Menu
RSS

ცნობილი ჟურნალისტის ცოლი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ორი სკანდალური მკვლელობა, რომლის მიზეზიც შურისძიება გახდა

ეს ახლაა, ჟურნალისტებს მეოთხე ხელისუფლება მხოლოდ ქაღალდზე რომ ჰქვიათ და პოლიტიკოსები მიეჩვივნენ, რომ მათზე ნებისმიერი რამის დაწერა პრობლემა არ არის, თორემ ადრე ასე არ იყო, ჩინოვნიკები საკუთარ სახელს ძალიან უფრთხილდებოდნენ და მაქსიმალურად ცდილობდნენ, საგაზეთო გვერდებზე არ აღმოჩენილიყვნენ. შესაბამისად, ჟურნალისტებს დიდი გავლენა ჰქონდათ და მათთან დაკავშირებული ნებისმიერი თემა მაშინვე ყურადღებას იქცევდა. ჰოდა, როგორ გგონიათ, რა მოხდებოდა, როცა ცნობილი გაზეთის (და მაშინ ასეთი „კომუნისტი“ იყო) ერთ-ერთი ჟურნალისტის ცოლი გარდაცვლილი იპოვეს და ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ის მორფის ზედმეტი დოზის მიღებით იყო მკვდარი. იმავე დასკვნაში ისიც ეწერა, რომ ქალს ჯერ ბლაგვი საგანი ჩაარტყეს თავში, შემდეგ კი მორფი გაუკეთეს და მოკლეს.

 

„როცა ქალს კლავენ, მთავარი ეჭვი სასიყვარულო ურთიერთობებზე მიდის, მაგრამ რომელ სიყვარულზე შეიძლებოდა საუბარი, როცა ქალიც და ქმარიც, ლამის 60-ს მიღწეულები იყვნენ?! შესაბამისად, რჩებოდა ერთი ვარიანტი: ქმრის ჟურნალისტური საქმიანობა, რადგან ცოლი რომელიღაც რიგით საამქროში, რიგით თანამდებობაზე მუშაობდა. ამ ვერსიის დამუშავება დავიწყეთ. გადავიკითხეთ ყველა მისი წერილი, მაგრამ არაფერი იყო ისეთი, ვინმეს შურისძიების სურვილი რომ გასჩენოდა. ბოლოს, მივაგენით, დაახლოებით, ორი წლის წინანდელ წერილს, სადაც გარდაცვლილის ქმარი ერთ-ერთ გავლენიან საქმოსანს აკრიტიკებდა, მაგრამ ეს ვერსიაც მალე გამოირიცხა _ ის კაცი ჩვეულებრივად აგრძელებდა მუშაობას და ისიც გავიგეთ, რომ საქმე ფულით მარტივად ჩაფარცხა. მისთვის კი ფული ძალიან ადვილი საშოვნელი გახლდათ და ამის გამო, შურს ნამდვილად არ იძიებდა, თანაც მკვლელობის მომენტისთვის, მას ალიბი ჰქონდა _ რაიკომში იყო თათბირზე და შეკვეთილი მკვლელობის ვერსია ძალიან არარეალური ჩანდა“, _ გვიყვება საქმის გამომძიებელი. 

სამართალდამცავებმა გამოკითხეს ყველა, ვისი გამოკითხვაც შეიძლებოდა, მაგრამ ვერაფერს მიაგნეს. 

„მკვლელობიდან ერთი კვირა იყო გასული, „კომუნისტის“ ხელმძღვანელობა გვაწუხებდა და თან სერიოზულად. საქმეში მინისტრიც იყო ჩართული, მაგრამ არაფერი გვქონდა, საერთოდ არაფერი. ჟურნალისტის დაკითხვამაც არაფერი მოგვცა, მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, ვის შეიძლებოდა გაემეტებინა ცოლი. წყვილს ორი შვილი ჰყავდა, ორივე დაოჯახებული, ისინი ცალკე ცხოვრობდნენ და იმდენად არაფერს წარმოადგენდნენ, რომ გამიკვირდა კიდეც, ჟურნალისტმა უკეთესი სამსახურები რატომ ვერ უშოვა-მეთქი. არანაირი სამხილი არ გვქონდა, არ გვქონდა მკვლელობის იარაღი, არ გვქონდა შპრიცი, მკვლელმა ძალიან სუფთად იმოქმედა და ის იყო საქმის თაროზე შემოდებას ვაპირებდით, რომ ახალი მკვლელობა მოხდა და ხელწერა იდენტური იყო“, _ იხსენებს საქმის გამომძიებელი. 

