Menu
RSS

ხუთი გვამი, ალკოჰოლის მაფია და „კოღო“

სკანდალური მკვლელობა, რომელიც სატვირთოს მძღოლის ცოლმა იწინასწარმეტყველა

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, არაერთხელ მომხდარა, რომ გახმაურებული კრიმინალური საქმეები მიჩქმალულა და ის, ვინც საზოგადოების აზრით, მთავარი დამნაშავე იყო, დაუსჯელი დარჩენილა. ასეთი საქმეები ყოველთვის და ყველა ხელისუფლების დროს იყო. მოკლედ, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ხალხს მუდმივად აქვს.

შესაძლოა, ბევრი ფიქრობს, რომ კომუნისტების დროს ეს მიდგომა არ არსებობდა და მაშინ მაღალჩინოსნებისა, თუ უბრალოდ, გავლენიანი ადამიანების შვილები სხვების დარად ისჯებოდნენ, მაგრამ ნურას უკაცრავად, სასჯელს მაშინაც გაურბოდნენ. ამბავი, რომელსაც ახლა გიამბობთ, რუსეთში მაშინ მოხდა, როცა ქვეყნის პირველი პირი მიხეილ გორბაჩოვი იყო, თუმცა სსრკ ჯერ დაშლილი არ გახლდათ და შესაბამისად, კომუნიზმი და „კანონის უზენაესობა ყვაოდა“. ამ ისტორიას არა თვითმხილველი, არამედ, გამოძიების მონაწილე გვიყვება და თუ როგორ მოხვდა მაშინდელი მილიციის ქართველი მაიორი მოსკოვში, თავად გაიგებთ. 

გორბაჩოვის გადაწყვეტილებით, თუ ქვეყანაში ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა შეიზღუდებოდა და მკაცრ კონტროლს დაექვემდებარებოდა, შრომისუნარიანობა გაიზრდებოდა, სიმთვრალის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები შემცირდებოდა და ქვეყანა წინ წავიდოდა. ეს „პერესტროიკის“ ერთ-ერთი პუნქტი იყო და ხელისუფლებაც საქმეს შეუდგა. გამკაცრებულმა ზომებმა ნამდვილი ქაოსი გამოიწვია. პრაქტიკულად, ყოველდღიურად, რამდენიმე ქარხანა გაფიცვას აწყობდა, მუშებს სამუშაოზე წასვლა არ სურდათ, ყველა დასალევს ითხოვდა, არაყი კი, უბრალოდ, არ იყო. 

1987 წლის აგვისტო იდგა, მუშების დიდი ნაწილი შვებულებაში იმყოფებოდა, მაგრამ რად გინდათ, დასალევი არსად იყო და ეზოში დომინოს თამაშიც მობეზრდათ. ამიტომ, არავის გაკვირვებია, როცა მოსკოვთან ახლოს, ვლადიმირის მხარეს, შეიძლება ითქვას, იმ დროისათვის ყველაზე დიდი გაფიცვა დაიწყო. გორბაჩოვს უთხრეს, რომ ვლადიმირში ან არაყი უნდა გაეგზავნათ, ან _ ჯარი და „გენსეკმა“ კონფლიქტს არაყი არჩია. სასწრაფოდ დაიტვირთა ხუთი მანქანა და 2 000 ყუთი არაყი ვლადიმირის გზას დაადგა. 

„მე მოსკოვში მივლინებით ვიყავი და, შეიძლება ითქვას, მივლინებას დასვენებასაც ვუთავსებდი. ერთ-ერთ ქართველ დამნაშავეზე უნდა წამომეღო რაღაც საბუთები, არქივი აგვიანებდა და მეც არ ვჩქარობდი. სწორედ მაშინ დამირეკეს და მითხრეს, რომ მოხდა სასწაული და ვინაიდან ქართველებს ალკოჰოლის ქურდებთან მუშაობის გამოცდილება გვქონდა, ჯგუფს უნდა დავხმარებოდი. თავიდან ვერ მივხვდი, რა მელოდა და ამიტომ, სამინისტროში უდარდელად გამოვცხადდი. პირველივე თათბირს როგორც კი დავესწარი, ვიფიქრე, რომ ჩემმა რუსულმა მიღალატა და რაღაცები ვერ გავიგე. მინისტრის მოადგილე ბოლო ხმაზე ყვიროდა, არ შეიძლება მანქანები გამქრალიყვნენო“, _ იხსენებს ქართველი სამართალდამცავი. 

