Menu
RSS

თბილისის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში განძის სამალავი იპოვეს

რატომ მოკლა ახალგაზრდა მოჭიდავემ დის საქმრო

ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე თამარ ბაჩალიაშვილის იდუმალი გარდაცვალებაა. გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. მართალია, იმის განსაზღვრა, ძიება ბოლოს სადამდე მივა, შეუძლებელია, მაგრამ ბაჩალიაშვილის საქმეში დევს სათვალთვალო კამერით გადაღებული არაერთი ვიდეო, მოწმეთა ჩვენებები, მობილური ოპერატორების ანძებიდან ამოღებული ჩანაწერები. არადა, ადრე ესენი არ იყო და გამოძიება, პრაქტიკულად, შიშველი ხელებით ცდილობდა ფონს გასვლას. ისტორია, რომელსაც პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი გვიყვება, თბილისში, 80-იანი წლების შუაწელს მოხდა და ის, რაც ერთი შეხვედვით, ასპროცენტიან თვითმკვლელობად ჩანდა, საბოლოოდ, მკვლელობა აღმოჩნდა, თუმცა გამოძიება საქმის გახსნამდე დიდი ძალისხმევის შედეგად მივიდა.

ეს ახლაა მარტივად შესაძლებელი, მეგობარს, ნათესავს მესიჯი მისწერო და რამდენიმე წამში, მიწერილი ადრესატამდე მივა. ადრე კი ადამიანები ერთმანეთს წერილს ფოსტით უგზავნიდნენ, ან ქალაქის ტელეფონით ურთიერთობდნენ, თანაც მაშინ ქალაქის ტელეფონი ფუფუნებად ითვლებოდა და ხალხი რიგში წლობით იდგა. წერილებითი ურთიერთობის მიუხედავად, თბილისში მცხოვრებ ქალს ძალიან გაუკვირდა, როცა წერილი ყოფილი ქმრისგან მიიღო. ისინი ტელეფონით ურთიერთობდნენ, კაცი მუდმივად ინტერესდებოდა მათი საერთო შვილის, 5 წლის გოგონას ამბებით. რაც მთავარია, მუდმივად პატიოსნად იხდიდა ალიმენტს და გოგონას ყურადღებას ისედაც არ აკლებდა. 

წერილში ეწერა, რომ კაცი დაიღალა მუდმივი ავადმყოფობით, ტკივილით და ამის ნიადაგზე, თვითმკვლელობა გადაწყვიტა. წერილი შაბათ დღეს იყო გამოგზავნილი, ფოსტალიონმა კი ორშაბათს მიიტანა. 

მილიციაში დარეკვამდე, ქალი იმ ბინაში წავიდა, სადაც მისი ყოფილი ქმარი ცხოვრობდა. კარი დაკეტილი დახვდა, მეზობელმა კი უთხრა, რომ ბოლოს, კაცი პარასკევს საღამოს, სამსახურის შემდეგ ნახა. ადგილზე მისულმა მილიციამ კარი შეამტვრია და თვალწინ საზარელი სურათი გადაეშალა _ ყელზე თოკშემოხვეული კაცი იატაკზე გარდაცვლილი ეგდო, ჭერიდან ჭაღი იყო ჩამოვარდნილი, რომლის სამაგრზეც თოკი იყო მიმაგრებული. ერთი შეხედვით, ტიპური თვითმკვლელობა ჩანდა და რაც მთავარია, გამოძიებას ხელთ ჰქონდა წერილი, რომელიც კაცმა რამდენიმე დღით ადრე გააგზავნა. 

ექსპერტიზას ახალი არაფერი უთქვამს _ კაცი ასფიქსიით გარდაიცვალა, სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება, კარი გატეხილი არ არის. 

„ერთადერთი, რაც მოსვენებას მიკარგავდა, ეს სახლის ჩხრეკა იყო, რომელსაც პირადად ვესწრებოდი და მინდა გითხრათ, რომ გარდაცვლილი აშკარად მოწესრიგებული კაცი იყო. ყველაფერი კულტურულად ჰქონდა ჩალაგებული უჯრებში, თეთრეულიც კი ზომისა და ფერების მიხედვით ჰქონდა დახარისხებული, აი, სამუშაო მაგიდის უჯრებში კი სრული ქაოსი იყო. შთაბეჭდილება შემექმნა, რომ იქ ვიღაც, რაღაცას ეძებდა და ყველაფერი აურია. ესეც არ იყოს, კაცი მართლა ავადმყოფობდა და ამიტომ, ინჟინრად ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა. შესაბამისად, ფული ვერ უნდა ჰყოფნოდა ალიმენტსა და იმ ტანსაცმელზე, რომელიც მის კარადაში ეკიდა. ყველაფერი უცხოური და ძალიან ძვირფასი იყო, მისი შემოსავლით კარგ ტანსაცმელს კი არა, საერთოდ, ტანსაცმელს ვერ იყიდდი. გავარკვიე ისიც, რომ ეს კაცი დასავლეთიდან ათი წლის წინ ჩამოვიდა, ფილტვების პრობლემა ჰქონდა და მშრალი ჰავა ურჩიეს“, _ იხსენებს ბატონი თენგიზი. 