მეორე გარდაცვლილი, პენსიაზე მყოფი ყოფილი გინეკოლოგი გახლდათ. ერთი შეხედვით, ისიც წესიერი და პატიოსანი კაცი, კარგი სახელი ჰქონდა, მაგრამ ზუსტად ისევე იყო მოკლული, როგორც ჟურნალისტის ცოლი. 

აი, ყველაზე საინტერესოც აქ დაიწყო. სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ დაახლოებით ხუთი წლის წინ, როცა მეორე გარდაცვლილი გინეკოლოგად მუშაობდა, ავარია მოუვიდა. ავარიის შედეგად, ქალი და ბავშვი გარდაიცვალა, გინეკოლოგს კი სიმთვრალე დაუდგინდა. ციხე გარდაუვალი იყო, თუმცა საბოლოოდ, საქმე ჩაიფარცხა და ამ საქმეში გინეკოლოგს ჟურნალისტი და მისი ცოლი ეხმარებოდნენ. დადგა დრო, ჟურნალისტი ახლიდან დაეკითხათ. 

„ჩემი ცოლი ორივე ბავშვზე მაგან ამშობიარა, ვახლობლობდით, ვმეგობრობდით. როცა ავარია მოუხდა, ცოლმა მთხოვა, დავეხმაროთო. შევაწუხე ყველა, ვისი შეწუხებაც კი შემეძლო, მით უმეტეს, რომ ავარიაში გარდაცვლილი ქალის ქმარმა 20 ათასი მანეთი მოითხოვა და მიიღო კიდეც. საქმე მოგვარდა, ეს თემა ყველამ დაივიწყა და მეეჭვება, ქმარს შური ეძია. მან ხომ ფული აიღო“, _ ეს იყო ჟურნალისტის მონაყოლი. 

გარდაცვლილის ქმარი სამართალდამცავებმა მეორე დღესვე იპოვეს. ცოლ-შვილის სიკვდილის შემდეგ, ის სოფელში გადავიდა საცხოვრებლად და რამდენიმე ათეული მოწმე ჰყავდა, რომ ორივე მკვლელობის დღეს, სოფელში იმყოფებოდა. 

შეკვეთილი მკვლელობის ვერსია აქაც გამოირიცხა, რადგან კაცს არ ექნებოდა იმხელა თანხა, ორი ადამიანის მკვლელობა შეეკვეთა, ის ფულიც დიდი ხნის დახარჯული ექნებოდა. შესაბამისად, სამართალდამცავებს მორგში ორი გვამი ესვენათ, ვერსია კი უბრალოდ, არ იყო, თუმცა იმას ყველა ხვდებოდა, რომ ამ მკვლელობებს შორის კავშირი აუცილებლად იქნებოდა და რაც მთავარია, მკვლელმა ზუსტად იცოდა, ვის კლავდა და რატომ. 

გამოძიება იმაზეც შეთანხმდა, რომ მორფს და თან ამ ოდენობით, შემთხვევით ვერავინ მოიპოვებდა და ვიღაცამ ან დიდი ფული გადაიხადა, ან მკვლელი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი იყო. მორფი მაშინ მკაცრად კონტროლდებოდა, მაგრამ დანაკლისი ვერსად იპოვეს. დამნაშავე აშკარად დახვეწილი და ჭკვიანი იყო. 

სამართალდამცავებმა ისიც კი ივარაუდეს, რომ შესაძლებელი იყო, მკვლელს ჟურნალისტზეც სდომოდა შურისძიება, მას თვალთვალი დაუწყეს და თან ისე, რომ არ გააფრთხილეს, თუმცა შედეგი არც ამან გამოიღო. 

ცალკე მინისტრი ჰგავდა გიჟს, ცალკე _ გამომძიებლები. ასეთი რამ, მანამდე არ მომხდარიყო ანუ ხელმოსაჭიდი არაფერი რომ არ ყოფილიყო და რაც მთავარია, არ არსებობდა მოტივი და საბაბი. ყველა ამბობდა, რომ გარდაცვლილებს მტერი არ ჰყავდათ. 