თათბირიდან გამოსულმა გაარკვია, რომ მოსკოვიდან გასული ხუთი სატვირთო, თავის არყიანად, უბრალოდ, გაქრა. გაქრა ხუთივე მძღოლი და ექსპედიტორი, რომელიც ამ ტვირთს აცილებდა. ვერტმფრენით შემოუფრინეს ახლომდებარე ტყეს, მაგრამ საეჭვი ვერაფერი ნახეს. გაჩხრიკეს ყველა დიდი ავტოფარეხი, მაგრამ არც სატვირთო ჩანდა სადმე და არც _ არაყი. ეს ნამდვილი შოკი იყო და მილიცია, უბრალოდ, ვერაფერს აკეთებდა ანუ ვერ ხვდებოდა, სად შეიძლებოდა გამქრალიყო ხუთი უზარმაზარი მანქანა და 2 000 ყუთი არაყი. 

შემთხვევიდან მეორე დღეს, განყოფილებაში ერთ-ერთი მძღოლის ცოლი მივიდა და თქვა, რომ მისი ქმარი სადღაცაა ჩაკეტილი და ხელ-ფეხშეკრული შველას ითხოვს. თავიდან მას ყურადღებით მოუსმინეს, მაგრამ როგორც კი ქალმა თქვა, რომ ყველაფერი ეს დაესიზმრა, კარისკენ მიუთითეს. ქალი მეორე დღესაც იგივე ტექსტით მივიდა, მესამე დღესაც, მეოთხე დღეს კი ტირილით გამოცხადდა, დღეს აღარ დამსიზმრებია, ალბათ, მოკვდაო. 

სწორედ მეოთხე დღეს, ტყის მცველმა საეჭვო პირი დააკავა, რომელსაც ტყიდან ერთი ყუთი არაყი მოჰქონდა და იმის გათვალისწინებით, თუ როგორი დეფიციტი იყო ეს სასმელი, ტყის მცველს მამაკაცის ქცევა უცნაურად ეჩვენა, თანაც არყის მეპატრონე, პრაქტიკულად, უგონოდ იყო მთვრალი და ჭკუა არ ეკითხებოდა. ის გამოსაფხიზლებელში გააგზავნეს, არაყი _ ექსპერტიზაზე და ექსპერტიზამ დაასკვნა, ეს ყუთი სწორედ გამქრალი პარტიიდან იყო. გამოფხიზლებულმა ლოთმა ძალიან მშვიდად მოყვა, რომ ტყის სიღრმეში, იქ, სადაც საუკუნოვანი ხეებია, ნახა მანქანა, გვერდით კი _ არყის რამდენიმე ყუთი. ზოგი გატეხილი, ზოგიც მთელი. დალია, ყუთი შეავსო და სახლში მიჰქონდა. ჰო, ტყეში ეს კაცი სოკოს საკრეფად იყო წასული. სამართალდამცავებმა დასახელებულ ადგილს ერთ საათში მიაგნეს. მართლაც, იქ ერთი მანქანა, არყის ბოთლების ნაწილი (დაახლოებით, 200 ბოთლი) და... ექსპედიტორის გვამი იყო. ხუთი მძღოლისა და ოთხი ავტომობილის ადგილსამყოფელი კი კვლავ არსად ჩანდა. 

იმავე დღეს, ვლადიმირისკენ მიმავალ გზაზე არსებულ სილის კარიერზე, შემთხვევით, ბავშვებმა ადამიანის კვნესა გაიგონეს და მაშინვე მილიციაში გაიქცნენ. რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ, სილიდან ერთი-მეორის მიყოლებით ავტომანქანები ამოიყვანეს. მძღოლები დაცარიელებულ მანქანებში ჰყავდათ შეყრილი, ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდათ და ამ მდგომარეობაში, უწყლოდ და საკვების გარეშე, ოთხი დღე გაატარეს. ხუთი მძღოლიდან სამი უკვე გარდაცვლილი იყო (მათ შორის, იმ ქალის ქმარიც, რომელიც სიზმრებს ხედავდა და როგორც აღმოჩნდა, ერთი-ერთში გაარტყა), ერთი საავადმყოფოში მოგვიანებით გარდაიცვალა, ერთი კი სასწაულებრივად გადარჩა. სწორედ მასზე ამყარებდნენ სამართალდამცავები იმედს. 