სამართალდამცავებმა წერილი გრაფოლოგიურ ექსპერტიზაზე გადააგზავნეს და გარდაცვლილის კავშირების ძიება დაიწყეს. როგორც გაირკვა, ის თვეში ერთხელ, კოლონიაში მიდიოდა და კაცთან, რომელთანაც ნათესაური კავშირი არ ჰქონდა, მსუყე ამანათი მიჰქონდა. პატიმარი საიუველირო მაღაზიის ქურდობისთვის 7-წლიან სასჯელს იხდიდა და იმის მიუხედავად, რომ მაღაზიის დარაჯი გაიძახოდა, ორნი იყვნენო, დაკავებულმა „პადელნიკი“ არ გასცა, მის სახლში დაკარგული ოქროულობის მხოლოდ მცირე ნაწილი იპოვეს. გაჩნდა ეჭვი, რომ მეორე დამნაშავე, შესაძლოა, სწორედ გარდაცვლილი ყოფილიყო და ამიტომ, მის სახლში სამალავის მისაგნებად კიდევ ერთი ჩხრეკა ჩატარდა. 

საბოლოოდ, იატაკის აყრის შედეგად, სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ოქროს ბეჭედი იპოვეს, ექსპერტიზამ კი დაადგინა, რომ ეს ოქროულობა, სწორედ იმ საიუველირო მაღაზიიდან იყო მოპარული. პატიმარს, რომელთანაც გარდაცვლილი დადიოდა, ახალმა ამბავმა თავზარი დასცა. ის დარწმუნებული იყო, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ, თავისუფლებაზე თავის წილს მიიღებდა და ცხოვრებას აიწყობდა. ახლა კი რა გამოვიდა _ „პადელნიკი“ მკვდარია, ოქროს მილიციამ მიაგნო ანუ ის სასჯელს, პრაქტიკულად, ტყუილად იხდიდა. მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, ვის შეიძლებოდა მოეკლა მისი მეგობარი, რადგან ოქროულობის არსებობის შესახებ, მხოლოდ მათ იცოდნენ. 

მილიციის განყოფილებაში გარდაცვლილის მეზობელი მივიდა და გამომძიებელს სთხოვა, ეგებ, ის ქალი მაპოვნინოთ, ვისთანაც გარდაცვლილს ურთიერთობა ჰქონდა და ცოლად მოყვანასაც აპირებდა, ხვალ გასვენებაა და მინდა, რომ იყოს, ისე ძალიან უყვარდათ ერთმანეთიო. 

საქმეში ქალის გამოჩენამ გამოძიებას ახალი მიმართულება მისცა. სხვა მეზობლების გამოკითხვის შემდეგ, ქალსაც მიაგნეს _ ის ადგილობრივი კლინიკის ექიმი აღმოჩნდა და არ დაუმალავს, რომ გარდაცვლილი მისი საქმრო გახლდათ და რაღა საქმრო, ხელი არ ჰქონდათ მოწერილი, თორემ ერთად ცხოვრობდნენ. იმ დღეებში კი ქალმა ორკვირიანი შვებულება აიღო და სოფელში მშობლებს ჩააკითხა, ამიტომ თვითმკვლელობის შესახებ არაფერი იცოდა. 

გრაფოლოგიური ექსპერტიზის პასუხმა მხოლოდ ორი რამ დაადგინა. ერთი ის, რომ წერილი გარდაცვლილის დაწერილი არ იყო და მეორე, ეს გახლდათ მკვლელობა და არა _ თვითმკვლელობა, რადგან გამოსამშვიდობებელი ბარათი სხვის მიერ გახლდათ შედგენილი. 

გასვენების მეორე დღეს, ღამის სამ საათზე, განყოფილებაში ტელეფონის ზარი გაისმა. გარდაცვლილის მეზობელი რეკავდა, ვიღაცამ დალუქულ ბინაში შეაღწია და იქაურობა თავდაყირა დააყენაო. ოპერატიული ჯგუფი ადგილზე გავიდა, მაგრამ ხელში მხოლოდ არეული სახლი და ნაცემი მეზობელი შერჩა, სწორედ ის, რომელმაც განყოფილებაში დარეკა. 

„ქვედა სართულზე ვცხოვრობ და ხმაურმა გამაღვიძა. მივხვდი, ბინაში ვიღაც იყო, მაგრამ ისე დაუდევრად მოქმედებდა, მეგონა, მილიცია დაბრუნდა. ამიტომ, პიჟამოებით ავედი, კარი შევაღე, ვიღაც კაცი დამეჯახა და წამაქცია. წაქცეულმა ფეხი დავუჭირე და ისეთი მომცხო, მაშინვე გავუშვი. სახეზე ცხვირსახოცი ჰქონდა აფარებული და თავსუკან გაკრული. ერთადერთი, რაც დამამახსოვრდა, დამტვრეული ყურებია. აღნაგობითაც და ყურებითაც, ის ბიჭი მოჭიდავეა“, _ ეს იყო, რაც მეზობელმა სამართალდამცავებს უთხრა. 

მალე ისიც დადგინა, რომ შაბათს, გარდაცვლილი, მეგობრის ქორწილში მეჯვარე უნდა ყოფილიყო, მაგრამ პარასკევს საღამოს დარეკა და მეგობარს უთხრა, რომ ფილტვების გამო ძალიან დასუსტდა და ქორწილში ვერ მივიდოდა. ჯაჭვის რგოლები ნელ-ნელა ეწყობოდა. ვიღაცამ იცოდა, რომ კაცს სახლში ოქრო ჰქონდა, იმ ვიღაცამ ისიც იცოდა, რომ შაბათს, კაცი ბინაში არ უნდა ყოფილიყო და ვერ გათვალა, რომ ქორწილში არ წავიდა. 

ყურებდამტვრეული ახალგაზრდის ძიება ურთულესი გახლდათ, რადგან მაშინ ჭიდაობაზე ძალიან ბევრი ვარჯიშობდა და ყველას ეჭვმიტანილებად ხომ ვერ გამოაცხადებდნენ?! ამიტომ, მეგობარი ქალის დაკითხვა გადაწყდა, რადგან შესაძლებელი იყო, მას სცოდნოდა საქმროს გარემოცვაში ვინმე ასეთი. ქალს სამსახურში მიაკითხეს და გამომძიებელი კაბინეტის კართან გაშეშდა _ ექიმი ვიღაც ახალგაზრდა ბიჭს თმაზე ეფერებოდა და ამ ბიჭს ყურები დამტვრეული ჰქონდა. სამართალდამცავების დანახვაზე ქალს რეაქცია არ ჰქონია, ბიჭი აშკარად შეცბა, ექიმმა კი მშვიდად თქვა _ გაიცანით, ჩემი უმცროსი ძმა, ჩემი გაზრდილია, მშობლები ავტოკატასტროფაში რომ დაგვეღუპა, მას შემდეგ მე ვიყავი ამის დედაც და მამაც. 

გამომძიებელი ვა-ბანკზე წავიდა, ბიჭს მშვიდად შეხედა, მერე პირველი სართულის გაღებულ ფანჯარას შეავლო თვალი და მკაფიოდ წარმოსთქვა: _ „თქვენ დაკავებული ხართ მკვლელობის ბრალდებით“. 

ამის თქმა იყო და ბიჭი ადგილიდან წამოხტა, გაღებულ ფანჯარას ეცა და გაუჩინარდა. მისი დაკავება ორ დღეში მოხერხდა და აღიარებითი ჩვენებაც გამომძიებელს მაგიდაზე, სწორედ ორ დღეში ედო. 

„ჩემს დას ის ინჟინერი ისეთ საჩუქრებს სჩუქნიდა, მივხვდი, მხოლოდ ხელფასზე არ ცხოვრობდა. ამიტომ, თვალთვალი დავუწყე და გავიგე, რომ თვეში ერთხელ, კოლონიაში დადიოდა. მერე ის გავიგე, ვისთან დადიოდა და ისიც, ის კაცი რისთვის იჯდა. მივხვდი, „პადელნიკს“ პატრონობდა ანუ სახლში ბევრი ოქრო უნდა ჰქონოდა. ველოდი მომენტს, როცა სახლში არ იქნებოდა და ეს დღეც დადგა _ კარგად გავიგონე, ჩემს დას რომ უთხრა, შაბათს, ქორწილში მეჯვარე ვარ, დილიდან გავდივარო. დილით მივედი, კარის გახსნა მინდოდა, მაგრამ თავად გამიღო და პირი დააღო, აქ რა გინდაო? აღარ ვაცადე, ვეცი და ყელი დავუჭირე ანუ კი არ გავგუდე, მივაძინე, მერე კი ჩამოვკიდე და ჩვეულებრივი თვითმკვლელობა გამოვიდა. წერილიც დავწერე, თუმცა ოქრო ვერ ვიპოვე და შემდეგ ჯერზე ამიტომ დავბრუნდი“, _ ეს იყო მკვლელის აღიარების მოკლე შინაარსი. 

სასამართლომ მას სასჯელის სახით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბათო ჯაფარიძე

დაბრუნება დასაწყისში