ თითქმის ნული და ვურჩიე, წარუმატებელი საქმით ნუ დაიწყებ კარიერას-მეთქი, მაგრამ გაჯიუტდა და მივეცი. ერთი კვირის განმავლობაში, პრაქტიკულად, მთელი სოფელი გამოკითხა, მაგრამ მხოლოდ ერთი კაცი აღმოჩნდა, ვინც გოგონა სწორედ იმ მიტოვებული შენობისკენ მიმავალი დაინახა. ოჯახი, სადაც ბავშვი სტუმრად მიდიოდა, იმ დღეს შინ არ იყო და რატომ წავიდა გოგონა უკაცრიელი შენობისკენ, არავინ იცის. 

მისი დამნახავი ორჯერ ნასამართლევი პირი აღმოჩნდა, ამიტომ განყოფილებაში დავიბარეთ, შევაჯანჯღარეთ, მაგრამ მეტი ვერაფერი ვათქმევინეთ და შინ გავუშვით. მეორე დღეს, ის სოფლიდან გაქრა და შესაბამისად, მასზე ძებნა გამოვაცხადეთ“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

გაქცეული სამი დღის შემდეგ დააკავეს და ისევ განყოფილებაში მიიყვანეს. მან განაცხადა, რომ სამართალდამცავებს შეგნებულად გაექცა, რადგან მეტი ეჭვმიტანილი არ იყო, მილიცია ყველაფერს იზამდა, რომ საქმე მისთვის შეეტენა, მას კი არც პრესები უნდოდა და არც _ აღიარება. 

„დაკავებული გავათავისუფლეთ და რაც მთავარია, ირმას ვუთხარი, რომ საქმე შემთხვევით თუ გაიხსნებოდა, თორემ პერსპექტივა, უბრალოდ, არ იყო. მან თავი დახარა და წაიბუტბუტა, შსს-ს არქივში შეკითხვა მაქვს გაგზავნილი, პასუხს ზეგ ველოდებიო, თუმცა არ უთქვამს, რას ეძებდა და რას ეკითხებოდა არქივს. მესამე დღეს, ჩემ კაბინეტში შემოვიდა, მაგიდაზე ათი წლისწინანდელი საქმე დამიდო და მტკიცედ თქვა _ მკვლელი ერთი და იგივეა“, _ ღიმილით გვიყვება ბატონი თენგიზი. 

როგორც საარქივო მასალებიდან გაირკვა, ათი წლის წინ, იგივე შენობაში, პრაქტიკულად, ანალოგიური ჭრილობით, 22 წლის გოგო მოკლეს. ის ქმართან ერთად, შინ ბრუნდებოდა, გზაში რაღაცაზე იკამათეს, საბოლოო ჯამში, ქალმა ქმარს უთხრა, დღეს სახლში არ დაგინახოო და გზა მარტომ განაგრძო. ქმარი სახლში შემოვლითი გზით წავიდა, მთელი ღამე ცოლის ლოდინში გაატარა, დილით კი განგაშის ზარებს შემოჰკრა და საბოლოოდ, ქალის სხეული იმავე შენობაში იპოვეს, სადაც ათი წლის შემდეგ, პირველკლასელი გოგონა. 

მაშინდელი ექსპერტიზის დასკვნით, დარტყმა ძლიერი ხელით იყო გაკეთებული, თუმცა მაშინაც, შენობაში ნახევარი სოფელი შევიდა, კვალი წაიშალა და საქმე ვერ გაიხსნა. ყველაფერ ამაში, ერთი ისეთი დეტალი იყო, რომლითაც განყოფილების უფროსიც დაინტერესდა და გამომძიებელიც. იმ საქმეზე, ერთადერთი ეჭვმიტანილი იმ გოგონას მამა იყო, ვისთანაც პირველკლასელი სტუმრად მიდიოდა, თუმცა პირველ შემთხვევაზე, მას მყარი ალიბი ჰქონდა _ მეგობრებთან ერთად სეირნობდა, ხოლო მაშინ ეჭვი მასზე იმიტომ მიიტანეს, რომ მიტოვებული შენობიდან გამოსული ვიღცამ დაინახა, მან კი აღნიშნა, ის ვიღაც სიბნელეში შეცდაო. 