ეს ორი მკვლელობა გაუხსნელი დარჩებოდა, განყოფილებაში ახალგაზრდა გოგო რომ არ მისულიყო და გამომძიებელთან შეხვედრა არ ეთხოვა. კაბინეტში შესულმა წყალი მოითხოვა, მოსვა და ერთ ამოსუნთქვას ამოაყოლა _ „ორივე მე მოვკალი და არ ვნანობ!“ 

გამომძიებელმა გაოცებისგან პირი დააღო, შეუძლებელი ჩანდა, ამ სიფრიფანა გოგოს ვინმე მოეკლა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ამბობდა, მე მოვკალიო და შემდეგ დეტალურად აღწერა ორივე მკვლელობა. 

გამომძიებელი დარწმუნდა, რომ მის წინ ნამდვილი მკვლელი იჯდა, მაგრამ მოტივი?! 

„ის ჟურნალისტი მაშინ გავიცანი, როცა 17 წლის ვიყავი. ასაკში სხვაობის მიუხედავად, თავდავიწყებით შემიყვარდა, თუმცა ის ახლოს არ მიშვებდა, მეუბნებოდა, არ არის სწორი ჩვენი ერთად ყოფნაო. მე კიდევ მოსვენებას არ ვაძლევდი, ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე და იმდენი ვქენი, მეორე კურსიდან უკვე „კომუნისტში“ გამიშვეს პრაქტიკაზე. გასაქანი არ მივეცი, ცოლთან მთლად დალაგებული ურთიერთობა არ ჰქონდა და რომანიც დაიწყო. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ ერთი წლის შემდეგ, ორსულად დავრჩი. სულ მინდოდა ბავშვი და გული მისკდებოდა, ერთი წელი რომ ვერ ვფეხმძიმდებოდი. როცა ორსულობის შესახებ შევიტყვე, ვუთხარი, ბავშვს გავაჩენ, შენი არაფერი მინდა-მეთქი, მაგრამ კაცმა მიპასუხა, ცოლთან დაშორებას მაინც ვაპირებდი და ახლა ბევრ სხვა მიზეზთან ერთად, ესეც მექნებაო. 

 

სამწუხაროდ, ორსულობა ცუდად წარიმართა და გინეკოლოგთან სიარული დავიწყე. თურმე, ჟურნალისტის ცოლს რაღაცები გაუგია და მაქსიმალურად ცდილობდა, ჩემი ცხოვრება ეკონტროლებინა. როცა ორსულობის შესახებ გაიგო, მიხვდა, რომ ბავშვი მის ოჯახს საბოლოოდ დაანგრევდა, ამიტომ გინეკოლოგს გაურიგდა და უთხრა, ჩემთვის აბორტი გაეკეთებინა და მილები ამოეჭრა ანუ შვილი არასდროს უნდა მყოლოდა. ის გინეკოლოგი ამ ქალმა, თურმე, ციხეს გადაარჩინა და უარი ვერ უთხრა. ასე გამიკეთეს უზარმაზარი დოზა მორფი და ვითომ სასწრაფო აბორტის მოტივით, ნაყოფიც მომაშორეს და მილებიც. რა თქმა უნდა, არაფერი ვიცოდი და შემთხვევით გავიგე, როცა ვერ ვორსულდებოდი და სხვა ექიმთან წავედი. სწორედ მან მითხრა, რა ბავშვი, მილები ამოჭრილი გაქვსო. არ მინდოდა დამეჯერებინა, ამიტომ ძველ გინეკოლოგთან წავედი, მან კი თითი ქალისკენ გაიშვირა. ვნახე ქალი და სიცილით მითხრა, აბა, რა გეგონა, ქმარს დაგითმობდიო?! 

მაშინ დავგეგმე მკვლელობა და განვახორციელე კიდეც. თქვენთან აღსარებაზე კი იმიტომ მოვედი, რომ თავი, ბოლომდე მართლად მიმაჩნია, არ ვმალავ და არც ვნანობ ჩადენილს“, _ ასეთი იყო ქალის მონაყოლი. 

მკვლელი დედით ებრაელი გახლდათ და იმის მიუხედავად, რომ ებრაული სათვისტომო ამ საქმეში ბოლომდე ჩაერთო, გოგონა 15-წლიან სასჯელს ვერ ასცდა და ბოლომდე მოიხადა. 

გათავისუფლების შემდეგ, ის აშშ-ში წავიდა საცხოვრებლად, გათხოვდა და... ქმართან ერთად, სამი ბავშვი იშვილა.

ბათო ჯაფარიძე

 

დაბრუნება დასაწყისში