„როცა მოსკოვს გავცდით, ექსპედიტორმა გვითხრა, ცენტრალური გზიდან უნდა გადავიდეთ, ტყე-ტყე ვიაროთ, რათა ადგილამდე უფრო მალე ჩავიდეთო. არცერთი არ შევეწინააღმდეგეთ, რადგან მარშრუტზე პასუხისმგებელი ის იყო. ტყეში, თითქმის გაუვალ გზაზე, 2-3 კილომეტრი გავიარეთ და დავინახეთ, რომ ხე იყო წაქცეული. გავჩერდით და ამ დროს ყველა მხრიდან შეიარაღებული ადამიანები გამოცვივდნენ, იარაღი მოგვადეს, მანქანები მოგვატრიალებინეს და გვაიძულეს, სხვა მიმართულებით წავსულიყავით. მაშინ ვიფიქრე, რომ დაგვხოცავდნენ, რადგან არცერთ თავდამსხმელს ნიღაბი არ ეკეთა. ყველას თითო კაცი ჩაგვიჯდა კაბინაში, პისტოლეტები მოგვაბჯინა და წავედით. მალე ერთ-ერთ მანქანას საბურავი გაუსკდა და გვაიძულეს, იქ არსებული არაყი სხვა მანქანებში გადაგვენაწილებინა, მაგრამ ვერ დაეტია. რაც დარჩა, იქვე დაყარეს და ამ დროს, თავდამსხმელთა მეთაურმა ჩვენს თვალწინ ექსპედიტორს დანა გაუყარა. არადა, უკვე ყველა მიხვდა, რომ ექსპედიტორი საქმეში იყო, რადგან ის შინაურულად ესაუბრებოდა თავდამსხმელთა ლიდერს და რაც მთავარია, მას იარაღი არ მიუშვირეს. არაყი რომელიღაც საწყობში ჩამოვცალეთ, მერე მანქანებით სილის კარიერზე მიგვიყვანეს, ხელ-ფეხი შეგვიკრეს, შიგნით შეგვყარეს და კარიერზე სილის მთის ჩამოშლით მანქანები დამარხეს, ჩვენ კი შიგნით ცოცხლად დამარხულები აღმოვჩნდით“, _ ასეთი იყო გადარჩენილი მძღოლის მონაყოლის მოკლე შინაარსი. 

მანვე დეტალურად აღწერა ბანდის მეთაური და განაცხადა, რომ ის ტანად ძალიან დიდი იყო, თუმცა ბავშვივით წრიპინა ხმა ჰქონდა. ასეთს სამართალდამცავები კარგად იცნობდნენ, მეტსახელად „კოღოს“ და ის იმ დღესვე დააკავეს. მძღოლმა თავდამსხმელი ამოიცნო. 

„საქართველოში დავბრუნდი და აქედან ვადევნებდი თვალს გამოძიებას. მასალებს, როგორც გამოძიების მონაწილეს, მიგზავნიდნენ და ერთ დღესაც წერილი მომივიდა, რომელშიც ეწერა, რომ საქმეს ჩამომაშორეს. საქმიდან გაქრნენ სხვა გამომძიებლებიც, ნაწილი სხვაგან გადაიყვანეს, ნაწილი, უბრალოდ, სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც მერე გაირკვა, „კოღო“ და მისი დაჯგუფება მოსკოვში ალკოჰოლის შავ ბაზარს სრულად აკონტროლებდა და ეს დღეში 400 ათასი მანეთი იყო. ჰო, დღეში და არა _ თვეში ანუ უზარმაზარი თანხა, დღევანდელი კურსით, ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი და შესაბამისად, ფული მაღალჩინოსნების ჯიბეში მიდიოდა. ამიტომ, მათ მაქსიმუმი გააკეთეს, რომ არავინ დასჯილიყო და ასეც მოხდა. საკმარისი დოკუმენტების არარსებობის გამო, საქმე გაუხსნელად გამოცხადდა, მძღოლმა სასამართლოზე „კოღო“ ვეღარ ამოიცნო და ასე შერჩათ 4 მძღოლისა და 1 ექსპედიტორის მკვლელობა“, _ დაასრულა მოყოლა ქართველმა მაიორმა. 

სხვათა შორის, აღნიშნული საქმე ხელახლა იმ მძღოლის ცოლმა წამოსწია, რომელიც სამართალდამცავებს სიზმრებზე უყვებოდა, თუმცა ხანდაზმულობის ვადის გამო, მისი განხილვა აღარ მომხდარა. როგორც გავიგეთ, „კოღო“ დღემდე ცოცხალია და როგორც დამსახურებული „ვეტერანი“, კრიმინალური სამყაროსგან მსუყე „პენსიასაც“ იღებს.

ბათო ჯაფარიძე

 

დაბრუნება დასაწყისში