„საჭირო იყო რაღაც ისეთი, რაც მას აალაპარაკებდა. ხელთ არაფერი გვქონდა, ამიტომ რამე უნდა მოგვეფიქრებინა და ამ ახალბედა გოგომ გამაოცა _ კაცი დაკითხვაზე ოფიციალურად გამოიძახა, შემდეგ კი ოთახში ექსპერტ-კრიმინალისტი შემოვიდა და მშვიდად თქვა, მხოლოდ რამდენიმე ღერ თმას შეგაჭრით, გარდაცვლილი ბავშვის ტანსაცმელში მამაკაცის თმის ორი ღერი ვიპოვეთ და მთელ სოფელს ვამოწმებთო. კაცმა ფერი დაკარგა, ძალიან, ძალიან შეეშინდა, ბოლოს კი, ამოილუღლუღა, ოღონდ ბოშებს არ გადამცეთ, წამებით მომკლავენ, აღიარებით ჩვენებას გაძლევთო. აი, რომ მეგონა, საქმე გაიხსნა, ირმამ შეუტია, ათი წლის წინანდელზეც უნდა მოგვცე აღიარებითი ჩვენება, შენი ალიბი გადავამოწმე და ტყუილიაო. დაკავებულმა უხმოდ დააქნია თავი“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

ყველაზე საინტერესო ამის შემდეგ დაიწყო, დაკავებულმა დეტალებში ახსნა, როგორ და სად მოკლა პირველი მსხვერპლი, როგორ გაიტყუა შვილის თანაკლასელი მიტოვებულ შენობაში, როგორ უთხრა, რომ იქ თოჯინა დაუმალა და უნდა ეპოვნა, როგორ დაარტყა დანა. რაც მთავარია, მკვლელი ამბობდა, რომ ყველაფერი შემთხვევით მოხდა, რომ მას თავში, ათი წლის წინაც და ახლაც, რაღაც გადაეკეტა, უბრალოდ, მიზანი ჰქონდა, რომ ვინმე მოეკლა და დანა პირველივე შემხვედრს დაარტყა. 

საინტერესო ის გახლავთ, რომ დაკავებული ეროვნებით რუსი იყო, არავინ იცის, ბოშების უბანში როგორ მოხვდა, მაგრამ ბოშა ქალზე სამი წლის წინ იქორწინა და შესაბამისად, გარდაცვლილი პირველკლასელის მეგობარი გოგონა მისი გერი იყო. მანამდე, ბოშების უბანში, პატარა მიწურში ცხოვრობდა, შემდეგ კი ცოლის სახლში გადავიდა. 

სასამართლოზე ყველაფერი თავდაყირა დადგა. დაკავებულმა განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა ჩვენება ზეწოლის ქვეშ მიაცემინეს და იმის მიუხედავად, რომ მთელი ბოშათა უბანი მისი ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვდა, სასამართლომ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო (გამოძიებას აღიარებითი ჩვენების გარდა, მტკიცებულებები, მართლაც, არ ჰქონდა), ის დარბაზიდან გაათავისუფლეს. 

ირმამ არ მოისვენა, ეჭვმიტანილის ის მეგობრები მონახა, რომლებმაც მაშინ ჩვენებაში თქვეს, რომ მასთან ერთად სეირნობდნენ. როგორც გაირკვა, მკვლელობაში ეჭვმიტანილმა მათ ფული გადაუხადა ალიბის შექმნის სანაცვლოდ და საქმე მათი ჩვენების საფუძველზე, კვლავ სასამართლოში დაბრუნდა. 

რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, მოსამართლემ პირველკლასელის მკვლელობა საქმიდან საერთოდ გააქრო და მხოლოდ 10 წლისწინანდელ მკვლელობაზე მიუსაჯა 15 წელი. ჩვენმა რუსმა ემიგრანტმა ჯერ სასჯელი გააპროტესტა, შემდეგ კი მოითხოვა, რომ სასჯელი მშობლიურ რუსეთში მოეხადა და ერთ წელიწადში, ამას მიაღწია კიდეც. 

საბოლოო ჯამში, მან გისოსებს მიღმა, მხოლოდ ორი წელი გაატარა, მაგრამ გათავისუფლებიდან მალევე, უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამბობდნენ, ბოშებმა შური იძიესო.

ბათო ჯაფარიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში